
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას პრემიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრების გაუქმებაზე მმართველ პარტიაში „არასერიოზულს" უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ ეს სავალალო მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნების მცდილობაა. ოპონენტები ამბობენ, რომ დემოკრატიული სამყარო ჩვენს ხელისუფლებასთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტს. ანალიტიკოსების მოსაზრებები კი სხვადასხვაგვარია.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრისა და კონფიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ამერიკამ ამ ქმედებით ქართველ ამომრჩეველს შეტყობინება გაუგზავნა, რომ შესაძლოა მომავალში მათ ქვეყანასთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტონ.
„ეს არის ქართველი ხალხისთვის შეტყობინება, რომ ვის და რას უჭერთ მხარს, როცა „ქართულ ოცნებას" აძლევთ ხმასო. ეს სრული იზოლაცია იქნება, ამერიკა საქართველოს ბოლომდე ჩაეხსნება, რადგან „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის" კანონმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ამერიკა მტრად აღიარა. არ იტყვიან ახლა, შენ მტრად მრაცხავ და მე ხელი ჩამოგართვა? მმართველმა პარტიამ ზუსტად ეს დამოკიდებულება გააღვივა. იმედი მაქვს, მხოლოდ ხელის არჩამორთმევით შემოიფარგლება. ამიტომ ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და რაც შეიძლება მალე მოეგოს გონს", - განაცხადა ზაქარეიშილმა.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის აზრით კი ეს იმის მანიშნებელია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არაადეკვატურია. „ეს არის კიდევ ერთხელ იმის გამოვლინება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია მომსახურეობის სფეროდან გასულია და მიმდინარე პროცესების მიმართ არაადეკვატურები არიან".
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად ასევე იყო ირაკლი კობახიძეც, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე. იგივე გააკეთა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმაც.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო „მომავლის სამიტზე", სადაც პრემიერი სიტყვითაც გამოვიდა.
ამასთან, ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა და როგორ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობის მნიშვნელობას.
რას ამბობენ „ოცნებაში"
„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს. ამბობს, შეეძლოთ სტუმართ-მასპინძლობა მაინც ესწავლა ქართველი ხალხისგანო.
„როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. არასერიოზულია, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ?! თავისივე გაგზავნილი მოწვევა, მეორე დღეს უკან გაიწვიეს. ასეთი ქცევა არასერიოზულია. უპირველესად, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ამ ქცევით ვიხილეთ ადმინისტრაციის მხრიდან.
„მეორე მხრივ, რაც უფრო აუხსნელი და მძიმეა ქმედებები, ეს პირდაპირი ინდიკატორია საქართველოში ოპოზიციის მდგომარეობის. იმდენად სავალალოა ოპოზიციის მდგომარეობა, ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც კი აღარ ერიდება. მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ რაღაცნაირად უბიძგოს ოპოზიციას, სალაპარაკო თემა მისცეს. ესეც, სამწუხაროდ, ერთ-ერთი გამოვლინებაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის.
„ამ საქციელს ვერანაირად ვერ შევაფასებ. ამდენი წელია ამერიკის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან. მინიმუმ ეს შეეძლოთ წაეღოთ ჩვენი ხალხისგან. როგორც ჩანს, ესეც ვერ გავუზიარეთ სათანადოდ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მიანიშნებს, თუ როგორ ცდილობენ არჩევნებში ჩარევას.
„გარე ჩარევა იმისათვის, რათა „ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდეს, არის სწორედაც ის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას. არ შეიძლება მავნებელთა და საქართველოსთვის ამხელა ზარალის მიმყენებელთა მხარდაჭერა, პოლიტიკური განცხადებებით, თუნდაც ქმედებებით, თუნდაც იმითი, რომ, ვთქვათ, კობახიძე არ მიიწვიეს გარკვეულ მიღებაზე, სადაც ტრადიციულად, ყველა ქვეყანა მიუხედავად შიდა პოლიტიკური ვითარებისა, არის მიწვეული. ეს დემარში, ზოგადად, საქართველოს მიმართ, თუნდაც მიღებაზე მიწვევა-არმიწვევის საკითხი, თუნდაც ასეთი ღია და აშკარა მხარდაჭერა კოლექტიური „ნაცმოძრაობის", არის აბსოლუტურად შეუსაბამო, შეუფერებელი იმ პოლიტიკასთან, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია. ჩვენი ინტერესია ევროინტეგრაცია და ჩვენმა წინამორბედმა და დღეს რადიკალურმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ინტერესს ბარიერად აღემართა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარი. ეს მოხდა უკვე და იგივე შეცდომის გამეორებას არ დაუშვებს ქართველი ამომრჩეველი," - განაცხადა ვოლსკიმ.
რას ფიქრობს ოპოზიცია
„ნაცმოძრაობის" საერთაშორისო მდივანის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „არაფერი მოულოდნელი არ არის იმაში, რომ ასეთ ანტიქართულ ხელისუფლებასთან, მაფიოზურ დაჯგუფებასთან ცივილიზებული, დემოკრატიული სამყარო ყველანაირ კონტაქტს წყვეტს".
„სრულიად ნათელია, რა პოზიცია აქვთ ქართველი ხალხის ურყევ მეგობრებს, აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს. ერთადერთი, რაც ახლა არის გასარკვევი, არის ის, თუ რა მოხდება 26 ოქტომბერს და აქაც, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, თანდათან ცხადი ხდება, რომ „ქართული ოცნება" ამ არჩევნებში მარცხდება. ეს არის მკაფიო, ამიტომ აშშ-ის ყველა გადაწყვეტილება უნდა იქნას აღქმული შემდეგნაირად, რომ ის, ვინც ეწინააღმდეგება და ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება", როგორც ანტიქართული მაფიოზური დაჯგუფება, ქართველი ხალხის ინტერესებს, მისი ადგილი დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროს ლიდერების გვერდით არ არის. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა საქართველოსთვის, მაგრამ ფაქტია და 26 ოქტომბერს აუცილებლად შეიცვლება", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, „ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომლებიც ამერიკისთვის მიუღებელია.
„რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მუქარაზე პასუხი. თუ აქამდე კობახიძე იტყუებოდა და ფარისევლობდა, რომ დადგება დრო, როცა საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთებაო, ბოლო დროს ამერიკის ელჩთან შეხვედრისას კი პირდაპირ თქვა, კი არ გადაიტვირთება, არამედ პოლიტიკა გადაიხედება, ეს ბოლო წვეთი იყოვო. ბუნებრივია, როდესაც მუქარის ენით ელაპაერაკებიან, ამერიკამ მაშინვე გამოაცხადა, რომ არჩევნებამდე საქართველოს ხელისუფლებასთან არავითარი კონტაქტები არ იქნება. უპრეცედენტო შემთხვევა იქნება თუ ირანის დელეგაცია იქნება იმ შეხვედრაზე და საქართველო არა. გარდა ამისა, ბევრი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ არა. აშკარაა, რომ საქართველო იმ ქვეყნების სიაში აღმოჩნდა, რომლებიც ამერიკისთვის მიუღებელია. პრინციპში შეხვედრაც არ იქნებოდა, პირველი პირები მიდიან, ხელს ართმევენ და სხდებიან, საუბარიც კი არ არის და წარმოიდგინეთ საქართველოს ხელისუფლებასთან ხელის ჩამორთმევაც კი არ უნდათ, რა შეხვედრაზეა საუბარი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ედიშერ გვენეტაძის აზრით კი, ეს არის იაფასიანი ტრიუკი, რომლითაც უნდათ ჩვენმა ოპოზიციამ ისარგებლოს.
„ჯერ ერთი თუ არ უნდოდა მიწვევა, რაღას პატიჟებდა. 1-2 დღეში რა შეიცვალა? უბრალოდ ეს არის იაფასიანი ტრიუკი, რომლის მეშვეობითაც უნდათ აქაური ოპოზიციის, სინამდვილეში მათივე „ძაღლიშვილების", გასუქება, ასეთია ჭიჭიკო ვაშაძე, გვარამია, მელია და ა.შ. მაგრამ არაფერი არ გამოუვათ. ეს ფაქტი არის დღევანდელი ადმინისტრაციის სამარცხვინო ქცევა. როგორც მე ვიცი, რა ხდება ჩინეთის პრეზიდენტის სუფრაზე, ისე იცოდა ბაიდენმა იქ საუზმე იყო, ვახშამი თუ სადილი. ბაიდენი გამოიყენეს და გააკეთეს ასეთი რაღაც. ვწუხვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამ დონეზეა დასული", -განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



