
გაეთიანებასთან დაკავშირებით კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძისა და პარტიის „საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიას მოლაპარაკების მეორე რაუნდი 18 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გვიან ღამემდე გაგრძელდა. მხარეები პირდაპირ არ ასახელებენ, თუ რა უშლის ხელს გაერთიანებას. ანალიტიკოსების შეფასებით კი, სავარაუდოდ, ეს არის ახალ გაერთიანებაში გახარიას სტატუსი და ასევე ერთიანი საარჩევნო სიის შედგენის ფორმულა.
ამ ყველაფერზე ბოლო ორ დღეში მხარეების მიერ გაკეთებული რამდენიმე განცხადება მიანიშნებს. „ლელოს" გარშემო შეკრული კოალიცია 4 პოლიტიკური სუბიექტისგან შედგება და ისინი გახარიას სთავაზობენ ამ გაერთიანებაში მე-5 თანასწორი სუბიექტის სტატუსით შესვლას. ხოლო გახარია კი, როგორც ჩანს, ამ შესაძლო გაერთიანებას უყურებს, როგორც ორი თანასწორი პოლიტიკური ძალის - მისი პარტიის „საქართველოსთვის" და „ლელოს" კოალიცია „ძლიერი საქართველო".
ანალიტიკოსების აზრით, ეს განსხვავება მიდგომებში პირველ რიგში ერთიან საარჩევნო სიაში ადგილების განაწილებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაზეც მითითებს, რაც, სავარაუდოდ, ამ გაერთიანებისათვის მთავარი დაბრკოლებაა. დრო კი აღარ ითმენს, რადგან არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს ცესკოში საარჩევნო სიების წარდგენის ვადა მომავალ კვირაში ეწურებათ.
ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ გახარია-ხაზარაძის ალიანსი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში დიდ როლს შეასრულებს როგორც არჩევნებამდე, ისე მის შემდეგ, მეორე ნაწილი კი ამ გაერთიანებაში ასეთ პერსპექტივას ვერ ხედავს.
მეორე რაუნდი
გახარია-ხაზარაძის მორიგი არაფორმალური შეხვედრა 18 სექტემბერს თბილისის ერთ-ერთ კაფეში შედგა, რის შემდეგაც ლიდერებმა კომენტარები გააკეთეს.
„კოოპერაციის წინააღმდეგი არავინ არაა. ბატონ გიორგის შევთავაზეთ, ამ გაერთიანებაში, კოალიციაში შემოსულიყო თანაბარ სრულუფლებიან პარტნიორად. თანაბარ სრულუფლებიანი პარტნიორობა ნიშნავს, თანაბარ სრულუფლებიან პარტნიორს. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს. კონსულტაცია არ დასრულებულა, საუბარი გრძელდება. მინდა მას კონსტრუქციული მიდგომისთვის მადლობა გადავუხადო.
„რასაც მე მინდა მივაღწიო, არის ის, რომ არჩევნებამდე ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, როგორ გამოიყურება კოალიცია. ვის რა ზომა და წონა აქვს ამ კოალიციაში, ეს არ არის მთავარი. მთავარია ჩვენ ქართველ ხალხს ვაჩვენოთ, რომ მრგვალი მაგიდის, იდეის გარშემო შესაძლებელია საქართველოს ინტერესებისთვის გაერთიანება", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
თავად გახარია კი მიანიშნებს, რომ პრობლემა არა მასში, არამედ „ლელოს" გარშემო შემოკრებილ გუნდშია.
„პრეზიდენტს დაველაპარაკები. მოგეხსენებათ, რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკა ხაზარაძეს და ჩემდა სამწუხაროდ, ჯერ არ გამოდის ეს შეთანხმება. უნდა შეეთანხმებინა გუნდთან. როგორც ჩანს, ვერ მოახერხა ამის შეთანხმება. ვნახოთ, დაველოდები", - თქვა გიორგი გახარიამ.
შეხვედრის შემდეგ, „ლელოსთან" ალიანსში მყოფი „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა კომენტარი, რომ კიდევ დარჩა გაერთიანების შანსი.
„როგორც ჩანს, გარკვეული შანსი კიდევ არის. ჩვენგან ძალიან მკაფიო შეთავაზებაა ბატონი გახარიასა და მისი პარტიისადმი, რომ ისინი გახდნენ თანაბარი პარტნიორები ჩვენი კოალიციის...
„ამ ვითარებაში, ქვეყნის ინტერესების გამო, ნებისმიერმა თავის ამბიციები უნდა მოთოკოს, მათ შორის ბატონმა გახარიამაც უნდა მოთოკოს თავისი ამბიციები, თავისი სურვილები, კოალიციაში ისედაც დღედაღამე ვმსჯელობთ, თუ რა შეიძლება დავთმოთ, მაქსიმალურად უფრო ძლიერები რომ გავხდეთ", - განაცხადა „ტვ პირველთან" ელისაშვილმა.
გზა დაპირისპირებიდან შესაძლო ალიანსამდე
ბოლო პერიოდში ანალიტიკურ თუ პოლიტიკურ წრეებში ხშირად საუბრობდნენ ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე. აქტიური პროცესი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 16 სექტემბერს ორივე მათგანი თავის რეზიდენციაში მიიწვია. იმავე საღამოს ხაზარაძემ „ფორმულას" ეთერში თქვა, რომ მას გახარიასთან „პიროვნული ამბავი არ აქვს", მთავარია რამდენად იქნება მისაღები ეს ალიანსი მათი ამომრჩევლისთვის.
17 სექტემბერს, ხაზარაძემ „ფეისბუქში" დაპოსტა, რომ მზად იყო პრეზიდენტთან მისვლამდე პირისპირ შეხვედროდა გახარიას და ყოფილი პრემიერისგან თანხმობა მიიღო.
შეხვედრა იმავე დღეს შედგა, რის შემდეგაც ორივე ლიდერი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდა. იქ გამართული საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ ხაზარაძემ „კიდევ ერთი დღე ითხოვა" თავის გუნდთან კონსულტაციისათვის. ეს მამუკა ხაზარაძემაც დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები ამ ერთი შეხვედრით არ დასრულდა.
გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ პერსონალურ და პარტიულ საკითხებზე მაღლა უნდა დადგეს შესაძლო გაერთიანების საკითხი, რადგან „ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას". პერსონალურ საკითხში იგულისხმება წარსულში გახარიას პირადი კონფლიქტი ხაზარაძესთან.
ყველაფერი კი 2017 წელს დაიწყო, როცა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და ამ შეხვედრას კი მაშინდელი ბიზნეს ომბუდსმენი გახარიაც ესწრებოდა, სადაც, ხაზარაძის მტკიცებით, ივანიშვილმა უთხრა, რომ პორტის მშენებლობას შეშვებოდა.
2019 წლის 4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ „რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში ხაზარაძესა და „თი-ბი-სი" ბანკს „რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა".
მოგვიანებით ხაზარაძემ წერილის შინაარსი გაასაჯაროვა. მუქარის წერილის ავტორი ხაზარაძისგან 3 პუნქტის შესრულებას ითხოვდა, ერთერთი მათგანი კი „რევანშის" ხსენებით საზოგადოებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოწოდება იყო. ამ განცხადების საფუძველზე ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში დაკითხეს. დაკითხვიდან გამოსულმა ბიზნესმენმა თქვა, რომ სასამართლოში წერილის ასლი მიიტანა, ორიგინალი კი ლონდონში ექსპერტიზაზე იყო გაგზავნილი. გახარიამ წერილის ფაქტი უარყო.
რა უშლის ხელს შეთანხმებას
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ გაერთიანებისათვის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი საარჩევნო სია იქნება.
„როცა ორი პარტია ერთიანდება, ისინი სიაში ადგილებს ინაწილებენ, გახარია თუ ამ შემადგენლობაში შევიდა, ის შევა როგორც ელისაშვილი თუ როგორც გახარია? ხაზარაძემ თავისთან მეტისმეტად ბევრი ლიდერი დააგროვა მიკროპარტიებით და ყველა მათგანს ექნება თავისი ადგილის პრეტენზია. რამდენ ადგილს აიღებს განა საიმისოდ, რომ ამდენი ადამიანი დააკმაყოფილოს?
„თუ შიდა კვლევაც არაა ჩატარებული და ისე ერთიანდებიან, მაშინ საქმე არაპროფესიონალიზმთან გვაქვს. ჯერ პრეზიდენტს კვლევებით უნდა გაერკვია ასეთი გაერთიანება რეალურია თუ არა და მერე შეეთავაზებინა. ამათ არცერთს არ მოუთხოვიათ - გინდა თუ არა გავერთიანდეთო. თუ უცნობია რა შედეგს მოიტანს ეს, რატომ ერთიანდები? ხომ შეიძლება გახარიას მომხრეებმა ხაზარაძის დანახვაზე არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას და პირიქით? ისინი დაპირისპირებული ფიგურები იყვნენ და მემგონი ახლაც არიან", -განაცხადა საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მოლაპარაკებისთვის დრო ისედაც საჭიროა, თუმცა მთავარი საკითხი მაინც სიასთან დაკავშირებით იქნება.
„გახარია-ხაზარაძის შორის ხუთწუთიანი შეხვედრა რომ საკმარისი არ იქნებოდა, ეს ნათელი იყო. როცა პოლიტიკური გაერთიანებებისას ამდენი საკითხია მოსაგვარებელი, დაპირისპირება რომც არ ყოფილიყო, დრო მაინც საჭიროა, ორ შეხვედრაში ეს ვერ მოგვარდებოდა.
„კონკრეტულად არ ვიცი რაზე საუბრობენ, მაგრამ, როგორც ჩანს, არის საკითხები, რომლის შეთანხმება აუცილებელია. მოლაპარაკებები გაგრძელდება და კარგი იქნება, თუ მომავალ კვირაში მაინც დასრულდება, დრო ცოტა აქვთ.
„სია იქნება უპირველესი პრობლემა. ხაზარაძის თქმით, მათ გახარიას შესთავაზეს თანაბარუფლებიანი სუბიექტობა. ჩემი აზრით, წამყვანი „ლელოა", შემდეგ გახარია, დოლიძე, ელისაშილი და „თავისუფლების მოედანი". პირველი ოცი კაცის დაკომპლექტება რომ მოხდეს, თითო სუბიექტს ოთხი კაცი უწევს. მეორე ვარიანტია - გახარია-ხაზარაძეს ხუთ-ხუთი ჰყავდეს, დანარჩენი ათი დარჩენილმა სამმა ჯგუფმა გადაინაწილოს.
„ამასთან, გახარიას თქმით, ხაზარაძეს პარტნიორ ჯგუფთან უნდა შეეთანხმბინაო და როგორც ჩანს, იქაც პრობლემებია. ახალი ჯგუფის დამატება პირველ რიგში სიაში ადგილების გადანაწილებას იწვევს. ეს ყველაფერი დროს მოითხოვს. თუ ვერ შედგა შეთანმება, ორივე მხარემ ღიად უნდა გააკეთოს განცხადება, რომ ამომრჩეველმა კარგად გაიგოს მიზეზი რა იყო. ხანდახან შეხვედრები იმისთვისაც ტარდება ხოლმე, რომ უარყოფითი შედეგი მივიღოთ", - განაცხადა ძაბირაძემ.
რა შეიცვლება გაერთიანების შემთხვევაში პოლიტიკურ ველზე
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გახარია-ხაზარაძის ალიანსი უფრო ნაკლებ ხმებს აირებს, ვიდრე ცალკ-ცალკე, რაც ოპოზიციისთვის იქნება ცუდი.
„თუ შეთანხმება შედგა, შეიცვლება ის, რომ თუ დღეს ორივეს ცალკ-ცალკე საკმაოდ რეალური რესურსი აქვთ, მერე ეს რესურსიც არ ექნებათ და შესაძლოა ბარიერსაც ვერ გადააბიჯონ. ზოგადად ოპოზიციის მხარდაჭრა შემცირდება საერთო ჯამში. მათი ამომრჩევლები არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულები. პრეზიდენტმა ეს არაკომპეტენტურად შესთავაზა", -განაცხადა საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს გაერთიანება დიდ როლს ითამაშებს არჩევნებშიც და მის შემდგომ პოლიტიკურ პროცესებშიც.
„ეს იქნება ის გაერთიანება, რომელიც თანაბარ კონკურენციას გაუწევს „ქართულ ოცნებას" იმისათვის, რომ არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავოს. თუ თავიანთ პოლიტიკურ კამპანიას სწორად წარმართავენ, ეს სრულიად რეალური პერსპექტივაა.
„ამასთანავე, ეს იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც თავის პირობებს უკარნახებს ცალკე „ნაციონალებს" და ცალკე „ოცნებას". ეს უკვე რეალური პოლიტიკური ძალა ექნება და ექნება წამყვანი ფუნქცია უკვე არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ბირთვის შექმნაში. ასეთი რამ ხელიდან გასაშვები არაა", - განაცხადა ძაბირაძემ.
რატომ გამოიჩინა პრეზიდენტმა ინიციატივა
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რამდენიმე ვერსიაა პრეზიდენტის შუალავლობაზე. ერთი ვერსიით, მას უნდა დაანახოს დასავლეთს, რომ შეთანხმების ინიციატორია.
„არის ვერსია, პრეზიდენტმა ინიციატივა იმიტომ გამოიჩინა, რომ უცხოელებს დაანახოს, რომ გაერთიანებაზე ზრუნავსო. უცხოელებს ინტეგრირების, გაერთიანების, შეთანხმების საკითხები უყვართ. ეს ვერსია შეიძლება, მაგრამ ჩნდება კითხვა - რაღა ხაზარაძე-გახარიას ეცა?", - განაცხადა მან.
კითხვაზე, შუაშისტ ამომრჩეველზე ხომ არ ჰქონდა გათვლა პრეზიდენტს, საყვარელიძემ გვითხრა:
„შუაშისტ ამომრჩეველს ცალკე გახარიაც წაიყვანდა და ცალკე ხაზარაძე. ასეთი ამომრჩეველი ერთნაირი არაა, ზოგი უფრო გადახრილია ენმ-სკენ და იმათ ხაზარაძე წაიყვანს, ზოგი გადახრილია „ოცნებისკენ" და იმათ - გახარია.
„სხვა ვერსიაზეც ლაპარაკობენ - იქნებ უნდა, რომ ამ ძალებმა წარადგინონ, როგორც პრეზიდენტი. მაგრამ რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს, გაუგებარია, რადგან პირველ ვადაზეც ძლივს გავიდა, პლაკატებზე ბიძინა ივანიშვილის პორტრეტი იყო და ქვემოთ სალომე ზურაბიშვილი ეწერა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ლოგიკურია, როცა ქვეყანაში კრიტიკული ვიტარებაა და პრეზიდენტი მედიაციის როლშია სხვადსხვა პოლიტიკურ ძალებს შორის.
„ქვეყანაში ძალიან კრიტიკული ვითარებაა. ასეთ დროს, სრულიად ბუნებრივია, რომ პრეზიდენტი ამ სიტიაციაში ჩაერთო. ვხედავთ დასავლელ პარტნიორებთან რა ვითარებაა და რა განცხადებები კეთდება „ოცნებაში". შესაძლოა დღეს ჩვენი საზოგადოება ბოლომდე ვერც აცნობიერებდეს იმას, თუ რა ხიფათის წინაშე დგას ქვეყანა.
„პრეზდენტმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამ შეხვედრების მედიატორი რომ გახდა. ეს გაერთიანება ძალიან სერიოზული ძალა იქნება, რაც ქართულ პოლიტიკას ძალიან სჭირდება", - განაცხადა ძაბირაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



