
ეყოლება თუ არა საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი პროფესიული მთავრობა? ანალიტიკოსთა შეფასებით, თუკი „ქართული ოცნება“ დამარცხდა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილი ქართული ქარტიის რეალობაში განხორციელება შესაძლოა სერიოზულ დაბრკოლებებს წააწყდეს.
ქართული ქარტიის შესახებ პრეზიდენტმა ორშაბათს ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და ახალი ხელისუფლების დაკომპლექტების შესაძლო ვარიანტები განიხილა. სალომე ზურაბიშვილი კვლავ საუკეთესო ალტერნატივად პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული ტექნიკური მთავრობა დაასახელა. მისივე განცხადებით, მთავრობის დაკომლექტება მხარეებს შორის მძლავრი კონსულტაციებით უნდა განხორციელდეს და არა პოლიტიკური აქტორების მიერ დანიშნული პოლიტიკოსებით.
„მე გთავაზობთ, რომ ქარტიის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა მოსაზრებების პარტიები, საზოგადოება, ყველანი ერთად დავდგეთ და ვემსახუროთ საქართველოს“, - თქვა პრეზიდენტმა.
ამასთან, მან გარკვეული უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები თავისი საარჩევნო კამპანიისას პრაქტიკულად არ ახსენებენ ქართულ ქარტიას და არ საუბრობენ მასში მოცემული გეგმის შესარულებაზე.
შეგახსენებთ, რომ ქარტიის პირობების თანახმად, მისი ხელმომწერები თანხმდებიან, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ ძალაუფლებას ხელში აიღებს ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისგან შემდგარი კოალიციური უმრავლესობა. მან უნდა უზრუმველყოს დროებითი, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირება, რაშიც პრეზიდენტიც აქტიურად იქნება ჩართული.
ამ ტექნიკურმა მთავრობამ უნდა გაატაროს რიგი რეფორმები და ახალმა პარლამენტმაც უნდა მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. ეს ყველაფერი ერთი წლის განმავლობაში უნდა გაკეთდეს, როს შემდეგაც დაინიშნება ახალი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
ამ გეგმას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ უკვე მოაწერა ხელი. ბოლო ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია იყო, რომელიც ქარტიას 3 დღის წინ შეუერთდა.
თუმცა, ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. პირველ რიგში, ჯერ არჩევნების შედეგებზეა ბევრი რამ დამოკიდებული და მეორეც, არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ ქარტიის ხელმომწერი რომელიმე პარტია ტენქიკური მთავრობის შექმნაზე უარს არ იტყვის.
ოპოზიციის გამოხმაურება პრეზიდენტის გეგმაზე
ქარტიის ხელმომწერები პრეზიდენტის გეგმას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ კონსულტაციისთვის მზად არიან. თუმცა, მათ განცხადებებშიც არის მინიშნებები, რომ სხვადასხვა დეტალებზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ის ცვლილებები და სარეფორმო ნაბიჯები, რომელიც გაწერილია ქართულ ქარტიაში, რაც შეიძლება სწრაფად არის გადასადგმელი.
„ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებასთან ერთად, უნდა დასრულდეს ერთი კაცის მმართველობა, რუსული ოლიგარქიული მმართველობის სტილი. ეს არის სწორედ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რომ, „მე ვარ და ჩემი ნაბადის“ პოლიტიკა, ერთი კაცის მმართველობა და ჩრდილოვანი გადაწყვეტილების მიღება და კონსტიტუციური ჩარჩოსგან გასული სისტემა შევცვალოთ. ის ცვლილებები, რომელიც აუცილებელია და რეფორმები, რომელიც გაწერილია ქარტიაში, არის სწორედ იმ შინაარსის მატარებელი, რომელზეც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვმუშაობთ და მიგვაჩნია, რომ ეს სარეფორმო ნაბიჯები რაც შეიძლება სწრაფად არის გადასადგმელი", - ამბობს ნაცვლიშვილი.
კოალიცია „ცვლილებებისთის“ წევრი ზურა ჯაფარიძე ბოლომდე არ იზიარებს იდეას, რომ პარტიები პოლიტიკური პროცესიდან ჩახნილი უნდა იქნან და ტექნიკური მთავრობა მხოლოდ პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდეს.
„მე არ ვარ იმის მაინცდამაინც ბოლომდე მხარდამჭერი, რომ პოლიტიკური პროცესიდან პარტიები აქედან ჩახსნილი იყოს. ამიტომაც იყო ჩაწერილი, რომ ეს უნდა მოხდეს კონსულტაციების გზით, ამაზე იყო შეთანხმება.
„პრინციპი არის მთავარი - რომ ეს არის დროებითი ამბავი, რომ ეს არჩევნები შეუძლებელია იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ამიტომ ახლა ვართ რეფერენდუმის წინაშე. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა დაუბრუნდება თუ არა თავის ბუნებრივ, ისტორიულ, ევროატლანტიკურ განვითარების გზას და ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.
„ეს იყო, მათ შორის, სხვადასხვა პარტიებისთვის რაღაც კითხვის ნიშნის ქვეშ საკითხი და ამის გამო იყო სხვადასხვა დათქმები. ჩვენ სამი პარტია - „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“, სანამ კოალიცია შეიკრებოდა, მანამდე შეუერთდა ამ ქარტიას, ყველანაირი დათქმების გარეშე. ამიტომ ამ პრინიპებს, რომლებიც არ ეხება რეფორმებს, არამედ იმას, თუ რა მოხდება მომავალში, უახლესი 1-2 წლის განმავლობაში, ვიზიარებთ სრულად", - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი ამბობს, რომ პრეზიდენტის შეთავაზებაზე 26 ოქტომბერის არჩევნების შემდეგ უნდა გაიმართოს პოლიტიკური კონსულტაციები.
„უდაოდ მნიშვნელოვანია საყოველთაო მობილიზაცია, რომ ის გადაწყვეტილება, რაც ქართველ ხალხს უკვე მიღებული აქვს - და ეს გადაწყვეტილება არის, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს - ეს გადაწყვეტილება გაფორმდეს 26 ოქტომბერს. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური კონსულტაციები“, - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ვის რა წილი ექნება ახალ მმართველ კოალიციაში
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება საკმაოდ რთულად და პრობლემურად წარმოუდგენია. ძაბირაძე ფიქრობს, რომ ეს მნიშვნელვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, ოპოზიცია როგორი მოცემულობით შევა პარლამენტში.
„პარლამენტში ოპოზიციის განლაგება განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად რეალურია ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნა. თუ დეპუტატთა რაოდენობა მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა (მთავარ ოპოზიციური ძალებს შორის), ასეთი მთავრობის შექმნა მოსალოდნელია. თუმცა, თუკი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი იმდენად დაწინაურდა, რომ ორი ან სამი სუბიექტისგან იქნა კოალიცია ჩამოყალიბებული, მაშინ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება ძალიან რთული იქნება.
„ახლა ოპოზიციურ ფლანგზე თუ რომელიმე პარტიას უფრო მეტი პროცენტი ჰქონდა და მან უარი თქვა ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაზე, რა თქმა უნდა, გაჭირდება მისი შექმნა. აქ ძალიან ბევრი პრობლემა იკვეთება და ამიტომ ვფიქრობ, რომ ასე მარტივი არ არის.
„ასევე არ მესმის ქარტიაში მოცემული სხვა პირობები, სადაც ჩამოთვლილია რეფორმები, რომელთა გატარებაც ერთ წელიწადში უნდა მოხდეს. ამ დროში ეს პრობლემები რამდენად მოგვარდება, ეს ერთი საკითხია და მეორეა - თუ ასეთი პორბლემები უნდა მოგვარდეს და მართლა გატარდა ეს რეფორმები, მაშინ რა აუცილებლობას წარმოადგენს ხელახალი არჩევვნების ჩატარება?!
„ვფიქრობ, აქ სერიოზული ლაფსუსია. ქარტია, როგორც დოკუმენტი, მთლიანობაში საკმაოდ ნედლ შთაბეჭდილებას ტოვებს და პოლიტიკურად არ აქვს ის დატვირთვა, რომლის გარშემოც ოპოზიციის გაერთიანება რეალურია“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, ამ დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიებიდან ბევრი შესაძლოა მის სულისკვეთებას საერთოდ არ იზიარებს და უბრალოდ უფრო პიარის გამო მოაწერეს ხელი.
„რაც უფრო ახლოს მივალთ არჩევნებთან, ზოგიერთი ოპოზიციონერის დამოკიდებულება ამ ქარტიის მიმართ კიდევ უფრო ცხადი გახდება. ხოლო არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, რეალობა სრულიად სხვა იქნება და საერთოდ მგონია, რომ ეს ქარტია არავის აღარ ემახსოვრება. ოპოზიციური პარტიების მხრიდან მგონია საერთოდ სხვა მოთხოვნები გაჩნდება.
„მე არ მესმის ასევე ამ მთავრობის დაკომპლექტება პრეზიდენტის მონაწილეობით როგორ მოხდება. ლამის პრემიერის კანდიდატურაც კი პრეზიდენტმა უნდა წამოაყენოს. რამდენად შესალებელია ქართულ რელობაში ამის გაკეთება, მართლა აღარ ვიცი უკვე.
„საუბარია ასევე იმაზე, რომ ოპოზიცია პრეზიდენტობის და პრემიერობის კანდიდატზე შეთანხმდება, მაგრამ ესეც არ მჯერა. როგორც ჩანს, ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ თუკი ოპოზიცია გაიმარჯვებს, ის მეორე ვადით კვლავ პრეზიდენტი იქნება. თუმცა, არც ამაში ვარ დარწმუნებული. მე მის ადგილას ამ პარტიებს მაინც და მაინც არ ვენდობოდი“, - ამბობს ძაბირაძე.
პრემიერობის ერთიანი კანდიდატი და სხვა პრობლემური საკითხები
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება ნამდვილად კრგი იდეა და გამოსავალია იმისთვის, რომ „ოცნება“ ქვეყნის მართვის სადავეებს ჩამოაშორონ. თუმცა, როგორც ჩიტაძე „რეზონანსთან“ ამბობს, პრაქტიკაში ამის განხორციელება, სხვადასხვა მიზეზების გამო, არც ისე მარტივი იქნება.
„რა თქმა უნდა, იდეაში პრეზიდენტის ინიციატივა კარგად გამოიყურება, მაგრამ პრაქტიკაში ამას რამდენად ექნება შემდეგ განხორციელება, ესაა მნიშვნელოვანი. ყველზე მთავარია ახლა პრემიერის კანდიდატზე თუ შეთნხმდებიან ეს ქარტიაზე ხელმომწერი პარტიები და საზოგადოებას წესით არჩევნების წინაც უნდა წარუდგინონ, თუ ვის მოიაზრებენ. თუმცა აქაც მგონია, რომ გარკვეული წინააღმდეგობები გაჩნდება. შესაძლოა ადამიანი იყოს უპარტიო, მაგრამ მას პოლიტიკური გემოვნება ჰქონდეს. უფრო დაახლოვებული იყოს, მაგალითად, ენმ-სთან, ან რომელიმე სხვა ოპოზიციურ პარტიასთან. ესეც კი შესაძლოა დაპირისპირების მიზეზი გახდეს.
„სამწუხაროდ, როგორც ვიცი, კონსტიტუციით დროშიც შეზღუდულები იქნებიან და 2 კვირა ექნებათ, რომ მთავრობა დააკომპლექტონ. ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება ოპოზიციაში ვინ აიღებს ყველაზე მეტს ხმას. ძალთა ბალანსს ექნება გავლენა პროცესებზე. ახლა რომელიმე კოალციამ სხვაზე უფრო მეტი ხმა რომ აიღოს, ფაქტია, რომ მას მეტი მოთხოვნა ექნება.
„აქ მნიშვენლოვანი იქნება ასევე ძალოვანი მინისტრების დაკომპლექტების საკითხიც, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტებია. აქაც წავა მგონია უკმაყოფილება და დისკუსია, თუ ვინ რა თანამდებობა უნდა დაიკავოს. ამიტომ ცოტა რთულად წარმომიდგენია ქარტიას რამდენად ექნება არჩევნების შემდეგ სრულად მოცემული სახით აღსრულების შესაძლებლობა“, - ამბობს ჩიტაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



