
ე.წ. ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი არჩევნებამდე უნდა დასახელდეს, და ეს თავად სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს, - აცხადებს თბილისის ექსმერი და ამჟამად „ნაცმოძრაობის" წევრი გიგი უგულავა. ანალიტიკოსები ამ სცენარს სხვადასხვა მიზეზის გამო გამორიცხავენ.
„მე პირადად ამ აზრს არ ვეთანხმები, რადგან პრემიერობა უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე პრეზიდენტობა. ზურაბიშვილი როგორც პრეზიდენტი ნომინალურ ფუნქციას ასრულებს. პრემიერი კი ძალიან ძლიერი მენეჯერი უნდა იყოს და ეკონომიკური საკითხებში კარგი ხედვები უნდა ჰქონდეს, რაც ზურაბიშვილს არ გააჩნია. ის გამოცდილი დიპლომატია, თუმცა ეკონომიკურ საკითხებში არაფერი გაეგება," - ამბობს „რეზონანსთან" საუბრისას შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი ამ ნაბიჯით სალომე ზურაბიშვილი მის მერვე შექმნილი ქარტიის პრინციპებს შეეწინააღმდეგება.
„ესე იგი ამით გამოდის, რომ ზურაბიშვილი ქარტიაში ჩადებულ პრინციპს არღვევს, რომლის მიხედვითაც ეს ტექნიკური მთავრობაა და მისი ხელმძღვანელი აპოლიტიკური პირები უნდა იყვნენ?!"
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის არჩევნებამდე დასახელება მნიშვნელოვანი იმის გამოა, რომ „ეს ამბავი საზოგადოებას და 4 სუბიექტს, რომელიც ბარიერს სავარაუდოდ გადალახავს, გათავისებული ჰქონდეთ."
მისივე მოსაზრებით, დაუშვებელია არჩევნების შემდეგ საღამოს, 21:30 საათზე რაიმე ტიპის ყოყმანის, გარჩევის, უთანხმოების საზოგადოებისთვის ჩვენება.
„ჩემი აზრით, ქვეყანა 26 ოქტომბერს დიდ ტურბულენტობაში შედის. შესაბამისად, საზოგადოება ჩვენგან სიცხადეს მოითხოვს. 26 ოქტომბერს, 21:30 საათზე რა სურათი გვექნება - მათემატიკური ჯამური გამარჯვება უნდა კონვერტირდეს პოლიტიკურ დაჯამებაში, ავტომატურად მათემატიკური გამარჯვება პოლიტიკურ გამარჯვებას არ ნიშნავს, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება" შეეცდება თავისი რეალობა შექმნას. კერძოდ, ირაკლი კობახიძე გამოვა და იტყვის, რომ ჩვენ ვართ პირველ ადგილზე და მთავრობის დაკომპლექტებას კონსტიტუციის მიხედვით ვიწყებთო. ამის საპირწონედ აუცილებელია ოპოზიციას [პრემიერ-მინისტრის კანდიდატი] ჰყავდეს და ჩემი აზრით, ის უნდა დასახელდეს ახლა, არჩევნებამდე, რომ მერე რყევები იმასთან დაკავშირებით არ დაიწყოს, თუ ვინ იქნება და ა.შ. იმიტომ, რომ ნებისმიერი რყევა, ტურბულენტობა ხელს აწყობს „ქართულ ოცნებას".
„ჩემი აზრით, ჩვენი გეგმა შემდეგი უნდა იყოს - სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის „ქართული ქარტიის", ასევე, გარდამავალი პროფესიონალური მთავრობის ინიციატორი, თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა იყოს. 26 ოქტომბერს, 21:30 საათზე სალომე ზურაბიშვილი და გამარჯვებული კოალიციის 80 დეპუტატი უნდა დადგეს და გამარჯვება უნდა გამოაცხადოს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან მილოცვები მიიღოს. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი გავიაროთ ის დიდი ტურბულენტობა, რომელსაც „ქართული ოცნება" 26 ოქტომბერს საღამოს შეეცდება შექმნას.
„რატომ ახლა? - იმიტომ, რომ ეს ამბავი საზოგადოებამ უკვე უნდა იცოდეს, ეს ამბავი იმ 4 სუბიექტს გათავისებული უკვე უნდა ჰქონდეს, რომელიც, სავარაუდოდ, ბარიერს გადალახავს. ჩემი აზრით, დაუშვებელია არჩევნების შემდეგ საღამოს, 26 ოქტომბერს, 21:30 საათზე რაიმე ტიპის ყოყმანის, გარჩევის, უთანხმოების საზოგადოებისთვის ჩვენება, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას" შესაძლებლობას მისცემს, რომ იურიდიული უპირატესობის კონვერტაცია პოლიტიკური უპირატესობაში მოახდინოს. ამიტომ პოლიტიკური ინიციატივის ხელში აღება, ამის კონსოლიდაცია და ამ დიდი პოლიტიკური მიწისძვრის პირობებში გავლა და ქვეყნის გაყვანა შეუძლია, სწორედ ასეთ კონფიგურაციას. ჩემი აზრით, ახლა სალომე ზურაბიშვილი დასახელებული უნდა იყოს, ის იქნება გადამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ქარტიით გათვალისწინებულ ყველა რეფორმას განახორციელებს. ასევე, ქვეყანას ევროპული განვითარების გზაზე დააბრუნებს და ქვეყანას თავისუფალი არჩევნებისთვის მოამზადებს. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ამ წუთას მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აქვს, ის პოლიტიკური მხარდაჭერა ან პოლიტიკური პოზიციონირება, ამ ეტაპზე, მის კანდიდატურასთან შეიძლება ამ 4 ბარიერ გადალახული სუბიექტის შეჯერება მოხდეს", - მიაჩნია უგულავას.
გარდა ამისა, მისი განცხადებით, არასწორია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ოპოზიციური პარტიებისთვის პრემიერობის ისეთი კანდიდატის შეთავაზება, რომელსაც არავინ არ იცნობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა და რეგიონი „ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა".
„ამავე დროს, მე არასწორად მიმაჩნია თვითონ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევა იმასთან დაკავშირებით, რომ უჯრიდან გაუგებარი კანდიდატი ამოიღოს, რომელსაც არავინ იცნობს და ასე დახურული რეჟიმით ამაზე მსჯელობა მიდიოდეს, ადამიანზე, რომელსაც არავინ არ იცნობს. ეს აბსოლუტურად, არასწორი ექსპერიმენტია და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა, ასევე რეგიონი და მსგავსი ტიპის ექსპერიმენტების ჩატარება, სწორი არ იქნება. სალომე ზურაბიშვილმა პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს და ამ რყევების და პოლიტიკური ტურბულენტობის ეპოქაში მან უნდა გაიყვანოს, (ფიგურულად რომ ვთქვა) ის 4 ცხენი ერთი ეტლის ქვეშ მან უნდა მოაქციოს და მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი ამ დიდი ტურბულენტობის, ნაპრალის გავლა და ქვეყნის სამშვიდობოდ გაყვანა, ყოველგვარი ნგრევის, არეულობის გარეშე. სხვა შემთხვევაში, თუ ინიციატივა „ქართულმა ოცნებამ" აიღო, მაშინ ის არითმეტიკული გამარჯვება პოლიტიკურ გამარჯვებად ვერ კონვერტირდება", - აღნიშნა უგულავამ.
პრეზიდენტი ოპოზიციონერებთან მოლაპარაკებას სამი დღის განმავლობაში ორბელიანების სასახლეში აწარმოებდა. ერთ-ერთი პირველები „კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენლები შეხვდნენ - 7 ოქტომბერს. 8-ში ორბელიანების სასახლეს ეწვივნენ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და ძლიერი საქართველო". 9 ოქტომბერს კი გახარიას გუნდი.
შეხვედრის შემდეგ ყველამ განაცხადა, რომ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა, კონცენტრირება კი ჯერ არჩევნებში მოგებაზე უნდა გაკეთდეს და ამის მიხედვით განისაზღვროს შემდგომი ნაბიჯები.
ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ამ ნაბიჯით ზურაბიშვილი ყველაფერთან ერთად საქართველოს კონსტიტუციასაც დაარღვევს და ეს მის „ისედაც შერყეულ ავტორიტეტს კიდევ უფრო გააცამტვერებს".
„ვფიქრობ, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა არჩევნებამდე უნდა გახმაურდეს თუკი, დავუშვათ, სალომე ზურაბიშვილის ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებს რეალურად სურთ ხორცის შესხმა. (მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ჯერჯერობით ამ კუთხით ერთიანი აზრი არ არის, რადგან ეს იდეა წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან.)
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გაპრემიერებას, მან ერთ-ერთ თავის ინტერვიუში ეს ვერსია არ გამორიცხა, მაგრამ მისი პრემიერობის დასახელებით გამოდის, რომ ქარტიაში ჩადებულ პრინციპს არღვევს, რომლის მიხედვითაც ეს ტექნიკური მთავრობაა და მისი ხელმძღვანელი აპოლიტიკური პირები უნდა იყვნენ. „მაშინ გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური გეგმა აქვს, ეწინააღმდეგება მისივე შექმნილ ქარტიის პრინციპებს. გარდა ამისა, საკითხავია რამდენად თავსებადობაში მოვა ეს კონსტიტუციასთან, რომ ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა საკუთარი თავის დომინირება პრემიერ-მინისტრად მოახდინოს. ეს თავად ზურაბიშვილის საკმაოდ შერყეულ ავტორიტეტს ბოლომდე გააცამტვერებს. ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ ამაზე არ წავა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
ნიკა ჩიტაძის კი სალომე ზურაბიშვილის წარსულიდან და მის გამოცდილებიდან გამომდინარე, ის პრემიერობას ვერ გაუძღვება.
„ჩვენ გვახსოვს 2008 წელს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა, ოპოზიციამ ის პრემიერობის კადიდატად დაასახელა და ერთ-ერთ დებატებისას მას დაუსვეს კითხვა, რამდენი იყო საქართველოს ბიუჯეტი, რაზეც უპასუხა, რომ არ ვიცი და არც მაინტერესებსო. ამ დროს პრემიერობაზე ჰქონდა პრეტენზია. მერე კიდევ თქვა, რომ ჯერ საარჩევნო პროგრამა არ გვაქვს და სააკაშვილის მთავრობას რომ მოვიცილებთ მერე დავწერთო. ესეც საკმაოდ არასერიოზული მიდგომაა. ამ მაგალითებიდან გამომდინარე, საეჭვოა შეეფერებოდეს პრემიერობას.
ამასთან, როდესაც ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, საკადრო პოლიტიკა მაინც და მაინც კარგი არ ჰქონდა და მოადგილეები თავიანთ სფეროში დიდად კომპეტენტურები არ იყვნენ. მან თუ საკუთარი თავი პრემიერობის კანდიდატად წარადგინა, ის ქართველი საზოგადოებისთვის ბოლომდე მისაღები არ იქნება. ისე არამგონია ის თანახმა იყოს, რადგან ურჩევნია ნაკლები პასუხისმგებლობები ჰქონდეს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



