
"ქართული ოცნების" ამ პოზიციას საერთოდ არანაირი საფუძველი არ აქვს, რადგან ომის დანაშაულთან დაკავშირებით იყო სარჩელები, რომელსაც განიხილავდნენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა და ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოები. ორივე სასამართლომ საქართველო უდანაშაულოდ ცნო ომის დანაშაულში. შესაბამისად, ეს არის განცხადება, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი არ აქვს"- აცხადებს "რეზონანსთან" კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.
"ქართული ოცების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მორიგ გამოსვლაში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ერთ-ერთ მიზნად კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა დაასახელა. ამბობს, რომ ჯერ "ოცნება" ენმ-ს "კონსტიტუციით აკრძალავს", შემდეგ კი, "ომის დანაშაულების გამო, თითოეულ მოღალატეს კანონის წინაშე უმკაცრესად აგებინებს პასუხს".
როგორ ხდება კონკრეტული პარტიის აკრძალვა საქართველოში და რატომ უშლის ხელს ვინმეს გასამართლებაში "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონა? - აღნიშნულზე "რეზონანსთან" კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, მოქმედი წესით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობა კი დაუშვებელია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
ვახტანგ ხმალაძისთვის უცნობია რას გულისხმობს ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულად "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვაში. მისი თქმით, "სრული მარაზმი" იქნება, თუ პარტიის სახელი კონსტუტუციაში პირდაპირ ჩაიწერება. ამბობს, რომ არის მეორე გზაც, რომ კონსტიტუციაში შეიტანონ რაიმე ისეთი ცვლილება, რითაც გააფართოვდება პარტიის აკრძალვის საფუძვლები და რაიმე ისეთი დაამატონ, რომელიც საშუალებას მისცემთ შეცვალონ ნორმა - მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია პარტიის აკრძალვა და ჩაწერონ, რომ ამის უფლება, მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს მიენიჭოს. ეს კი, კონსტიტუციონალისტის თქმით, საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობაში მოდის.
"ამჟამად მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს იმას თუ როგორი პარტია არ შეიძლება შეიქმნას და რა საქმიანობა აქვს აკრძალული პარტიას. არ შეიძლება შეიქმნას და საქმიანობდეს ისეთი პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა. დამხობა ეს არის ძალის გამოყენებით, კანონის დარღვევით წყობილების შეცვლა. ის, რომ პარტიამ თქვას, ჩემი მიზანია ხელისუფლება შევცვალოო, ეს კონსტიტუციის დარღვევა არაა.
"პარტიას შეუძლია კანონით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობა განახორციელოს, ანუ გასწიოს აგიტაცია და ა.შ. მაგრამ თუ მან დაიწყო ძალადობრივი მოქმედება, ეს უკვე იქნება პარტიის საქმიანიბის აკრძალვის საფუძველი. პარტიას არ აქვს უფლება ხელჰყოს ქვეყნის დამოუკიდებლობა, არ აქვს ისეთი საქმიანობის უფლება, რომელიც ემსახურება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რომელიც ეწევა ომის და ძალადობის პროპაგანდას, რომელიც აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კულტურულ, რელიგიურ, ან სოციალურ შუღლს. ასეთი მოქმედებები კონსტიტუციით აკრძალულია.
"რაც შეეხება თვითონ გაუქმებას, თუ ასეთი საფუძველი წარმოიქმნა, მაშინ პარტიის აკრძალვის - ამ საკითხის მიღებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს, სხვას არავის.
"არ ვიცი რას გულისხმობს (ივანიშვილი), პირდაპირ კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ აიკრძალოს "ნაციონალური მოძრაობაო"? ეს იქნება სრული მარაზმი. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ - ვთქვათ ასეთი ჩანაწერი გაკეთდა, მაშინ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" წევრებს შეეძლებათ ჩამოაყალიბონ ახალი პარტია და სხვა სახელი დაარქვან, რომელიც იმავე ხალხისგან იქნება შემდგარი. მერე ისევ ცვლილება უნდა შეიტანონ კონსტიტუციაში და ახლა ის პარტია აკრძალონ? არ ვიცი თავში რა აქვთ და რას ფიქრობენ.
"მეორე ვარიანტი - ან კონსტიტუციაში შეიტანონ რაიმე ისეთი ცვლილება, რომ გააფართოონ პარტიის აკრძალვის საფუძვლები და რაიმე ისეთი დაამატონ, რომელიც საშუალებას მისცემთ შეცვალონ ნორმა - მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია პარტიის აკრძალვა და ჩაწერონ, რომ ამის უფლება აქვს, მაგალითად იუსტიციის სამინისტროს. ამდაგვარი ყოვლად მიუღებელი იდეები შეიძლება ასაზრდოებს მათ ასეთ განცხადებას.
"მიუღებელს იმიტომ ვამბობ, რომ არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც განსაზღვრავენ პარტიული საქმიანობის აკრძალვის საფუძვლებს, რომ მსგავსი რამ შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდებოდეს და არავითარ შემთხვევაში მაგალითად, პარლამენტის, ან მთავრობის გადაწყვეტილებით",- განაცხადა ხმალაძემ.
ხმალაძემ ისაუბრა ივანიშვილის განცხადების იმ ნაწილზეც, სადაც ივანიშვილი "ომის დანაშაულებზე" საუბრობს.
"პირველ რიგში სასამართლოს გზით უნდა დამტკიცებულიყო, რომ მოხდა ომის დანაშაული. ომის დანაშაული რა არის, ეს საერთაშორისო სამართლითაა განსაზღვრული. შემდეგ უკვე შეიძლება ბრალი წარედგინათ იმ პირებისთვის, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს.
"ქართული ოცნების" ამ პოზიციას საერთოდ არანაირი საფუძველი არ აქვს, რადგან ომის დანაშაულთან დაკავშირებით იყო სარჩელები, რომელსაც განიხილავდნენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა და ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოები. ორივე სასამართლომ საქართველო უდანაშაულოდ ცნო ომის დანაშაულში. შესაბამისად, ეს არის განცხადება, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ასეთი რაღაცეები შეიძლება მოხდეს მხოლოდ დიქტატორული რეჟიმების დროს, როდესაც სამართალი მხოლოდ "ლეღვის ფოთოლია", რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს აფარებული - ტერმინოლოგიურად, თითქოს ვინმეს სამართლის საფუძველზე ასამართლებენ, სინამდვილეში ეს სამართლის სრული უგულებელყოფაა, რაც არათუ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არამედ იმ საზოგადოებაზე, სადაც რაღაც პრეტენზია მაინც აქვთ დემოკრატიულობაზე იქ მსგავსი რამ არ ხდება",- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ "რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



