ნატალია ჯვარიძე
(03.10.2024)

ოპოზიციურ პარტიებს საკმაოდ განსხვავებული მახასიათებლები და ხედვები აქვთ. მე მათ ვთავაზობ, რომ ტექნიკური მთავრობა შექმნან, - ასე პასუხობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტის კითხვას, „არჩევნების შემდეგ კვლავ გექნებათ ინსტიტუციური როლი მთავრობის შემადგენლობაში. უკვე გაქვთ წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა შექმნან კოალიცია საკმაოდ ფრაგმენტულ ოპოზიციასთან?"

„მე მაქვს იდეა, რომელიც არ ეხება შემადგენლობას. პარტიებს, როგორც ვთქვი, საკმაოდ განსხვავებული მახასიათებლები და ხედვები აქვთ, გარდა მათი ევროპული პროგრამისა. სწრაფი ტემპებით გაგრძელება საკმაოდ რთული იქნება და კოალიციურ მთავრობებს მიჩვეული არ ვართ.

„ამიტომ, მე ვთავაზობ მათ შექმნან ტექნიკური მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საქართველოს მხარდაჭერაზე (ბრიუსელთან) მოლაპარაკებების დაწყებამდე. პროგრამა კარგად არის ცნობილი. ეს არის ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უნდა იქნეს მიღებული სხვადასხვა ეევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს პირველი პერიოდის საგზაო რუკა, დრო იმისათვის, რომ ეს პარტიები დაფიქრდნენ და შეთანხმდნენ იმაზე, თუ როგორი იქნება კოალიციური მთავრობა ამ პერიოდის ბოლოს.

„ვფიქრობ, ეს არის ყველაზე სტაბილური გარდამავალი ფორმულა. კოალიციური მთავრობის გამოცდილება არ გვაქვს, გარდა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკისა. ასე რომ, ამაზე გულდასმით დაფიქრებაა საჭირო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, პრეზიდენტმა გარკვეული მიზეზების გამო გადაწყვიტა ტექნიკური მთავრობის შეთავაზება. მისივე თქმით, ამის განხორციელება არც თუ ისე მარტივია.

„ეს კი არ იქნება პოლიტიკური ნიშნით, არამედ პროფესიონალური ნიშნით დაკომპლექტებული მთავრობა, რომელზეც კოალიცია უნდა შეთანხმდეს. „ქართულ ქარტიაში" პრეზიდენტის ფუნქცია უფრო გაზრდილია, ფაქტობრივად ის სთავაზობს კოალიციას, ვინ იქნება პრემიერი და მთლიანად მთავრობის შემადგენლობაც, ესე იგი პრეზიდენტი გამოდის წარმდგენი, მაგრამ, ასეთ მთავრობას ლეგიტიმაცია, რომ ჰქონდეს, მას პარლამენტის უმრავლესობამ მხარი უნდა დაუჭიროს, ანუ კოალიციამ. თუ კოალიცია მხარს არ უჭერს, მაშინ ტექნიკური მთავრობაც არ იქნება.

„როგორც ჩანს, პრეზიდნტმა ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე შეიძლება კოალიციას გაუჭირდეს, რადგან იქ რამდენიმე პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს. მან იფიქრა, რომ გაუჭირდებათ რომელიმე პარტიის მხრიდან წამოყენებულ საპრეზიდენტო კანდიდატს, კოალიციაში შემავალს და სხვა პარტიებმა მხარი დაჭერა.

„ამიტომ მოძებნა ე.წ. ნეიტრალური ფიგურა პრემიერის პოსტზე და გარკვეულწილად საზოგადოებისთვის მისაღები სახე რომ მიეცა, ტექნიკური მთავრობა დაარქვა. მან ისეთი ფუნქციები უნდა შეასრულოს, რაც ქარტიაშიც წერია. ღმერთმა ქნას ეს ყველაფერი მართლა გაკეთდება, ოღონდ თუ ეს მოხდება ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა შეიცვალოს ეს მთავრობა და რატომ ჩატარდეს არჩევნები. თუმცა რადგან ამაზე შეთანხმდნენ, არც ეს არაა დიდი პრობლემა. მე მაინც მგონია, რომ ამ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება საკმაოდ რთული პროცესი იქნება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ ტექნიკური მთავრობა საჭიროა იმისათვის, რომ მოსახლეობა უფრო მეტად ინფორმირებული იყოს.

„ღმერთმა ქნას ოპოზიციამ გაიმარჯვოს იმისათვის, რომ შესაბამისი პირობები შეიქმნას კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. ეს საჭიროა, რადგან არ შეიქნას ხელისუფლების კრიზისი, ანუ რაღაც ვაკუუმი, რომ არ იყოს ხელისუფლების გადაბარების დროს.

„მაშინ, უნდა არსებობდეს, როგორც დასავლეთში ეძახიან, „ჩრდილოვანი კაბინეტი", რომლის ფარგლებშიც ოპოზიცია წარადგენს არამარტო პარლამენტის წევრობის კანდიდატებს, ოცეულების სახით, ასევე, იქ ალტერნატიული მთავრობა იქნება იმისათვის, რომ მოსახლეობამ იცოდეს კონკრეტულად ვინ იქნება მთავრობის წევრი.

„მე ასე მესმის ტექნიკური მთავრობა, რომელიც უნდა არსებობდეს და უნდა შეთანხმდნენ, ვინ დაიკავებს სხვადასხვა პარტიიდან გარკვეულ თანამდებობებს. თუმცაღა ცოტა რთულია. პარტიებს ამაზე მოლაპარაკება ჯერ არ აქვთ.

„სანამ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სესია არ გაიმართება, ძველი მთავრობა მოღვაწეობას აგრძელებს და ესენი გადადგებიან მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომავალი პარლამენტის პირველი სესია დაიწყება. ჯერჯერობით პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიებზე არიან გადართულები", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე