
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ წამოიწყო. გადაწყვეტილების მიზეზად კვლავ უნებართვო ვიზიტები სახელდება, რომელიც ზურაბიშვილმა ბოლო პერიოდში ევროპული ტურნეს ფარგლებში განახორციელა და პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ მას მთავრობის თანხმობა არ ჰქონია.
როგორც კონსტიტუციონალისტები ამბობენ, დიდი ალბათობით პრეზიდენტს ბრალს სხვა ფორმულირებით წაუყენებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს 16 დეკემბერს პრეზიდენტობის ვადა ისედაც ეწურება და ეს "ოცნების" მხრიდან "შიშის გამოხატულებაა მოსალოდნელ მარცხთან დაკავშირებით". "ოცნებაში" კი ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს "კონსტიტუციის თავზე გადახევა არ უნდა ეპატიოს".
გასული წლის 18 დეკემბერს, პარლამენტში პრეზიდენტის წინააღმდეგ პირველი იმპიჩმენტის პროცესი ჩავარდა. მანამდე კი საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილეს, სადაც სასამართლომ დაასკვნა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი მაშინაც უნებართვო ვიზიტები გახდა.
კანონის თანახმად, თუ პირის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის წევრთა ორმა მესამედმა, საკითხი ითვლება მოსხნილად და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაუშვებელია ამ თანამდებობის პირის მიმართ იმავე ბრალდების წარდგენა.
თუმცა ახლა "ოცნება" პრეზიდენტს კიდევ ერთ არაკონსტიტუციურ ქმედებაში სდებს ბრალს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, პრეზიდენტის იდეა ე.წ, ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით არის "ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ხელში ჩაგდების მცდელობა".
მისი თქმით, ოცნების" მიზანია, რომ პრეზიდენტი ვადაზე ადრე გადააყენონ, რადგან "ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი და მას ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე არანაკლებ 100 ხმით გადააყენებს".
რას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია. პაპუაშვილის თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება, თუმცა საკითხზე ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე იმსჯელებს.
„როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა და დაადასტურა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი წესი, რომ პრეზიდენტს საგარეო ვიზიტის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში.ისიც მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტარების მხარდაჭერის ხარჯზე შეინარჩუნა.
"მიიღო რა რადიკალური ოპოზიციისგან კონსტიტუციის დარღვევის საკითხში ხელშეუხებლობის გარანტია, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევა მოგვიანებითაც განაგრძო. კერძოდ, მან იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგაც განახორციელა რამდენიმე საგარეო ვიზიტი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, მათ შორის, გასულ კვირას ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.
"აღსანიშნავია, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უცხო ქვეყნებს და ორგანიზაციებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მათთვის ცნობილი არ იყო, რომ პრეზიდენტს ვიზიტისთვის მთავრობის თანხმობა ესაჭიროებოდა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიღება, ქართველი ხალხის და მისი კონსტიტუციური მოწყობის განზრახ უპატივცემულობასთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა და ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს.
"ჩვენი კონსტიტუცია ის ფუძემდებლური აქტია, რომელშიც ქართველი ხალხის ნება განსაკუთრებულ ასახვას ჰპოვებს, ამიტომ მისი განზრახი, ღია და თავხედური დარღვევა რეაგირების გარეშე ვერ დარჩება.
აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს. როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს.
„აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა.
"არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად",- განაცხადა პაპუაშვილმა.
რა მიზანი აქვს "ოცნებას" იმპიჩმენტის მეორედ წამოწყებით
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნების" მიზანია ამ იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებით, პრეზიდენტისა და ოპოზიციის წინააღმდეგ შეტევის ახალი ტალღა წამოიწყოს, რათა ის ჩავარდნები გადაფაროს, რაც წინასაარჩევნო კამოანიისას ჰქონდა.
"ქართული ოცნება" ეცდება, რომ იმპიჩმენტის პროცედურით ახალი ტალღა დაიწყოს, არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის, არამედ მთლიანად ოპოზიციის წინააღმდეგ და ეს გამოიყენოს, როგორც პროპაგანდის, ან პიარის ერთ-ერთი საშუალება. გააჩნია როგორი ფორმულირებით დაიწყებენ პროცედურას, მაგრამ, რადგანაც პირველი პროცედურა ჩავარდა, უფლება არ აქვთ, რომ განმეორებით იგივე თემაზე და იგივე ფორმულირებით მოითხოვონ იმპიჩმენტი.
"თუმცაღა, რაღაც ფორმულირებას მოსძებნიან და საკონსტიტუციო სასამართლო ამას რა თქმა უნდა მიიღებს და პროცედურა დაიწყება. ამას საბოლოო ჯამში მაინც პარლამენტის ხმათა ორი მესამედი სჭირდება. თუ მეათე მოწვევის პარლამენტის პირობებში აკეთებენ, მაშინ რიგგარეშე სხდომა უნდა მოიწვიონ, განიხილონ, მაგრამ ამას რეალური შედეგი არ მოჰყვება, ხმების ორი მესამედი "ოცნებას" არ აქვს.
"ქართულ ოცნებას" პროპაგანდისთვის და პიარისთვის სხვა არაფერი თემა აღარ დარჩა. დაანონსებული პროგრამაც კი ჩაუვარდა, კობახიძეს რომ უნდა წარედგინა და ამ სივრცის შევსებას ასეთი მანიპულაციებით ცდილობენ.
"რაც შეეხება მომავალ პარლამენტს, ესეც არანაირად არ მეჩვენება პერსპექტიულად, "ქართული ოცნება" 76 მანდატსაც ვერ შეაგროვებს, არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობას. "ოცნების" მხრიდან ეს უპერსპექტივო მოლოდინია და დეკემბრის შუა რიცხვებამდე რა მოხდება, კაცმა არ იცის, ეს არც ისე მარტივი საკითხია.
„წინ 26 ოქტომბერი გვაქვს და არჩევნების შედეგები ბევრ რამეს განსაზღვრავს, მათ შორის იმასაც, ვინ იქნება პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. "დეკემბრის შუა რიცხვებისთვის რეალობა მთლიანად შეიცვლება, ამიტომ ამ მხრივ პრეზიდენტს არანაირი საფრთხე არ მგონია ელოდებოდეს",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა 16 დეკემბრამდე აქვს, "ოცნებას" კი გადაწყვეტილი აქვს, რომ მანამდე მომდევნო მოწვევის პარლამენტის მეშვეობით გადააყენოს.
"ძალიან მარტივი მოცემულობაა - კონსტიტუციის თავხედურად დამრღვევმა სალომე ზურაბიშვილმა, ხალხისა და კანონის წინაშე, იმპიჩმენტის სახით პასუხი უნდა აგოს. თუ მანამდე "ნაცმოძრაობამ" პრეზიდენტი ზურაბიშვილი თავიანთი წინააღმდეგორბივი ხმებით გადაარჩინეს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში, სადაც "ქართული ოცნება" დამაჯერებელი უმრავლესობით იქნება, ეს რეციდივი აღარ განმეორდება.
"მას ვადა შუა დეკემბრამდე აქვს - იანუგურაცია 2018 წლის 16 დეკემბერს შედგა. "ქართული ოცნების" ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია, მკაფიო პრეცედენტი უნდა შეიქმნას, რომ არცერთი თანამდებობის პირი, არც მათ შორის პრეზიდენტი ინდულგენციებით აღჭურვილნი არ არიან, რომ კონსტიტუცია და კანონი მრავალგზის თავხედურად დაარღვიონ.
"ვითომ სალომე ზურაბიშვილი მის საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ სცნობდა, რამდენიმე თვის მერე კი, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ე.წ. რაღაც რუსულ კანონზე სარჩელები შეიტანა - ეს ორმაგი სტანდარტია.
"ზურაბიშვილი კვლავ პოლიტიკურ ბოდვებს განაგრძობს უკანონო ე.წ. ტექნიკურ მთავრობასა და პრემიერზე, ამას კანონიერი წერტილი უნდა დაესვას. მისი ეს მორიგი პოლიტიკური ბოდვა ე.წ. ქარტიასთან დაკავშირებით, სრული უკანონობაა.
„კანონმდებლობაში მკაფიოდ წერია, რომ ის პარტია, რომელიც არჩევნებში საუკეთესო შედეგებს მოიპოვებს, მთავრობას წარმოადგენს. თუ მთავრობამ ნდობის მანდატი ზედიზედ ოჯერ ვერ მიიღო, ხელახალი ვადამდელი არჩევნები ცხადდება.
"რა ტექნიკური მთავრობა, რა მოწვეული ენჯეოშნიკური ე.წ. სპეციალუსტები? ბავშვები რომ ქვიშაში თამაშობენ, უფრო სერიოზულად მოქმედებენ, ვიდრე ზურაბიშვილი და მასთან დაკავშირებული აგენტოკრატიის სხვა ვასალები",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".
შეფასებები
„გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ეს დაპირება კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქართული ოცნების" სისუსტეს და შიშს მათ მოსალოდნელ მარცხთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნება", რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დროს ერთხელ უკვე დამარცხდა და თავად გავიდა საქართველოს კონსტიტუციიდან მაშინ, როდესაც კონსტიტუციის არამხოლოდ 78-ე მუხლი დაარღვია "რუსული კანონით", რაც ნატოსა და ევროკავშირში წევრობას გულისხმობდა და ამაზე ღია პოზიციები მოვისმინეთ ორივე ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, არამედ, მათ შორის, უარი თქვა დემოკრატიაზე და ავტორიტარიზმისკენ იბრუნა პირი.
„ამიტომ, ჩემთვის სასაცილოა ახალი პირობის გაჩენა, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეკემბერში, როდესაც დეკემბერში პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა ისედაც ეწურება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს სისუსტეს და შიშს მათ მოსალოდნელ მარცხთან დაკავშირებით", - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა დაწყებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
„სულ რაღაც 20 დღეში, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი იმპიჩმენტს გამოუცხადებს „ოცნების" რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას და მათ გაუშვებს სახლში. ამიტომ, აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხის არჩევანი, არ მოაპარვინოთ ეს არჩევნები, არ გავაყალბებინოთ არცერთ უბანზე, ამასთან დაკავშირებით უნდა ვმუშაობდეთ სხვა ოპოზიციონერებთან ერთად და ვართ კიდეც კოორდინაციაში და ეს არის ახლა და შემდეგი ოცი დღის განმავლობაში მთავარი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა", - განახადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა აღძვრას ეხმიანება.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მოატყუა და გადააგდო მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი, რომელმაც მას „ქართული ოცნების" თხოვნით, მხარი დაუჭირა. მანვე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი.
„სალომე ზურაბიშვილმა მოატყუა და გადააგდო (ჟარგონისთვის უკაცრავად) მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი, რომელმაც მას, ჩვენი თხოვნით, მხარი დაუჭირა. ახლა თამამად შეგვიძლია მივმართოთ თითოეულ მათგანს - ჩვენ არ ვაპირებთ ვაპატიოთ ზურაბიშვილს თქვენი გადაგდება და საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა.
"საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი!
"პ. ს. შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის მიმდინარეობისას „ნაცმედიის" მიერ გახმოვანებული, პირველივე საწინააღმდეგო არგუმენტი, ბოლშევიკური აღმოჩნდა: მათი აზრით, თურმე მიზანი ამართლებს საშუალებას და დასავლეთთან ურთიერთობა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე და ქვეყნის შეურაცხყოფაზე გადის... პირიქით!!! მხოლოდ მშვიდობით! მხოლოდ ღირსებით! მხოლოდ კეთილდღეობით! მხოლოდ ევროპისკენ!", - წერს მამუკა მდინარაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



