ელზა პაპოშვილი
(04.10.2024)

თუ არჩევნები არ ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ჩვენ მზად ვიქნებით პასუხისთვის - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. პირდაპირ ამბობს, რომ თუ საქართველო გახდება ადგილი, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აიკრძალება, სამოქალაქო საზოგადოებას დასჭირდება საზღვარგარეთ წასვლა და იქედან მუშაობა, თუ ადამიანის ძირეული უფლებები და უმცირესობის უფლებები არ იქნება დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. 

ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ითანამშრომლებენ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც იქნება დემოკრატიულად არჩეული. ასევე დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერებულია.   

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ ბრიუსელში მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით ჩატარებულ დისკუსიაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი რანგის შეხვედრები აღარ გაიმართოს. 

„რამდენიმე თვის წინ ჩვენ გვქონდა შიდა დისკუსია, როგორ უნდა მივდგომოდით ხელისუფლების ქმედებებს, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ, ანტიევროპულს ნარატის და პროპაგანდას. ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადაწყვიტეს, არ ჰქონოდათ ამჟამინდელ ხელისუფლებასთან მაღალი დონის კონტაქტები. ამიტომაა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არ იყო მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში და არ იყო მაღალი დონის შეხვედრები საქართვეელოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში,“ - ამბობს ელჩი. 

ელჩის ამ განცხადებებს პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები უკვე მოჰყვა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებას სიტუაცია დასავლეთთან უკვე ის გაურთულდა, რომ ყველა სათქმელს პირადპირ ეუბნება და დიპლომატიასაც კი აღარ იყენებენ. 

მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ელჩი წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად ერევა და მისი განცხადებები ყველანაირ დიპლომატიურ პროტოკოლს გასცდა. 

„ბატონი ჰერჩინსკის განცხადებები მიუღებელია - ბატონო ელჩო, მე მესმის თქვენი შეშფოთება და აღშფოთება, რომ თქვენი აგენტურა ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ ეს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლებას არ გაძლევთ,“ - აცხადებს „ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა. მისი თქმით, ჰერჩინსკი „ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევს თავს, როდესაც საქართველოს შიდა საქმეებში ერევა”.

„ბატონი ჰერჩინსკის განცხადებები მიუღებელია. მათ შორის თავისი არსითა და შინაარსით მიუღებელი საქართველოს მოსახლეობისთვის. ბატონო ელჩო, ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევთ თქვენს თავს, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოთ. საქართველოს მოსახლეობამ მკაფიოდ გითხრათ, რომ ჩვენ ლგბტ პროპაგანდას არ გავატარებთ, შესაბამისად თქვენ ნახეთ მიტინგი, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა და თქვენ ჯიუტად მაინც გვაწვებით და ამბობთ, რომ თურმე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა ადამიანის უფლებების შელახვაა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ გეთანხმებით - ეს ერთი. მეორე, თქვენ მოუხმეთ ფაქტებს, თურმე დღეს როგორი მშვიდობაც არის მოლდოვასა და უკრაინაში. აქაც შეუსაბამოა ეს განცხადება. უკრაინაში მშვიდობა არ არის, ბატონო ელჩო - ან გატყუებენ, ან იტყუებით. ეგ უბედურებაა, იქ ტრაგედია ტრიალებს, რომელიც როდის დამთავრდება, კაციშვილმა არ იცის. ჩვენ არ გვინდა ისეთი მშვიდობა, როგორიც უკრაინაშია“, - აღნიშნა ზარქუამ.

ამავე თემაზე საუბრისას მან ელჩს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ „შეეშვას შიდა არჩევნებში ჩარევას, რადგან ეს მისი მანდატი არ არის“.   

„დადგა დრო, მოვიშოროთ ივანიშვილი და „ქართული ოცნება” იმისათვის, რომ წინ წავიდეთ და განვვითარდეთ. ამ ყველაფერს ალტერნატივა უკვე აღარ აქვს, ასეთი მკაფიო, პირდაპირი და ასეთი ცალსახა არასდროს არ ყოფილან ჩვენი პარტნიორები,“ - ამის შესახებ „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი იმ ძალას, რომელსაც „უნდა, რომ საქართველო მტერს დაუმორჩილოს“.

„დღეს ევროკავშირმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ მან შეწყვიტა ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან”, ასევე ურთიერთობა შეწყვიტა აშშ-მ. შესაბამისად დადგა დრო, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ურთიერთობა ანტი-ქართულ ძალასთან, ძალასთან, რომელიც იზოლაციაში აქცევს ამ ქვეყანას, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანა მოსწყვიტოს ცივილიზებულ სამყაროს. ძალასთან, რომელსაც უნდა, რომ უბედურება და გაჭირვება მოიტანოს ამ ქვეყანაში.

„26 ოქტომბერი, ეს არის წყალგამყოფი დღე, ჩვენი პარტნიორები ასეთი მკაფიოები არასდროს არ ყოფილან. მხოლოდ ჩვენი გამარჯვებით შეგვიძლია სწრაფად წავიდეთ ევროკავშირისკენ, მხოლოდ ჩვენი გამარჯვებით შეგვიძლია სიკეთე მოვიტანოთ ქვეყანაში. დადგა დრო მოვუშოროთ ივანიშვილი და „ქართული ოცნება” იმისთვის, რომ წინ წავიდეთ და განვვითარდეთ.    

როგორც ჯიპა-ს პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან“ ამბობს, ელჩი ევროკავშირის პოზიციას ახმოვანებს - გამორიცხულია ამას პირადი მოსაზრებებით აკეთებდეს.    

„სიტუაცია ძალიან რთულია, ამიტომ ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი საუბრობს პირდაპირ, ყველანაირი დიპლომატიური ეტიკეტის დაცვის გარეშე. ფაქტია, რომ ის დამოუკიდებლად არ მოქმედებს და ყველა მისი განცახდება ევროკავშირთან თანხვედრაშია. გვახსოვს თავიდან ჰერჩინსკი ცდილობდა, რომ შუალედი დაეცვა და რაღაც ნეიტრალური პოზიცია ჰქონოდა, თუმცა როცა სიტუაცია გართულდა, საქართველოს ხელისუფლებამ ღია თავდასხმები დაიწყო როგორც ამერიკაზე, ასევე ევროკავშირზე. იქიდანაც საპასუხო ქმედება მიიღეს. 

„სამწუხაროა და ფაქტია, რომ ელჩი აქ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაყინვაზე საუბორბს. კი ბატონო, კანდიდატის შეჩერება და ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ როცა მოლაპარაკებები არ გაგრძელდება, არ მივიღებთ იმ დახმარებას რაც კანდიდატ ქვეყნებს აქვს, ვეღარ ვივლით ევროპაში ვიზის გარეშე, მაშ რა გამოდის? ელჩი ამას გულისხმობს და პირდაპირ საუბარზე  არიან გადასულები. ღმერთმა არ ქნას, რომ საქართველოში ბელარუსიის სცენარით წავიდეს მოვლენები და დასავლეთიდან ქვეყანა იზოლაციაში მოხვდეს. ეს იქნება უმძიმესი რამ ჩვენი ქვეყნისთვის. იქნება ეს არაღიარების პოლიტიკის კუთხით თუ ჩვენი უსაფრთხოების სახით“, - ამბობს პროფესორი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე