
პარტია „საქართველოსთვის" დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ მთავრობის დაკომპლექტების სამი სავარაუდო სცენარი დაასახელა. ანალტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მაინცდამაინც რეალისტურად არ გამოიყურება და ბევრ კითხვას ტოვებს. თუმცა მათივე შეფასებით, აქედან გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა შეიძლება.
„უმჯობესია გახარიამ ასეთ დროს მეოთხე სცენარი დაამატოს, რომელიც ვადამდელი არჩევნებია. თუ არც ერთი, არც მეორე და არც მესამე არ მუშაობს, გამოდის მეოთხე გამოდგება. ყველაზე გარანტირებული და რეალური ეს სცენარია," - აცხადებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
„ჩემი გადასახედიდან, ბატონი გახარია ძალიან დაშორებულია რეალობას. ეს იმიტომ, რომ მან საქართველოს ინტერესებს გადამწყვეტ მომენტში უღალატა და ახლა, რასაც მისი პატრონები ეტყვიან, ის უნდა გააკეთოს", - განაცხადა ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
გიორგი გახარია „მთავარი არხის" ეთერში ამბობს, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში მისი პარტია არც „ოცნებას" და არც „ნაცმოძრაობას" კოალიციას არ შეუკრავს.
„საქართველოს პარლამენტში, ჩვენ, პარტია „საქართველოსთვის" არ შეუკრავს პოლიტიკურ კოალიციას „ოცნებას", „ნაციონალურ მოძრაობას", ან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას", როგორც გინდათ, ისე დაარქვით...
„სცენარი 1: თუ ჩვენი ხმებია გადამწყვეტი, მაშინ ჩვენ ვართ გადამწყვეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის დაკომპლექტებას განვსაზღვრავთ ჩვენ. მთავრობის დასაკომპლექტებლად, რომ იცოდეთ, საჭიროა ერთმა, ან მეორემ, 76 ხმა მოაგროვოს. დამთავრებულია... ვიღაცამ თუ არ მოგვცა ხმა, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს სცენარი არ მუშაობს და გადავდივართ მეორე სცენარზე.
სცენარი 2: ეს არის უმცირესობის მთავრობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ, ხმას არ მივცემთ „ოცნებას", ე.ი. არ მივცემთ „ოცნებას", მაგრამ ვაძლევთ ოპოზიციურ მთავრობას, თუ აქ ნაცები არ იქნებიან. თეორიულად, ჩვენ შეიძლება ხმა მივცეთ უმცირესობის მთავრობას.
სცენარი 3: ეს არის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური მთავრობა. ამიტომ მოვაწერეთ ხელი ჩვენ ყველაზე ბოლოს, სულ რამდენიმე კვირის წინ", - ამბობს გახარია.
პაატა ზაქარეიშვილისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება განხორციელდეს მესამე სცენარი, რადგან ოპოზიციაში სულ 3-4 პარტიაა, რომელსაც პარლამენტში შესვლის შანსი აქვს. ზაქარეიშვილი ასევე ეჭვის თვალით უყურებს მესამე სცენარს, ვინაიდან შესაძლოა გარკვეული პრობლემები აქაც წარმოიშვას.
„უმჯობესია გახარიამ ასეთ დროს მეოთხე სცენარი დაამატოს, რომელიც ვადამდელი არჩევნებია. თუ არც ერთი, არც მეორე და არც მესამე არ მუშაობს, გამოდის მეოთხე გამოდგება. ყველაზე გარანტირებული და რეალური მეოთხე სცენარია. თუმცაღა ვინ იმარჯვებს ვადამდელ არჩევნებზე? ცალსახად „ქართული ოცნება" იმიტომ, რომ ის იტყვის: ხომ ხედავთ ოპოზიცია რა უუნაროა? ვერაფერი გააკეთა და ვერც ერთმანეთში ვერ იპოვეს საერთო ენა და ვერც პრეზიდენტთან. ამიტომ ხმა მიეცით „ოცნებას", რადგან ავად თუ კარგად, ქვეყანას მაინც მართავენო. ასე რომ, მეოთხე სცენარი უნდა გვახსოვდეს, რათა ამ დანარჩენ სცენარებზე ისე ვიმუშაოთ.
„პირველი სცენარის გარეშე შეიძლება მუშაობა და „ქართული ოცნების" ჩახსნა, თუმცა მეორეში მე ვერ ვხედავ, თუ როგორ შეიძლება „ნაცმოძრაობის" გარეშე, თუკი „ოცნებაა" ჩახსნილი. რამდენად შეძლებს „ლელო", „გახარია-საქართველოსთვის" და „ახლები" 70-ზე მეტი დეპუტატის მოგროვებას? მე ეჭვი მეპარაება.
„კი ბატონო, იყოს სალომე ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობა, მაგრამ იქ პოლიტიკოსები არ იქნებიან, ამიტომ მე ამას ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ და მიმაჩია, რომ მთლად გარანტირებული არაა ყველაფერი წარმატებულად განხორციელდეს. ასევე, ეჭვით ვუყურებ ერთწლიან მმართველობას. თუ ეს ძალაში შევიდა, მაშინ „ოცნებას" ძალიან დიდი რესურსები ექნება ერთი წლის განმავლობაში დაბლოკოს და შეაფერხოს მთავრობის საქმიანობა, რათა შემდეგ, ვადამდელ არჩევნებზე, რომელზეც ოპოზიცია ლაპარაკობს, უფრო ძლიერი მივიდეს და მეტი პროპაგანდა გაავრცელოს, რომ ოპოზიცია უვარგისია. ყველაზე კარგი იქნებოდა 4-წლიან, ნამდვილ მთავრობაზე წასულიყვნენ და ოპოზიციის კოალიცია შეექმნათ, სადაც „ნაცმოძრაობაც" იქნებოდა, ვინაიდან მე მათ გარეშე ვერც კი წარმომიდგენია. 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება" დაიქსაქსება, ეს პერიოდი ჰაერში იქნებიან გამოკიდებული და შესაძლოა ოპოზიციასთან დაიწყონ ვაჭრობა და თანამშრომლობა.
„ამრიგად, მგონია, რომ მეორე სცენარში გახარიას პარტია ცოტა მოიკოჭლებს და საჭიროა თემის გაშლა, თუ როგორ აპირებენ „ოცნების" და „ნაცმოძრაობის" გარეშე მთავრობის დაკომპლექტებას. ღმერთმა ქნას, 5-6 პარტია შევიდეს პარლამენტში, უბრალოდ არ ჩანს, თორე ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია „ნაცმოძრაობის" გარეშე. სულ 4 ოპოზიციური პარტია შევა და თუ „ნაცებს" გამორიცხავენ, მაშინ როგორ მოხდება „ახლების", „ლელოს" და „გახარია-საქართველოსთვის" მიერ მთავრობის ჩამოყალიბება? მე ძალიან მაინტერესებს ეს საკითხი და კარგი იქნება თუ გახარიას ხალხი ამ თემას გაშლის", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
ედიშერ გვენეტაძე კი მიიჩნევს, რომ სამივე სცენარი საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„სამწუხაროდ, ამ სცენარებს გახარია არ ლაპარაკობს, ამას მისი პატრონები ათქმევინებენ. ასე იცის სიტუაციამ, როდესაც შენს ხალხს და მშობელ ერს უღალატებ. მეტი არაფერი შეიძლება ითქვას. ამ სცენარებიდან რომელი ერთი უნდა გაანალიზო, როცა სამივე არაკონსტიტუციურია. სამივე ვიღაცების ბინძურ თავებშია მოხარშული. ეს საქართველოში კი არ წყდება, არამედ ოკეანის მიღმა და იმათ ნააზრევს გახარია ახმოვანებს. მე ვწუხვარ ამას რომ ვლაპარაკობ, რადგან იყო დრო, როცა ის საქართველოს ერთგულ შვილად მიმაჩნდა. თუმცაღა უკანასკნელი დონის ნაძირალა აღმოჩნდა, ვინაიდან საქართველოს ინტერესები გაყიდა. აქვე მინდა ავღნიშნო, გახარიას, ბევრისგან განსხვავებით, ძალიან დადებითად ვუთვლი იმას, რომ 2019 წლის 20 ივნისს მოიქცა ისე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა ემოქმედა. თუმცა მისი გადადგომიდან დღემდე რასაც ის აკეთებს, წმინდა წყლის ღალატია.
სამივე სცენარი მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა განადგურდეს და იქცეს იმ ტიპის ქვეყნად, რომელიც სუბიექტად ქცეული ჰყავდათ 19-20 საუკუნის 60-იან წლების ლათინოამერიკის ქვეყნებს", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



