თამთა ჩაჩანიძე
(17.10.2024)

საქართველოს ოკუპირებულ მიწებზე კრემლი მორიგ განცხადებას აკეთებს, სადაც რუსეთი „ძალიან არის დაინტერესებული", კვლავ სახელმწიფოებად მოხსენიებულ ოკუპირებულ აფხაზეთ-ცხინვალსა და დანარჩენ საქართველოსთან „ურთიერთობის ნორმალიზებით". როგორც საგარეო უწყების პრესსპიკერ მარია ზახაროვას მიაჩნია, „ოცნების" მიერ გაკეთებული განცხადებები ბოდიშის მოხდაზე „გარკვეულ იმედს იძლევა".

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კრემლი „ოცნებას" აშკარად ფეხს აბიჯებს, რადგან როცა კი ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ხალხს დააჯეროს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა, ამის პარალელურად მოსკოვი განცხადებს აკეთებს, სადაც მკაფიოდ ატყობინებს საზოგადოებას, რომ ის არაფრის დათმობას არ აპირებს, რადგან აფხაზეთსა და ცხინვალს იხსენიებს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთი ამით გვეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არაა, რადგან „ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში, მიწების დაბრუნება არ მოვითხოვოთ.

„ისინი „ქართულ ოცნებას" აშკარად ფეხს აბიჯებენ, ანუ გამოიჭირეს და ამადლიან, რომ რუსეთი მათ წინააღმდეგ არჩევნებში არ ერევა. ვიღაცეებს თუ ჰგონიათ, რომ საქართველო თუ კარგად მოიქცევა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დააბრუნებენ - ნურას უკაცრავად, ერთადერთი საფასური ისაა, რომ „ოცნებას" გამარჯვებაში ხელს არ შეუშლის და სხვა კანდიდატებს არ დაუყენებს.

„რუსეთი ძალიან მკაფიოდ და ცალსახად ამბობს, პირველ რიგში აფხაზებისა და ოსებისთვის - ატყიბინებს, რომ მათ ენდობა, არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებს და არ დაუთმობს საქართველოს არასდროს. ესაა მკაფიოდ გამოკვეთილი შეტყობინება, საქართველოში არავის შეეშალოს და არჩევნების შემდეგ რაღაც ილუზიები არ ჰქონდეთო.

„რუსეთს სჯერა და აქვს განცდა და „ქართული ოცნება" ამ განცდას უქმნის, რომ თითქოს, მათ მხარდაჭერა 60% აქვთ და თითქოს ისინი გაიმარჯვებენ. რუსეთმა საშინელი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა დაიჯერა, რომ 2022 წელს უკრაინა ელოდებოდა, ასეთივე შეცდომას უშვებს ის საქართველოს მიმართაც და სხვაგანაც.

„საქართველოს მიმართ შეცდომა ისაა, რომ იმ 60%-ის, რომელსაც „ოცნება" „გორბის" მხარდაჭერით მუდმივად იწერს, რუსეთს სჯერა. ფიქრობენ, რომ საზოგადიების ეს ნაწილი ნამდვილად მხარს უჭერს „ოცნებას", შესაბამისად ეშინია, რომ თუ „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, მერე არ მოსთხოვოს ანგარიშები, რომ ახლა დამიბრუნე აფხაზეთი, მე ხომ შენს პოლიტიკას ვახორციელებო?! ამიტომ, რუსეთი საქართველოში წინმსწრებად ყველას აფრთხილებს, არანაირი იმედი არ ჰქონდეთ, რომ შეიძლება საქართველოს სასარგებლოდ მოხდეს აფხაზური და ოსური თემების მოგვარება, გამორიცხულია ეს. ესაა მკაფიო შეტყობინება საქართველოს მოსახლეობისთვისა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირებისთვისაც", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ივანიშვილის რეგიონალური ტურნეს ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებს, თითქმის ყოველთვის მოჰყვება კრემლისგან, ან დე ფაქტო ხელისუფლებებისგან განცხადებები, კითხვაზე, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს, ზაქარეიშვილმა გვითხრა:

„აშკარად ჩანს, რომ „ქართული ოცნება" თავის ამომრჩეველს ილუზიას უქმნის, თითქოს ყველაფერი კარგადაა, რუსეთი კი გამოვა და ამ თემას უფუჭებს, და გვეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არაა, ნუ გგონიათ, მერე არ გამოვიდეს ისე, რომ რუსეთს მოსთხოვონ პასუხი, ჩვენ რომ ამდენს ფეხქვეშ გედებოდით, ნატოსა და ევროკავშირზე უარი ვთქვით, ახლა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოგვეციო. ახლა კი იტყვიან - უკაცრავად, ჩვენ ამაზე არ შევთანმხმებულვართ, რაზედაც მილიონჯერ გაგაფრთხილეთო. და რომ აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენი გაგებით დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და თქვენ, „ქართულო ოცნება", კეთილს ინებებთ, თუ გაიმარჯვებთ და მათ დაელაპარაკებით, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და ერთი კარგ დიდ მსუყე ბოდიშსაც მოიხდითო", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

„მოსკოვი დაინტერესებულია საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით და იმედოვნებს, რომ თბილისის პოზიციაში დადებითი ცვლილებები მომავალ მოლაპარაკებებზე აისახება და კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე

„რუსეთი, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე და აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი, ძალიან არის დაინტერესებული აღნიშნულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით. მოსკოვი მზად არის სრულად შეუწყოს ხელი ამ საკითხს როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატში", - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია ამ საკითხებზე ამ მიმართულებით პროგრესზე საუბარი, მხარეთა მიდგომებში დარჩენილი ფუნდამენტური განსხვავებებისა და რეგიონში განვითარებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით.

„თუმცა, საქართველოდან ბოლო დროს გაჟღერებული განცხადებები იმის შესახებ, რომ აპირებენ ბოდიში მოუხადონ სამხრეთ ოსეთის ხალხს სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2008 წლის აგვისტოში გაჩაღებული ომის გამო, გარკვეულ იმედს იძლევა", - აღნიშნა ზახაროვამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე