მომავალი წლიდან საქართველოში სოციალური გასაცემლები კვლავ მოიმატებს. 2025 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაში გაწერილია, როგორც პენსიების, ისე სოციალურად დაუცველთა და შშმ პირები დახმარების ზრდა. ასევე ყურადღებაა გამახვილებული სხვა საკითხებზეც, რომლებიც ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია.
მომდევნო წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 31,2 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული სოციალური ვალდებულებები.
ასე მაგალითად 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გაიზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება. ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია გაიზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 335 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 400 ლარს გადააჭარბებს.
როგორც სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძე აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, პენსიების ზრდის ტემპი უკვე საგრძნობალად უსწრებს ინფლაციის ტემპს.
"პირველ რიგში, არ იქნება სწორი იმის თქმა, რომ პენსიები აბსოლუტურად საკმარისია და ამ თანხებით შესაძლებელია პენსიონერთა ავტომატურ რეჟიმში სრულ თვითუზრუნველყოფაზე გადასვლა. რაც მეტი იქნება პენსია, მით უფრო უკეთესია პენსიონრებისთვის, რადგან მათ ასაკის მატებასთან ერთად, ეზრდებათ ისეთი ხარჯები, რომლებიც შედარებით დაბალ ასაკობრივ ჯგუფში ნაკლებადაა, პირველ რიგში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯები, მედიკამენტები და ა.შ. ამ მიმართულებით რაც უნდა მასშტაბური იყოს სახელმწიფო პროგრამები, ეს პრობლემა ზოგადად მაინც რჩება.
საქართველოში შენარჩუნებულია ტრადიციული ოჯახის მოდელი, რაც ნიშნავს სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ერთ ჭერქვეშ, ერთობლივად ცხოვრებას. ამჟამად პენსიონერთა 90% ცხოვრობს ოჯახის სხვა შრომისუნარიანი ასაკის წევრებთან ერთად. ეს კი განაპირობებს, პენსიის სიდიდესთან შედარებით, მათი ფაქტობრივი მოხმარების დაახლოებით 1.5-ჯერ ზრდას. თუმცა, გვრჩება სადღაც 65 ათასამდე პენსიონერი, რომლებიც ცხოვრობენ აბსოლუტურად მარტო და, რა თქმა უნდა, ისინი სიღარიბისადმი ყველაზე მაღალ, მოწყვლადი ჯგუფს წარმოადგენენ.
ბუნებრივია, სახელმწიფოს თავისი ვალდებულებები გააჩნია არა მარტო პენსიონერების მიმართ და ამ კონტინგენტის მონეტარული და არამონეტარული დახმარება მთლიანად მისი ეკონომიკის ზრდასა და ეფექტიან სოციალურ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. საქართველოს პარლამენტში წარდგენილი 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, პენსიების ზრდის ტემპი უსწრებს ინფლაციის ტემპს, რაც ნიშნავს, რომ საშუალო პენსიის მყიდველობითი უნარი გაიზრდება. თუმცა, აქაც გარკვეულ დაშვებას ვგულისხმობთ, ანუ ვვარაუდობთ, რომ პენსიონერთა ყველაზე ხარჯვით სტატიებზე (სურსათი, კომუნალური ხარჯები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯები) ფასები არ გაიზრდება პენსიების მატებების ტემპთან შედარებით.
ის, რომ ჩვენ ვახერხებთ, ერთი მხრივ, შედარებით სწრაფ, დინამიკურ ეკონომიკურ ზრდას და, მეორე მხრივ, ვინარჩუნებთ შედარებით დაბალი ინფლაციას, ეს ქმნის იმ უსაფრთხოების ბალიშს, რომლითაც შესაძლებელია მოსახლეობის კეთილდღეობის უფრო სწრაფი გაუმჯობესება, რითაც საგრძნობ სარგებელს ნახულობენ არა მარტო პენსიონერები, არამედ ზოგადად, ფიქსირებული შემოსავალის მქონენი, რომლებშიც ყველაზე მეტად ვგულისხმობ პედაგოგებს და შშმ პირებს”, - განუცხადა "რეზონანსს” სოსო არჩვაძემ.
პესნიების ზრდასთანე ერთად, 2025 წლის ბიუჯეტის პირველ ვერსიაში ჩადებულია სხვა სოციალური დახმარების ზრდაც. მაგალითად, 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;
პროექტით 120 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური დახმარება შეადგენს 200 ლარს;
ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 6,3 მილიარდ ლარს.
ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,9 მილიარდი ლარზე მეტი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი.
ამასთან, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიით, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდაა გათვალისწინებული. ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაიზრდება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასებიც.
როგორც ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათაიმ განაცხადა, სოციალური გასაცემლების ზრდის ტენდენცია დადებითია, თუმცა ის პასუხობს ცხოვრების დონის მხოლოდ მინიმალურ პირობებს.
"ინფლაციის მაჩვენებელი, მიმდინარე წელს, 1.5%-ზე აქვთ პროგნოზირებული და ამასთან გათვალისწინებით, პენსიებს უფრო მაღალს გასცემენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ინფლაციის ინდექსზე მაღალ მაჩვენებელზე პენსიას "სვამენ", რაც დადებითია, რა თქმა უნდა. ეს ტენდენციას კარგია, მაგრამ რეალურად, რომ შევხედოთ, რამდენად დააკმაყოფილებს ცხოვრების დონეს, ეს მეორე საკითხია, თუმცა აქ ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ პენსიების ან სოციალური შემწეობების რადიკალური ზრდის შესაძლებლობას ბიუჯეტი არ იძლევა.
საერთოდ, ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად, პირველ რიგში, მაღალი ეკონომიკური ზრდაა აუცილებელი, რაც, ერთი მხრივ, მოსახლეობის ცხოვრების დონეს გაზრდის და ნაკლებად დამოკიდებულს გახდის თუნდაც პენსიონრებს პენსიაზე. მეორე მხრივ, ბიუჯეტიც გაიზრდება და მეტი სოციალური მიმართულებების დაფინანსების შესაძლებლობა მიეცემა მთავრობას.
პენსიების თუ სოციალური გასაცემლების ზრდის ტენდენცია რაღაც მინიმუალურ დონისთვის არის საკმარისი. ნორმალური ცხოვრების დონეზეც ვერ გადადის. დიახ, რა თქმა უნდა, ზრდა კარგია, მაგრამ აქვე ცხადია ისიც, რომ ეს თანხები ვერ აკმაყოფილებს ცხოვრების დონეს.
როგორც გითხარით, ბიუჯეტს არ აქვს რადიკალურად რამის ზრდის შესაძლებლობა, მაგრამ ვიდრე ახლა იზრდება, იმაზე უფრო მეტი შესაძლებელია, თუ ქამრების შემოჭერის პოლიტიკას გაატარებს მთავრობა.
პირველი რაც შეიძლება მთავრობამ გააკეთოს, არის ის, რომ თავისი საბიუჯეტო ხარჯი შემციროს, ოპტიმალურ მაჩვენებელზე დასვას და გადაანაწილოს სოციალურ შემწეობებზე. ეს მოკლევადიანი ნაბიჯია და გრძელვადიანი პერსპექტივაში მაღალი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება”, - განუცხადა "რეზონანსს” მაკალათიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე