
ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, ორ ოქტომბერს მოუხსნა. ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" მიიღო.
ანტიკორუფციულის შეფის გადაწყვეტილებას წინ ირაკლი კობახიძის მიმართვა უძღოდა - პრემიერმა კუპრაშვილს ორგანიზაციისთვის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართა. ირაკლი კობახიძე წერს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.
მთავრობის მეთაური ანტიკორუფციულს მოუწოდებს, გადახედოს მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებას. კობახიძე ბიუროს ასევე მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.
ირაკლი კობახიძე მოგვიანებით კი კამერებთან ამტკიცებდა, რომ ანტიკორუფციულმა "აბსოლუტურად ლოგიკურად შეუფარდა ორგანიზაციებს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა“.
„ანტიკორუფციული ბიურო მოქმედებს წმინდა სამართლებრივი კრიტერიუმებით. სწორედ იმის გამო, რომ არის დამოუკიდებელი ორგანო, მას არ აქვს მოწოდება, რომ იმოქმედოს სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობის კრიტერიუმითაც, რაც ერთგვარი პრობლემური მოვლენაა. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მივანიშნოთ ანტიკორუფციულ ბიუროს ასეთი ინტერესების დაცვის საჭიროებაზე, რაც გავაკეთეთ და საბოლოო ჯამში, ანტიკორუფციულმა ბიურომ გვერდზე გადადო წმინდა სამართლებრივი მიდგომა და გაითვალისწინა მიზანშეწონილობის მხარეც, - ამბობს კობახიძე.
ორგანიზაცია "აირჩიე ევროპას" თანადამფუძნებელი, ხათუნა ლაგაძიზე ანტიკორუფციული ბიუროს შეცვლილ გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გამარჯვებად მიიჩნევს.
როგორც ხათუნა ლაგაზიძე აღნიშნავს, მიუხედავად სახელმწიფო რეპრესიებისა, მესამე სექტორმა და ქართველმა ხალხმა საკუთარი სიმართლე დაამტკიცა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ოპოზიციაში ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური შეფასებბეი მოჰყვა. "რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ქვეყანას მართავს არა კანონი და კონსტიტუცია, არამედ ბიძინა ივანიშვილი" - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თამარ კორძაიამ. თამარ კორძაიას თქმით, რაჟდენ კუპრაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის დავალებების შემსრულებელია.
"რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი, რადგან თუ მას მიაჩნდა, რომ კანონს სწორად აღასრულებდა, მაშინ რას ნიშნავს ასე, მოლაპარაკებებით, კანონის აღსრულებაზე უარის თქმა? ერთი რამ ცხადია: რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ქვეყანას მართავს არა კანონი და კონსტიტუცია, არამედ ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თამარ კორაიამ.
გაპოლიტიკურებული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ პოლიტიკურ ველზე უნდა იყოს და თან, ამავე დროს, არავინ არაფერი არ უნდა მოსთხოვოს - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
გიორგი ვოლსკი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციების სტატუსი გაუუქმა.
"გაპოლიტიკურებული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ გუნდს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ პოლიტიკურ ველზე უნდა იყოს და თან, ამავე დროს, არავინ არაფერი არ უნდა მოსთხოვოს, არც ტრანსფარენტულობა, გამჭვირვალობა. საერთოდ არ არის მათთვის კანონი დაწერილი, მაგრამ როცა ვამბობთ, რომ ისინი მაინც უნდა იქნენ დაშვებული როგორც დამკვირვებლები, როცა ამ მოსაზრებას ვატარებთ, რასაკვირველია, ვგულისხმობთ იმას, რომ ის მავნებლობის ხარისხი, რომელიც მათ უნდათ, რომ დათესონ და შემოიტანონ საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ ატმოსფეროში, უნდა იყოს დაზღვეული," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რა თქმა უნდა, პრემიერის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ატარებს. მამარაძის თქმით, გამოდინარე იქიდან, რომ სიტუაცია დასავლეთთან საკმაოდ რთულია, მმართველმა გუნდმა მიიღო სწორი გდაწყვეტილება, რათა დამატებით საბაბი არ მიეცა მათთვის, რომ არჩევნების არალეგიტიმურობაზე ვინმეს კითხვები დაესვა.
„რა თქმა უნდა, სწორია ასეთი გადაწყვეტილება, როცა სიტუაცია ისედაც დაძაბულია და ნებისმიერ საბაბს პოლიტიკურად ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები იყენებენ. ისინი ნებისმიერ მსგავს რამეს დასავლეთს სრულიად სხავ სახით აწვდიან.
„ხოლო იმ ფონზე როცა სიტუაცია დასავლეთსა და საქართველოს შორის საკმაოდ დაძაბულია, მსგავსი უკან დახევა პოლიტიკის ნაწილია. რა თქმა უნდა, საქართველო არჩევნების წინ და არჩევნების დღესაც ძალიან დიდი ინტერესით აკვირდებიან. ამიტომ მმართველმა გუნდმა არცერთი შანსი და საბაბი არ უნად მისცეს ოპოზიციას, რომ მათ წინააღმდეგ რამე გამოიყენონ. როგორც ჩანს „ოცნებაში“ მიხვდნენ, რომ მას არჩევნებისთვის დევნას და შევიწროვებად შერაცხავდნენ, ამიტომაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.
„რაც შეეხება ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველამ კარგად იცის თვითოეული მათგანი რას წარმოადგენს. თუმცა, ეკა გიგაური რომელიც სენატში იჯდა და პირდაპირ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა. ვიხუმრე კიდევაც, ბარემ ვანო მერაბიშვილი მეეყვანათ და იმას ელაპარაკა - თქო. იქ სადაც ზურაბ ადეიშვილი ჰყავთ მრჩევლად და უსმენენ, უკვე აღარავის უკვირს გიგაურის მსგავსი გამოსვლები. ქართველმა ხალხმა ხომ ყველზე კარაგდ იცის ვინ სად იყო მანამდე და რას წარმოადგენენ. ესენი არიან მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც არასამთავრობო სექტორში გადანაწილდნენ“,-ამბობს მამარაძე.
მისივე თქმით, „ოცნებამ“ ბევრჯერ თქვა და გაშიფრა კიდევაც ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან არის კავშირში. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს ადამიანები პირდაპირ პარტიების საარჩევნო კამპანიებში არიან ჩართულები. ამიტომ მათი ნდობის ხარისხი, როგორ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს. თუმცა მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს მაინც სწორად აფასებს, რადგან დამატებით სპეკულაციების საშუალება ოპოზიციას და მათთან აფილირებულ ენჯეო სექტორს აღარ ექნებათ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



