ნატალია ჯვარიძე
(24.09.2024)

ე.წ. კადიროველების, ანუ ჩეჩნური ბატალიონ „ახმატის" მეთაური აპტი ალაუდინოვი ამტკიცებს, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლმა ქართველებმა კურსკის ოლქში ერთ-ერთი სოფელი გაძარცვეს. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ერთგვარი „შურისძიებაა" ქართველ მებრძოლებზე, რომელთაც ახლახანს ბრძოლისას „ახმატის" წევრები ტყვედ აიყვანეს. ან, შესაძლოა, ალაუდინოვი ანალოგიური მიზეზის გამო თავად ჩეჩენ მებრძლებთან დაკავშირებით ატეხილი სკანდალის გადაფარვას ცდილობს.

„როგორც ჩანს, ქართველი ლეგიონის მებრძოლები სისხლს უშრობდნენ რუს ოკუპანტებს და ამით აშკარად ამზადებენ ნიადაგს, რომ ქართველ მებრძოლებზე ნადირობა გამოცხადდეს, ვინაიდან ისინი მაღალი საბრძოლო უნარებით გამოირჩევიან. ეს ყველაფერი ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ", - განაცხადა სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიმ „რეზონანსთან" საუბრისას.

ალაუდინოვმა პროპაგანდისტულ თოქ-შოუ „სალავიოვ ლაივში" განაცხადა, რომ კურსკის ოქლის სუჯის რაიონის სოფელი პოგრებკი ქართველმა მებრძოლებმა პირწმინდად გაძარცვეს და ასევე ადგილობრივი ბიზნესმენის ქონებაც გაიტაცეს.

„ქართულმა ფორმირებებმა იქიდან (პოგრებკიდან) გაიყვანეს ყველა ტრაქტორი და წაიღეს ხორბალი. მოროდიორები არიან, უბრალოდ საშინელებაა", - თქვა ალაუდინოვმა.

ვახტანგ მაისაის აზრით, ალაუდინოვმა სხვადასხვა მიზეზის გამო გადაწყვიტა ქართველი მებრძოლების დადანაშაულება და დისკრედიტირება.

„ალაუდინოვს სიმართლეც კი არ დაეჯერება. ეს არის ფსიქოლოგიური ომის ერთ-ერთი მეთოდი და ისიც ამაშია ჩართული. რაღაც მორიგი ტყუილი ხომ უნდა ეთქვა და მოიგონა ახლა ეს. თვითონ რომ „გამოიჩენდნენ" ხოლმე თავს - წვავდნენ და თავს ესხმოდნენ ობიექტებს უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე - ამაზე აღარ ვლაპარაკობ. თავისთან მოიკითხონ მსგავსი რაღაცები. „ჩემი შენ გითხარიო" - ზუსტად ამაზეზეა ნათქვამი.

„აღსანიშნავია ისიც, რომ მე როგორც ვიცი ჩემი უკრაინელი მეგობრებისგან, ბატალიონ „ახმატის" ბრიგადის მებრძოლების, ანუ კადიროველების დატყვევებაში ჩვენებს დიდი წვლილი მიუძღვით და როგორც ჩანს, ეს ბატონ ალაუდინოვს ძალიან მწარედ მოხვდა.

„ქართველი მებრძოლები ყველაზე რთულ ოპერატიულ გარემოში არიან. შეიძლება, ითქვას უკვე სამხედრო შენაერთიც არის. კონკრეტულად ვერ გეტყვით ფრონტის რომელ მონაკვეთზე არიან განაწილებული, რადგან, ალბათ, სასურველი არაა. თუმცა ვიტყვი იმას, რომ სადაც საჭიროა, სწორედ იქ არიან. სამხედრო საიდუმლოა და არც იმის თქმა შემიძლია რამდენი არიან.

„მტრები ცდილობენ, რომ ფსიქოლოგიური ომის კუთხით განიხილონ ჩვენი ბიჭების გმირობა. ფაქტია, ალაუდინოვის ეს ფეიკნიუსი კარგად აჩვენებს რამდენად გამორჩეულები არიან", - განაცხადა ვახტანგ მაისაიმ.

გენშტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-მაიორის ვახტანგ კაპანაძის აზრით კი, ეს არის თავად ჩეჩნურ ბატალიონთან დაკავშირებული სკანდალის გადაფარვის მცდელობა.

„რა თქმა უნდა, ეს რომ პროპაგანდის ნაწილია, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ეს ალბათ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გამოჩნდა კადრები, სადაც „ახმატის" წევრები სოფელს ძარცვავენ. შესაძლოა ეს არის მცდელობა, რომ თუკი კავკასიური გარეგნობის სამხედრო მოსამსახურე რაღაცას ჩაიდენს, ქართველებს დაბრალდეს. ჯერ იყო პოლონელებზე წერდნენ, მერე ქართველებზეც იყო რაღაცები. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდა.

„ზოგადად, ალაუდინოვი ბევრს ლაპარაკობს და ცოტას აკეთებს. მგონი უმჯობესია თავის საქმეს და თავის ბატალიონს მიხედოს, ვიდრე ქართველები ადანაშაულოს.

„არ ვიცი ზუსტად რამდენი ქართველი სამხედროა ფრონტის ხაზზე. თუმცა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, კურსკის ოლქშიც არიან და აღმოსავლეთ ფრონტზეც. რამდენიმე ქართული დანაყოფია და ბევრ მიმართულებაზე იქნება გადანაწილებული", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე