ნატალია ჯვარიძე
(27.09.2024)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პირობითი ავტორიზაცია მისცეს. ავტორიზაციის საბჭომ ჩათვალა, რომ უნივერსტიტეტი ავტორიზაციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისი ოქმი კი რამდენიმე დღეში გადაეცემა. უნივერსიტეტი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის სააპელაციო კომისიაში გასაჩივრებას გეგმავს. ილიაუნის პროფესორთა გარკვეული ნაწილი ამას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ექსპერტთა მოსაზრებები კი სხვადასხვაგვარია.

„ამის პოლიტიკასთან დაკავშირება ძალიან სამარცხვინოა. მინდა გითხრათ, რომ ფაქტებით და არგუმენტებით ეს ისე გაქარწყლდება, როგორც ყველა უნამუსო ბრალდება", - განაცხადა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ორ შესაძლო ფაქტზე საუბრობს, რომელიც არჩევნების შემდეგ გადაწყდება.

„ღმერთმა დაიფაროს, რომ დახურონ, რადგან ერთ-ერთი დიდი უნივერსიტეტია და არ იქნება კარგი. ყველაფერი არჩევნების შედეგზეა დამოკიდებული. თუ ხელისუფლებაში დემოკრატიული ძალები მოვლენ, მაშინ ყველა სფეროს საქმიანობა დადებითად გადაწყდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დღევანდელ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მე არ გამოვრიცხავ, რომ უნივერსიტეტიც კი გააუქმონ. ან მეორე ვარიანტია, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას აიძულონ გადადგენ და მათ ადგილას მათთვის სასურველი პირები დაინიშნონ".

როგორც ილიაუნის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებების შეცვლა და უნივერსიტეტისთვის ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიცემა მათთვის მიუღებელია. ამასთან, უნივერსიტეტმა „ფეისბუქზე" გამოაქვეყნა 2024 წლის ივნისით დათარიღებული ავტორიზაციის ქართველი და უცხოელი ექსპერტთა ჯგუფის შეფასება, რომლის მიხედვითაც ილიას უნივერსიტეტმა ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით. ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო კომისიაში, როგორც კი ოფიციალურად გამოგვიგზავნიან საბჭოს ოქმსა და გადაწყვეტილებას. ოქმისა და გადაწყვეტილების ოფიციალურად წარმოდგენისთვის საბჭოს 10 სამუშაო დღე აქვს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

რას ამბობენ უნივერსიტეტის პროფესორები

ილიას სახელმწიფო პროფესორი, სიმონ ჯანაშია ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, ილიაუნის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. მისი თქმით, „რუსული კანონის" ინიციირებიდან მოყოლებული, ილიაუნის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები აქტიურად აპროტესტებდნენ კანონს, რასაც რექტორებისთვის ხელწერილების დაწერა და ავტორიზაციის შეჩერების მუქარა მოჰყვა.

„შარშან, როცა პირველად გამოიტანეს „რუსული კანონი", ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები ძალიან აქტიურობდნენ. როცა ჩამოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა ილიას უნივერსიტეტში. იმ შეხვედრაზე ხელისუფლება არ მიიწვიეს. ამისი შემდეგ, ხელისუფლებამ დაიწყო ილიას უნივერსიტეტზე შეტევა, მიუქსიეს ახალგაზრდები რექტორს და დააბრალეს, რომ პანდემიის პერიოდში მან ზედმეტად ცოტა ფული დახარჯა საწვავზე. მეორედ როცა გამოიტანეს „რუსული კანონი", მაშინაც აქტიურობდნენ სტუდენტები. მათ პროფესორების ნაწილმაც ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა იმით, რომ უთხრეს - შეგიძლიათ ლექციები გააცდინოთ და მერე აგინაზღაურებთო, რასაც მოჰყვა ის, რომ სამინისტრომ შეკრიბა რექტორების საბჭო, დააწერინა წერილი, სადაც უნივერსიტეტები თითქოს ემიჯნებოდნენ პოლიტიკას. ამ წერილს ილიას უნივერსიტეტის რექტორმა არ მოაწერა ხელი. მეორე რაც მოხდა იყო ის, რომ განათლების სამინისტრომ, ხარისხის განვითარების ცენტრის თანამშრომლების გვერდის ავლით გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც დაემუქრა უნივერსიტეტებს, რომ პრობლემები შეექმნებოდათ ავტორიზაციის პროცესში და ამ მუქარას ასრულებს სახელმწიფო", - აცხადებს სიმონ ჯანაშია.

სიმონ ჯანაშიას თქმით, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ორჯონიკიძემ პროცესისას განაცხადა, რომ „არ არის ვალდებული საზოგადოებას განუმარტოს", თუ რატომ მიიღო საბჭომ ეს გადაწყვეტილება.

„გუშინდელ შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონდა ყველა დადებითი დასკვნა (ყველა მიმართულებით), ავტორიზაციის საბჭომ ასე გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტი ვერ აკმაყოფილებს სრულად ავტორიზაციის მოთხოვნებს და უთხრა, რომ უნივერსიტეტი მიიღებს პირობით აკრედიტაციას და შემდეგ გაივლის შემოწმებას 1 წლის შემდეგ და გაირკვევა ექნება თუ არა ავტორიზაცია ამ უნივერსიტეტს.

როცა თხოვეს რომ განემარტათ ეს მიზეზები, რატომაც ხდება ეს, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ორჯონიკიძემ უთხრა, რომ უნდა „გასულიყო". სავარაუდოდ, იქ მოეთათბირა ვიღაცას გარედან და არსებობს ასეთი მოსაზრებაც და ინფორმაციაც, რომ დილითაც დაურეკეს მას.

შემდეგ, ბრუნდება ის ავტორიზაციის საბჭოზე და აცხადებს, რომ არ არის ვალდებული განუმარტოს საზოგადოებას რატომ იქცევა ისე, როგორც იქცევა.

ვერაფრით ვერ მიიღეს პასუხი, თუ რას ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება". - თქვა ჯანაშიამ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორი, ქეთი ცოტნიაშვილიც ამბობს, რომ ეს სასწავლო დაწესებულებაზე პოლიტიკური გავლენის მცდელობაა.

„ეს ცალსახად პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობას წარმოადგენს. რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული ორი ცნობილი წერილი რომ გავიხსენოთ - ერთი, რომელიც რექტორთა საბჭომ გაავრცელა და რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტების გამოსვლებსა და აქტიურობას გმობდა, რაზეც ილიას უნივერსიტეტის რექტორმა ხელი არ მოაწერა. შემდეგ კი, ასევე ვნახეთ ხარისხის ცენტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც აგრეთვე მუქარას შეიცავდა, რომ ისინი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობას გადაამოწმებდნენ. ცხადია, მათი ვალდებულებაა, რომ გადაამოწმონ. მაგრამ, აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ უნივერსიტეტი არაფერს არღვევს და სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია, ისინი შეფასებებს მაინც ქვემოთ სწევენ.

ყოველდღიურად ვხედავთ აკადემიური თავისუფლებისა და ავტონომიურობის შეზღუდვის ფაქტებს, როგორც კულტურის, ასევე განათლების სივრცესა და სფეროში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ავტორიზაციის საბჭოს წევრები სწორედ აკადემიური სივრცის წარმომადგენლები არიან, რომლებიც იმის ნაცვლად, რომ აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებითა და ღირებულებებით ხელმძღვანელობდნენ, იყენებენ, როგორც პარტიული გავლენის ინსტრუმენტებს". - თქვა ილიაუნის პროფესორმა.

ავტორიზაციის გადაწყვეტილებას არც სტუდენტების გარკვეული ნაწილი არ იზიარებს და მათ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტის ღირებულებების ერთგული რჩებიან.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვრჩებით ჩვენი უნივერსიტეტის ღირებულებების ერთგული და მუდამ ვიდგებით დემოკრატიის, თავისუფალი ნებისა და დასავლური ღირებულებების სადარაჯოზე!

ვიაზრებთ რა, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთავარი ველი გადის დემოკრატიული წესით ჩატარებულ არჩევნებზე, მოგიწოდებთ, ოცდაექვს ოქტომბერს ყველანი გამოვცხადდეთ არჩევნებზე და დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი!

შევხვდებით არჩევნებზე!, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ საკითხზე მმართველი პარტიიდან ამ დრომდე განცხადება არავის გაუკეთებია.

პოლიტიკური მოტივი თუ „უსირცხვილო" ბრალდება

ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ მმართველი პარტია ასეთი ქმედებით ცდილობს ქვეყანაში თავისუფალი და განსხვავებული აზრი ჩაახშოს.

„დიდი ალბათობით, ეს პოლიტიკურად მოტივირებულია, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორები და სტუდენტებიც აქტიურად მონაწილეობდნენ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საპროტესტო აქციებზე. შესაბამისად, ხელისუფლებისთვის მათი საქმიანობა მიუღებელი იყო. ილიაუნი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი და მაღალ რეიტინგული, ასე რომ პოლიტკური მოტივი შეიძლება არსებობდეს.

აღნიშნული ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლების მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშოს, რომელიც უკავშირდება თუნდაც „რუსული კანონის" მიღებას. საერთო ჯამში მათი ინტერესია, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და ასევე, ამ ხერხითაც განსხვავებული აზრი ჩაკლან. თუ გახსოვთ პრემიერი რამდენიმე ხნის წინ საუბრობდა, რომ უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონები მთლად კომპეტენტურები არ არიან. აქედან გამომდინარე, მათ უნივერსიტეტების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს ან კიდევ ცალკეული ადამიანის მიმართ, რომლებიც მათგან განსხვავებულად ფიქრობენ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

გია აბაშიძე კი ფიქრობს, რომ ამგვარი ბრალდებებით ცდილობენ საკუთარი მანკიერი მხარეები გადაფარონ.

„ეს არის წინასაარჩევნოდ მორიგი სპეკულაცია და ჩემთვის პირადად წააგავს იმ ფაქტს, როდესაც თავის დროზე სამართლიანი განაჩენი გამოუტანეს დავით კეზერაშვილს ჯარიდან 5 მილიონის მოპარვაზე. მისმა ტელეკომპანიამ ერთი ამბავი ატეხა, რომ ვითომ დააყადაღებენ, სიტყვის თავისუფლება თურმე საფრთხეშია და ა.შ. „ფორმულა" დღემდე ახორციელებს შეუფერხებელ მაუწყებლობას თავისი დეზინფორმაციით.

ეს უსირცხვილო კაკაფონია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის აქტორებიდან მომდინარეობს და რომელთა დიდი ნაწილი ილიაუნის უნივერსიტეტში ასწავლის. აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან არ შეიძლება ბოროტი ტყულებით საკუთარი მანკიერი მხარეები გადაფარო, როდესაც სახელმწიფოს ნებისმიერ სტრუქტურას შეკითხვები აქვს. ამასწინათ ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო ბიზნესმენის ღია ეთერში ხელისუფლების დადანაშაულება, რომ ვითომ მასზე ტერორსა და ზეწოლას ახდენენ. მერე ეს ბიზნესმენი თაღლითი აღმოჩნდა და თურმე პროკურატურაში მასზე საქმეცაა აღძრული.

ასე რომ ეს მამუკა ხაზარაძისეული სტილი, რომ საკუთარი მანკიერებები გადაიფაროს პოლიტიკური ბინძური მოტივაციური ვერსიით, სრულიად მიუღებელია და შესაბამისი ფაქტებით ყველაფერი მალე გამოჩნდება", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე