
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკვე რამდენიმე დღეა ნიუ იორკში იმყოფება და 25 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. ამ ვიზტის წინ აშშ-მა საქართველოს 60 მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, 4-ს კი, მათ შრის შსს-ს 2 მაღალჩინოსანს - ფინანსური სანქციები. ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ საქართველოს პრემიერი, რომელიც ამ სტატუსით პირველად სტუმრობს აშშ-ს, ამ ვიზიტს სწორედ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დალაგებისათვის გამოიყენებდა. რას შეცვლის ამ მხრივ კობახიძის ვიზიტი და რა განცხადებებს უნდა ველოდოთ მისგან გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას?
„ურთიერთობა შეიძლება იყოს რეალური და საჩვენებელი (პიარურთიერთობა). რეალური როგორიც იყო, ისე დარჩება. რაც შეეხება პიარს, ამერიკა რომ იძახის - ჩვენ ასე და ისე გიზამთო, ეს შეიძლება გაგრძელდეს და ამ ვიზიტთან ამას მგონი კავშირი არ ექნება" , - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ ამ საკითხზე „რეზონანსთან" საუბრისას.
ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ 25 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ კობახიძის გამოსვლა ისეთივე იქნება, როგორიც ორშაბათს გამართულ „მომავლის სამიტზე".
„ირაკლი კობახიძის გუშინელი გამოსვლა აბსოლუტურად წყალწყალა და არაფრის მთქმელია. აშშ-ში მისი ჩასვლით არც არაფერი გაკეთებულა და არც გაფუჭებულა. მის ნაცვლად ნებისმიერი სხვა რომ ჩასულიყო, არ აქვს მნიშვნელობა, მაინც იგივე შედეგი იქნებოდა - მხოლოდ პროტოკოლური შეხვედრები, ქცევები, სადღეგრძელოები და მეტი არაფერი. ასე იქნება ხვალიდნელ გამოსვლაშიც".
„მომავლის სამიტი" და შეხვედრა გაეროს გენმდივანთან
ირაკლი კობახიძე მესამე დღეა ამერიკაშია და ამ ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო „მომავლის სამიტზე", სადაც სიტყვის გამოსვლისას ისაუბრა ზოგად თემებსა და საქართველოს დამოკიდებულებას მსოფლიოსთან მიმართებაში.
„სამი წლის წინ, გაეროს გენერალურმა მდივანმა შემოგვთავაზა მომავლის სამიტის ჩატარება, რომლის მიზანი იყო გლობალური კონსენსუსის მიღწევა უკეთესი აწმყოსა და შემდგომი თაობებისთვის უფრო დაცული მომავლის შესაქმნელად. დღეს ეს ხედვა რეალობად იქცა, რასაც მოწმობს ჩვენი დღევანდელი შეკრება, რათა აღვადგინოთ ნდობა და ვიპოვოთ გადაწყვეტილებები უკეთესი მომავლისთვის.
„თანამედროვე სამყაროში, რომელიც უფრო კომპლექსური და სწრაფად განვითარებადია, სამართლიანი მომავლის მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია, პანდემიის შედეგებიდან დაწყებული, კონფლიქტებითა და სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებით დამთავრებული.
გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებამ აჩვენა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მხოლოდ 17%-ია მიღწეული, რაც ჩვენგან მეტ აქტიურობას მოითხოვს. ამ კონტექსტში, მომავლის სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა გლობალური თანამშრომლობისა და მულტილატერალიზმის ძალის საჩვენებლად. საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს ამ მიზნების მისაღწევად, რათა შესრულდეს 2030 წლის მიზნები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა და როგორ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობის მნიშვნელობას.
„აღინიშნა საქართველოს წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის პროცესში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რას შეცვლის აშშ-ში კობახიძის პირველი ვიზიტი
პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ნიუ-იორკში ირაკლი კობახიძის ვიზიტი აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე ვერანაირად ვერ იმოქმედებს.
„ირაკლი კობახიძე როგორც გუშინ სადღეგრძლოების დონეზე გამოვიდა, ისე იქნება ხვალაც. მნიშვნელოვანს არაფერს ველოდები. მან რაც არ უნდა სკანდალური რამ თქვას, ამას არანაირი აზრი არ აქვს, ვინაიდან გაერო მნიშვნელოვანია თავისი რეზოლუციებით. თუ, რა თქმა უნდა, არ განაცხადა ისეთი სკანდალური რაღაც, როგორიცაა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ვაღიარებთო.
„ყოველ შემთხვევაში, მე არ მგონია, რომ მისი გამოსვლის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში რამე შეიცვლება. აქამდე რომელი ქართველი პირველი პირი გამოსულა გაეროში - ედუარდ შევარნაძე, მიხეილ სააკაშვილი ან სხვა - რომ მას შემდეგ რამე მნიშვნელოვანი მომხდარიყო? ეს არ არის ის ადგილი, სადაც პოლიტიკა კეთდება. იქ პირველი პირები თავს იწონებენ და რაღაცნაირად თავიანთ პოზიციებს გამოხატავენ, რომლის გაგრძელებაც გაეროში არ ხდება, ეს უფრო შიგნით, სახელმწიფოებში. ასე რომ, განსაკუთრებულს არაფერს ველოდები.
„ეს გაეროს ღონისძიებაა და ამერიკასთან საერთო არაფერი აქვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხვალინდელ დღეზე არ იქნება ამერიკა ნახსენები. ეს ეხება ზოგადად საქართველოს პოლიტიკას, რეგიონში მიმდინარე პროცესებს, საქართველოს დამოკიდებულებას მსოფლიოსთან და რა ხდება მსოფლიოში - ამაზე რეაგირება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
რამაზ საყვარელიძის აზრით კი, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში დრამატული არაფერი ხდება დაა მუდმივი საუბარი ურთიერთობების დაძაბვასა და საქნციებზე არასერიოზულია.
„ახლა მიდის საუბარი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, თუმცა გაუგებარია ეს როგორ მოხდება, თუკი ირაკლი კობახიძეს ამერიკაში ნავარდის უფლება აქვს. რაც შეეხება სერიოზულ რეაქციას, მიმაჩნია, რომ საერთოდ ამ დაძაბულობის წინ წამოწევა, სანქციებზე აქცენტი და ა.შ., არ არის სერიზული მოვლენა. ჩვენ წინაზე ვნახეთ 30 კაცი რომ დაასანქცირეს, ახლა 60-ზე ემზადებიან. არც მაშინ და არც ახლა რამე დრამატული არ მოხდა, ხელისუფლებას არც იქ შეეხნენ, მხოლოდ 4 კაცი იყო, რომელიც გაუგებარიც კია რატომ დასანქცირდნენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე მრჩება შთაბაჭდილება, რომ დასავლეთი და აშშ სანქციებს საფრთხობელად იყნენებს იმისთვის, რომ ხალხი დაფრთხეს და ხმა „ქართულ ოცნებას" არ მისცეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



