
გახარია-ხაზარაძის მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებების გამო, ჯერჯერობით კვლავ უცნობია თუ რა ფორმით და ფორმულით წარსდგება ოპიზიცია არჩევნებზე. თავად ოპოზიციურ ფლანგზე ამბობენ, რომ ერთი ნაბიჯი აშორებთ სამი დიდი ბლოკის ჩამოყალიბებამდე, რომელიც „ფაქტობრივად, „ქართული ოცნების" დამარცხების ტოლფასი იქნება".
როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანთან" აცხადებს, ჯერვ კიდევ უცნობია ამ ბლოკებზე თავად ელექტორატს რა რექცია ექნება, არაა გამორიცხული, რომ მათი ნაწილი არჩევნებზე საერთოდაც არ მივიდეს და ოპოზიციამ ამომრჩევლისგან უკურეაქცია მიიღოს.
„ჩვენ ჯერ არ ვიცით ამ (გახარია-ხაზარაძის) გაერთიანებაზე როგორც ერთი, ისე მეორე ფრთის ამომრჩევლებს და მომხრეებს როგორი რეაგირება ექნებათ. არც წინასწარი მოკვლევა გაკეთებულა, არც გამოკითხვა. შესაძლოა, გუნდში პარტიების ლიდერშიფში ისაუბრეს და რამდენადაც ვიცი, წინააღმდეგობები ჯერ კიდევ არის. ამდენი ხანი ეს პროცესი იმიტომ იწელება, მაგრამ დავუშვათ გაერთიანდნენ და ორივე პარტიის ხელმძღვანელობა შეთანხმდა, მათ უკან ჩვეულებრივი რიგითი ამომრჩეველი დგას. ამ გაერთიანების შემდეგ, მათი გადაწყვეტილების პროგნოზირება ცოტა რთული განსასაზღვრია, რადგან არაა გამორიცხული, რომ მათი ნაწილი არჩევნებზე საერთოდ არ წავიდეს ან ადგეს და რომელიმე სხვა პარტიას მისცეს ხმა. არსებობს მცირე შანსი, რომ ამ გაერთიანებაში ამომრჩეველთა ნაწილმა დაინახოს მესამე ალტერნატიული ძალა, მაგრამ იმის ალბათობაც არსებობს, რომ პირიქით, მოხდეს დისტანცირება, რადგან არ მოუწონონ ამ გაერთიანების იდეა.
„გახარია ამბობდა, კოალიციას არ შევუქმნი არც „ნაცებს" და არც „ქოცებსო". რამდენადაც ვიცი, „ლელო" მზადაა, რომ თუ ოპოზიცია პარლამეტში უმრავლესობით მოხვდა, „ნაცმოძრაობასთან" კოალიცია შეკრას. ამ შემთხვევაში, გახარია როგორ მოიქცევა, ისევ გადათქვამს თავის პირობას? ადრე ხომ იძახდა, რომ დამოუკიდებლად გავალთო და ამაში ყველას არწმუნებდა, მათ შორის საკუთარ ამომრჩველს. აღმოჩნდა, რომ ეს პირობაც უკან წაიღო. ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკური კულტურა მაღალ დონეზეა, რომ ასე შეუძლიათ რაღაც კონიუქტურული მოსაზრებების გამო, ასე უცბათ უკან წაიღონ თავიანთი დაპირებები და უარი თქვან ადრე გაკეთებულ განცხადებებზე. პრინციპების ერთგულებაზეა საუბარი.
„ოპოზიცია ერთობას იმ შემთხვევაში მიაღწევდა, თუ სააკაშვილის მიერ შეთავაზებულ ერთიან სიას დათანხმდებოდნენ, სადაც, პირობითად რომ ვთქვათ, ყველა პროდასავლური ორიენტაციის ოპოზიციური პარტია შევიდოდა. ეს იდეა უკუგდებულ იქნა. ახლა არსებობს „ნაცმოძრაობა 1" და „ნაცმოძრაობა 2", რომელიც ერთსა და იმავე ელექტორატზე მუშაობენ და დიდი ალბათობით, ამ არჩევნებზე ერთმანეთს ხმებს წაართმევენ და დაასუსტებენ", - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
„ევროოპტიმისტების" დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, ოპოზიციამ უპრეცედენტო ერთობას მიაღწია, როცა მთელი ოპოზიცია 4 მთავარ ბლოკში გაერთიანდა, მაგრამ ყველა რისკისგან თავის დასაზღვევად კიდევ ერთი გაერთიანება იყო საჭირო. თუ ასეთი გაერთიანება შედგა, ეს იქნება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც ფაქტობრივად, „ქართული ოცნების" დამარცხების წინაპირობა გახდება.
„ოპოზიციამ მიაღწია უპრეცედენტო ერთობას. მართლაც წარმოუდგენელი იყო რამდენიმე თვის წინ ის, რომ მთელი ოპოზიცია 4 მთავარ ბლოკში გაერთიანდებოდა. მაგრამ ყველა რისკისგან თავის დასაზღვევად საჭირო იყო კიდევ ერთი გაერთიანება. რა თქმა უნდა, სამი დიდი ოპოზიციური ბლოკი ჯობია ოთხს. თუ ეს გაერთიანება შედგა, და მე იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება, ეს იქნება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც ფაქტობრივად, „ქართული ოცნების" დამარცხების წინაპირობა გახდება.
„მსგავსი გაერთიანებების პროცესში ყოველთვის, რა თქმა უნდა, არის წინააღმდეგობები, ინტერესები, უამრავი საკითხი, რომელიც შესათანხმებელია, მაგრამ სიბრძნე, პასუხისმგებლობა და პოლიტიკური მომწიფებულობა, თუნდაც მთელი პოლიტიკური კლასისა, იმაში მდგომარეობს, რომ კომპრომისების გამონახვა შეძლონ. კომპრომისი ყოველთვის მხარეებს შორის რაღაცის დათმობას ნიშნავს. მინდა დავიჯერო, რომ ძალიან სწრაფად, ალბათ დღეს საღამომდე ეს ახალი, მძლავრი ბლოკი შედგება, რომელიც ასევე, როგორც ჩანს, ზურგმომაგრებული იქნება სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი როლს ითამაშებს ამ არჩევნებში", - აღნიშნა გოცირიძემ.
მისი თქმით, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება, იქ წარსული წყენები, შეცდომები თუ ბევრი რამ უკვე მეასე ხარისხოვანია.
„მიუხედავად განსხვავებულობებისა, პირადი დაძაბული ურთიერთობებისა, როდესაც მსგავსი გაერთიანება იქმნება, ეს მიუთითებს ქვეყანაში არსებული პრობლემის გაცნობიერებაზე და პოლიტიკური კლასის სიჯანსაღეზე, ვინაიდან ეს არის მთავარი პრობლემა - ქვეყანა არის გადასარჩენი, რომ ქვეყანა კვლავ რუსეთს არ ჩაუვარდეს ხელში. სამი მძლავრი ბლოკით გასვლა - ეს არის გამარჯვების გარანტი და ყოველგვარი რისკების თავიდან დაზღვევა. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი პროცესია და ველოდებით, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება", - „ინტერპრესნუსის" ცნობით, განაცხადა რომან გოცირიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



