
კოალიცია „ძლიერი საქართველოს" და პარტია „გახარია-საქართველოს" შეთანხმების ჩაშლაზე მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ანალიტიკოსების შეფასებით კი ერთადერთი, ვისაც მეტ-ნაკლებად შეუძლია ამ საკითხს ნათელი მოჰფინოს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. ბევრი გაერთიანების ჩავარდნის რეალური მიზეზის გასაჯაროების აუცილებლობაზეც საუბრობს.
„ჩემი აზრით, გახარია და ხაზარაძე მეტ მნიშნელოვანს აღარაფერს იტყვიან, ერთადერთი სალომე ზურაბიშვილი რჩება, რომელიც, არ ვიცი, გააკეთებს თუ არა ამაზე განცხადებას, წესით უნდა გააკეთოს იმიტომ, რომ ის იყო ამ გაერთიანების ინიციატორი, რადგან არც მამუკა ხაზარაძე და არც გიორგი გახარია ადრე ამაზე სიტყვასაც არ ძრავდნენ, ვიდრე პრეზიდენტი მათ არ მოიწვევდა", - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან"
შეგახსენებთ, „გახარია საქართველოსთვის" და „ძლიერ საქართველოს" შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. როგორც ექსპრემიერის პარტიაში ამბობენ, „მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია". თუმცა, აღნიშნავენ, რომ მათ პარტიასა და „ლელოს" შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობაზე.
თავის მხრივ, „ძლიერ საქართველოში" აცხადებენ, რომ „გახარიას შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს თავად აუხსნას პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა შეთანხმებაზე". როგორც ხაზარაძემ თქვა, მზად იყო, გუშინ პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, თუმცა 15:00 საათზე გახარიამ დაურეკა და უთხრა, რომ შეთანხმებაზე უარს ამბობდა და შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა.
როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მედიასთან ამბობს, „თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება და საბოლოოდ მივიღებთ იმას, რომ ეს გაერთიანება არ შედგება, სწორი იქნება პრეზიდენტმა გააკეთოს განცხადება, ამასთანავე, გამოქვეყნდეს შეთანხმების ტექსტი, რათა ვიმსჯელოთ, რომელმა მხარემ დაუშვა შეცდომა".
„ორივე მხარე ასახელებს არგუმენტებს. ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებები შეჩერდა, თუმცა ჩემი შეფასებით, საკითხი დახურული არ არის, სამწუხარო ფაქტია. ვისურვებდი, ეს მოლაპარაკებები განახლდეს და რეალური შედეგით დასრულდეს.
ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ მოლაპარაკებებში არსებობს ერთი ნეიტრალური მხარე - პრეზიდენტი. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სასახლეში მივიდა შეთანხმებულ ტექსტზე ხელმოსაწერად. თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება და საბოლოოდ მივიღებთ იმას, რომ ეს გაერთიანება არ შედგება, სწორი იქნება პრეზიდენტმა გააკეთოს განცხადება, ამასთანავე, გამოქვეყნდეს შეთანხმების ტექსტი, რათა ვიმსჯელოთ, რომელმა მხარემ დაუშვა შეცდომა.
თავიდანვე დიდად აღფრთოვანებული არ გახლდით „თავისუფლების მოედნის" შეერთებით, არ მესმოდა და არ მესმის, რატომ იყო საჭირო მათი ამ გაერთიანებაში ჩართვა. მიუხედავად ამისა, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება. ბუნებრივი პროცესია ის, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს იმასთან დაკავშირებით, რომ ალიანსს არ მიესალმებოდნენ.
თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ამ ოთხეულში წამყვანი ძალა „ლელოა" და არა „თავისუფლების მოედანი", რომლის ელექტორალური მხარდამჭერი კაცმა არ იცის რა არის, მაშინ რაზე ვსაუბრობთ? არ შემიძლია ზუსტი შეფასება, თუ რომელმა მხარემ მიიღო ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება. როდესაც კი პრეზიდენტის მხრიდან გაკეთდება განცხადება, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მოვერიდები. ჩემს პოზიციას დაუფარავად ვიტყვი.
თუ ეს მოლაპარაკებები ჩაიშლება, შეთანხმებული ტექსტი და პრეზიდენტის განცხადება ორიენტაციის მომცემი იქნება, ვინ ფიქრობს რეალურად ქვეყნის მომავალზე და ვის ქვეყნის მომავალთან ერთად პრობლემები აქვს და რაღაც აწუხებს", - აღნიშნა ძაბირაძემ.
ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი შესაძლოა ბევრი სენსიტიური მომენტებიც ამოტივტივდეს, რამაც გასაჯაროებას ხელი შეუშალოს.
„მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი პიროვნება, ვისაც შეუძლია ამ საკითხს მეტ-ნაკლებად ნათელი მოჰფინოს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და რომელმაც სავარაუდოდ, იმაზე მეტი იცის და იმაზე მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე გახარია-ხაზარაძეს, რომლებიც შეთანხმების ჩაშლას ერთმანეთს აბრალებენ. რამდენად მოისურვებს ერთი, მეორე ან მესამე მხარე ამ საკითხის გასაჯაროებას, სადაც შეიძლება ბევრი სენსიტიური მომენტებიც ამოტივტივდეს, ეს უკვე პოლიტიკის საკითხია, ვინაიდან პოლიტიკური თუ პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით, რაღაც ექვემდებარება გასაჯაროებას, რაღაც არა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
რამაზ საყვარელიძე მედიასთან ამბობს, რომ საერთოდ გაერთიანება მხარეებისთვის მაინც და მაინც მისაღები არ იქნებოდა, რადგან მათ სხვადასხვა ამომრჩევლები ჰყავთ. მისივე აზრით, ეს პრეზიდენტის იდეა იქნებოდა, რომელზეც მხარეებმა უარი ვერ უთხრეს.
„არც გახარიას და არც ხაზარაძეს არ უთქვამს: „ნეტავ ერთად ვიყოთ". არ იყვნენ იმ მდგომარეობაში, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ერთობის სურვილი გამოეთქვათ. ჯერ სხვებმა დაუწყეს შეძახილები გაერთიანებაზე და ახლა პრეზიდენტმა თქვა, არიქა, გაერთიანდითო. პრეზიდენტს უარი ვერ უთხრეს და ამ კამპანიას შეებნენ. გაუგებარია, რატომ უნდა გაერთიანებულიყვნენ. წარსული არ მიგვანიშნებს, რომ მათ ერთად პოლიტიკური ცხოვრება შეეძლებათ, თან ამომრჩეველი აბსოლუტურად სხვადასხვა ჰყავთ. ხაზარაძის ამომრჩეველი უფრო ემხრობა „ნაციონალებს", გახარიას ამომრჩეველი კი მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე „ქართული ოცნებისკენ" არის გადახრილი. თითოეულს აქვს იმედი, რომ ბარიერს გადალახავენ. ესენი რომ შეერთებულიყვნენ, შესაძლოა, უფრო ნაკლები მიეღოთ. ამომრჩევლები შეხმატკბილებულებიც არ არიან, ან სახლში დარჩებოდნენ, ან სხვას მისცემენ.
ეს მათ იციან, პრეზიდენტმა კი არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს. პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა. ამათ იციან, უბრალოდ, უარი ვერ უთხრეს.
ხაზარაძესთან ბევრი სუბიექტია, რომელსაც დამოუკიდებელი პოლიტიკური პრეტენზია აქვს. ეს ერთ-ერთი საკვანძო მიზეზიც გახდა. ამ სუბიექტებმა საკუთარი ადგილი „გაინაღდეს", ჯერ ისინი უნდა ყოფილიყვნენ და შემდეგ გახარია. ასეთ დროს, როდესაც 5 სუბიექტის შემდეგ მეექვსედ გიშვებენ როგორც სტუმარს, ბუნებრივია, არც გახარიას ექნებოდა დიდი სურვილი ასეთ გაერთიანებაში მონაწილეობის. გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები ჰქონოდათ შედეგი, ხმები დაეკარგათ. გაუგებარია, რატომ აიტეხეს, რომ ესენი უნდა გაერთიანდნენ. არსებობს „ნაციონალურ მოძრაობაზე" დაყრდნობილი რამდენიმე პარტია, მათ გაერთიანებაზე ეზრუნა პრეზიდენტს, უფრო მეტი საერთო ძირია", - აღნიშნა საყვარელიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



