
„ვფიქრობ, ხელისუფლება ელჩის გამოწვევის მიზეზად იტყვის, რომ ჩვენ ამერიკის ეს ქმედებები არ მოგვწონს და იძულებული ვართ ელჩი გამოვიწვიოთო," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
იგორ კვესელავა: გამორიცხული არაა, ამერიკამ საქართველოდან დროებით ელჩი გაიწვიოს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი უბედურება იქნება. პრემიერის მხრიდან ასე უაზროდ გასროლილი განცხადებები ამერიკისთვის არაფერს ნიშნავს. თეთრი სახლის ვიწრო წრეში ფიქრობენ, რომ ირაკლი კობახიძეს გინდ უთქვამს და გინდ არა - ასე მიაჩნიათ უკვე. კობახიძის სიტყვა მათთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია.
პრემიერის ამერიკაში ვიზიტის მიზანია, რომ ისინი დაარწმუნოს, საქართველო ამერიკასთანაა და მათ გარეშე არ შეუძლია. თუმცა ამას ვერ შეძლებს, რადგან უამრავი მაგალითი აქვთ, თუ როგორ მიდის მათ მიმართულებით აღვირახსნილი კრიტიკა და ზოგიერთ შემთხვევაში გინებაც კი.
ამ „პიონერებს" შორის ერთ-ერთია ქალაქის მერი, რომელიც იმის მაგივრად, რომ ქალაქს მიხედოს, თავს უფლებას აძლევს და ასეთ განცხადებებს აკეთებს, თან იმის გათვალისწინებით, რომ მან საგარეო პოლიტიკა რა არის არ იცის. ამიტომ უმჯობესია არაფერი თქვას, რადგან ნაკლებ შეცდომას დაუშვებს. სჯობს, საერთოდ გაჩუმდეს. მითუმეტეს, აქ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ამერიკაში 5 წუთში ცნობილი ხდება.
როცა ამბობ, რომ ეს ქვეყანა შენი სტრატეგიული პარტნიორია, ეს ხომ მარტო სიტყვით არაა, შენც ხომ უნდა იყო? ცალმხრივი არაფერი არ არსებობს. როგორ შეიძლება ის მეგობარი იყოს და შენ უარყოფდე?! მსოფლიოში ვის დაუჯერებენ, ვიღაც კალაძეს და კობახიძეს თუ შეერთებული შტატების რომელიმე წარმომადგენელს?
თქვენ ახლა იცით, რომ მზადდება ზანგეზურის დერეფანი და სომხეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი უკვე სხვა გზით მიდიან და საერთოდ ქართულ დერეფანს გვერდს აუვლიან. ეს ქართული დერეფანი ვერაფერს გააკეთებს, რადგან ეს არის კავკასიის, ევროპის და აზიის დერეფნის ნაწილი. თუ ანაკლია აშენდება და ჩვენ ევროპასთან ურთიერთობა არ გვექნება, ყაზახეთიდან და ჩინეთიდან ტვირთი აქეთ არ წამოვა. ამას სერიოზული დაფიქრება უნდა. თან მოგეხსენებათ, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ბრიქსში შევიდნენ, რომელსაც უდიდესი მნიშნელობა აქვს და ჩვენთვის ეს სახიფათოც არის.
ამერიკიდან ელჩის გამოწვევა საქართველოს რას მისცემს? მთავარი შედეგია. ესე იგი, ეს ნიშნავს პოლიტიკური ურთიერთობების გაწყვეტას. ეს მარტო ამერიკასთან ხომ არ იქნება? მის მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭებასაც ნიშნავს.
„რეზონანსი": როგორ შეაფასებდით ამერიკის სანქციების მომდევნო ტალღას?
ი.კ: იმდენად ბევრი რამე შეიცვალა და მოხდა, რომ ჩვენ თეორიულადაც ვერც წარმოვიდგენდით, თუმცა ეს პრაქტიკაში უკვე ხორციელდება. ამის კონკრეტული მაგალითია ამერიკის ოფიციალური განცხადება სანქციებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მე და ბევრმაც ვიცით, რომ იქ სხვა პროექტებიც არის მომზადებული. ამერიკაში ცალკე არსებობს ინსტიტუტები, სადაც ბევრ თეორიულ წინადადებებს ამუშავებენ, რაც შემდეგ პრაქტიკაში უნდა გადაიზარდოს. ახლა განსაკუთრებით ამუშავდნენ საქართველოს მიმართ, გამოეყვეს სპეციალისტები, რომლებიც კავკასიის საკითხებზე მუშაობენ, კონკრეტულად საქართველოზე და უკვე ყველა მიმართულებით დაიწყეს მოქმედება. ადრე საქართველოს საშინაო პოლიტიკას ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ ახლა განსაკუთრებით აკვირდებიან საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების საშინაო პოლიტიკას, რადგან ამ სიტუაციაში მოხდა ისე, რომ საქართველოს საშინაო პოლიტიკა განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას. საერთოდ მიღებულია, რომ საგარეო საშინაოს საზღვრავდეს, თუმცა ეს ჩვენთან ასე არაა და არც ყოფილა.
ამერიკამ ყველაფერი იცის, რა ხდება ჩვენს საშინაო პოლიტიკაში და მთავრობის და ოპოზიციის მოსაზრებებს საგარეო პოლიტიკის შესახებ იგებენ. ოპოზიცია ააშკარავებდა, რომ ამერიკაში მზადდება რაღაცეები, მაგრამ ამ ხელისუფლებას ოპოზიციის არ სჯერა, რაც უდიდესი შეცდომაა. სხვა ქვეყნებში ასე არაა. იქ ოპოზიცია რაღაცას რომ იტყვის, გარკვეულწილად სწავლობს ხელისუფლება, იზიარებს და ზოგჯერ იყენებს კიდევაც. ესენი კი ძალიან მკვეთრად დაუპირისპირდნენ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს. როგორ შეიძლება აბსოლუტურად ყველა მიუღებელი იყოს?
ამერიკაში სხვა სანქციებიც მზადდება. თუ მხოლოდ მმართველ პარტიასდაარტყამს, ამას ქართველი ხალხი აიტანს, თუმცა თუ ქვეყანასაც, ამას როგორ აიტანს, ესაა საკითხავი. ეს ჩვენთვის იქნება ცუდი, თორემ „ოცნებას" არ ადარდებს. ყველამ კარგად იცის, რომ ქვეყანა ყველა მიმართულებით მძიმე მდგომარეობაშია და ამაზე პასუხი უნდა აგოს. უნდა აღიარონ, რომ სიკვდილიანობა იმდენად გაიზარდა, გამორიცხული არაა ქართველები 15-20 წელიწადში უმცირესობაში აღმოვჩნდეთ. 12 წელიწადში რა გააკეთეს? ეს მარტო ჩემი კითხვა არაა, ეს მთელ საქართველოს აინტერესებს. ხალხს ნორმალური პასუხი გასცენ, რომელ სფეროში რა გააკეთეს.
„რ": როგორ იმოქმედებს ამომრჩევლებზე „ლელოს" კოალიციისა და გახარიას პარტიის გაერთიანება?
ი.კ: „ლელოს" და გიორგი გახარიას გაერთიანება შეერთებას კი არ ნიშნავს, არამედ ერთად მოქმედებას. პოლიტიკის საგარეო და საშინაო ხაზი ასეთ სიტუაციაში ერთი უნდა ჰქონდეთ. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ევროპის ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. ანუ ეს საჭიროა, რომ ერთიანი ძალით დაამარცხონ საერთო მტერი.
ორი ძლიერი გუნდია, რომლებსაც თავიანთი პოლიტიკური მიმართულებები აქვთ, რაც შეიძლება ზოგიერთ საკითხში არ დაემთხვეს. ბუნებრივია, ორივე მხრიდან ვიღაცას რაღაც არ მოეწონება. შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი და საერთოდ არ იყოს მისაღები იმიტომ, რომ კაცი პირველ ხუთეულშია, გამოჩნდეს ვიღაცები და ამან ათეულში ან ოცეულში გადაინაცვლოს. ამ სიტუაციაში მათ პრინციპული მიდგომა თუ აქვთ პოლიტიკური, ეკონომუკრი, ამერიკასთან ურთიერთობის და სხვა საკითხებისადმი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიესალმა ამ გადაწყვეტილებას, რადგან გიორგი გახარია თავის დროზე მოსკოვიდან ჩამოიყვანეს და თანამდებობაზე დანიშნა ბიძინა ივანიშვილმა. მას საკმაოდ დიდი გზა აქვს გავლილი და შესაბამისად, უდიდესი გამოცდილება გააჩნია.
მათი გაერთიანება „ნაცმოძრაობისთვის" კარგი არაა, ვინაიდან გახარია მთავრობაში მუშაობდა, ბევრ ინფომაციებს ფლობს და სუსტი არაა. ოპოზიციაში ასეთი მაღალი თანამდებობის ადგილი არც ერთს არ ეკავა. ნიკა გვარამია მინისტრი კი იყო, მასაც აქვს რაღაც გამოცდილება, მაგრამ მაინც არა. ასე რომ, „ნაცმოძრაობის" გარკვეულ ჯგუფს ეს არ მოეწონა იმიტომ, რომ მათი მხადამჭერების ნაწილი გახარია -„ლელოს" მხარეს გადაიხარნენ. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს მისაღები აღმოჩნდა და მიაჩნიათ, რომ ეს სწორი ნაბიჯია. ვინც არჩევნებში მისვლას არ აპირებდა, ამ სავარუდო გადაწყვეტილებამ გადააფიქრებინა და მივლენ.
ამრიგად, მე ვფიქრობ, რომ ეს გაერთიანება უნდა შედგეს და ამის შემდეგ ეს „ქართული ოცნებისთვის" მწარე იქნება, რადგან მათ ამომრჩევლების გარკვეულ ნაწილს წაართმევს. ეს განსაკუთრებით იმ ჯგუფზე იმოქმედებს, ვინც არჩევნებზე მისვლას საერთოდ არ აპირებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



