თამთა ჩაჩანიძე
(25.09.2024)

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად დააკვირდებიან. ამის პარალელურად, „ქართულ ოცნებას" დაეძაბა ურთიერთობა როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ თუ მმართველი პარტიისთვის საარჩევნო პროცესზე ამ ორგანიზაციათა მონიტორინგის დასკვნები მიუღებელი აღმოჩნდა, მათ უნდობლობას გამოუცხადებს.

ეუთო/ოდირი 12 სექტემბრიდან უკვე ოფიციალურად შეუდგა სადამკვირვებლო მუშაობას, მისიის სათავეში იდგას ოუენ მერფი, ჯგუფში შედის 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი. ისინი 19 სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდნენ.

ზაფხულში კი ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები დაიწყეს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იულიან ბულაის ხელმძღვანელობით უკვე მესამე დღეა, შეხვედრებს მართავს სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებთან. დელეგაციის სრული შემადგენლობა არჩევნებს სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად დააკვირდება.

არჩევნებს დააკვირდებიან ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები.

ოპოზიცია აღნიშნავს, რომ მეტი დამკვირვებელა საჭირო, რათა არჩევნები გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდეს. ამასთან, პრემიერი ირაკლი კობახიძეც ამბობს, „რაც მეტი დამკვირვებელი - მით უკეთესიო".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახლა „ოცნებისა" და დასავლეთის ურთიერთობაში უნდობლობაა და არაა გამორიცხული, თუ დასავლურმა ორგანიზაციებმა დადეს მმართველი პარტიისთვის არასასურველი დასკვნა, „ოცნებამ"არ აღიაროს.

„თუ ურთიერთობას უნდობლობა ახლავს, ბუნებრივია არის იმის ვარაუდი, რომ „ოცნება" არ ენდობა მათ (საერთაშორისო ორგანიზაციების) დასკვნებს. მაგრამ რაც არის, ეგ არის, სხვა ვარიანტი ნაკლებადაა. ერთადერთი შეიძლება უნგრეთიდან მოიპატიჟონ დამკვირვებლები, სავარაუდოა, რომ უნგრეთი უარს არ იტყვის - მათი დამკვირვებლის სიტყვა შეიძლება უფრო სანდო იყოს. სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები პრაქტიკულად არ არის. ოპოზიციას რომ ჰკითხო, რუსეთისკენ მივდივართო და რეალურად რუსეთთანაც არ არის ურთიერთობა. როცა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა გვქონდა, მაშინაც კი რუსეთიდან დამკვირვებლები არ გამოგვიძახია.

„დამკვირვებლების სიმრავლე იმ მხრივაც კარგია, რომ შეიძლება განსხვავებული დასკვნები ჰქონდეთ და გეგმაში რომ ზემოქმედება იყოს ბევრი დამკვირვებლის პირობებში, ეს ნაკლებსავარაუდო იქნება.

„ძალიან გულახდილად რომ გითხრათ, იმ დამკვირვებლებიდან, რომლებიც ჩამოვლენ, კატასტროფულ დასკვნებს არ ველოდები, რადგან პროცესი რაც ახლა მიდის, მეტისმეტად პოლიტიზირებულია. თუ დასკვნას პოლიტიკური გავლენა ექნება, შესაძლოა უარყოფითი იყოს, მაგრამ არ მგონია, რომ არსებულმა ვითარებამ იმხელა გავლენა იქონიოს, რომ არჩევნების სურათი გააფუჭოს. გავლენები იქნება, ოღონდ არ ვთვლი, რომ ეს ძალიან იმოქმედებს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ „ოცნება" დასავლეთთან ურთიერთობას შეგნებულად ძაბავდეს და გარკვეულ საფუძველს ქმნიდეს, რომ გაყალბების შემთხვევაში, როცა დასავლური ორგანიზაციებიდან კრიტიკა წამოვა, ეს არ მიიღოს.

„შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ" დასავლეთთან ურთიერთობა შგნებულადაც დაძაბა. ახლა, როცა ბაიდენის ადმინისტრაციას აბრალებს, რომ კობახიძის მიღება გააუქმეს და სტუმარ-მასპინძლობის არაფერი არ ესმითო, სინამდვილეში, „რუსული კანონი" რომ მიიღეს, მისი მიზანი ის იყო, რომ ნელ-ნელა შეეცვალა ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსი.

„ოცნებაში" ამზადებენ ნიადაგს, რომ თუ გაყალბება დააპირეს, დასავლური ორგანიზაციების მხრიდან მათ შორის ეუთო/ოდირიდან, ევროპის საბჭოს დამკვირვებლებისგან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან - ენ-დი-აი, აი-არ-აი, რომ კრიტიკული შენიშვნები ჰქონდეთ, „ოცნება" იტყვის, რომ ისინი გლობალური ომის პარტიის თამაშს თამაშობენ და ამიტომაც გვაკრიტიკებენო.

„თუ „ოცნება" წააგებს, არაა გამორიცხული, „გლობალური ომის პარტიას" და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დააბრალოს, რომ თითქოს ისინი ახდენდნენ ზემოქმედებას. თავის მხრივ თადარიგს იჭერს, ხედავს, რომ არჩევნებს აგებს თუ არ გააყალბა. თან ისიც იცის, რომ თუ გააყალბა, დასავლეთიდან კრიტიკა იქნება. რუსეთი და ჩინეთი თვალს დახუჭავენ და დასავლეთის გარდა სხვა არავინ გააკრიტიკებს. ამიტომაც, დასავლეთთან ურთიერთობა თავიდანვე დაძაბეს, ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, რითაც შეიძლება ქვეყანა იზოლაციაში მოაქციონ. გათვლა ეგეთი ჰქონდათ, ამიტომაც გამოიგონეს გლობალური ომის პარტია", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე