
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მწვავე ფაზაშია, აფხაზი ხალხის პროტესტმა, არ მიეღო მოსკოვისთვის სასარგებლო კანონები ე.წ. პარლამენტს, კრემლს ხელ-ფეხი გაუხსნა მოგუდვის პოლიტიკისკენ - 1-ელი სექტემბრიდან შეწყვეტილი დაფინანსება თანდათან მოსახლეობას ყოფით ცხოვრებაზე უარყოფითად ესახება, ამან კი წინააღმდეგობის მუხტი თითქმის მთლიანად ჩაკლა.
როგორც კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რუსეთს ამ პოლიტიკით სურს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მარტის „საპრეზიდენტო არჩევნებამდე" დე ფაქტო ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წამოიყვანოს, რამდენიმე დღის წინ კი მიიღეს კანონი, რომლის მიხედვით, ეკონომიკურ საკითხებში რუსეთის სასამართლო გადაწყვეტილებები ავტომატურად გავრცელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე. ახლა კი ცხარე კამათია ხელშეკრულებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ რუს ინვესტორებს ექნებათ სრული უფლება განახორციელონ საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუ ეს ინვესტიცია აღემატება 2 მილიარდ რუბლს (56 მილიონი ლარი) - დიდწილად ეს რუს ოლიგარქებს ეხებათ და ისინი 25 წლის განმავლობაში გადასახადებს არ გადაიხდიან.
„არჩევნები (2025 წლის) მარტშია და რუსეთს მანამდე უნდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აიძულოს და გარკვეულ ეკონომიკურ დათმობებზე წამიყვანოს. რამდენიმე კვირის წინ ერთი კანონი მიაღებინა - ეკონომიკურ საკითხებში რუსეთის სასამართლო გადაწყვეტილებები ავტომატურად გავრცელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამ დღეებში კი კამათი მიდის მეორე ხელშეკრულებაზე, სადაც რუს ინვესტორებს ექნებათ სრული უფლება განახორციელონ თავიანთი საქმიანობა, თუ ეს აღემატება 2 მილიარდ რუბლს, ანუ ოლიგარქებზეა გათვლილი - მათ ექნებათ იმის უფლება, რომ 25 წლის განმავლობაში გადასახადი არ გადაიხადონ. ეს, რა თქმა უნდა, აფხაზ ბიზნესმენებს პრაქტიკულად კონკურენციის გარეშე დატოვებს და მთლიანად რუს ოლიგარქებს კარს გაუხსნის, რათა აფხაზეთის ტერიტორიაზე თავიანთი საქმიანობა აწარმოონ.
„როგორც კი რუსეთმა დაფინანსება შეუწყვიტა, სწორედ მაშინ მიიღეს ზემოთხსენებული კანონი. რუსეთმა აგვისტოს ხელფასები შეუწყვიტა და ეს გადაწყვეტილება სექტემბერში მიიღეს. ახლა მეორე კანონს ელოდებიან ინვესტიციებზე და როგორც კი მიიღებენ, დაფინანსებას აღუდგენენ.
„დაფინანსება საბიუჯეტო ორგანიზაციებს შეუწყდათ. ხელფასები შეუწყდათ ექიმებს, პოლიციელებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომლებიც ხელფასებს რუსეთის დახმარებით იღებენ. ეს ადამიანების საკმაოდ სერიოზული კატეგორიაა და ისინი აღარ აპირებენ პროტესტი გამოთქვან და თუ ისინი არ აპირებენ, სხვებიც არ აპირებენ, რადგან პროტესტის მუხტი აშკარად მნიშვნელოვნად შემცირდა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, მარტის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი დილემის წინაშეა - ასლან ბჟანია მოსახლეობას არ მოსწონს, მისი წასვლა კი კრემლს არ აწყობს, რადგან ე.წ. პარლამენტი ბჟანიას დაქვემდებარებაშია და ახალ „პრეზიდენტს" მოსკოვი ვეღარ მართავს, ის იოლად დაიძვრენს თავს, იტყვის, რომ პარლამენტი მას არ ემორჩილება.
„კლანური ბრძოლა იმდენად არაა, რამდენადაც ოპოზიცია, რომელიც ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ ბჟანია მთლიანად რუსეთს ჩაბარდა და აფხაზი საზოგადოების წინააღმდეგ მოქმედებს. რუსეთს ბჟანია მოსწონს, არა მგონია ძალიან ჩაერიოს საქმეებში. რადგან ყველა პრორუსია, არ უნდა, რომ ვიღაცას მხარი დაუჭიროს და მერე იმან არ გაამართლოს, ამიტომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ყველა პრორუსი იქნება, შესაბამისად, მგონია, რომ რუსეთი საკითხს ბოლომდე მიუშვებს.
„ბჟანია პოპულარული არაა და მის გადასარჩენად თავსაც არ მოიკლავს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მგონია, რუსეთს ურჩევნია, რომ ის დარჩეს, რადგან „პარლამენტი" მთლიანად ბჟანიასია და ვინც გაიმარჯვებს, მას რუსეთი ვეღარ მართავს. ოპოზიციიდან თუ ვინმემ გაიმარჯვა, იტყვის, რომ ე.წ. პარლამეტი არ მემორჩილებაო და იოლად დაიძვრენს თავს რუსეთის წინაშე. თუ ხალხმა ბჟანია გადაირჩია, რუსეთს ანგარიშის გაწევა მოუწევს ხალხისთვის.
„აფხაზების უმრავლესობას მიაჩნია, რომ რუსეთი უსამართლოდ ექცევა მათ, არსებობს რუსეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ძირითადად მოსახლეობის მხრიდან. ალბათ რუსეთი აფხაზეთს დაფინანსებას აღუდგენს, ახლა მეორე კანონის მიღებას ელოდება. პირობა პირველ კანონზე იყო, მაგრამ იფიქრა, რომ რადგან ერთი კანონი უმტკივნეულოდ მიიღეს, მეორესაც გაიტანს. თუმცაღა თუ მეორე არ გავა, დაფინანსებას მაინც გაუხსნის, რადგან შეჩერების შემთხვევაში, იცის, რომ აფხაზურ საზოგადოებაში ძალიან დიდ მღელვარებას გამოიწვევს და ანტირუსული განწყობების გაღვივება არ აწყობს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
აქვე კონფლიქტოლოგი სამხრეთ ოსეთის თემასაც შეეხო. ოკუპირებულ ცხინვალში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო, დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, თუმცა საეჭვოდ ნაადრევი.
„რუსეთს სამხრეთ ოსეთთან ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს და არა ისეთი, როგორც აფხაზეთთან. ერთმანეთთან არავითარი პრეტენზიები არ აქვთ, ჰარმონიაა - ცხინვალის პოლიტიკა მთლინად რუსეთის ინტერესებს შეესაბამება. რაც შეეხება გადაკეტვას, გამყოფ ხაზს ყოველთვის კეტავენ ხოლმე, არა მარტო არჩევნების დროს, არამედ მაშინაც, როცა პოლიტიკური ხასიათის სხვადასხვა ღინისძიებები ტარდება და ახლაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ ასე ადრე არ მეგონა, როგორც წესი, ერთი კვირით ადრე კეტავენ-ხოლმე.
„გაგლოევის განცხადება დემაგოგიაა, ეს აშკარად თბილისიდან რუსეთისთვის ჩაწოდებული ინფორმაციაა, რომელიც მერე რუსეთმა ჩამოაწოდა ცხინვალს, რომ ამ განცხადებაშიც კი ჩანდეს დასავლეთის უარყოფითი როლი და დამოკიდებულება ქართულ პოლიტიკაზე. არა მგონია, ოსებს თავში მოსვლოდათ, რომ ეს ჩაეწერათ. დასავლური დემოკრატიის ქვეყნებს დაძაბულობასთან არაფერი საერთო არ აქვთ, პირიქით, ისინი ყოველთვის მომხრეები არიან, რომ მშვიდობა იყოს. ესაა „ოცნების" ნარატივი და მისი პოლიტიკა, რომ ყველაფერი ცუდი დასავლეთს დააბრალონ და რუსეთზე ხმა არ ამოიღონ. რუსეთს ნამდვილად არ აქებენ, მაგრამ ხმას არ იღებენ დასავლეთის მისამართით კი ცალსახა კრიტიკაა.
„საქართველოში ოსები ვლადიკავკაზის გავლით ჩამოდიან, მათ ეს გადაკეტვები არაფერში არ ეხებათ, ეს ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა მხოლოდ ქართულ მოსახლეობას ეხება. ახალგორში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას მხოლოდ ყოველი თვის ბოლო ათი დღე შეუძლია იმოძრაოს დანარჩენი საქართველოს მიმართულებით. არჩევნები სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა, გამოდის, რომ ვინც ახლა ახალგორიდან ვერ გამოასწრო, ვიდრე არჩევნები არ დასრულდება, ისინი გამოკეტილები იქნებიან ახალგორში და ვერ ჩამოვლენ, ვერც ნათესავების სანახავად, ვერც სამკურნალოდ, ვერც სავაჭროდ და ა.შ." - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "რეზონანსთან".
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო, „რაზდახანის", იგივე მოსაბრუნის, და პერევის საგუშაგოები ჩაიკეტება, - გადაწყვეტილება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „უშიშროების საბჭოს" ოპერატიულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი თავმჯდომარეობდა.
გაგლოევის პრესსამსახურის განცხადებით, ე.წ. საზღვარი ჩაიკეტება „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით".
„დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები და საელჩოები უკვე ღიად აკეთებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში სიტუაცია კონტროლიდან გამოიყვანონ", - განაცხადა გაგლოევმა შეხვედრაზე.
მისი თქმით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სიტუაცია რთულდება.
„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მათ შორის, თუნდაც ღია წყაროებიდან, ვხედავთ, რომ სიტუაცია რთულდება", - აღნიშნა გაგლოევმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



