
დიდი კოალიციური ერთობა ამ ეტაპე ვერ შედგა - სამდღიანი მოლაპრაკებები, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილის მედიატორობით მიდიოდა, ჩაიშალა. მხარეები განსხვავებულ ვერსიებს ასახელებენ. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ შეთანხმებაზე ბოლო მომენტამდე მზად იყო და ყველა „პარიტეტული“ საკითხი მანამდე მოგვარდა. ამიტომ უკვირს გახარიას პარტიის პოზიცია, რომელიც მოლაპარაკებების ჩაშლაზე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს. თავის მხრივ გახარიას პარტიაში იფიცებიან, რომ მართალია, ხაზარაძესა და ექსპრემიერს შორის შეთანხმება შედგა, თუმცა ის „ძლიერი საქართველოს“ კოალიციის სხვა წევრებმა არ მოიწონეს.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით.
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მისი კოალიცია მზად იყო ხელმოწერისთვის და ელოდებოდა პრეზიდენტის მიერ დანიშნულ დროს.
„ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე. არ ვიცი, რა შეიცვალა" - უთხრა მედიას „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა.
ხაზარაძე ხაზგასმით ამბობს, რომ ის მოლაპარაკებებში კოალიციის სახელით მონაწილეობდა.
„მე რახან აქ ვლაპარაკობ და დღეს მოვდიოდი ხელმოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციის სახელით“, - დასძინა მან.
მიიჩნევს, რომ ქვეყანას დღეს იმაზე მაღლა დადგომა სჭირდება, ვიდრე ტექნიკური საკითხებია და სწორედ ამის გამო დაიწყო გახარიას გუნდთან მოლაპარაკებები.
„საბოლოო ჯამში, ბევრი დოკუმენტი გამიფორმებია, ბოლო მომენტამდე არის ვნებათაღელვა, მაგრამ ეს მთავრდება როგორც კი ხელი ეწერება. ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე. არ ვიცი, რა შეიცვალა. მე პატივს ვცემ კოალიციის იმ წევრებს, რომლებიც ჩვენთან არიან ზომის, წონის მიუხედავად, ვის უფრო მეტი ხალხის რაოდენობა ჰყავს. ჩვენ გამოვედით ერთიანი პოზიციით. პარიტეტი ჩვენს შორის, „ლელოსა“ და გახარიას პარტიას შორის არსებობს. ამაზე ჩვენ შევთანხმდით, მოლაპარაკებულია. ჩვენ სახელიც კი შევცვალეთ ეს აღარაა „ლელო“, არის „ძლიერი საქართველო“ და ის სამი სუბიექტიც, რომლებიც შემოვიდნენ კოალიციაში, ისინიც უნდა ყოფილიყვნენ გათვალისწინებულები“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
გახარიას თანაპარტიელი ანა ბუჩუკური კი საპირისპიროს ამბობს, რომ გახარიასა და ხაზარაძეს შორის შეთანხმება შედგა, უბრალოდ კოალიციის სხვა წევრები არ იყვნენ თანახმა. იმედოვნებს, რომ ეს დისკუსია დაეხმარება მხარეებს სამომავლოდ პარლამენტში პარტნიორობაში.
„სამწუხაროდ, „ლელომ“ ვერ შეძლო კოალიციის შიგნით თავის პარტნიორებთან შეთანხმების მიღწევა ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. დრო შეზღუდულია, არჩევნები საკმაოდ ახლოსაა, სპეციალური პროცედურებია და ამ პროცედურებს კიდევ თავისი ვადები აქვს. შესაბამისად, შეთანხმება ამ ეტაპზე არ შედგა. ის, რომ „ლელოსთან“ დისკუსია გვქონდა, იმედს გვიჩენს სამომავლოდ პარლამენტში მომავალი პარტნიორობისთვის“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
საკითხს მმართველი გუნდი ეხმაურება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე საკუთარი ინიციატივით არ მოქმედებენ და მათ გაერთიანებასთან დაკავშირებით დავალება აქვთ მიცემული. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გახარია-ხაზარაძე ადრე თუ გვიან, ამ დავალებას შეასრულებენ.
„თავისუფალი ნებით არ მოქმედებენ, მათ ეს დავალება მისცეს და უნდა შეასრულონ, ადრე თუ გვიან შეასრულებენ. თან, ეს გაფორმდება ამ ქორწინების-კეკლუცობის პროცესში როგორც „გადავლახეთ ყველა წინააღმდეგობა და ჩვენ ყველაფერი დავთმეთ ქართველი ხალხის სასიკეთოდ“. საბოლოოდ ეს სცენარი რომ გათამაშდეს, ამისთვის არის ეს ყველაფერი,“ - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
ანალიტკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამ გაერთიანებამ შესაძლოა მოგების მაგივრად, ორივე პოლიტიკური ძალა დააზიანოს. ეს არ იქნება პოლიტიკურად მომგებიანი ერთობა, რომელიც ე.წ. მესამე ძალის შესაძლებლობას გააჩენს.
„გახარიას მხარდამჭერი არის „ოცნებაზე“ განაწყენებული ელექტორატი, ხაზარაძისა კი ნაციონალებზე გულმოსული. ორივეს ამომრჩეველი რადიკალურად განსხვავებული პოზიციების და შეხედულებების მქონეა. ერმანეთს ვერ იტანენ. ამიტომ გახარიას და ხაზარაძის ერთობა თუკი მათი ელექტორატისთვის მიუღებელი იქნება, მაშინ მათი გაერთიანების მიზანი რა არის? ეჭვი მაქვს, რომ თუკი ეს პოლიტიკური ქორწინება გამოვა, არსებობს რისკი, რომ ორივემ ერთად იმაზე ნაკლები ხმა აიღოს, ვიდრე ცალ-ცალკე. მათი ამომრჩეველი გაბრაზდეს და საერთოდ ან არჩევნებზე აღარ წავიდეს, ან დაუბრუნდნენ „ოცნებას“ და ნაციონალებს. ეს რისკი თუ შეფასებული არა აქვთ, თუ რაიმე სახის გამოკითხვა არ ჩაატარეს, ეს გაერთიანება რაში სჭირდებათ?
„ეჭვი მაქვს, რომ ეს ერთიანობა მოდის სრულიად სხვა მხრიდან და პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აქტიურობაც ამ ეჭვებს ამძაფრებს. ვვარაუდობ, რომ ერთიანობის დაკვეთა დასავლეთიდანაა. ჯერ ერთი, პრეზიდენტი ცდილობს დასავლეთს ასიამოვნოს, მეორე მხრივ რაღაცა ლიდერის და შუამავლის ფუნქციის მორგება უნდა. სხვა ამ პოლიტიკური ერთიანობის მიზანი ვერ ამოვხსენი. მეორეს მხრივ კი ამ ადამიანებს ერთმანეთისთვის ისეთები აქვთ ნაკადრი, რომ ამას ქართული საზოგადოება არ ივიწყებს. ამიტომ ესეც საკმაოდ რთული მომენტია, რადგან არცერთ მათგანს საბოლოოდ არ აუხსნია, რა მოხდა, ვინ იყო მართალი და ახლა რომ გაერთიანდნენ, რა გარანტიაა ერთმანეთს ისევ არ დაუწყებენ ლანძღვას? ქვეყნის მართვა ასეთ უპრინციპო ხალხს რატომ უნდა ჩააბარონ?!“ - ამბობს საყვარელიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



