
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ახლებს" გაერთიანება შესთავაზა, თუმცა მელია-გვარამიაგსან დუმილია. ენმ-ში კი ამბობენ, რომ პარტიის „კარი პარტნიორობისთვის ღიაა". როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ეს ორი ძალა გაერთიანდება თუ არა, მხარდამჭერთა ჯამური რაოდენობა დიდად არ შეიცვლება, თუმცა შესაძლოა პარტია „ახალმა" „ევროპული საქართველოს" ბედი გაიზიაროს, თუ დამოუკიდებლობას არ შეინარჩუნებს.
„ენმ და „ახლები" გაერთიანდებიან თუ არა, მხარდამჭერთა ჯამური რაოდენობა ამით დიდად არ შეიცვლება. „ახლების" ძირითადი მხარდამჭერი ის პოლიტიკური ელექტორატია, რომელიც თავის დროზე „ნაცმოძრაობას" უჭერდა მხარს. ეს ელექტორატი ჯერჯერობით თავის არჩევანშია ჩამოყალიბებული, ენმ-დან შორს არ მიდიან. აქ მეორე თემაა, როცა სააკაშვილმა ახლებს გაერთიანება შესთავაზა, საკითხი იდგა ხაზარაძე-გახარიას გაერთიანებაზე. თუ ეს გაერთიანება შედგებოდა, საფრთხის ქვეშ იდგა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" წამყვან ოპოზიციურ ძალად დარჩენილიყო.
„ზოგადად არჩევნებისთვის ეს გაერთიანება ბევრს არაფერს შეცვლის. აქ საკითხი დგას იმაზე თუ „ახლები" როგორ აპირებენ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას - თუ ისინი ფიქრობენ, რომ „ახალი" დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა იყოს, რომ მომავალში დამოუკიდებელი პარტიული საქმიანობა გააგრძელონ, მათთვის ენმ-სთან გაერთიანება წამგებიანია. თავის დროზე, ასეთი შეცდომა „ევროპულმა სქართველომ" დაუშვა, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ვაშაძეს დაუჭირა და ამით ის ელექტორატი, რომელიც მას უჭერდა მხარს, მთლიანად ისევ ენმ-ს ჩააბარა, ანალოგიური მოხდება აქაც. თუმცაღა, თუ ახლები ამას არ გააკეთებენ, თავიანთ საქმიანობას სწორად წარმართავენ და დამოუკიდებელ პოზიციას შეინარჩუნებენ, მაშინ მომავალ პერსპექტივაში ნელ-ნელა შიძლება „ნაცმოძრაობის" ელექტორატი „ახლებთან" გადალაგდეს.
„ეს გაერთიანება ოპოზიციურ ფლანგზე ზოგად სურათს ვერ შეცვლის, ვერც ელექტორალური და ვერც სხვა თვალსაზრისით, მაგრამ ამ პარტიების მომავალი საქმიანობის პერსპექტივას ნამდვილად შეცვლის",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე „ახლებს" მიმართა და გაერთიანება შესთავაზა.
„მივესალმები ორი პოლიტიკური სუბიექტის „ლელოს" და გახარიას გაერთიანებას იმიტომ, რომ ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ჩემი ინიციატივა თავიდანვე იყო, რომ ყველანი გავერთიანებულიყავით. ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების" მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ. რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, მით უფრო ძლიერი ვიქნებით. „ნაციონალური მოძრაობა" ძალიან ბევრი ახალი სახით, ახალი იდეებით, ახალი ენერგიით არის. ჩვენ აჭარა დავიბრუნეთ და აფხაზეთსაც დავიბრუნებთ. ვიცით, რა შეცდომები დავუშვით და ამის გამოსწორებასაც ვაპირებთ, მაგრამ იმდენი მიღწევა გვაქვს, ამას ვერავინ გადაფარავს", - განაცხადა სააკაშვილმა.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განაცხადებით, ის იზიარებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას - გაერთიანებისკენ.
„როგორც „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე - მივესალმები და ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი თავმჯდომარის, გუშინდელ მოწოდებას გაერთიანებისკენ. „ნაციონალური მოძრაობის" და ჩვენი კოალიციური პარტნიორების კარი ღიაა პარტია „ახალისთვის" და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის. ჩვენ მზად ვართ, სისრულეში მოვიყვანოთ პრეზიდენტი სააკაშვილის მოწოდება გაერთიანებაზე, რადგან ღრმად გვწამს სიტყვების, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ხელით დაწერა საქართველოს ეროვნული გერბზე - ძალა ერთობაშია. ძალა მართლაც ერთობაშია. ძალა ევროპაშია. მჯერა ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში", - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



