
კრემლმა უკვე მიიღო თავდაცვის უწყების წინადადება სამხედრო ბაზის ასაშენებლად სამხრეთ ოსეთში მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე, - ამის შესახებ რუსული გამოცემა „სპუტნიკი" წერს. ცხინვალის მხრიდან მიწის გადაცემა ბაზის აშენებისთვის ანალიტიკოსებს სავსებით რეალურად მიაჩნიათ და ამბობენ, რომ ეს სჭირდებათ საქართველოზე სამხედრო საფრთხის პირობების შესაქმნელად.
„ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რაც უნდათ იმას გააკეთებენ, არანაირი პრობლემა არაა. სამწუხარო რეალობაა და მათ ხელს არაფერი შეუშლით. თუ რუსეთს თავში იდეა მოუვიდა, რომ ცხინვალის რეგიონში რამე ააშენონ, ამის რეალიზებაც მარტივია", - აცხადებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან".
გამოცემის მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული. გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის უკვე მიმდინარეობს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ დიდი ალბათობით, რუსეთი თავის დაზღვევის მიზნით აშენებს კიდევ ერთ სამხედრო ბაზას, რომ თუ სიტუაცია შეიქმნა, თბილისიკენ დაიძრას და მთლიანად ქვეყნის ოკუპაცია მოახდინოს.
„სავსებით რეალისტურია ეს განხორციელდეს და ეს ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ იყო. ოკუპირებულ ცხინვალს რუსეთი აკონტროლებს, იქ მარიონეტული რეჟიმია და მათ არავინ არაფერს ეკითხება. ისინი ფაქტობრივად ისე იქცევიან როგორც საკუთარ ქვეყანაში მოიქცეოდნენ. ამიტომ ჩათვალეთ, რომ ეს გადაწყვეტილება კრემლმა მიიღო. ძალიან საინტერესოა სამხედრო ბაზის გაფართოება რაში დასჭირდათ. სავარაუდოდ, საქართველოზე სამხედრო საფრთხის პირობების შესაქმენელად. ამას იმისთვის აკეთებენ, რომ დავუშვათ, აგვისტოს ომის პერიოდის სცენარის განმეორების შემთხვევაში თბილისისკენ დაიძრან და ქვეყნის ოკუპაცია განახორციელონ", - განაცხადა ვახტანგ მაისიამ „რეზონანსთან".
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, აფხაზეთისგან განსხვავებით ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთი იმას აკეთებს, რასაც მოისურვებს და ამ ფაქტსაც არ მოჰყვება ხალხის მხრიდან რაიმე სახის პროტესტი.
„აფხაზეთში შესაძლოა გაუჭირდეთ, რადგან იქაური მოსახლეობა ხშირად რაღაც-რაღაცეების წინააღმდეგ გამოდის, თუმცა სამხედრო საკითხები იქაც გამოუვათ, განსხვავებით ეკონომიკურისა, რადგან ხშირ შემთხვევაში მათი წინააღმდეგობის შედეგად რუსები მიზანს ვერ აღწევენ. ოკუპირებულ ცხინვალში არანაირ დონეზე პროტესტი არ იქნება. ძალიან ცუდი რეალობაა, რომ თბილისთან ახლოს კიდევ ერთი სამხედრო ბაზა შენდება. ამიტომ ცალსახად და მკაფიოდ უნდა მივდიოდეთ ევროპაში, რათა ნატოსა და ევროკაშვირის უსაფრთოხების ზომები რუსეთისთვის ანგარიშგასაწევი იყოს. ვიდრე საქართველო მარტო იქნება, რუსეთი ყველანაირად შეეცდება საქართველო საფრთხის ქვეშ ამყოფოს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



