
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს ურსულა ფონ დერ ლაიენსს და შარლ მიშელს შეხვდა, სადაც ლიდერების მხრიდან ნათქვამი იყო, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება გადამწყვეტი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის და განმსაზღვრელი მომენტი ევროკავშირ- საქართველოს ურთიერთობაში. აღინიშნა, რომ „საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ ხალხმა შეიძლება მიიღოს".
„ახლა ჯერი საქართველოს ამომრჩეველზეა, რომ მან გადაწყვიტოს და გააცნობიეროს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, თუ „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩება. მეორეს მხრივ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს იმას თუ კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება",- აცხადებს შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან".
„მათ (ევროპელი ლიდერების) შემთხვევაშიც და ქალბატონი სალომეს შემთხვევაშიც, მიაჩნიათ, რომ მმართველ პარტიას აქვს ორიენტაცია რუსეთზე და ოპოზიციას - ევროპაზე. შესაბამისად, ფიქრობენ და გულისხმობენ, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციით შეიცვლება, მაშინ ეს იქნება ევროპული ხაზის გამარჯვება და თუ ისევ ეს ხელისუფლება დარჩება, მაშინ ეს იქნება ასე ვთქვათ რუსული ხაზის გამარჯვება... ამით რევოლუციის პირობა მზადდება",- აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.
რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა ბრიუსელში ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან
2 ოქტომბერს საღამოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
პრეზიდენტი „იქს"-ზე პრეზიდენტი შარლ მიშელთან შეხვედრაზ ეხმიანება და აცხადებს, რომ გადამწყვეტ მომენტში ევროპის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.ზურაბიშვილის თქმით, „ერის სახელით მადლიერება გამოხატა საქართველოს მეგობრის, შარლ მიშელის მიმართ, რომელიც ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერს მხარს".
„ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - მორალური მხარდაჭერა და დამკვირვებლები არჩევნებზე ქართველ ხალხს გააძლიერებს მაშინ, როცა ევროპული მომავლის მიმართ ჩვენს ერთგულებას ვადასტურებთ", - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიშელთან შეხვედრაზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კი, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, პლატფორმა"იქს"-ზე წერს, რომ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს.
როგორც მიშელი აღნიშნავს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოსთვის „გადამწყვეტ მომენტში" ხვდება, ამასთან, მიშელის თქმით, საქართველოს რეფორმების გაღრმავება სჭირდება ევროკავშირის ღირებულებების შესაბამისად.
"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში ვხვდები.როგორც კანდიდატ ქვეყანას, საქართველოს თავისი რეფორმების გაღრმავება სჭირდება ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებთან შესაბამისობაში.
რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირისკენ გზის ბირთვია.საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს", - წერს შარლ მიშელი.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ურსულა ფონდერ ლაიენთან შეხვედრის დეტალებზეც ყვება. წერს, რომლაიენს კიდევ ერთხელ დაუდასტურასაქართველოს ევროპული გზის დაჩქარებისათვის ქართველი ხალხის ერთგულება.
„ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს მაშინ, როცა 26 ოქტომბერს ისინი საკუთარ ევროპულ არჩევანს გააკეთებენ", - ვკითხულობთ ზურაბიშვილის განცხადებაში.
„მომავალი არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და განმსაზღვრელი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ზურაბიშვილტან შეხვედრის შემდეგ.
"ძვირფასო პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილო, უდიდესი პატივისცემა მაქვს საქართველოს ევროპული გზისადმი თქვენი ერთგულებისადმი.
„ჩვენი შეხვედრა მნიშვნელოვან მომენტში ხდება - მომავალი არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. და განმსაზღვრელი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის", - წერს ფონ დერ ლაიენი.
ზურაბიშვილი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც დაესწრო დოკუმენტური ფილმის ჩვენებას: „ბუჩამდე იყო აფხაზეთი". ასევე, პრეზიდენტი გერმანიას სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, 1-ელ ოქტომბერს კი, პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართა შეხვედრა. აქვე აღსანიშნავია, რომ საქრთველოს პრემიერ მინისტრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ევროპული ტურნე არაკონსტიტუციურია და საქართველოს მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.
რას ელის ევროპა საქართველოსგან
როგორც შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ევროპა ელის, რომ ხალხი ოქტომბერში სწორ არჩევანს გააკეთებს.
„ევროპა ელის იმას, რომ ხალხი არჩევნებზე სწორ არჩევანს გააკეთებს. აქ უკვე აღარაა საუბარი ბიძინა ივანიშვილი და „ქათული ოცნება" ცუდია თუ კარგი - უკვე გააცნობიერეს დასავლეთში რომ ცუდია. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ახლა ჯერი საქართველოს ამომრჩეველზეა, რომ მან გადაწყვიტოს და გააცნობიეროს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს თუ „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩება. მეორეს მხრივ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს იმას თუ კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება-გაძლიერების წინაპირობა შეიქმნება.
„ევროკავშირის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ევროპა საქართველოს გვერდითაა, მაგრამ არჩევანს ქართველი ხალხი აკეთებს, რომლებმაც თავიანთი არჩევანით უნდა აჩვენონ თუ სად უნდათ საქართველოს ყოფნა. ევროპელ ლიდერებს სურთ, რომ ქართველმა ხალხმა ეს პრობლემა მშვიდობიანად მოაგვაროს. „ქართული ოცნება" კი ხავსს ეჭიდება და ყველაფერში რევოლუციურ სცენარს და არეულობებისთვის მზადებას ხედავს, ესეც ამომრჩეველზეა გათვლილი, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მივიდეს არჩევნებზე.
„თუ „ქართული ოცნება" იმარჯვებს და შესაბამისად საქართველო აგებს, უვიზო მიმოსვლა შეიზღუდება, ევროკავშირი იტყვის, რომ თუ ქართველ ხალხს რუსეთი უნდა, მაშინ ჩვენთან უვიზოდ რატომ უნდა იარონო? პლიუს, დახმარების პროგრამები შემცირდება, რაც დიდ პრობლემას წარმოშობს სხვადასხვა სფეროში და საბოლოოდ ხალხი დაზარალდება.
„აქ მთავარია გაიგონ ხალხს რა უნდა, კი ბატონო, „ჯენზის"თაობა პროგრესულად აზროვნებს, მაგრამ საქართველოში სხვადასხვა თაობის ადამიანები ცხოვრობენ და ახლა ჯერი ქართველ ხალხზეა",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ევროკავშირში ფიქრობენ, რომ ოპოზიციის გამარჯვება ევროპული ხაზის გამარჯვებაა. თუმცა ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ამ გზავნილებით, „რევოლუციის პირობა მზადდება".
„მათ შემთხვევაშიც და ქალბატონი სალომეს შემთხვევაშიც, მიაჩნიათ, რომ მმართველ პარტიას აქვს ორიენტაცია რუსეთზე და ოპოზიციას - ევროპაზე. შესაბამისად, ფიქრობენ და გულისხმობენ, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციით შეიცვლება, მაშინ ეს იქნება ევროპული ხაზის გამარჯვება და თუ ისევ ეს ხელისუფლება დარჩება, მაშინ ეს იქნება ასე ვთქვათ რუსული ხაზის გამარჯვება.
„ამით რევოლუციის პირობა მზადდება, რომ თუკი ხელისუფლებაში რუსული ხაზის დამცველი (როგორც თვითონ ამბობენ და მე არ მიმაჩნია, რომ ეს სწორი დაყოფაა) ჯგუფი დარჩება, მაშინ ისინი რევოლუციის უფლებას დაიტოვებენ. განცხადებები მიდის რევოლუციისკენ",-განაცხადა საყვარელიძემ.
ამბობს, რომ თუ არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ისევ „ქართული ოცნება" დარჩა, ევროპელების პოზიცია „ეგრე არ დარჩება".
„მათი (ევროპელი ლიდერების) პოზიცია ეგრე არ დარჩება, მაგრამ დღეს ასე გვაშინებენ, რომ თუ დავტოვებთ „ქართულ ოცნებას" ინტეგრაციას არ განვახორციელებთო. გვაშინებენ სწორედ მაგიტომ, რომ ადამიანებმა ხმა ოპოზიციურ პარტიებს მისცენ, ეს ზემოქმედების ერთ-ერთი საშუალებაა",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



