ანალიტიკოსთა ვარაუდით, ის წარმატებული ბიზნესმენი, ან აკადემიური წრეების წარმომადგენელი უნდა იყოს
ელზა პაპოშვილი
(05.10.2024)

საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციების ახალ სერიას იწყებს. მას სურს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერ პარტიებს გააცნოს და შესთავაზოს მის მიერ შერჩეული პრემიერობის კანდიდატი, რომელიც, არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ე.წ. ტექნიკურ მთავრობას ჩაუდგება სათავეში. სავარაუდოდ ვისი კანდიდატურა შეარჩია პრეზიდენტმა და რამდენად მისაღები იქნება იგი „ქარტიაზე“ ხელმომწერი პარტიებისათვის?

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ყველასათვის მისაღები პრემიერობის კანდიდატურის შერჩევა საკმაოდ რთული იქნება და გარდა ამისა, ამ პროცესმა „ქარტიის“ ხელმომწერ ცალკეულ პარტიებს შესაძლოა გარკვეული უხერხულობა შეუქმნას, რადგანაც, თუკი რომელიმე პარტია პრეზიდენტის მიერ შერჩეულ კანდიდატურას საჯაროდ დაიწუნებს, ეს სავარაუდოდ პარტიის რეპუტაციას და შესაბამისად, წინასაარცევნოდ მის რეიტინგს დააზიანებს.

ანალიტიკოსთა ნაწილი პრეზიდენტს იმასაც კი ურჩევს, რომ პრემიერობის კანდიდატურაზე კონსულტაციები „ქარტიის“ ხელმომწერებთან არა ახლა, არამედ არჩევნების შემდეგ გამართოს.

ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ თავად „ქარტიაში“ ჩადებული პირობიდან გამომდინარე - რომ პრემიერობის კანდიდატი არ უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა - სალომე ზურაბიშვილის მიერ შერჩეული კანდიდატი შესაძლოა აკადემიური წრეების წარმომადგენელი, ან წარმატებული ბიზნესმენი იყოს. თუმცა ეჭვი ეპარებათ, რომ პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატი ოპოზიციის ყველა პარტიისთვის მისაღები იყოს.

ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატის შერჩევის პროცესს ასევე სკეპტიკურად უყურებს „გირჩი“, რომელსაც „ქარტიაზე“ ხელი არ მოუწერია. როგორ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, იგი სიამოვნებით დააკვირდება „მორიგ „სანტა ბარბარას“.

„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, როგორც იქნა პრეზიდენტს გაახსენდა საკუთარი „ქარტია“ და დაიწყო აქტიურობა, რომ რაც იქ წერია, რეალობას დაემსგავსოს. მე ყველაზე ნაკლებად მაღელვებდა პრემიერობის კანდიდატის ნაწილი, მაგრამ მგონია, რომ ყველაზე სახალისო ნაწილი იქნება, რადგან დარწმუნებული ვარ, არცერთი პარტია, რომელმაც „ქარტიას“ ხელი მოაწერა გულის სიღრმეში არ აპირებს ამ „ქარტიის“ შესრულებას, მით უმეტეს პრეზიდენტის პრემიერობის კანდიდატზე დათანხმებას. 

„სიამოვნებით დავაკვირდები ამ მორიგ „სანტა ბარბარას“, რომელიც, სავარაუდოდ, დაიწყება, როცა პრემიერობის კანდიდატზე დაიწყებენ ვაჭრობას. დაველოდოთ, საინტერესოა, ვინ ეყოლება პრეზიდენტს პრემიერობის კანდიდატად არჩეული“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.    

ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინსტრობის კანდიდატის შერჩევის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ნოდარ მელაძისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმით, ის ორშაბათიდან ან პირებს ამ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების ახალი სერიის დაწყებას. თუმცა, ამ ეტაპზე შერჩეული კანდიდატის დასახელებისაგან თავს იკავებს, რაც, ანალიტიკოსთა შეფასებით, სავსებით ლოგიკური და გამართლებულია.

5 ოქტომბერს კი პრეზიდენტმა ათონელის სასახლეში პირველი კონსულტაციები უკვე გამართა. 

კონსულტაციები ათონელის სასახლეში

პრეზიდენტი ზურაბიშვილი შაბათს თავის რეზიდენციაში პოლიტიკოს ქალებს შეხვდა. ამ დახურული შეხვედრების შემდეგ ისინი ჟურნალისტებთან აცხადებდნენ, რომ საუბრის თემები იყო პრეზიდენტის ბოლო ევროპული ტურნე, დასავლეთის მხრიდან საქართველოს მმართველი პარტიის იზოლაცია და „ქართული ქარტიის“ სხვადასხვა დეტალები. თუმცა, უშუალოდ ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა ან პრემიერობის კანდიდატი არ განუხილავთ.

„პირველ რიგში მის ძალიან წარმატებულ ვიზიტზე ვისაუბრეთ, რომელიც ევროპაში ჰქონდა პრეზიდენტს, განსხვავებით „ოცნებისგან, რომელსაც ყველა ტიპის საერთაშორისო ვიზიტი გაუუქმეს და ყველანაირი კომუნიკაცია.

„ჩვენ „ქარტიას“ ხელი მოვაწერეთ. მთლიანად რეფორმების ნაწილს ვიზიარებთ. ვთქვით, რომ ტექნიკურ მთავრობასთან, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით გარკვეული სამართლებრივ-პოლიტიკური კითხვები გვქონდა და ამაზეც ვისაუბრეთ.

„არ ყოფილა კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი, არც პრემიერობის და არც პოტენციური ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის. უბრალოდ პრეზიდენტი აპირებს, რომ პროცესი, რომელიც დაიწყო, გააგრძელოს“, - განაცხადა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებოდა კოალიციში „ცვლილებებისთვის“ შემავალი „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარიაც.

„პრეზიდენტი ჩამოვიდა მნიშვნელოვანი ვიზიტიდან. ჩვენ ვნახეთ საჯარო განცხადებებში, რა მასშტაბის მხარდაჭერა აქვს საქართველოს და მეორე მხრივ, როგორი მკაფიოები არიან ჩვენი პარტნიორები „ქართული ოცნების“ არადემოკრატიული ქმედებების მიმართ. 

„პოლიტიკური პროცესი დაიწყება პრეზიდენტთან კოორდინაციით არჩევნებისთვის, ცვლილებების მზადებებისთვის. ამის ერთგულია კოალიცია „ცვლილებისთვის“. რასაც მოვაწერეთ ხელი, ზუსტად ისე განისაზღვრება ყველაფერი“, - ამბობს ელენე ხოშტარია.

ათონელის რეზიდენციაში ასევე იმყოფებოდა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

„პრეზიდენტი ევროპაში იმყოფებოდა, მეც ვიყავი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე, შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დუბლინში. გავცვალეთ ჩვენი ვიზიტების დროს მიღებული გზავნილები, ევროპელებისგან, რომლებიც ადასტურებენ როგორც პრეზიდენტთან, ისე ჩვენთან, რომ ევროპის კარი არის ღია. დღეს ერთადერთ დაბრკოლებას ევროინტეგრაციის პროცესში ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს საბოტირებს.

„ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალქეების თავისუფალი არჩევანი დავიცვათ საერთო ძალისხმევით დავიცვათ. ეს არჩევანი არის რეფერენდუმი“, - განაცხადა ბოკუჩავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორი უნდა იყოს ტექნიკური მთავრობის პრემიერი 

როგორც ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ცოტა რთულია იმაზე საუბარი, თუ ვინ შეარჩია პრეზიდენტმა ტექნიკური მთავრობის პრემიერ მინისტრობის კანდიდატად.

„თავადვე ქარტიაში ასეა განსაზღვრული, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ უნდა იყოს არც პოლიტიკური ფიგურა და არც რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ეჭვი მაქვს, რომ ეს იქნება შედარებით ნეიტრალური ფიგურა. თუმცა, რთულია იმაზე საუბარი, რომ ამ კანდიდატურას ყველა დაეთანხმება. 

„ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და რომც არ მოეწონოთ ამ პარტიებს (პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული პრემიერობის კანდიდატი), საჯაროდ ამის გაცხადება ძალიან ცუდი იქნება. წინააღმდეგობის გამოვლენა და ურთიერთქიშპი წინასაარჩევნოდ კარგად არ აისახება. 

„მეორეს მხრივ, ეჭვი მაქვს, რომ ამ პარტიებს ასეთი საყოველთაო შეთანხმება არ უნდათ. მაინც მგონია, რომ უფრო სწორი იქნება ეს გადაიდოს არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის“, - ამბობს ზურაბიშვილი.  

მისივე თქმით, სჯობს პრემიერობის კანიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე იქნეს მიღებული - იმის მიხედვით, თუ რომელი პარტია ხმების რამდენ პროცენტს აიღებს.

ანალიტიკოსი  ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ არც ისე ადვილი იქნება პრემიერობის ისეთი კანდიდატის შერჩევა, რომელსაც ქარტიაზე ხელმომწერი ყველა პარტია დაეთანხმება. ძაბირაძეც ვარაუდობს, რომ პრეზიდენტს შერჩეული ეყოლება ნეიტრალური ფიგურა, რომელიც პოლიტიკოსი არ არის.    

„მიუხედავად იმისა, რომ პარტიების დიდმა ნაწილმა ამ ქარტიას ხელი მოაწერა, მაინც მიმაჩნია, რომ მათი დათანხმება პრემიერობის საერთო კანდიდატზე გაჭირდება. ამიტომ არ ვიცი ვინ შეიძელბა იყოს ის პირი, რომელიც მთელი ოპოზიციისთვის მისაღები იქნება. 

„არც იმას ვფიქრობ, რომ რომელიმე პოლიტიკური ფიგურა იქნება. თავად პრეზიდენტმა დაწერა ქარტიაში, რომ პოლიტიკასთან კავშირში არ უნდა იყოს. თუ ეს იქნება აკადემიური წრიდან და არ ექნება პოლიტიკური წარსული ან სხვა რაიმე კავშირი პოლიტიკასთან, კიდევ შეიძლება, თუმცა ესეც მეეჭვება. 

„მეორეს მხრივ, თუ ეს ფიგურა ბიზნესმენია, მაშინ მის მიმართ კითხვები იქნება, რადგან ამ 30 წლის განმავლობაში ფულს ასე სუფთად ვერავინ შოულობს, რომელიმე მთავრობასთან კავშირი მაინც უნდა ჰქონოდა. 

„ამიტომ პრეზიდენტს ნამდვლად არ აქვს მარტივად საქმე. მით უმეტეს, რომ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვიცით როგორი ამბიციები აქვთ. მე მაინც მგონია, რომ ჯერ სჯობს ოპოზიციას და პოლიტიკურ ლიდერებს დაელაპარაკოს პრეზიდენტი და  გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ გახდეს ცნობილი ამ  პიროვნების შესახებ. 

„5%-იანი ბარიერის გადალახვა რეალურად 4 ოპოზიციურ პარტიას შეუძლია. ამიტომ პრეზიდენტმა ეს კანდიდატურა „ლელოსთან“, გახარიასთან, „ნაციონალებთან“ და „ახალთან“ მაინც უნდა შეათანხმოს. თანაც არავინ არის დაზღვეული, რომ თუკი კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება გახდა საჭირო, რომელიმე პარტია ამ ქარტიის პირობების შესრულებაზე ურს არ იტყვის“, - ამბობს ძაბირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე