ელზა პაპოშვილი
(12.10.2024)

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკა კიდევ უფრო გამწვავდა. ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ, მმართველი გუნდის წინააღმდეგ კიდევ ერთი რეზოლუცია გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო. ყოველივე ამას და ასევე თბილისში მოღვაწე დასავლელი დიპლომატების ცალკეულ გაცხადებებს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევს. ოპოზიციის შეფასებით კი, ეს ბრალდებები არადამაჯერებელია და „ქართული ოცნება“ ამით ქვეყნის შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევის გადაფარვას ცდილობს.

ოპოზიცია იმაზეც მიუთითებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკა დასავლეთის მიმართ და მათი განცხადებები პრაქტიკულად ზუსტად იმეორებს კრემლისას. ამის მაგალითია თუმდაც რუსეთის დაზვერვის მიერ პერიოდულად საუბარი 26 საპარლამენტო არცევნების შემდეგ საქართველოში მოსალოდნელ არეულობებზე, რომლის ორგანიზატორიც აშშ იქნება.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიციის მთავარი ყურადღების საგანი  არჩევნების შემდეგი დღე და არა არჩევნების დღე. მათი მტკიცებით, იგეგმა ქვეყანაში „მაიდანის“  სცენრის გათამაშება, რაც ოპოზიციას არ გამოუვა. მათი თქმით, სამართალდამცველი სტრუქტურები არის ძლიერი და ნებისმიერ მცდელობას, რომ პარლამენტში შეიჭრან, სხვა ინსტიტუტებში შეიჭრან, რევოლუცია მოაწყონ, დაუპირისპირდება სახელმწიფოს სიმტკიცე. 

„რადიკალური ოპოზიციის, პოლიტიკური „ენჯეოებისა“ და გარე აქტორების მხრიდან გვესმის საუბარი, რომ საქართველოში მაიდანი იქნება. ეს ადამიანები ოცნებობენ ან მაიდანზე და ქვეცნობიერი ალაპარაკებთ, ან ცდილობენ, საზოგადოება ამ ყველაფერს შეაგუონ და თან დატესტონ, რა განწყობები იქნება. მათი მცდელობა ფუჭია, რადგან საქართველოს მაიდანიზაცია არ მოხდება, არეულობას არ დავუშვებთ. ვინც დემოკრატიას გაურბის და მაიდანიზაცია სურს, ცდება, რადგან საკუთარ მიზანს ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.    

„გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი კი ამბობს, რომ არჩევნებში რუსული ჩარევების საფრთხეები რეალურად არსებობს.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, დასავლეთს გადააბრალოს არჩევნებში ჩარევა იმიტომ, რომ პოტენციური რუსული ჩარევის საფრთხეები გადაფაროს. ჩვენ ვნახეთ რუსული დაზვერვის განცხადებები, ზახაროვას განცხადებები - ერთი ერთში სინქრონშია იმასთან, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს. არჩევნებში რუსული ჩარევების საფრთხეები რეალურად არსებობს. ეს არ არის საარჩევნო მშვიდი გარემო, რადგან “ქართული ოცნება” დევნის ოპონენტებს, მედიას, ხალხს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს სამსახურებიდან, ძალადობს ადამიანებზე და ყოველდღიურად ხდება ეს და ამასაც სხვას აბრალებს”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.   

რას ამბობს რუსეთის საგარეო დაზვერვა 

რუსეთის საგარეო დაზვერვა კი ირწმუნება, რომ ამერიკელებმა ქართულ ოპოზიციას საპროტესტო აქციების დაგეგმვა დაავალეს. მათივე მტკიცებით, განიხილება დემონსტრანტთა შორის მსხვერპლის ხელოვნური შექმნა. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი დეზინფორმაციები რუსეთის სპეცსამსახურების ჩვეული ხელწერაა. მაგალითისთვის, როდესაც ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმმა უკრაინის ევრომაიდნის დროს დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა, რუსეთი ირწუნებოდა, რომ მსხვერპლი დაქირავებული სამხედროების სროლას მოჰყვა. თავად ეს ფაქტი და დეზინფორმაცია, თითქოს ქართველი სნაიპერები მაიდანის მოვლენების დროს დემონსტრანტებს დასავლეთის დავალებით ესროდნენ, ნახსენებია ამ განცხადებაშიც. 

„ამერიკელმა „კურატორებმა“ უკვე მისცეს ბრძანება საქართველოს ოპოზიციურ ძალებს, შეუდგნენ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაგეგმვას არჩევნების დროისთვის. ხელისუფლების სტრუქტურების საწინააღმდეგოდ „ტარანი“ უნდა გახდეს თბილისის მოსახლეობა, რომელიც ამ წლის გაზაფხულზე „უცხოელი აგენტების“ კანონთან დაკავშირებული ანტისახელისუფლებო აქციებით „გაახურეს“. 

„განიხილება „საკრალური მსხვერპლი“ პროტესტების მონაწილეებიდან, რათა ძალოვნებზე „ხალხი განრისხდეს“. პროვოკაციების ამერიკელ ოსტატებს შესაბამისი დიდი გამოცდილება გააჩნიათ. საკმარისია გავიხსენოთ კიევის „მაიდანი“ ათი წლის წინ, სადაც „დემოკრატიის საკურთხეველზე“ ასობით ადამიანი გაწირეს, მათ შორის, ისინიც, ვინც ქართველმა დაქირავებულმა სნაიპერებმა დახვრიტეს“, - წერია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ვინ ერევა საქართველოს არჩევნებში 

ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევის რეალური ნიშნები არ ჩანს. უფრი მეტიც, ანალიტიკოსის აზრით, კრემლმა გადაჭრით უარყო „ოცნების“ პოზიტიურ მინიშნებები საქართველოს გამთლიანებასთან დაკავშირებით და მმართველ პარტიას წინასაარჩევნოდ ამ თემის გათამაშების საშუალება არ მისცა.

„თუკი რუსეთი ცდილობს საქართველოს არჩევნებში ჩარევას, ხომ ყველაზე მარტივი იქნებოდა თავი შეეკავებინათ არჩევნებამდე ასეთი განცხადებებისგან?! არა, იმ დღესევე გასცეს პასუხი, რომ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების თემას უკან არ წაიღებდნენ. შეიძლებოდა დიპლომატიური ენით ბევრი რამეს გაკეთება, თუმცა რუსეთი ამას არ გააკეთებს და პირიქით იქცევა. მაშ, სად არის ჩვენს არჩევნებში ჩარევის რეალური ნიშნები? 

„მოდი შევადაროთ მეორე მხარე, დასავლეთი, საიდანაც ყოველდღიური ზეწოლა ხდება „ოცნებაზე“ და ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე. ვხედავთ რეზოლუციებს, უმრავ განცხადებებს, რომელიც ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ქართველ ხალხს აფრთხილებენ - თუკი „ოცნება“ არჩევნებში გაიმარჯვებს, მაშინ საქართველოს იზოლაციაში მოაქცევენ, უვიზო რეჟიმს გააუქმებენ და ქვეყანა ევროპიდან დახმარებას ვერ მიიღებს. ეს ყველაფერი არის ჩარევა, რომლიც ქვეყნის არჩევნებზე ზემოქმედებისთვის ხდება. იგივე ხდება რუსეთთან? პრაქტიკულად, ყოველდღიური ნიაღვარი მოდის დასავლეთიდან და ამის შედარება რუსეთიდან წამოსულ გავლენებზე საერთოდ წარმოუდგენელია“, - ამბობს მამრაძე. 

იგი „რეზონანსთან“ რუსული დაზვერვის განცხადებაზეც საიბრობს, თუმცა ამას ქართველ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენის მცდელობად არ მიიჩნევს.

„ამაზე დასავლური ორგანიზაციებიც და მედიებიც პირდაპირ წერენ. მაგალითად, მარშალის ფონდი, მაკკეინის ინსტიტუტი და  სხვები, სადაც პირდაპირ ანგარიშები იწერება საქართველოზე. რეკომენდაციებია პირდაპირ მოცემული, რომ თუ ამ არჩევნებზე მაინც „ოცნებამ“ გაიმარჯვა, მაშინ საჭიროა ყველამ ხმა აიმაღლოს და შედეგი გააპროტესტოს. დასავლეთის ლიდერები მაშინვე უნდა დაგმონ, თუკი „ოცნებამ“ ხელისუფლება შეინარჩუნა. 

„ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ წაყენებული ულტიმატუმი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ თუ გაბედავთ და არჩევნებში გაიმარჯვებთ, ჩვენ გამოგაცხადებთ კანონგარეშე. აქვე ახსენებენ ლუკაშენკოს, როგორც მაგალითს. საერთოდ დაიკარგა იმაზე საუბარი, რომ გაყალბებას დამტკიცება სჭირდება. ეს აღარ წერია, პირდაპირ საუბრობენ, რომ რადგან ხალხის 80%-ს ევროპა უნდა, ე.ი. „ოცნება“ 20%-ზე მეტს ვერ აიღებს. 

„ზუსტად იგივეა ნათქვამია რუსეთის განცხადებებში, რომ „მაიდანი“ მზადდება. 20 ოქტომბერს რომ იქნება „ევროპული მარში“, ეს არის რეპეტიცია. ასეთი მარში ზუსტად უნდა განხორციელდეს, მოხდეს მთავრობის შენობების ბლოკირება, მათში შეჭრის მცდელობა. გვახსოვს 2020 წელს ამის მცდელობა და იგივე იქნება ახლაც დიდი ალბათობით“, - ამბობს მამრაძე.  

რუსეთი საქართველოდან არასდროს წასულა

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოდან არც არასდროს წასულა. ანალიტიკოსი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თუ გულწრფელი ვიქნებით, რუსეთი ყოველთვის იყო საქართველოში ხელისუფლებების ცვლილების ერთ-ერთი მონაწილე და რა თქმა უნდა, ის დღევანდელ არჩევნებშიც იქნება ჩართული. 

„სამწუხაროდ, ხელისუფლების ყველა ცვლილების დროს - დაწყებული გამსახურდიადან, დამთავრებული ივანიშვილით - რუსეთი ხელისუფლების ცვლილების პროცესში ყოველთვის მონაწილეობდა. ამიტომ იმის ილუზია არვის უნდა ჰქონდეს, რომ ამ არჩევნებშიც ჩარეული არ იქნება. თუმცა, განსხვავებებიც არის და ჩარევის ფორმებიც სხვადასხვა გახდა. ადრე მათი ჩარევა უფორ ღია იყო და თანდათან უფრო სპეცსამსახურების დონეზე გადავიდა. ახლაც ასეა - თუ რუსეთს საქართველოში არჩევნების შედეგები არ მოეწონა, მათ ძალიან ბევრი ბერკეტი აქვთ იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობის და დაპირისპირების მუხტი შექმნან. 

„მოყოლებული 1990 წლიდან, 2020 წლამდე რუსეთიც და დასავლეთიც რეალურად მონაწილეობდნენ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებაში. ამ წლებში საქართველოს ჰყავდა ხელისუფალი, რომელიც ორივე მხარეს აწყობდა. ეს როგორ მიიღწეოდა, ეს კიდევ ცალკე სასაუბრო თემა და ტექნოლოგიაა. თუმცა, 2022 წლიდან უკვე ეს რეალობა იცვლება და ვხედავთ დასავლეთის სრულიად სხვა დამოკიდებულებას „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.    

„დღეს ვითარება გვაქვს საკმაოდ რთული და მძიმე. თუმცა, საქართველოში რაიმე რევოლუციურ სცენარზეა საუბარი, ჩემი აზრით, უბრალოდ გამორიცხულია. საქართველოში პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება პრობლემური იქნება როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ისე რუსეთისთვის“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თმით, თუ არჩევნები იმდენად გაყალბდა, რომ ეს ვიზუალურადაც კი ცხადი აღმოჩნდა, ასეთ შემთხვევაში აქ დაწყებულ პროტესტს ვერც დასავლეთი და ვერც რუსეთი ვერ შეაჩერებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე