ელზა პაპოშვილი
(11.10.2024)

ევროპარლამენტის შემდეგ, საქართველოს შესახებ რეზოლუცია  ბუნდესტაგმა მიიღო. გერმანიის პარლამენტის წევრები მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და რეზოლუციის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამის გარდა, დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.

რეზოლუციას მხარი მმართველი უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს - "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ", "მწვანეებმა" და "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ". ინფორმაცია ბუნდესტაგის ვებგვერდზე ვრცელდება.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, "ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი", რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს.

გერმანელი დეპუტატები რეზოლუციის ტექსტში 26 ოქტომბრის არჩევნებსაც შეეხებიან და წერენ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები "იქნება გზაგასაყარი გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ". 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგრეთწოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება - "ბუნდესტაგი დაჟინებით მოითხოვს, რომ სანამ [რუსული] კანონი ძალაშია, საქართველოსთან, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს".    

გერმანული პარტიები ასევე აკრიტიკებენ "ჰომოფობიურ კანონს" და ითხოვენ მის გაუქმებას. ასევე, ითხოვენ, გაუქმდეს ე.წ ოფშორების კანონი.

ამასთან, ბუნდესტაგის პარტიები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.    

გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წევრი კნუტ აბრაჰამი ამბობს, რომ ის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ჩამორთვმევას ეწინააღმდეგება.

მისივე თქმით, ევროკავშირმა ქართველი ხალხი მმართველი პარტიის მიღებული კანონებისა და მათი ნაბიჯების გამო არ უნდა დასაჯოს.  

„ეს არ არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრი, საქართველო სტანდარტებს უნდა მიჰყვებოდეს. ბრიუსელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეეჩერებინა, წინააღმდეგი ვართ კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევის და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების, რადგან ევროკავშირმა არ უნდა დასაჯოს ქართველი ხალხი მმართველი პარტიის მიღებული კანონებისა და მათი ნაბიჯების გამო," - დასძენს დეპუტატი.    

აბრაჰამი აცხადებს, რომ არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად უნდა ჩატარდეს, რადგან ეს არის ევროკავშირის სტანდარტი და საქართველო ამ წესებს უნდა მიჰყვეს.

"საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. სწორედ ამიტომ ჩვენ ძალიან ახლოდან დავაკვირდებით არჩევნებს. საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა შეგვაშფოთა და ვსვამთ კითხვას: როგორ ჩატარდება არჩევნები? დებატებზე, რომელიც ბუნდესტაგში გაიმართება, იქნება მთავარი საკითხი - ჩატარდება თუ არა არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად, რადგან ეს არის ევროკავშირის სტანდარტი და საქართველო ამ წესებს უნდა მიჰყვეს", - ამბობს კნუტ აბრაჰამი.

„ვნახეთ პროექტი, რომელიც გამოქვეყნდა ბუნდესტაგში, მას მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის, გერმანიის ორმა ყველაზე დიდმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას, რაც ერთის მხრივ, ყველაფრის მანიშნებელია“, - აცხადებს ამ საკიტხის კომენტირებისას  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მისი თქმით, ვხედავთ, რომ გერმანიის პოლიტიკასა და დიპლომატიაში არის ხალხი, რომლებიც საქართველოს და გერმანიის განსაკუთრებულ მეგობრობას, მოკლევადიანი მიზნების გამო, ძირს უთხრიან. თუმცა, პაპუაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ როდესაც საგარეო ურთიერთობები ისეთ პიროვნებას აქვს ჩაბარებული, როგორიც მიხაელ როთია, იქ გასაკვირი აღარაფერია.

"ვხედავთ, გერმანიის პოლიტიკაში და მათ შორის, დიპლომატიაშიც ხალხს, რომელიც ფაქტობრივად, ძირს უთხრის იმ 30 წლიან განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც ქართველ ხალხს ჰქონდა გერმანიასთან. ყველამ და უპირველეს ყოვლისა, გერმანიის ხელისუფლებამ კარგად იცის, თუ რა განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება გვაქვს ქართველ ხალხს გერმანიის, როგორც სახელმწიფოს მიმართ და ასე რომ ანიავებენ ამ ნდობას ქართველი ხალხისა, ასე წყალს უყენებენ და ძირს უთხრიან წინდაუხედავად, რაღაც მოკლევადიანი მიზნების გამო, ეს არის გულსაკლავი, თუმცა, მეორეს მხრივ, ჰანს გენშერის ქვეყანაში მიხაელ როთს რომ ექნება საგარეო ურთიერთობები ჩაბარებული, იქ უკვე გასაკვირი არაფერი არ არის.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი  კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ მსგავსი რეზოლუციები უკან ხევს და თრგუნავს საქართველოს პერსპექტივას, ამიტომ მნიშვნელოვანი არ არის რას უზამს ის „ოცნებას“, არამედ მნიშვნელოვანია რას მოუტანს ეს საქართველოს. გოგოლაშვილი „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ახლა კითხვა ჩნდება მხოლოდ ერთი, ქართველ ხალხს ექნება თუ არა ევროკავშირში გაწვერიანების პერსპექტივა.       

„სამუწხაროდ სიტუაცია ძალიან ცუდია დ მსგავსი რეზოლუციები აზიანებს ქვეყნის იმიჯს. არჩევნები ძალიან ბევრ რამეს გადწყვეტს, თუკი ხელისუფლება შეიცვლება. ამასაც გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენ გვქონდა პერსპექტივა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები დაგვეწყო და 2030 წლისთვის მოგვესწრო გაწევრიანების ხელშეკრულება. ახლა 3 და 4 თვესაც უკვე მნიშვნელობა აქვს. მთლიანობაში ევროკავშირის ინსტიტუტებში და პარლამენტებში განწყობა კი არაა მნიშვნელოვანი უკვე, არამედ გერმანიის საზოგადოებაში რა ინფორმაცია მიეწოდება.

ეს ყველაფერი ხომ თავის კვალს ტოვებს. მთავრობაც რომ შეიცვლება, მართალია სულ სხვა ინფორმაცია წავა საქართველოს მიმართ. თუმცა განწყობების შეცვლა მოსახლეობაში ძალინ რთული იქნება. ამ ჭრილობების მოსაშუშებლად დროა საჭირო. საქართველოს მოსახლეობის განწყობების და მათი მიდგომების ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ. ისინი ხედავენ, რომ მოსახლეობის 30%-ი მაინც მხარს უჭერს იმ კურს, რომელიც „ოცნებას“ აქვს აღებული. ეს ყველაფერი უკვე ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს ტოვებს“,-ამბობს გოგოლაშვილი.    

მისივე თქმით, „ოცნებას“ უკვე აღარ აქვს არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ ევროკავშირიდან და მისი წევრი ქვეყნებიდან ასეთი სახის უარყოფითი დამოკიდებულება რატომ გაჩნდა მათ მიმართ. გოგოლაშვილი ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის დიდ ნაწილს მშვენიერი ანალიზის უნარი აქვს და ყველა ხვდება, რომ ეს არის „ოცნების“ შემუშავებული მესიჯები, რომელსაც თავს ახვევენ.

„ევროკავშირში ადრე ასეთი მარტივი არ იყო იმაში მათი დარწმუნება, რომ „ოცნება“ არ ატარებდა ქვეყანაში იმ პოლიტიკას, რასაც დემოკრატიული ღირებულებების გატარება ჰქვია. ძალიან ბევრი დისკუსიაა იმის შესახებ და ბოლომდე მაინც ვერავინ იჯერებდა იმ კურს, რაც ახლა „ოცნებას“ უკვე ღიად აქვს აღებული. ამიტომ ახლა ოპოზიციის უფრო დაიჯერეს ევროკავშირში ვიდრე „ოცნების“ და ხელისუფლების რეალური სახის სრული ლუსტრაცია მოხდა“,-ამბობს გოგოლაშვილი.     

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე