ნატალია ჯვარიძე
(18.10.2024)

ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მთავრობის დაკომპლექტების ორ სავარაუდო სცენარს ვხედავ, რომლის ერთი ვერსიით, პრეზიდენტის მიერ შექმნილი „ქართული ქარტიის" ტექნიკური მთავრობა შემოდის, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან".

დავით ზურაბიშვილი: მთავრობის დაკომპლექტების ორი სავარაუდო ვარიანტია: პირველის მიხედვით, შესაძლებელია, რომელიმე პარტია ერთმანეთში საერთო ენას მონახავს იმისათვის, რომ ერთი ან მეორე პარტიიდან ვიღაც თავიანთი შეთანხმებული კანდიდატი დასვან და ასე დააკომპლექტონ. ნუ, თუ პარლამენტში ამდენი ხმები ექნებათ. ასეთ ვითარებაში ალბათ ეს იქნება უფრო რეალური.

მეორე ვარიანტი უფრო შესაძლებელია მოხდეს. ამ სცენარის მიხედვით, ოპოზიციური პარტიები ვიღაც ერთ საერთო კანდიდატზე ვერ შეთანხმდებიან, ან თუ შეთანხმდებიან, იმათ კიდევ საკმარისი ხმები არ ექნებათ. ამ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ამოქმედდება ის, რაც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიაში" არის, ანუ ნეიტრალური მთავრობა და აპოლიტიკური პრემიერ-მინისტრი იქნება და არა პარტიული პრემიერი. მას სალომე ზურაბიშვილი დაასახელებს, რომელიც პრინციპში, რაღაც გარდამავალი მთავრობასავით იქნება.

ამრიგად, ერთი, როცა პარტიები პარტიულ კანდიდატზე თანხმდებიან. რომელიღაცა პარტიას თავისი კანდიდატი ჰყავს და ამაზე ჯერდებიან, ანუ რაღაც პარტიულ-კოალიციური მთავრობა იქმნება. ხოლო მეორე ვერსიით, ვერც ერთი პარტიის კანდიდატი ვერ თანხმდება, სხვებისგან მხარდაჭერას ვერ პოულობს და ქარტიის ვარიანტი შემოდის.

„რეზონანსი": რას ფიქრობთ სალომე ზურაბიშვილის ტექნიკურ მთავრობაზე?

დ.ზ: აღნიშნული მთავრობის მეშვეობით, ევროინტეგრაციის გზას დავუბრუნდებით, საარჩევნო კოდექსში რაღაც ცვლილებებს შევიტანთ და შემდეგ, ასე 1 წელში ან მაქსიმუმ წელიწადნახევარში რიგგარეშე არჩევნებს ჩავატარებთ.

ახლა ოპოზიციის მხრიდან უპრემიეროდ არ დავრჩებით, ამას ოპოზიცია ძალიან მარტივი მიზეზის გამო არ გააკეთებს იმიტომ, რომ თუ მათ მართლა ვერ მოახერხეს პრემიერზე შეთანხმება, მაშინ კვლავ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, ოღონდ ისევ ის ხელისუფლება იქნება, რომელიც ახლა არის. რასაკვირველია, ისევ ეს მმართველი პარტია ჩაატარებს და ცხადია, ეს არავის არ აწყობს. სწორედ ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად აქტუალური გახდება პრეზიდენტის ეს ვარიანტი, დროებით ტექნიკურ მთავრობაზე.

ძალიან რეალისტური სცენარია ის, რასაც მე ვიძახი. იმარჯვებს ოპოზიცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯამში მათ უფრო მეტი ხმა აქვთ, ვიდრე ხელისუფლებას, თუმცა ვერც ერთი პარტიის კანდიდატი ვერ პოულობს სათანადო მხარდაჭერას, ასეთ დროს შემოდის სალომე ზურაბიშვილის ტექნიკურ-დროებითი მთავრობა და აპოლიტიკურ პრემიერზე თანხმდებიან. სულ ეს არის, ძალიან მარტივია. ეს საშუალებას იძლევა ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება" ჩამოაცილონ და შემდეგ უკვე აი, ამ ახალი პირობებით ჩაატარონ რიგგარეშე არჩევნები. ყოველ შემთხვევაში მე სხვა ვარიანტს ვერ ვხედავ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე