
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს რატიფიცირებისთვის გაუგზავნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან სამხედრო „თანამშრომლობის განვითარების" შესახებ დოკუმენტი, რასაც თან ახლავს რუსეთის მთავრობის დასკვნა, რომ „ხელშეკრულების რეალიზაცია ხელს შეუწყობს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით".
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ პუტინს ოკუპირებულ ცხინვალში პლაცდარმის გაძლიერება სურდეს, მისი შემდგომი გეგმების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების გააქტიურება დროში ემთხვევა „ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძია ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას და ამით პუტინმა შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული მესიჯი გაუგზავნა, რომ ნაბიჯებს ელის.
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ივანიშვილის გამოსვლამ ცხინვალში გაამძაფრა შიში, რომ შესაძლოა რუსეთისა და საქართველოს დაახლოების პროცესი მიდის, რის შედეგადაც რუსეთი ცხინვალის რეგიონს საქართველოს დაუბრუნებს და პუტინმა ეს ნაბიჯი ამ განწყობების გადასაფარად გადადგა.
14 სექტემბერს ივანიშვილმა რეგიონალური ტურნეს ფარგლებში მორიგი გამოსვლისას გორში განაცხადა, რომ „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".
ამ განცხადებას ოპოზიციის დიდი კრიტიკა მოჰყვა, გამოხმაურება იყო ოკუპირებული ცხინვალიდანაც, რეგიონის ყოფილმა დე ფაქტო ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ „საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს მშვიდობისა და საბრძოლო მოქმედების განუახლებლობის შესახებ ყველა საჭირო შეთანხმებას, ასევე დააბრუნოს თრუსოსა და გუდოს ხეობები".
პუტინმა დუმას რატიფიცირებისთვის გაუგზავნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან გაფორმებული „ხელშეკრულება სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ".
„ფედერალური კანონის პროექტი ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას, რომელიც ხელმოწერილია ცხინვალში 2023 წლის 23 აგვისტოს", - ნათქვამია დოკუმენტის განმარტებით ბარათში.
რუსული მედიის ცნობით, დოკუმენტი 19 სექტემბერს სახელმწეიფო სათათბიროს მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა.
დოკუმენტების პაკეტი ასევე მოიცავს მთავრობის დასკვნას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ამ შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით".
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შეთანხმება ითვალისწინებს იარაღის მიწოდებასა და უსაფრთხოების გალიერებას.
„ეს იგივეა, რაც ორ სახელმწიფოს შორის დადებული შეთანხმება, რიმელიც ითვალისწინებს სამხედო იარაღის მიწოდება-აღჭურვას შეიარაღებული ძალების წვრთნას და ა.შ. ეს ისეთივე ხელშეკრულებაა, როგორც საქართველომ და ამერიკამ მოაწერეს ხელი 2002 წელს, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის სახით",- განაცხადა მაისაიამ.
კითხვაზე, რისთვის შიძლება ემზადებოდეს პუტინი ამ ნაბიჯით, მაისაიამ გვითხრა:
„ალბათ გასაგებია, რომ ცხინვალში პლაცდარმის შექმნა საქართველოში შემოჭრას შეიძლება უკავშირდებოდეს. ან თუნდაც შემდგომში ანექსიის განსახორციელებლად სჭირდებოდეს. თუნდაც ის, რომ თუ საქართველოში არჩევნები კრემლისთვის სასურველი სცენარით არ დასრულდა, შიძლება გამოყენებულ იქნას პროვოკაციულ ვარიანტად.
„ამით პუტინმა ფორმალურად კიდევ ერთი მესიჯი გამოგზავნა და მიანიშნა ქართულ მხარეს, რომ ამის მერე კიდევ დამატებითი ნაბიჯები იქნება გადასადგმელი. ეს ივანიშვილის განცხადებას დროში ემთხვევა და შეიძლება იმას მიანიშნებდეს, რომ, როგორც ჩანს, კრემლი კიდევ უფრო მეტს მოელის „ქართული ოცნებისგან". ეს საკითხი პუტინს ისედაც გადადებული ექნებოდა თავისთვის სასურველი მომენტებისთვის, რადგან ამ ხელშეკრულებაში ნახსენები საკითხების რეალიზაციას დოკუმენტის გარეშეც ახორციელებდნენ.
„აფხაზეთის მიმართულებითაც მოსალოდნელია ანალოგიური ნაბიჯები, ივანიშვილი ჯერ ზუგდიდში ჩასული არაა და რომ ჩავა, შეიძლება იგივე გზავნილი ჰქონდეს, რაც კრემლს ხელ-ფეხს გაუხსნის ამ მიმართულებაზეც", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
მამუკა არეშიძის აზრით, ამით პუტინმა აჩვენა, რომ მისი გეგმები „სამხრეთ ოსეთზე" არ შეცვლილა.
„ეს გეგმაში იყო და ამ დოკუმენტზე უკვე კარგა ხანია მუშაობა მიდის. რუსეთი ასეთი ტიპის ქვეყანაა, რომ ერთი ხელით ერთ რამეს აკეთებს, მეორე ხელით კი შეიძლება მეორე რამე გააკეთოს, რადგან ახლა აფხაზებთან უაღრესად დაეძაბა ვითარება. მანამდე გვახსოვს, რომ მოქალაქეობა შეუჩერდა სამ ოს დეპუტატს, მათ შორის დათო სანაკოევს, რომელიც ცხინვალში ძალიან ცნობილი პიროვნებაა და რომელიც ერთ-ერთი მთავარი აპოლოგეტია ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა. საზოგადოებაში გაჩნდა გაღიზიანება და შიში, რომ რუსებმა ისინი მიატოვეს და ა.შ. დანარჩენ საქართველოში კი გარკვეული იმედები გაჩნდა. ამით (პუტინმა) გარკვეული დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი გეგმები არ შეცვლილა („სამხრეთ ოსეთთან" მიმართებაში).
„სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა გულისხმობს იმას, რომ რუსეთი პრაქტიკულად თავის თავზე იღებს ამ რეგიონის თავდაცვას. ისედაც წლებია, რომ ამ რეგიონის თავდაცვის მინისტრი ეროვნებით რუსია. ამაში იგულისხმება ტექნიკური აღჭურვა იქაური თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების ქოლგის შექმნა, ამის პასუხისმგებელი კი რუსეთი იქნება.
„შიშისა და ეჭიანობის ის განწყობები, რაც ცხინვალში გაჩნდა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, დარწმუნებული ვარ ეს ნაბიჯი ამის გადასაფარად გადაიდგა. ისე დოკუმენტი წლებია მზადდება. ეს ეყრდნობა იმ ადრინდელ დოკუმენტს, რომელიც 2014, თუ 2015 წელს შეიქმნა, რაც გულისხმობს რუსეთის მიერ სამხედრო თვალსაზრისით „სამხრეთ ოსეთის" დაცვის პასუხისმგებლობას", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



