ელზა პაპოშვილი
(27.09.2024)

შესაძლოა თუ არა საქართველო უკრაინას შორის ახალი დიპლომატიური სკანდალი დაიწყოს? ამის მიზეზი კი ქვეყანაში ახალი ბანერების გამოჩენაა - "ქართული ოცნება" საარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობების ფოტოებს იყენებს.    

ბანერებს  აწერია “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოთი, ხოლო საქართველო - ფერადით. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფაქტს უკვე გამოეხმაურა და ამბობს, რომ გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების სურათების გამოყენება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უკრაინული მხარე მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან.   

პოლიტიკური შეფასებები საქართველოშიც გაკეთდა. პრეზიდენტი ზურავიშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერებს "სამარცხვინოს" უწოდებს.  ფიქრობს, რომ ივანიშვილის გუნდს ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიჰყავს და ამისთვის საბჭოთა КГБ-ს  მეთოდებს იყენებს.

"ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს… რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ!  … “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

"ერთიანობის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ოცნების" ახალ საარჩევნო ბანერებს "სირცხვილს და თავის მოჭრას" უწოდებს და ამბობს, რომ ეს "სირცხვილი" საქართველომ ერტად 26 ოქტომბერს უნდა "ჩამოირეცხოს".

კიდევ ერთხელ თავი მოგვჭრა, საქვეყნოდ, ბანერებით "ქართულმა ოცნებამ". სირცხვილი და თავის მოჭრა, ეს საქართველო არ არის, ეს არის "ქართული ოცნება", რომელიც არის სირცხვილი და ეს სირცხვილი უნდა ჩამოვირეცხოთ. ამ ბანერების გამოკვრა არის უღირსი ქმედება", - ამბობს ვაშაძე.

პრემიერ ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს: სოხუმის კადრები უკრაინას რომ გამოეყენებინა საარჩევნო მიზნებისთვის, თქვენთვის ეს იქნებოდა თუ არა მეგობრული ჟესტი ან მორალური საქციელი?

„მე მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ ამ კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია. დღეს ჩვენ ვახსენებთ იმას, რა შედეგები მოჰყვება ომს ზოგადად და რა ავიცილეთ თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის 2022-2023 წლებში და უნდა ავიცილოთ თავიდან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე და არჩევნების შემდეგ“, - თქვა მან.

პრემიერ-მინისტრის თანახმად, მიუღებელია ის, რაც უკრაინაში ხდება. მან თქვა, რომ კომენტარს არ გააკეთებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე.  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ის დაძაბულობა რაც ახლა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში არსებობს, ამაზე მეტი რაღა შეიძლება დაიძაბოს, ცოტა რთული წარმოსადგენია. მისი თქმით, ორივე ქვეყნიდან ელჩი გამოწვეულია და სხვა რა სახის დიპლომატიური საკანდალიღა უნდა მოხდეს, რთული სათქმელია.

„მესმის უკრაინის პოზიციის და გაღიზიანების, რა თქმა უნდა, ამიტომაც თავიაანთი პოზიცია ღიად გამოხატეს. არცერთი ქვეყნისთვის არ არის სასიამოვნო სხვა ქვეყნის მთავრობის საარჩევნო ბანერეზე შენი ქვეყნის  უბედურება გამოიტანონ და ამით ქულები დაიწერონ. საერთოდ ძალიან ცუდი ტონია, როცა  სხვა ქვეყანას ეჯიბრები და ნიშნის მოგებით აჩვენებ, რომ შენ მშვიდობა გაქვს, ის კი ომშია. პირველ რიგში ეს სირცხვილი უკრაინელი ხალხის მიმართ არის. თუ მაინც და მაინც ომთან მშვიდობის შედარება უნდოდათ, ჩვენ გვქონდა ომები და ის ანალოგი მოეყვანათ. უკრაინა ხომ არ არის ამ ომის ინიციატორი?! რუსეთის საერთოდ არ ახსენება და ომის ამ კამპანიით წარმოჩენა, ჯერ ერთი არაეთიკურია უკრაინელების  მიმართ და მეორე ისედაც ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე ეს წორი საქციელი არ მგონია.

"ნუ, უკრაინამ გამოხატა თავისი უკმაყოფილება, ამაზე მეტი რა შეიძლება მოხდეს. ყველაფერი აქვთ „ოცნების“ და ზელენსკის ხელისუფლებას ერთმანეთისთვის ნაკადრები. ელჩებიც აღარ გვყავს არც ჩვენ და არც იმათ და ამაზე მეტად რაიმე ჩიხში შესვლა ქვეყნებს შორის უკვე ვეღარ წარმომიდგენია. საერთოდ არანაირი დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობა აღარ გვაქვს,“ -ამბობს ძაბირაძე.

მისვე თქმით, რა თქმა უნდა, ეს ბანარები საზოგადოების და „ოცნების“ ამომრჩევლის ფსიქიკაზე მოქმედებს. მითუმეტეს, როცა ეს ომი რას ნიშნავს, საკუთარ თავზე ქართველებსაც აქვს გამოცდილი.

„ის კამპანია, რაც „ოცნებას“ აქვს დაწყებული და რაზეც აპელირებს, რა თქმა უნდა, ამ ბანერებიდანაც კარგად ჩანს. ეს არის გრკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლა ამომრჩეველზე. აჩვენო დანგრეული ეკლესია, სახლები და ამის  პარალელურად აჩვენო მშვიდ ვითარებაში მყოფი მეორე ქვეყანა. დააყენო ადამიანი არჩევანის წინაშე მშვიდობა თუ ომი, რა თქმა უნდა, მშვიდობას ირჩევს. ეს პროპაგანდა უკვე დიდი ხანია „ოცნებამ“ ხელთ იგდო და ამას მშვენივრად იყენებს მთელი ამ საარჩევნო მარათონის განამვლობაში. ეს კი ბატონო, მუშაობს. განსაკუთრებით „ოცნების“ ამომრჩეველში. სამწუხაროდ ოპოზიციამ ეს საკმაოდ მსხვილი და მნიშვნელოვანი თემა არასწორი კამპანიის შედეგად ხელისუფელბას დაუთმო“,-ამბობს ძაბირაძე.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე