ნატალია ჯვარიძე
(25.09.2024)

„ზალკანიანს გამოიწვევენ იმიტომ, რომ მან ვერ შეძლო ის, რაც საჭირო იყო, თუმცა ეს მისი კი არა, ქართული პოლიტიკის და მმართველი გუნდის ბრალია. იმ გუნდის, რომელიც მხოლოდ თავის თავს უსმენს და არა სხვას. ვინც მარტო საკუთარ თავს უსმენს, ის ყოველთვის მარცხდება," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

იგორ კვესელავა: მე ადრეც ვსაუბრობდი ამერიკიდან საქართველოს ელჩის გამოწვევაზე. არავინ მიჯერებდა, რომ ეს მოსალოდნელი იყო და, აი, ხომ ხედავთ რა სიტუაციაა - რასაკვირველია გამოიწვევენ კიდეც. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამერიკაშია, ის რომ ყოფილიყო გერმანიაში, საფრანგეთში ან სხვაგან, იქაც ხომ ჩვეულებრივად ჩავიდოდა პრემიერი? ამიტომ იმის თქმა, რომ კობახიძე ამერიკაში წავიდა და იქ რაღაცას დაალაგებს, თავიდანვე მცდარი იყო, რომელსაც „ოცნების" აქტივისტები აბუქებდნენ.

მე მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ არავითარი შეხვედრები დაგეგმილი არ იყო. იქ 200-ზე მეტი სახელმწიფო ჩადის და ბუნებრივია, ყველას უნდა ამერიკის უმაღლეს წარმომადგენლებს შეხვდეს, მაგრამ საქართველოს დელეგაციასთან არ იყო ამის შანსი, რადგან ამერიკას „ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის არაფერი აქვს სათქმელი, მათ უკვე დაასრულეს ლაპარაკი, რადგან ესენი არაფერს არ ღებულობენ და ყურს არაფერს უგდებენ. აქედან გამომდინარე, ამერიკას საჭიროდ არ მიაჩნია იმ ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდეს, რომელიც არ უსმენს.

მეორე, დავით ზალკანიანი როგორი მინისტრიც აქ იყო, ისეთი ელჩი არის იქ. ზალკანიანის საგარეო საქმეთა მინისტრობა ჩვენ ვერ გამოვცადეთ, ისევე როგორც ვერ გამოვცადეთ მისი ელჩობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ორივე შემთხვევაში მისი საქმიანობის შედეგი არ იყო ეფექტური. აქედან გამომდინარე, ზალკანიანს გამოიწვევენ იმიტომ, რომ მან ვერ შეძლო ის, რაც საჭირო იყო, თუმცა ეს მისი კი არა, ქართული პოლიტიკის და მმართველი გუნდის ბრალია. იმ გუნდის, რომელიც მხოლოდ თავის თავს უსმენს და არა სხვას. ვინც მარტო საკუთარ თავს უსმენს, ის ყოველთვის მარცხდება.

„რეზონანსი": რა პროცესები შეიძლება განვითარდეს, თუკი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არჩევნებამდე ან მის შემდეგ ამერიკამ ოფიციალურად გადაწყვიტა?

ი.კ: ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია, ამის შესახებ მან ერთ-ერთ გამოსვლაში თვითონვე თქვა, დაახლოებით 2-3 თვის წინ და ეს ასეც არის. ვიცით, რომ სანქციები სხვდასხვაგვარია: პოლიტიკური, ფინანსური და ა.შ. ამერიკის მიერ ივანიშვილი ოფიციალურად დასანქციერბულია პოლიტკურადაც, ბიზნესის და ფინანსების თვალსაზრისითაც. ეტყობა „ქართულმა ოცნებამ" ვერ გაიგო რას ლაპარაკობს ამერიკა, თუმცა როგორც ჩანს, ვერც ამერიკამ ვერ გაარკვია ივანიშვილის მთავრობა რას საუბრობს. ვინ არის აქ დამნაშავე ეს სულ სხვა საკითხია. აქ მოსმენაზე, პოლიტიკურ კულტურაზე და იმ საკითხებზეა ლაპარაკი, როდესაც ამერიკა შენ გჭირდება და მასთან ხარ, მაგრამ როცა შენ გარკვეულწილად მასთან ყოფნა აღარ გინდა, მაშინ ამ უზარმაზარი ქვეყნის წინააღმდეგ გამოდიხარ, რომელთან ბრძოლა საქართველოს კი არა, ნებისმერი ზესახელმწიფოს უჭირს. მითუმეტეს „ქართულ ოცნებას", რომელსაც პოლიტიკური, სამხედრო, სოციალური და სხვა თვალსაზრისით არაფერი შეუძლია ისეთი, რომ ტაში დაუკრან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე