
ბოლო დღეებში რეგიონებში ოპოზიციური პლატფორმების რიგები რამდენიმე ადამიანმა ხმაურით დატოვა. მათ შორის საარჩევნო სიაში მყოფი პირებიც არიან. ოპოზიცია ამაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის (სუს) კვალს ხედავს. ამბობენ, რომ ესაა დაშინების და მოსყიდვა-გადაბირების შედეგი.
ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ ოპოზიციის არგუმენტები რელევანტურია და ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებით იმ ადამიანებზე ხდება ზეწოლა, რომლებიც სიაში არიან, რათა ეს შემდეგ პიარისთვის იქნას გამოყენებული. ნაწილი კი აცხადებს, რომ ხელისუფლება და სუს-ის მიმართ ბრალდება არასამართლიანია, რადგან თავად ამ პარტიებში ხდება ისეთი რამ, რაც მათი წევრებისთვისაა მიუღებელი.
ასეთი ფაქტები რუსთავსა და ბათუმშ დაფიქსირდა. ორ დღეში „ძლიერი საქართველო" საარჩევნო სიის ორმა წევრმა დატოვა. ასევე თითო წევრი გამოაკლდათ ექსპრემიერის პარტიას „გახარია საქართველოსთვის" და ენმ-ს. ოთხივე შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების მიზეზად პარტიის მიერ გატარებული პოლიტიკით უკმაყოფილება სახელდება.
ვინ და რატომ დატოვა ოპოზიციის რიგები
19 ოქტომბერს „ძლიერი საქართველო" დატოვა აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის წევრმა მერაბ ქურიძემ, მანამდე, 18 ოქტომბერს კი „ლელოს" აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის წევრმა სულხან კოჩალიძემ.
ორივე მათგანი აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილება პარტიის მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ პროტესტის ნიშნად მიიღეს.
„დღეს მინდა განვაცხადო, რომ ვტოვებ "ლელოს" პარტიას და ვემიჯნები პირადად მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც, როგორც დავინახე პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად. ხაზარაძე ადამიანია, რომელიც ვაჭრობს საკუთარი პარტიით მხოლოდ მისი ინტერესების დაცვის მიზეზით. იგი დარჩა მევახშედ, რომელიც ვაჭრობს საქართველოსა და მოსახლეობის ბედით, რის გამოც მე ვერ დავრჩები მსგავს უპრინციპო და გამყიდველ კაცთან ერთად, რასაც მოვუწოდებ ჩემს ყოფილ პარტიაში დარჩენილ მეგობრებს გააკეთონ სწორი არჩევანი!" - წერს სულხან კოჩალიძე.
„მინდა, საზოგადოებას ვაცნობო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც, ვტოვებ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ კოალიცია ,,ძლიერ საქართველოს". არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ძლიერი საქართველო" ვეღარ მალავს თავის რეალურ ზრახვებს და ჩემთვისაც უკვე ნათელია, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება არ არის დამოუკიდებელი და საქართველოს ინტერესების გამტარებელი, არამედ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ძალების მორჩილი კოალიციაა", - აცხადებს ქურიძე.
„ძლიერ საქართველოში" ამაში სუს-ის კვალს ხედავენ. კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, დავით გამყრელიძის თქმით, სუს-ი სუსტი რგოლების გამოვლენაში ეხმარება კოალიციას, ისეთების, რომლებიც „დაშინებას ექვემდებარებიან, ან 5 000 ლარად იყიდებიან".
„მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა სუს-ს იმისთვის, რომ ის სუსტი რგოლები, ის ადამიანები, რომლებიც 5000 ლარად იყიდებიან, რომლებიც დაშინებას ექვემდებარებიან, ამ ადამიანების გამოვლენაში ასე გვეხმარება და დიახ, ჩვენ არ გვჭირდება ასეთი ადამიანები კოალიციაში იმიტომ, რომ ჩვენ ვემზადებით ერთ კვირაში ხელისუფლებაში მოსასვლელად, ჩვენ ვემზადებით ამ ხელისუფლების შესაცვლელად, ჩვენ ვემზადებით ამ სახელმწიფოს რუსული ჭაობიდან ამოსაყვანად და ევროპულ სივრცეში დასაბრუნებლად და ასეთი სუსტი ადამიანები, ჩანერგილი ადამიანები ჩვენ არ გვჭირდება! ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სუს-ს და ხელისუფლებას, რომ გვეხმარებიან ამ სუსტი რგოლების გამოვლენაში. თუ კიდევ არის ვინმე, გთხოვთ, დროულად გვაცნობოთ, ათქმევინოთ, ფული გადაუხადოთ, რომ ჩვენ გასუფთავებული სიით და შემადგენლობით მივიდეთ 26 ოქტომბრამდე", - განაცხადა გამყრელიძემ.
გახარიას პარტიის რიგები დატოვა რუსთავის ორგანიზაციის წევრმა ერეკლე დოლიძემ. მან ამ გადაწყვეტილების მიზეზად საარჩევნო სიაში ზვიად ძიძიგურის ყოფნა დაასახელა.
„საპარლამენტო სიაში აღმოჩნდა ზვიად ძიძიგური, ადამიანი, რომელიც ერთხელ უკვე იყო მივლინებული დეპუტატად და ვერ განახორციელა ქალაქისთვის ვერც ერთი სასარგებლო პროექტი. ასევე რამდენიმე დღის წინ ჩამოსული იყო გიორგი გახარია, რომელმაც განაცხადა, რომ განახორციელებდა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მეტროს პროექტს. ეს არის სრული სიცრუე, გამომდინარე იქიდან, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს შეჩერდა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანი. სწორედ ამ და სხვა დაპირებების გამო, რომლებიც არის სრული სიცრუე, არ მინდა ავიღო პასუხისმგებლობა ჩემი მეგობრებისა და მოქალაქეების წინაშე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია „გახარია - საქართველოსთვის", - განაცხადა ერეკლე დოლიძემ.
20 ოქტომბერს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" რიგები დატოვა რუსთავის ორგანიზაციის წევრმა პაპუნა პაპავამ. მისი თქმით, მისთვის მიუღებელია ის დაპირებები, რაც გასცა მისმა ყოფილმა გუნდმა და ამბობს, რომ ახალ პლატფორმას შექმნის.
„რომ შევეხოთ დაპირებებს პენსიასთან დაკავშირებით, რომ გაზრდა მოხდება 1000 ლარამდე, ეს დაპირება გულწრფელად მიმაჩნია ამ ეტაპზე განუხორციელებლად, რადგანაც ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ იმყოფება განვითარების სტადიაზე. ვფიქრობ, რა თქმა უნდა, პენსიის ზრდა აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ ქვეყნის განვითარებასთან შესაბამისობაში, ეტაპობრივად და ნაწილ-ნაწილ.
„აგრეთვე, რაც შეეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეების ხელფასის 1000-ლარიან დაპირებას, აქაც ვფიქრობ, რომ ეს დაპირება არ არის გულწრფელი. ბინათმესაკუთრეები დღესაც, ამ ეტაპზე იღებენ გარკვეულ ანაზღაურებას და ამ ანაზღაურების ზრდაც უნდა მოხდეს ეტაპობრივად. რაც შეეხება ბინათმესაკუთრეთა საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებას, რუსთაველებს კარგად მოგეხსენებათ, იქნება ეს ავტოფარეხები თუ ბაღჩები, თითოეული კორპუსის მცხოვრები თავად განკარგავს თავის ქონებას და აქ დამატებითი რაიმე საჭიროება მათთვის არ არსებობს.
„რაც შეეხება უფასო მგზავრობასთან დაკავშირებით დაპირებას სტუდენტების მიმართ, ვთვლი, რომ უფასო მგზავრობა და საერთოდ, ადამიანებისთვის უფასოდ რაიმეს დაპირება არის სოციალისტური გადმონაშთი და ჯობია ადამიანებს მივცეთ შესაბამისი ანაზღაურება, ქვეყანა განვითარდეს, გაიზარდოს შემოსავლები.
„მე ვრჩები „ქართული ოცნების" ოპოზიციაში, მუდამ ვიქნები მათთან ბრძოლაში და ვიზრუნებ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და მისი გზა იყოს მხოლოდ ევროპაში. სულ მალე შემოგთავაზებთ ჩემს გეგმებს ახალი პლატფორმიდან რუსთავის განვითარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუნა პაპავამ.
რა პროცესთან გვაქვს საქმე
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ოპოზიციის განცხადებები დამაჯერებელია - რეალურად ხდება ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებით იმ პირებზე, ვინც საარჩევნო სიაშია, რათა მათი პარტიიდან წასვლა შემდეგ პროპაგანდისთვის გამოიყენონ.
„ეს არის პროცესი, როდესაც ხდება ხელისუფლების მხრიდან (სუს-ია თუ სხვა ორგანოები) ზეწოლა განსაკუთრებით ისეთ ადამიანებზე, რომლებიც სიაში არიან, რომ პროპაგანდისთვის იქნას გამოყენებული მათი წასვლა. ეს ყველა არჩევნებზე ხდებოდა, ყოველთვის ასე იყო და ძირითადად, რა თქმა უნდა, ასეთ მომენტში ოპოზიციას ტოვებდა ხოლმე ან კანდიდატები, ან პარლამენტის წვერები.
„რა თქმა უნდა, ზეწოლა არის და ეს იმიტომ, რომ ხელისუფლებამ პროპაგანდის მიზნით გამოიყენოს. არ მგონია ამან დიდი შედეგი მოიტანოს, ალბათ რაღაც უმნიშვნელო შედეგს მოიტანს, მაგრამ წინასაარჩევნო პროცესებზე გავლენა არ ექნება.
„არ მგონია, რომ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში მასიურად დაიწყოს გადადინება, მაგრამ სჯობს, რომ ახლა მოხდეს ეს და ვინც წასასვლელია, წავიდეს, ვიდრე არჩევნების შემდეგ მოხდეს გადაბარგება „ქართულ ოცნებაში", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების რიგებს უფრო მეტი ადამიანი დატოვებს. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ამის რეალური მიზეზი თავად პარტიებში არსებული მდგომარეიბაა და არა ის, რაზედაც ოპოზიცია საუბრობს.
„შეხედეს რა მათი პარტიული ხელმძღვანელების რეალურ საქმიანობას და ზრახვებს, აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღეს. არც მორალატე გიორგი გახარიაა ე.წ. მესამე ძალა და არც „ლელოს" თაღლითი ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძეა საქართველოს აღმშენებელი. პირიქით, ის ქვეყნის დამაქცეველი იქნება, თუ ჰიპოთეტურად მაინც დავუშვებთ, რომ რაღაც პორტფელს მოიპოვებს მთავრობაში.
„კარგია, რომ ამას ენმ-ის წიაღშიც ხვდებიან. ამის ერთგვარი გამართლების მცდელობა - რომ თითქოს სუს-ი აშინებს, აშანტაჟებენ და ა.შ. - ისეთივე პიარული ბლეფია, როგორც თავის დროზე იყო ე.წ. მოწამლული და ნაწამები სააკაშვილი.
„რეალურად რატომ ხდება ეს არჩევნების წინ? ყოველთვის ბუნებრივად ხდება, როდესაც ხედავენ, რომ პარტია არჩევნებში წარუმატებელი იქნება. ამას ის ბინძური ზრახვები და ამოცანები ემატება, რომლებიც შიგნით, გუნდშივე მჟღავნდება ხოლმე. შესაბამისად, ზოგი ამას საჯაროდ აკეთებს, ზოგი პარტიიდან უხმოდ მიდის.
„რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების დღე, მით მეტი დატოვებს სხვადასხვა ოპზიციური პარტიების რიგებს და შემდგომში, როცა რადიკალურ პარტიებს გარდაუვალი მარცხი ექნებათ, კიდევ უფრო მეტი დატოვებს და კიდევ უფრო მეტი იქნება უკმაყოფილო შედეგებით. წარსული პერიოდი გვაჩვენებს, რომ, მაგალითად, გიორგი გახარიამ ხელფასები ზოგს გადაუხადა, ზოგს - არა. თაღლითებისა და მოღალატეების წიაღში სუფთა გულით და სუფთა ხელებით ვერაფერი გაკეთდება.
„სუს-ს მიმართ ბრალდებებზე, რომ თითქოს აშინებენ და რაღაც უკადრებელს კადრულობენ... მაშინ მოიყვანონ ერთი ფაქტი. ეს ისეთივე „დამაჯერებელია", როგორც ის, ენმ და მისი ქვეშევრდომი არასამთავრობოები უსინდისოდ რომ აცხადებენ - პირადობის მოწმობების მასობრივად ჩამორთმევა ხდებაო და ამის დასტურად ყალბ ჩანაწერებს გვანახებენ.
„ამ დამტვერილ ფირფიტას ყველა არჩევნებზე ატრიალებენ, მაგრამ ხალხი გაიზარდა, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციის ლიდერებისგან, რომლებიც ჩამორჩენილები არიან და ამ პროგრესს და განწყობებს ვერ გრძნობენ - რევოლუციურ სცენარებს და მყრალ დეზინფორმაციას ბოლომდე მიჰყვებიან, რაც 2002-2003 წლებში იყო. საზოგადოება იზრდება, ინტერნეტის და სოცქსელების ეპოქაში ძალიან რთულია საზოგადიების უმრავლესობაზე მანიპულაციის მოხდენა, რომელიც გაცილებით ჭკვიანია, ვიდრე ნაცპოლიტიკანები", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



