
„ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო წესრიგის წინააღმდეგ მოქმედებაში პირდაპირ ადანაშაულებს - მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „ქართულ ქარტიაში" ნახსენები ერთწლიანი ტექნიკური მთავრობის შექმნა, სახელმწიფოს დაკნინების ტოლფასია. გარდა ამისა ეჭვი შეაქვთ სხვა პუნქტებსა და ზოგადად იმაში, რომ საერთოდაც ოპოზიცია ქარტიაში გათვალისწინებულ პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებს.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არც პრეზიდენტის ქარტიაში ჩამოთვლილი პუნქტებია კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული და არც მისი აქტივობა თუნდაც პოლიტიკურ ძალებს შორის მედიაციის თვალსაზრისით. მისი თქმით, „ოცნების" ეს და მსგავსი განცხადებები მიმართულია ოპონენტების გაშავებისა და ხელისუფლების შენარჩუნებისკენ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ქარტიაში მრავალი კანონსაწინაარმდეგო პუნქტია. თუმცა, მისი თქმით, ამას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება, რადგან პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის ჩავარდნიდან ერთი წლის განმავლობაში შეუძლებელია, რომ პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლონ.
ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართული ქარტია" 26 მაისს წარუდგინა და პუნქტობრივად გააცნო. მისი თქმით, ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. 23 სექტემბერს დილით დოკუმენტზე ხელი მოაწერა ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიამაც და ფაქტიურად, არჩევნებში მონაწილე ოთხ მთავარ ოპოზიციურ ძალას აქვს ხელმოწერა ქარტიაზე - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ძლიერი საქართველო", „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „გახარია საქართველოსთვის".
ამასთან, მმართველი პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტმა ორი ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტის გაერთიანების მცდელობისთვისაც აკრიტიკებენ. მათი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არ წარმოადგენს ნეიტრალურ პოლიტიკურ ფიგურას.
რას ამბობენ პრეზიდენტზე და მის ქარტიაზე „ოცნებაში".
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი ქართველ ხალხს დაჰყურებს, როგორც „შეუმდგარ ერს", რომელსაც ხელისუფლების არჩევის უნარი არ აქვს.
„ე.წ. ქარტია, რომელიც ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას ერთი წლით, არის დოკუმენტი, რომელიც პრეზიდენტის პოზიციაზე მყოფმა ადამიანმა შეადგინა და საქართველო გამოაცხადა ბანანის რესპუბლიკად. ასეთი გვქონდა 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა საბჭოები იქმნებოდა. ამ დოკუმენტის შემდგენი და ხელი მომწერი ამბობს, რომ ქართველი ხალხი ვართ ბანანის რესპუბლიკა, რომელსაც არ გვაქვს უნარი, ჩვენი ხელისუფლება ავირჩიოთ და მან დემოკრატიულ ვადაში მართოს ქვეყანა.
„აქვე ჩანს, როგორ ხედავს ის ქართველ ხალხს. მისი ცნობილი გამონათქვამია „ხალხთან, მაგრამ ცოტა მაღლა" და მგონი ნამეტანი მაღლა ავიდა ქალბატონი სალომე და დაგვყურებს ქართველ ხალხს, როგორც შეუმდგარ ერს, შეუმდგარ სახელმწიფოს, რომელსაც უნარი არ აქვს ხელისუფლება აირჩიოს. ამით გამოგვაცხადა არანორმალურ ქვეყნად", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა კი „ქართული ქარტიასთან" დაკავშირებით აღნიშნა, რომ დოკუმენტი კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგაა მიმართული.
„ეს ქარტია არის არეულობის გარშემო და მიმართულია კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. არ შეიძლება მას ქარტია ეწოდოს იგი მიმართულია ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის წინააღმდეგ. მით უმეტეს, ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
წავიდა თუ არა პრეზიდენტი „კონსტიტუციური წესრიგის" წინააღმდეგ
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არც პრეზიდენტის ქარტიაშია რამე კონსტიტუციის საწინააღმდეგო და არც მის ქმედებებში.
„ქარტიაში განსაზღვრულია საპროგრამო საკითხები, თუ რა არის გასაკეთებელი და არცერთი ამ ჩამონათვალიდან კონსტიუციის საწინააღმდეგო არაა. „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მხრიდან პრეზიდენტის მიმართ არაერთი უსაფუძვლო ბრალდება მოგვისმენია და ესეც მორიგი ასეთი ბრალდებაა.
„არ არსებობს არანაირი აკრძალვა, რომ პრეზიდენტი თუნდაც ორი პოლიტიკური სუბიექტის გაერთიანების შუამავალი იყოს. თავად სუბიექტებს აქვთ უფლება გაერთიანდნენ? - აქვთ. თქვენ და მე გვაქვს უფლება ვიღაცას გაერთიანებისკენ, ან არგაერთიანებისკენ მოვუწოდოთ? - გვაქვს. პრეზიდენტსაც აქვს ეს უფლება. გაერთიანება და არგაერთიანება - არცერთია არაკონსტიტუციური და არც მეორე. შესაბამისად, მე აქ არაკონსტიტუციურს ვერაფერს ვხედავ, ამის მსგავსიც კი არაფერია", - განაცხადა ხმალაძემ.
მან „რეზონანსთან საუბრისას" ასევე შეაფასა მმართველი პარტიის ახალი ბრალდება პრეზიდენტის მიერ „კონსტიტუციური წესრიგის" საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებით.
„გაუგიათ, ალია მომკვდარაო და თავი საით აქვს, არ იციანო... ეს განცხადება ემსახურება იმას, რასაც ემსახურება „ქართული ოცნების" ყველა დანარჩენი განცხადება. პირველი - ეს არის ძალაუფლების როგორმე შენარჩუნება, ანუ ამომრჩეველთა დარწმუნება იმაში, რომ მე თუ არ ვიქნები, ქვეყანა დაიქცევაო. მეორე - გააშავოს ყველა, ვინც „ქართული ოცნების" ოპოზიციაშია, მათ შორის პრეზიდენტი. მიზანი ესაა, მეტი არაფერი", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტის ქარტიაში გაწერილი პუნქტებიც და მისი აქტიურობაც არაკონსტიტუციურია. ამბობს, რომ „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოში მას ვეღარ უჩივლებს, რადგან, კანონის თანახმად, ამისათვის პარლამენტში იმპიჩმენტის ჩავარდნიდან ერთი წელი უნდა გავიდეს.
„ე.წ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდი ხანია გასულია საკონსტიტუციო და საკანონმდებლო სივრციდან და ამას თავხედურად იმეორებს, რითაც ქართველ ერს შეურაცხყოფას აყენებს - 2018 წელს მისი ამომრჩევლის უდიდეს და გადამწყვეტ ნაწილს. ე.წ. ქარტიაში უამრავი უკანონო პუნქტებია. მაგალითად, რას ნიშნავს ე.წ. ტექნიკური მთავრობა, როგორ შეიძლება ეს ჩამოყალიბდეს პრეზიდენტთან კონსულტაციებით და „ენჯეოების" მონაწილეობით, ეს ხომ აბსურდია?
„არსებული საკანონმდებლო წესებით, პარლამენტში არჩეულ პარტიას, რომელიც უმრავლესობას - 76 ადგილს დაიკავებს, უფლება აქვს დაასახელოს მთავრობა და მას ამტკიცებს პარლამენტი 76 ხმით. შესაბამისად, მისი ეს ინიციატივა აბსურდია, ისევე, როგორც მისი მომრიგებლის როლი და პოლიტიკური მსაჯულის მანტიით ყოფნა. სასაცილო მდგომარეობაშია, მაგრამ მაგდენი არც ესმის, ის გარე დაკვეთას ბრმად ასრულებს.
„როცა ქარტიაში პირობებია ჩამოთვლილი, ხომ ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პირობებს, დათქმებს და წესებს ყოველთვის არღვევდნენ? ქარტია რომ თუნდაც კანონთან შესაბამისობაში იყოს, რა გარანტია აქვს, რომ ისინი შემდგომ ამ პირობების შესრულებაზე უარს არ იტყვიან? მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი - ნაცოპოზიციური პარტიები რატომ არიან დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებით მათ უმრავლესობა ერგებათ? ესეც ბლეფი, პოლიტიკური შულერობაა და თავიანთი ამომრჩევლის მოტყუებაა.
„რეალობა კი ისაა, რომ 26 ოქტომბერს მათ უარს ეტყვის და უდიდესი ალბათობით, „ქართული ოცნება" არათუ უბრალო, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა. მოსახლეობის უმრავლესობას მშვიდობა და მომავალი თაობის მავნებლური-გარყვნილი პროპაგანდისგან დაცვა სურს.
„პარლამენტში იმპიჩმენტის ჩავარდნიდან ერთი წლის განმავლობაში შეუძლებელია, რომ პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლონ. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის ბოლო პოლიტიკური გაფართხალება დარჩა ორბელიანების სასახლეში. ის რამდენიმე კვირაში პრეზიდენტის რანგში აღარ იქნება და როცა თავის ფავორიტი პარტიების სამარცხვინო დამარცხებას ნახავს, საქართველოს დატოვება მოუწევს. საზოგადოება მისნაირი ტოქსიკური ადამიანის ბოგინს ვერ აიტანს საჯარო სივრცეებში თუ „ნაცმედიაში", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



