
თუ ყველა წინა არჩევნებს შევადარებთ, ახლა ყველაზე მშვიდი საარჩევნო გარემო გვაქვს, თუმცა ერთი მთავარი პრობლემა მაინც არსებობს - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ მიერ წარდგენილი დაპირებები აბსოლუტურად რეალურია. საქართველ-ამერიკის ურთიერთობების დალაგებას კი უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ვარდაუდობს.
ყოფილ სახელმწიფო მინისტრისა და კონფიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილისთვის გაუგებარია რას გულისხმობს კობახიძე, როცა წინასაარჩევნო გარემოს აფასებს, როგორც მშვიდს.
„არ მესმის რას გულისხმობს კობახიძე, როცა ამბობს, რომ წინასაარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს. ოპოზიციას, რომ არ სცემენ და ქვებს არ ესვრიან ამაზე მადლობა უნდა ვთქვათ?"
რა თქვა პრემიერმა
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ყველა წინა არჩევნებთან შედარებით, ეს საარჩევნო პროცესი არის ყველაზე მშვიდი, თუმცა მისივე თქმით, მთავარი პრობლემა მაინც არსებობს.
„თუ ყველა წინა არჩევნებს შევადარებთ, ახლა უპრეცედენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო გვაქვს, ძალაში რჩება მთავარი პრობლემა, რასაც ეწოდება პოლარიზაცია, რასაც ჩვენ ვუწოდებთ რადიკალიზმს. სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია კვლავაც რჩება ოპოზიციის დღის წესრიგში, თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში, საარჩევნო პროცესები წარიმართება ჯანსაღ გარემოში, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ორი კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და იმედი მაქვს, რომ ამ ორი კვირის განმავლობაშიც ანალოგიურად, მშვიდობიან გარემოში გაგრძელდება საარჩევნო პროცესები ", - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი ამბობს, რომ მათ მიერ წარმოდგენილ საარჩევნო პროგრამაში შეყვანილი დაპირება სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით აბსოლუტირად რეალურია.
„ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ რაც იყო წარმოდგენილი ციფრები, დაპირებების სახით, ყველა არის როგორც ამბიციური, ასევე რეალისტური. 4% არის აბსოლუტურად რეალური ამოცანა. ხუთ წელიწადში ჩვენ შეგვიძლია 4%-მდე შევამციროთ სიღარიბე, რაც ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალური რაოდენობა სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების იქნება 150 000. თუმცა ამის მიღმაც შეიძლება, კიდევ უფრო მაღალი შედეგის მიღწევა", - აღნიშნავს კობახიძე.
ასევე, მან ყურადღება გაამახვილა შემდეგ დაპირებაზე, რაც მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გულისხმობს. მისივე თქმით, არის ყველანაირი რესურსი, რათა გამოიკვეთოს დადებითი ტენდენციები.
„ეს ისეთი თემაა, რაზეც საჯაროდ საუბარი რთულია. უამრავი ნიუანსია, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონული, გლობალური ვითარების ცვლილებაზე, თუმცა არის ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ აქ გამოიკვეთოს დადებითი ტენდენციები. 1988 წელს დაიწყო მასშტაბური დისიდენტური მოძრაობა და მაშინაც კი, არავის სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირი შეიძლებოდა დაშლილიყო, თუმცა 1991 წლის ბოლოს დაიშალა. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ასეთი ტიპის პროცესებზე. ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მთელი ჩვენი ძალისხმევა ამ ორი ეროვნული ამოცანის მიღწევისკენ უნდა იყოს მიმართული - სიღარიბის დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მთავარია პრაგმატული პოლიტიკა, თანმიმდევრულობა, სიმშვიდის შენარჩუნება და მოთმინების გამოვლენა", - განაცხადა პრემიერმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვაზე და განაცხადა, რომ როგორც კი უკრაინაში დასრულდება ომი, ანუ პირველი ფრონტი, მოიხსნება მეორე ფრონტის ინტერესი და მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკას შორის.
პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდებს ეხებოდა.
„ეს ქარდები საერთოდ ვის მოაფიქრდა, არ ვიცი. არასერიოზული იყო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და კარგია, რომ ამ ქარდების გამოქვეყნება აღარ გრძელდება. ასეთი ქარდები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა სერიოზულად აზიანებს ასეთი ქმედებები ამერიკის რეპუტაციას და იმიჯს ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ქართული საზოგადოების თვალში. ჩვენ მაქსიმალურად გვინდა, გავუფრთხილდეთ ამერიკის რეპუტაციას ამ ქვეყანაში გამომდინარე იქიდან, რომ გათვლა გვაქვს ურთიერთობების გადატვირთვაზე მომავალი წლიდან, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი", - აღნიშნავს კობახიძე.
პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ბევრი მიზეზების გამო დაუჯერებელია მათი დაპირებების რეალურობა. მისივე თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლოა დაგვიანებული აღმოჩნდეს.
„საშინელი აღვირახსნილი კამპანიაა: დაბრალებები, მითები, ლეგენდები და ყველაფერი ტყუილებზეა აგებული . თვითონ აბრალებენ ევროპას და ამერიკას, რომ იტყუებიან, როცა რეზოლუციაზე ლაპარაკობენო. თვითონ რას აკეთებენ? ათას სიცრუეს ამბობენ. ასე რომ, მშვიდი წინასაარჩევნო კამპანია მარტო ცემა-ტყეპის არ არსებობით არ განისაზღვრება. ეს იმას ჰგავს ქმარმა, რომ თქვას ჩემი ცოლი ერთი თვეა არ მიცემიაო და ამით თავს იწონებდეს. საერთოდ რეებს ავრცელებენ, რომ ვითომ ეკლესიას ებრძვიან და ვიღაცას ომი უნდა. ჯერ კიდევ ბავშობაში გვასწავლიდნენ, რომ ენით დაკოდილი უფრო საშინელებაა, ვიდრე თოფით, ანუ ფიზიკური დაპირისპირება კიდევ უფრო ნაკლებად მტკივნეულია, ვიდრე მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ეს არის წარმატების ტყუილებით მოპოვება.
მეტ-ნაკლებად წარმოდგენა მაქვს კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დავუშვათ, დღეიდან საქართველომ სწორი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, 15-20 წელი მაინც იქნება საჭირო ტერიტორიული მთლიანობის იმ ფორმით აღდგენა, როგორიც ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხისთვის იქნებოდა მისაღები. ამას ყოველდღიურად სჭირდება მუშაობა, თუმცა „ქართულ ოცნებას" არაფერი ეტყობა, რომ რამეს აკეთებს. ხმა არ ამოუღიათ, თუ როგორ აპირებენ ამის მიღწევას, მარტო იმას იძახიან, რომ ამისთვის კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდებათ. არანაირი გეგმა არ ჩანს, ამიტომ ეს არადამაჯერებელია. მათ პირობა დადეს, რომ 2030 წელს ტერიტორიული მთლიანობით ევროკავშირის წევრი გავხდებით, მაგრამ ყველაზე უფრო იოლია კობახიძეს გაეხსენებინა როგორ შეასრულეს „გავრილოვის ღამეს" დადებული პირობა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა და როგორ გადააგდეს საქართველო. კარგი იქნებოდა ეთქვა, როგორ დიდი პირობა დადეს შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებამდე, როგორც კი ამოისუნთქეს, მაშინვე გადააგდეს შარლ მიშელი და ევროპა. ასევე, გაიხსენოს როგორ უარი თქვა შარშან „რუსული კანონის" მიღებაზე და როგორ დააბრუნებს ის წელს ისევ. ქართველი ხალხი ისევ მოატყუეს და აი, რატომ უნდა ვენდოთ მათ? ამიტომ უმჯობესია მას შევახსენო მისი კლასიკოსის სიტყვები და კარგი იქნება გამოიყენოს: „ერთ წელიწადში პრობლემები იქნება, ორ წელიწადში სიტუაცია შედარებით ნორმალურად იქნება, სამ წელიწადში კარგად და ოთხ წელში უკეთესად". ჯობია ეს ილაპარაკოს, მისთვის ძალიან კარგი იქნება.
კობახიძის განცხადება, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უკრაინის ომის შემდეგ გადაიტვირთებაო, ეს იგივეა ადამიანი რომ მოკვდეს და ექიმმა თქვას, მოდი ოყნა გავუკეთოთ იქნებ ამან მაინც უშველოსო. დაახლოებით ამ შინაარსისაა. როცა ომი დასრულდება, საქართველოსთვის ისტორიაც დამთავრდება, რადგან ჩვენ რუსეთის შემადგენლობაში ვიქნებით", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



