„ლელოში" ექსპრემიერის პარტიის განცხადებას „ცოტა გასაკვირსა და მოულოდნელს" უწოდებენ
ნატალია ჯვარიძე
(19.09.2024)

„ძლიერი საქართველოს" და პარტია „გახარია-საქართველოსთვის" რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება, თუმცა მცდელობები გრძელდება. ანალიტიკოსთა აზრით, ეს შეიძლება რამდენიმე მიზეზს უკავშირდებოდეს, თუმცა მხარეები საბოლოოდ შეთანხმდებიან თუ არა, მოსაზრებები სხვადასხვაგვარია.

„გიორგი გახარიას პარტიის განცხადებიდან ჩანს, „ლელოში" რაღაც პრობლემებია. სავარაუდოდ, გარკვეულ საკითხებზე „ლელოში" ვერ შეთანხმდნენ. შეიძლება ეს საარჩევნო სიას უკავშირდებოდეს, ან მომავალში მთავრობის ჩამოყალიბებას", - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშილმა „რეზონანსთან".

გახარიას პარტიამ განცხადება გამოქვეყნა, რომ შეთანხმება ვერ მიაღწიეს, რადგან „ლელოში" ვერ მოგვარდა გარკვეული საკითხები. როგორც პარტია „გახარია საქართველოსთვის" განცხადებაშია აღნიშნული, მათ პარტიასა და „ლელოს" შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინს მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით.

„მადლობას ვუხდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ მისი ინიციატივითა და მოწვევით ვიყავით ჩართული ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიაში. ასევე, მადლობას ვუხდით „ლელოს" დისკუსიაში მონაწილეობისთვის.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესები ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე რაიმე სახის პარტიული ან/და პერსონალური ინტერესი. ასე იყო წარსულში - ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეა დღეს - ოპოზიციაში, ასე იქნება მომავალში.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია.

„საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ჩვენსა და „ლელოს" შორის დაწყებული დისკუსია გვიჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით.

ჩვენი პოლიტიკური მიზანია „ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვება „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების გარეშე, ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და პოლარიზაციის დასრულება", - ნათქვამია განცხადებაში.

ამას კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე გამოეხმაურა და გახარიას პარტიის განცხადებას „გასაკვირი და მოულოდნელი" უწოდა.

„ჩვენთვის ცოტა გასაკვირი და მოულოდნელი იყო ის განცხადება, რომელიც გამოქვეყნდა, ვინაიდან გუშინდელი დღის მონაცემებით ეს მოლაპარაკებები აბსოლუტურად პოზიტიური დინამიკით მიმდინარეობდა. ვნახეთ, რომ პრინციპულ საკითხებზე არსებობდა თანხმობა ორივე მხრიდან, არსებობდა სრულიად გასაგები მოლოდინი. ასევე, „ლელოს" შიგნით, მამუკა ხაზარაძეს აქვს სრული მხარდაჭერა შეთანხმებაზე.

რაც შეეხება ჩვენს კოალიციურ პარტნიორებს, იქაც არანაირი პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობდა და ეს დრო, რომელიც გუშინდლიდან დღევანდლამდე გავიდა, ჩვენ გამოვიყენეთ იმ არსებულ კითხვებზე სამუშაოდ, რომელიც არსებობდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ეს არის სამუშაო პროცესი. ეს სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს", - განაცხადა საბა ბუაძემ.

როგორ მიმდინარეობდა პროცესები

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 16 სექტემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „ლელოსა" და „საქართველოსთვის" ლიდერები თავისთან მოიწვია. შეხვედრა უნდა შემდგარიყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღის 3 საათზე.

მამუკა ხაზარაძემ 17 სექტემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯერ პირადად სურდა გახარიას შეხვედროდა და ამის შემდეგ გაიმართებოდა საერთო მოლაპარაკებები პრეზიდენტთან. ამიტომ პრეზიდენტთან შეხვედრა 6 საათისთვის გადაიდო. მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას მოლაპარაკების მეორე რაუნდი 18 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გვიან ღამემდე გაგრძელდა.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის აზრით, შეთანხმების ჩაშლას რამდენიმე მიზეზი განაპირობებდა. ერთ-ერთი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ „ძლიერი საქართველოს" რაღაც ნაწილს გახარიას პარტია არ სდომებოდა.

„ამ შეუთანხმებლობას შეიძლება რამდენიმე მიზეზი განაპირობებდეს: ალბათ, კვოტებზე ვერ შეთანხმდნენ, რომ ვთქვათ, ერთნაირად ყოფილიყო წარმოდგენილი ოცეული. გარდა ამისა თვითონ გიორგი გახარიას აქვს ისეთი ნიშა აღებული, რომ არც „ნაცები", არც „ქოცები" და რეტინგიც აქვს, თითქოს აქაც არის რაღაც. გარდა ამისა, ეს ხომ კოალიციაა და რამდენიმე პარტიაა გაერთიანებული, შეიძლება იქ რაღაც ნაწილი წინააღმდეგ წავიდა, რომ გახარიას შეერთება არაა სწორი, რადგან მინისტრობის დროს აქცია დაარბია და ა.შ.", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

გაერთიანდებიან თუ არა საბოლოოდ

საბა ბუაძე იმედოვნებს, რომ პროცესი გაგრძელდება და შეთანხმების მიღწევით დასრულდება და რომ „ლელოს" გუნდის მხრიდან სრული კონსენსუსი არსებობს, რომ ეს შეთანხმება შედგეს.

„დღეს პრეზიდენტთან დაგეგმილი არის მხარეების შეხვედრა, რომელზეც მამუკა ხაზარაძე გაემართა მზაობით და განწყობით, რომ ეს სამუშაო პროცესი გაგრძელებულიყო, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ გახარიას გუნდის მხრიდან გამოქვეყნდა განცხადება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მოლაპარაკებები ამ დროისთვის შეჩერებულია. მოლაპარაკებების რესურსი არსებობს - ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და შეთანხმების მიღწევით დასრულდება, ვინაიდან არსებობს ორივე მხრიდან გასაგები მზაობა და სწორი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი."

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, სავარაუდოდ ხაზარაძე და გახარია არჩევნებზე ცალ-ცალკე გავლენ.

„ყველაფრის მიუხედავად კარგია, რომ ეს მოლაპარაკება შედგა, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ, როგორ მიმდინარეობს ცოცხალი დემოკრატიული პროცესები. ჩვეულებრივი პროცესია, რაღაცებზე თანხმდებიან, რაღაცაზე არა. როგორც ჩანს, ესენი ცალკ-ცალკე გავლენ არჩევნებზე. ახლა მნიშვნელოვანია პრეზიდენტი რა განცხადებას გააკეთებს, რადგან ის იყო ინიციატორი და მან ძალიან კარგი საქმე გააკეთა, რომ ამ შეთანხმების პირობები შექმნა" - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ნიკა ჩიტაძის აზრით კი, პირიქით, გაერთინება მოსალოდნელია.

„ჩემი აზრით, რაღაც ურთიერთკომპრომისი იქნება, რადგან გვინდა-არგვინდა ერთმანეთი სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, თუ ორივე მხარე დათმობაზე წავა, შეთანხმება შედგება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე