
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „ქართული ოცნება“ დასავლეთიდან ყოველდღიურ რეჟიმში დარტყმებს იღებს და კრიტიკული განცხადებები არ წყდება. ახლა უკვე „ოცნების“ გაფრთხილებას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკორნი შეეცადა, რომლის ნათქვამი კიდევ უფრო განავრცო საქართველოში მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
“ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოში არსებული ვითარების გამო, როდესაც მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ფაქტობრივად იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გაკეთება რამდენიმე დღეში მოუწევს.
„რაც შეეხება საერთაშორისო საკითხებს, ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მოლდოვას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო კონტექსტში, როდესაც ის რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული ქმედებების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოში არსებული ვითარების გამო. მაშინ, როდესაც მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ფაქტობრივად იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კი თქვა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ აირჩევთ, რომ საქართველო იყოს ერთპარტიული სახელმწიფო, საქართველოში არ იყოს პოლიტიკური ოპოზიცია, საქართველოს არ ჰყავდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც თავისუფლად მოქმედებენ, თუ აირჩევთ, საქართველოს არ ჰქონდეს თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია, მაშინ საქართველო ვერავითარი გზით და ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი. არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს“, – ამბობს ელჩი.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, ქვეყნის მოქალაქეების გადასაწყვეტია, რა მომავალი სურთ.
„ევროკავშირი არ იღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, ყველა ქართველს, რომ წავიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს. ეს არის მათი უფლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ინიციატივას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილ ინიციატივას, რომელიც მიმართულია ელექტორალური პროცესების შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ თავად ქართველების ხელშია არჩევანი, რომელ პარტიას უნდა დაუჭირონ მხარი. თქვენი გადასაწყვეტია, რა მომავალი გსურთ თქვენი ქვეყნისთვის, საკუთარი თავისთვის და თქვენი ბავშვებისთვის. ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად გადამწყვეტი. ასე რომ, გავიმეორებ, წადით და ხმა მიეცით. თქვენი ხმა მნიშვნელოვანია. მე ყოველთვის ვიყავი ღია და გულწრფელი თქვენთან და ამას ვამბობ, როგორც ევროკავშირის ელჩი და არა როგორც პოლიტიკური კომენტატორი“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ქართველებს აქვთ შესაძლებლობა, გახდნენ ევროკავშირის წევრი, მაგრამ საჭიროა, ეს მოხდეს იმ პირობებზე დაყრდნობით, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება.
"საქართველოში არის დემოკრატიული მმართველობა, ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რასაც ყველამ უნდა სცეს პატივი, ხალხის არჩევანის პატივისცემა დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა", - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მაკრონს და ჰერჩინსკის განცხადებებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთი პარტიის მიერ უმრავლესობის მოპოვება არ ნიშნავს ერთპარტიულობას, ეს არის ხალხის არჩევანი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.
"2020 წელს, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა, ეს იყო ხალხის ნება, რომ ერთ პარტიას, "ქართულ ოცნებას" ემართა ეს ქვეყანა „ნაცმოძრაობის“, თუ მისი რომელიმე დანაყოფის მონაწილეობის გარეშე. ეს ხალხმა გადაწყვიტა. ის, რომ ერთი პარტია არის დღეს უმრავლესობაში, არ ნიშნავს ერთპარტიულობას, ეს ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეგიძლიათ ამოიკითხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატებიც გამოდის ერთპარტიული, უკრაინა, მოლდოვა, სხვა კანდიდატი ქვეყნები, ეს ხომ აბსურდია. ყველას ვურჩევ, კარგად გადახედონ პოლიტიკის თეორიის, სამართლის სახელმძღვანელოებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ერთი პარტიის ყოფნა უმრავლესობაში არ ნიშნავს ერთპარტიულ მმართველობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, როგორც კი გადაივლის ერთი არჩევნები, მეორე არჩევნები, როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე დასრულდება ეს არასწორი შეფასებები და მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველო-ევროკაშირსა და საქართველო-აშშ-ს შორის.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ, როგორც ჩანს, დასავლეთში ფიქრობენ, „ოცნებასთან“ დაპირისპირებაში რაც შეიძლება მძიმე პოლიტიკური არტილერია ჩართონ. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ბოლო მოვლენებიდან და მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ლიდერად მისავე ქვეყანაში აღარ აღიქვამენ. შესაბამისად, საქართველოში მის განცხადებას შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა ვერ ექნება.
„რა თქმა უნდა, არჩვენების მოახლოებასთან ერთად დასავლეთი ზეწოლის ყველა ფორმით გაძლიერებას ცდილობს. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ევროკავშირის ქვეყნის პრეზიდენტებმაც „ოცნების“ წინააღმდეგ განცხადებები უნდა გააკეთონ. თუმცა ემანუელ მაკრონის განცხადება ქართველებისთვის რამდენად ავტორიტეტულია, ვერ გეტყვით, რადგან ეს ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ქვეყანაშიც კი პოლიტიკურად კოჭლ პრეზიდენტად ითვლება. ადამიანმა რომელმაც მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა, არავის ამის გაკეთებას არ ურჩევდა, მაგრამ მაინც გაჯიუტდა და დანიშნა, არჩევნები წააგო, თანაც ვისთან, ცოტა ხომ უხერხულია, რომ საქართველოს არჩევნებზე და ხელისუფლებაზე სუაბრობს?
"მან საერთოდ, ბოლო დროს, ისეთი აბსურდი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინის ომთან მიმართებაში, რომ ქვეყნის შიგნითვე მოსახლეობაში საერთდ მხარდაჭერა დაკარგა. ჯერ იძახდა, რომ საქართველო გეოგრაფიულად ევროპის ნაწილი არა არის და სტატუსი მაგიტომ არ მოგეცითო. ახლა კიდევ ასე იქნევს თითს და რას ამბობს, თავადაც არ იცის. მერე უკრაინის ომში ფრანგი ჯარისკაცების გაგზავნა უნდოდა, რის გამოც ქვეყანაც და ნახევარი ევროპული ქვეყნები გადაიკიდა. კრიტიკა მიიღო ისეთი, რომ ბოლოს საერთოდ ეს ინიციატივა აღარც უხსენებია. ამიტომ ასეთ ფიგურას რა გავლენა შეიძლება ჩვენს მოსახლეობაზე ჰქონდეს?“,-ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, ახლა დასავლეთი ხარაკირის რეჟიმში იმყოფება, ისეთ განცახდებებს აკეთებენ და ისე იქცევიან, რომ ქვეყნის შიგნით ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ. საყვარელიძე ამბობს, რომ რუსეთი უკვე საერთოდ აღარაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მათ ორბიტაზე მოხვდეს, რადგან ამას დასავლეთი საკუთარი ხელით აკეთებს. საყვარელიძის აზრით, გვიბიძგებენ იქით და რუსეთის ხელში თავად გვაგდებენ.
„წარმოუდგენელია რა ხდება, მე მსგავსი ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში მართლა რუსეთიდანაც არ მინახავს. ხალხს პირდაპირ აშანტაჟებენ, რომ თუკი „ოცნებას“ მხარს დაუჭერთ, არ მოიყვანთ ისევ ხელისუფლებაში ნაციონალებს, მაშინ ვიზალიბერალიზაციას დაკარგავთ, დახმარებებს წაგართმევთ, იზოლაციაში მოგაქცევთ და ა.შ. ასეთი ღია ტექსტებით საუბრობს ევროკავშირის და ამერიკის ელჩები ყოველ დღე. ეს რა არის თუ არა რუსეთისკენ პირდაპირ ხელის კვრა? კრემლს უკვე ხელის გატოკებაც კი აღარ უწევს და შორიდან სეირს უყურებენ. ეს არის დასავლური დემოკარტია, როცა მოსახლეობას აშანტაჟებ და ეუბნები, რომ თუ ამ პოლიტიკურ ძალას აირჩევ ესა და ეს მოგივაო?!“ - კითხულობს საყვარელიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



