
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის წარდგენას არჩევნებამდე აანონსებს და ამბობს, რომ ვინც ამას არ ეთანხმება, შეუძლია „ქართულ ქარტიაზე" თავისი ხელმოწერა უკან გაიწვიოს. ეს ნაწილი კი, ანალიტიკოსებს აფიქრებინებს იმას, რომ კონსულტაციების დროს, ყველა ოპოზიციური ძალა რაღაც საკითხებზე თანახმა არ იყო, „ქარტიაში" გაწერილი ზოგიერთი პუნქტით, ან ამ პუნქტების პრეზიდენტისეული ინტერპრეტაციით უკმაყოფილონი არიან, თუმცა ამის საჯაროდ გაცხადებისგან თავს იკავებენ.
როგორ იმოქმედებს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ამომრჩევლებზე? ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ბევრი რამ სალომე ზურაბიშილის მიერ შერჩეული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობასა და პოტენციური მთავრობის შემადგენლობაზე იქნება დამოკიდებული.
პრეზიდენტმა ტექნიკურ მთავრობის იდეაზე მრავალრაუნდიანი კონსულტაციები ოთხ ძირითადად ოპოზიციურ გაერთიანებასთან გამართა, რომელთაც 26 ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვის რეალური შანსი აქვთ - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებებისთვის", „ძლიერი საქართველო", „გახარია საქართველოსთვის". ამ თემაზე შემაჯამებელი ბრიფინგი სალომე ზურაბიშვილს 12 ოქტომბერს ჰქონდა, რის შემდეგაც „ქართული ქარტიის" ხელმომწერმა ოპოზიციურმა პლატფორმებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ „ქარტიის" ერთგულები რჩებიან, თუმცა საკუთარი მოსაზრებები ყველას აქვს.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" მხარს უჭერს პრეზიდენტის იდეას, რომ არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობა წარადგინოს და ამბობენ, რომ ეს იდეა ქარტიასთან სრულ შესაბამისობაშია, რასაც სრულიად იზიარებენ.
გარკვეულ რისკებზე საუბრობს „გახარია საქართველოსთვის". ექსპრემიერის პარტია მიიჩნევს, რომ პრიორიტეტი არჩევნების შედეგების დაცვაა, თუმცა „დაელოდებიან როგორი შემოთავაზება იქნება და როგორ იქნება ეს ყველაფერი წარმოდგენილი". პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ რის გამოც პარტიამ კომპრომისი დაუშვა ქარტიაზე ხელმოწერისას, ამას იხილავს პრაქტიკაშიც - „არც „ქართული ოცნების" და არც „ნაციონალური მოძრაობის" მთავრობა".
რაც შეეხება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას", პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ენმ ქარტიის ერთგულია, თუმცა პრიორიტეტი ჯერ არჩევნებში გამარჯვებაა. პლატფორმის კიდევ ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძეს ამბობს, რომ არჩევნებამდე კონკრეტული სახელების და გვარების დასაახელება არ წერია „ქარტიაში", თუმცა „დაილაპარაკებენ".
კოალიცია „ძლიერი საქართველოს" წევრის საბა ბუაძის თქმით კი, მათ პოლიტიკურ ძალას „მხოლოდ „ქართული ოცნების" დამარცხების შემდეგ მიაჩნია მიზანშეწონილად ნებისმიერი დისკუსიის გამართვა პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით". თუმცა, მისივე თქმით, „ქარტიის" ფარგლებში დისკუსიებს გააგრძელებენ.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რომელიმე პარტიის მიერ ხელისმოწერის უკან გაწვევა დააზიანებს ამავე პარტიის რეიტინგს და ასევე ოპოზიციის ერთობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდება. თუმცა, მათივე შეფასებით, მეორეს მხრივ ჩნდება კითხვა, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენს ტექნიკური მთავრობის დასახელება არჩევნებამდე, მითუმეტეს, როდესაც ამაზე პრეზიდენტს პარტიების მხრიდან კონსენსუსი არ აქვს.
რა თქვა პრეზიდენტმა
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროპაში „ქარტიით" წავიდა, შეხვდა ყველა პასუხისმგებელ პირს, მათგან მიიღო პირობა, რომ „ეს თუ შესრულდა რაღაც დონეზე, მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ „ქარტიით" მსვლელობა თუ იქნება, ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან".
„მე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ მხრივ საზოგადოებისა და ჩვენი პარტნიორების წინაშე და ვარ ჩემი სიტყვის ერთგული. ეს გავიარე ყველა პარტიასთან და ყველასგან მივიღე დასტური, რომ არიან ამ პროცესში, რომ არიან ერთგულნი ამ ქარტიის და მზად არიან იმისთვის, რომ ბოლომდე მიიყვანონ პროცესი და ამით მე ვარ ძალიან კმაყოფილი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ განსხვავებული ინტერპრეტაციები რჩება „ქარტიის" ბოლო ნაწილზე და ვინც დოკუმენტის სულისკვეთებას არ ეთანხმება, შეუძლია ხელისმოწერა უკან წაიღოს.
„ვთვლი, რადგანაც ჩემი წარსადგენია, უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და ვინ წაიყვანს სწორედ ამ მთავრობას პარლამენტის კონტროლის ქვეშ, ცხადია, პოლიტიკური კონტროლის ქვეშ, ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ამ „ქარტიის" გზაზე. ეს არის ჩემი ინტერპრეტაცია და მგონი არა მხოლოდ ინტერპრეტაცია და შეგიძლიათ დაუბრუნდეთ 26 მაისის სიტყვას ძალიან გაშლილად, სანამ პარტიებს მოვიყვანდი ხელმოსაწერად.
„ამიტომ ვთვლი, რომ არ შეიძლება ეს ბოლომდე გაურკვეველი დარჩეს. დღეს არის რაღაც სხვადასხვა ინტერპრეტაციები და მგონია, რომ დრო არის პარტიებმა გადაწყვეტილება მიიღონ, რამდენად არიან ამ „ქარტიის" ბოლომდე არა მხოლოდ სულისკვეთების ერთგული, არამედ, მისი ყოველივე სიტყვის, იმიტომ, რომ ეს არის ისეთი დოკუმენტი, სადაც არ შეიძლება მერე რაღაც გაუგებრობა იყოს...
„ამიტომ, ველოდები, რომ პარტიებმა დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან. თუ არა და, ვინც არ ეთანხმება, შეუძლიათ ხელმოწერა უკან წაიღონ. საჭიროა საზოგადოებამ იცოდეს, როცა ხმას მისცემს, თუ რომელ პარტიას აძლევს ხმას და რომელი პარტია არის სრულიად ბოლომდე, თანმიმდევრობით ამ ქარტიის უკან.
„დარწმუნებული ვარ, ამით სტაბილურად, ძალიან გარკვევით მივალთ და გადავლახავთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს მომავალ წელს, ივნისში მიიყვანს ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნამდე, რომელიც, მე ვთვლი, რომ არის ჩემი პასუხისმგებლობა და რომელზეც მერე ჩემი პასუხისმგებლობა უკვე მოხსნილი იქნება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორ იმოქმედებს ტექნიკური მთავრობის არჩევნებამდე წარდგენა ელექტორატზე
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბევრი რამ ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერობის კანდიდატის ვინაობაზეა დამოკიდებული, რადგანაც ხშირშ ემთხვევაში პერსონალიებს ქართველი ამომრჩევლებისათვის გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს.
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაში და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კონკრეტულად ვის წარადგენს. ქართული საზოგადიების არჩევნებისადმი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, პერსონალიებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. როგორი კარგი პროგრამაც არ უნდა ჰქონდეს პარტიას, თუ რომელიმე პიროვნება მისაღები არაა, საზოგადოება მას უკუაგდებს.
„ხელმომწერმა პარტიებმა (პრეზიდენტთან) კონსულტაციის შემდეგ განაცხადეს, რომ მთავრობის შემადგენლობა არჩევნების შემდეგ უნდა დასახელდესო. ამაში თავისი ლოგიკა იდო - თუ ოპოზიციამ არჩევნები ვერ მოიგო, მაშინ ამას აზრი ეკარგება. მაგრამ ლოგიკა არის იმაშიც, რომ თუ არჩევნებამდე დასახელებული ტექნიკური მთავრობა ისეთი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებსაც საზოგადოება მიიღებს, ამან შეიძლება იდეის მიმართ საზოგადიოების ერთი ნაწილის ნდობა გაზარდოს.
„გვარამია-მელია-ხოშტარია-ჯაფარიძე („კოალიცია ცვლილებებისთვის") „ქარტიის" სულისკვეთებას იზიარებს, „ნაცმოძრაობა" კი ყოველთვის სკეპტიკურად იყო განწყობილი ტექნიკური მთავრობის მიმართ და ორჭოფული პოზიცია ჰქონდათ. როგორც ჩანს, ისინი ზურაბიშვილზე ნაწყენი არიან, რომ სააკაშვილი არ შეიწყალა. შეიძლება მეორე მიზეზი იყოს, რომ მათ ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით საკუთარი მიდგომები აქვთ, რაც შეიძლება ზურაბიშვილის მიდგომებთან თანხვედრაში არ მოდიოდეს",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამომრჩევლებისათვი საჭიროა უფრო გასაგებად ახსნა, თუ რატომაა მიზანშეწონილი არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის დასახელება, რადგან მოსახლეობას კითხვები უჩნდება.
„სალომე ზურაბიშვილი აშკარად პროცესების ლიდერად გამოიკვეთა. კარგია, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომაგდენელს, ვინც ხალხის ნებას გამოხატავს, პროევროპული პოზიცია უკავია. კარგია დასავლეთირომ დავარწმუნოთ, რომ აქ წამყვანი მხოლოდ „ოცნება" არაა.
„ცოტა ეჭვით ვუყურებ ასეთ მთავრობის შექმნას, რადგან ერთ წელიწადში ადგილობრივი არჩევნები იქნება და თუ „ოცებას" ეცოდინება, რომ ვითარება ამ პერიოდში შეიცვლება, მეტად მობილიზებულები იქნებიან - შეეცდებიან მეტად ხელი შეუშალონ ქვეყნის აღმავლობას. მობილიზაციური რეჟიმი ექნებათ და რევანშს მოინდომებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ამას კრიტიკულად ვუყურებ, ზურაბიშვილს მაინც უნდა მივყვეთ და პარტიებმა კონსენსუსი და ერთობა ბოლომდე მიიყვანონ, თუგინდ მათთვის ესა თუ ის საკითხი ეჭვებს ბადებდეს.
„თუმცაღა, მეტი განმარტება უნდა გაკეთდეს - რატომაა საჭირო ახლა საუბარი პრემიერობის კანდიდატსა და ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაზე. საზოგადოება იბნევა. გარკვეული ნაწილისთვის რჩება განცდა, რომ თითქოს ეს ხალხი თანამდებობებს თავიდანვე ინაწილებენ და არა ქვეყანაზე ზრუნავენ.
„მაინც მგონია, რომ მთავარი ლოზუნგი ჯერ ევროპისკენ სვლა, „ოცნების" გაშვება უნდა ყოფილიყო და არჩევნების მერე მთავრობის ჩამოყალიბება. არჩევნების შემდეგ უამრავი საკითხები წამოვა წინ, რომელსაც დღესვე ვერ დაგეგმავ. სულ არაა გამორიცხული, რომ ევროკავშირმა მოლაპარაკებების დაწყების პროცესში თავისი გარკვეული ცვლილებები შემოგვთავაზოს და ესეც გასათვალისწინებელი უნდა იყოს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ვინ შეიძლება გაიწვიოს ხელმოწერა და როგორ აისახება ეს რეიტნიგზე
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ პარტიების ნაწილი „ქარტიაში" გაწერილი პუნქტებით უკმაყოფილონი ჩანან, თუმცა ამას საჯაროდ ვერ ამბობენ.
„თითქოს ადრე ქარტიაზე ხელმომწერი პარტიები სოლიდარულები იყვნენ, თუმცა, რადგან პრეზიდენტმა ეს საკითხი წამოსწია, თანაც საჯაროდ განაცხადა, ჩემი აზრით, ეს არის იმის ინდიკატორი, რომ ხელმომწერი პარტიები ბოლომდე არ იზიარებენ ტექნიკურ მთავრობაზე „ქარტიაში" მოცემულ მოსაზრებებს.
„ოპოზიციური პარტიები იბრძვიან იმისთვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ, დებენ გარკვეულ ფინანსურ თუ სხვა რესურსს და რა გამოდის? ისინი გვერდზე უნდა ჩაიწიონ და ქვეყნის მართვა პრეზიდენტის მიერ დანიშნულ ტექნიკურ მთავრიობას გადააბარონ, ტექნიკური მთავრობა კი მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს როგორ გაართმევს, არავინ იცის. ერთ წელიწადში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ. ან საკითხავია, რამდენად მოასწრებს 9 რეკომენდაციის შესრულებას. ასევე ის პირობა, რაც თითქოს ზურაბიშვილმა ტურნეს ფარგლებში ევრპაში მიიღო - რომ ტექნიკური მთავრობის მოსვლისთანავე, წევრობაზე მოლაპარაკებები გაიხსნება.
„ევროპაში კარგად იციან, რომ სალომე ზურაბიშვილის სახით წარმავალ პრეზიდენტს ელაპარაკებიან და ის პირობა, რაც მას მისცეს, შესაძლოა სიტყვიერი კეთილი ნების გამოხატულება იყო. იქ პრაგმატული ხალხი ზის და იციან, რომ 16 დეკემბრის მერე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება. ისიც იციან, რომ შესაძლოა ოპოზიციამ არჩევნები წააგოს. ამიტომაც რამე პირობების გაცემა მყიფეა. რეალურად არ ვიცით რა უთხრეს ზურაბიშვილს. ევროპელებს ძალიან მატივად შეუძლიათ თავიანთი პირობა უკან წაიღონ, თუ ნახეს, რომ სიტუაცია ისე ვერ განვითარდა, როგორც უნდათ",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, თუ ვის შეიძლება არ მოსწონდეს „ქარტიის" ის ნაწილი, რომელიც ტექნიკურ მთავრობას შეეხება, ანჯაფარიძემ გვითხრა:
„ასეთებად შეიძლება მოვიაზროთ ენმ, რომელსაც თავიდანვე ამაზე სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა. ასევე "ლელო" - ის თითქოს მხარს უჭერს პრეზიდენტს, მაგრამ განაცხადეს, რომ კონსტიტუციის ერთგული რჩებიან მიუხედავად იმისა, რომ „ქარტიას" მხარს უჭერენ. ასეთად შეიძლება გახარიას პარტია მოვიაზროთ, რომლებმაც აბსოლუტურად ორაზროვანი განცხადებები გააკეთეს.
„ოპოზიციურ პარტიები, რომლებსაც „ქარტიისა" და ტექნიკური მთავრობის მიმართ სკეპტიკური და ორაზროვანი დამოკიდებულება აქვთ, საჯაროდ ვერ ამბობენ, რომ პრეზიდენტს ამ ინიციატივით ისინი კონსტიტუციური ველიდან გაჰყავს. კონსტიტუციაში არსად არაა გაწერილი ის მექანიზმი, რაზეც ზურაბიშვილი საუბრობს. ოპიზიციურ პარტიებს რატომ უნდა სურდეთ მართვის სადავეები ტექნიკურ მთავრობას გადასცენ? თავად რა, გამარჯვების შემთხვევაში ვერ შეასრულებენ „ქარტიაში" ჩამოწერილ პუნქტებს?
„რა აზრი აქვთ ოპოზიციური პარტიებისთვის ტექნიკურ მთავრობას და მერე ხელახალი არჩევნების ჩატარებას, სადაც შეიძლება მათთვის მიუღებელი შედეგები დადგეს? შეიძლება ამ პერიოდში ვერ შესრულდეს ის გეგმები, რაც დასახულია, ან თვითონ ქვეყანაში იყოს არასტაბილური მდგომარეიობა და „ქართული ოცნებისთვის" ხელსაყრელი პირობები შეიქმნას", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქარტიაზე" ხელმოწერის უკან გაწვევა თავად პარტიაზე და მთლიანად ოპზიციაზე აისახება უარყოფითად. კონკრეტულ პარტიაზე თითის გაშვერა კი ახლა რთულია.
„ხელმოწერის უკან გაწვევა არა მხოლოდ კონკრეტული პარტიის რეიტინგზე აისახება უარყოფითად, არამედ ოპოზიციაზე. აღმოჩნდება, რომ ოპოზიციაში რაღაც საკითხებზე ერთობა არაა და კერძო ინტერესები უფრო მეტადაა, ვიდრე ეს საერთო საკითხი - „ოცნების" დამარცხება.
„იყო კრიტიკული მოსაზრებები გიორგი ვაშაძის მხრიდან, რომელიც ენმ-სთან არის. არაა გამორიცხული, რომ ზოგადად მთლიანად პარტიას არ ჰქონდეს კრიტიკული მოსაზრება და ცალკეულ წევრებს ჰქონდეთ, მაგრამ ვიდრე ესა თუ ის პარტია ხელმოწერას არ გაიწვევს, ან პირობებს არ დააყენებს, მანამდე ასე პირდაპირ ძნელია ვინმეზე ხელი გაიშვირო", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



