თამთა ჩაჩანიძე
(07.10.2024)

მომავალ დღეებსა და კვირებში საქართველოს საკითხს ევროპარლამენტი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და ლიდერები განიხილავენ. ეს კი თბილისში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩისნკის თქმით, "კარგის ნიშანი არ არის".

ანალიტიკოსთა შეფასებით, რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია, რაზედაც ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში მსჯელობს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რაც დიდი ალბათობით დამოკიდებულია იმაზე, არჩევნები როგორ ჩატარდება.

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, შემდეგ კვირას კი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ოქნება შეხვედრა.

„ხვალ, 8 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე საპარლამენტო დებატები გაიმართება. სიტყვის წარმოსათქმელად მიწვეულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ვფიქრობ, მისი სახელით ერთ-ერთი ევროკომისარი გააკეთებს ამას.

„შემდეგ კვირას კი, 14 ოქტომბერს, გაიმართება ევროკავშირის საგრეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც ასევე საქართველოს საკითხი ოფიციალურად არის დღის წესრიგში შეტანილი. 27 მინისტრს ექნება შესაძლებლობა, რომ განიხილოს საქართველოში არსებული სიტუაცია.

"შემდეგ, 17 და 18 ოქტომბერს, გვექნება ევროპული საბჭო და როგორც ვიცი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ასევე შესთავაზა ევროკავშირის 27 ლიდერს - პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს,რომ განიხილონ საქართველოს საკითხი და ასევე ჩვენ ველოდებით საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას ოქტომბრის მეორე ნახევარში, რაც, სავარაუდოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მოხდება", - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს საკითხს 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ, არ არის კარგი ნიშანი.

„ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროპარლამენტში, საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის ლიდერები, არ არის კარგი ნიშანი.

„ეს ნიშნავს, რომ ლიდერები შეშფოთებულები არიან, ეს ნიშნავს, რომ ვღელავთ განვითარებული მოვლენების გამო. ნამდვილად გულსატკენი იყო, რომ ივნისში, ევროპულ საბჭოზე, ევროკავშირის 27-მა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა კოლექტიურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეჩერებინათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

"ეს საჭირო გახდა ძალიან შემაშფოთებელი საკანონმდებლო ინიციატივების გამო, საქართველოს ხელისუფლების ძალიან შემაშფოთებელი ინიციატივების გამო, ძალიან შემაშფოთებელი ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდის, ნარატივებისა და შეთქმულების თეორიების გამო, რომელიც არ შეწყვეტილა. ეს არის ძალიან დრამატული გადაწყვეტილება, მაგრამ საქართველო-ევროკავშირის დღევანდელი ურთიერთობის რეალობაა, რომელიც ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ შეიცვლება, ვინც არ უნდა იქნას არჩეული", - აღნიშნა ელჩმა.

რატომ "არ არის კარგი ნიშანი" საქართველოს საკითხის განხილვა

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გაფართოების ანგარიშის განხილვა ოქტომბრის შუა რიცხვებისთვისაა დაგეგმილი, საბოლოო დოკუმენტი კი 26 ოქტომბრამდე, ან ამის მერე გამოქვეყნდება და ძნელი სათქმელია ეს ჩვენს არჩევნებს უკავშირდება თუ არა.

"(გაფართოების ანგარიშის) განხილვა 16 ოქტომბერსაა დაგეგმილი, მაგრამ შეიძლება გადაიწიოს და დოკუმენტი ჩვენი არჩევნების მერე ნოემბრისკენ გამოქვეყნდეს, ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩვენს არჩევნებზე, არამედ, წევრი ქვეყნებისა და ევროკომისიის მზადყოფნაზე, რომ წარმოადგინოს ეს ანგარიში.

„ძნელია იმის თქმა გამოქვეყნების თარიღი მაინცდამაინც ჩვენს არჩევნებთანაა დაკავშირებული თუ არა, თუმცა არსებობს ის მოსაზრებაც, რომ არ უნდათ გამოჩნდეს, რომ თითქოს არჩევნებზე რაღაც გავლენას ახდენენ",- განაცხადა გოგოლაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ არის კარგის ნიშანი საქართველოსთვის, რომ ჩვენი საკითხი ამ დღეებში ევროკავშირში აქტუალურად იქნება განხილვაში, გოგოლაშვილმა გვითხრა: "პირველ რიგში იმიტომ, რომ საუბარია ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, აქ კონსენსუსი საჭირო არაა - 14 ქვეყნის მოთხოვნა საკმარისია. მერე ევროკომისია ამას რვა თვით გააჩერებს, შემდგომში შესაძლო გაგრძელების შესაძლებლობით.

"მეორე არის თავად კანდიდატის სტატუსის საიკითხი, უფრო სწორად სტატუსის წართმევა-ჩამორთმევის საკითხი. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა, მაგრამ არც ასეთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ქვეყანა ევროკავშირს ასე ძალიან ღიად უპირისპირდება და პირდაპირ ეუბნება, რომ არ გავაკეთებ ამას და ამას.

"ევროკავშირი ამბობს, რომ ეს კანონები და ა.შ. მისთვის მიუღებელია და არ გაგვიკვირდეს თუ სტატუსი ჩამოგვართვეს. ეს საკითხი საერთოდაც 2020 წლიდან გაჩნდა, რომ წევრი ქვეყნების ნახევარს შეეძლოს სტატუსის ჩამორთმევა, საკმარისია ევროკავშირის წევრების ნახევარზე მეტი, ანუ 14 ქვეყანა. იმედია ეს არ მოხდება.

"კონკრეტულად სხვა რა საკითხებზეა საუბარი, ჩემთვის ცნობილი არაა და რა თქმა უნდა, დეტალებში არავის არ ეცოდინება წევრი ქვეყნების, მინისტრების და მათი ელჩების გარდა. საქართველოს საკითხი განხილული იქნება - ანუ არჩევნების პროცესი როგორ მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით რა რისკები შეიძლება იყოს.

"გზავნილები იქნება - იტყვიან, რომ არჩევნებს აკვირდებიან და იმოქმედებენ არჩევნების შედეგების მიხედვით, ანუ პირველ რიგში პროცესი როგორ ჩატარდება.

"რაც შეეხება, მაგალითად პერსონალურ სანქციებს, ამისთვის წევრი ქვეყნების სრული კონსენსუსია საჭირო, ამიტომ ძნელად წარმოსადგენია, რომ ამაზე კონსენსუსი შედგეს, როგორც მინიმუმ ერთი - უნგრეთი, მაგრამ არსებობს რამდენიმე ქვეყანაც, რომელიც თავს იკავებს",-განაცხადა კახა გოგოლაშვილმა "რეზონანსთან".

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გაფართოების დოკუმენტით, უკვე ოფიციალურად გაფორმდება ის, რასაც აქამდე ევროკავშირის ლიდერების მხრიდან მხოლოდ განცხადების დონეზე ვისმენდით.

"ამ განცხადებიდან როგორც ჩანს, სავარაუდოდ ეს უკვე იქნება ოფიციალურად გაფორმება იმ რიტორიკისა, რაზეც ევროკავშირი საუბრობს - საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ურთიერთობების გაყინვაზე. აქამდე ეს თუ დოკუმენტის დონეზე წერილობით არ გვქონდა, თუ რამე არ შეიცვალა, რისი შანსიც ნაკლებადაა, ეს ყველაფერი გაწერილად იქნება და უკვე ჩაცემენტდება.

"აქ იქნება ჩამოთვლილი და ელჩმა ახსენა კიდეც, რომ 9 რეკომენდაცია არათუ არ შესრულდა, საერთოდ სხვა მიმართულებით წავიდა. როცა მაღალ დონეზე გაჟღერდება, ეს ნიშნავს, რომ ამაზე მეტ-ნაკლებად კონსენსუსი ჩამოყალიბდება, რომლის გარღვევა ჩვენთვის ძალიან რთული იქნება.

„როგორც ელჩმა მიუთითა, დოკუმენტის გამოქვეყნების ორი ვარიანტია, არჩევნებამდე, ან ამის მერე, რაზეა დამოკიდებული უცნობია, რადგან დოკუმენტი მხოლოდ საქართველოს არ ეხება",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ "რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე