ნატალია ჯვარიძე
(18.09.2024)

აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კრიტიკულ ზღვარზეა. ამ ფონზე კი, კვირის ბოლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიემგზავრება. შეცვლის თუ არა რამეს ეს ვიზიტი და რას ჩამოიტანს პრემიერი ამერიკიდან?

საქართველოს ხელისუფლება უკვე ღიად ადანაშაულებს აშშ-ს ქვეყნის შიდა საქმეებში და განსაკუთრებით აქტიურად კი საარჩევნო პროცესებში ჩარევაში. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, აშშ-ს ქმედებები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ პირდაპირ გათვლილია ოპოზიციის გაძლიერებასა და მმართველი პარტიის პოზიციების შესუსტებაზე. ამის საფუძველზე კეთდება განცხადებები, რომ ოფიციალურმა თბილისმა, შესაძლოა, აშშ-სთან ურთიერთობებს გადახედოს.

„შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ეს არის ქართული ხელისუფლების მუქარა ამერიკისადმი. ამას რა საფუძველი აქვს, ან როგორ ვაპირებთ ამ კრიტიკული ზღვარის შემდეგ მოქმედებას, ჩემთვის ცოტა გაუგებარი და წარმოუდგენელია", - განაცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, თუ აშშ საქართველოზე ზეწოლას გააგრძელებს, საქართველო შესაბამისად იმოქმედებს.

„ჩემი აზრით, საქმე იქამდე არ მივა, რომ საქართველომ ამერიკიდან ელჩი გამოიწვიოს, ან ღიად გამოაცხადო ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტა. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია ამერიკაზე. თუ ისინი გააგრძელებენ საქართველოზე ზეწოლას, თუნდაც სასანქციო ომს და ა.შ., არაფერს გამოვრიცხავ. საქართველო შესაბამისად იმოქმედებს, რათა მხოლოდ საკუთარი თავი კი არ დაიცვან, არამედ სახელმწიფო გარე ჩარევებისგან".

„რეზონანსთან" ამ თემაზე საუბრისას ანალიტიკოსების არც იმას გამორიცხავენ, რომ გარკვეული დიპლომატიური დემარშები, მაგალითად, აშშ-დან საქართველოს ელჩის გამოწვევა, ან რაიმე კიდევ უფრო რადიკალური ნაბიჯი მოჰყვეს.

სანქციები და დაძაბულობის მკვეთრი ზრდა

16 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „საქარველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტ ქართველისა და მათი ოჯახის წევრებს" სავიზო შეზღუდვები დაუწესა, რომელთა შორისაა მუნიციპალურ და სამთავრობო ჩინოვნიკები, ბიზნესმენები, დეზინფორმაციის გამავრცელებლები და დეპუტატები.

გარდა ამისა, სახდეპის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ და ორ კერძო პირს - შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად („ხარება") ხარაზიშვილსა და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაურს და ასევე „ალტ-ინფოს" დამფუძნებელ კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.

17 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მომავალი წლიდან აშშ-საქართველოს ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს და იმედი აქვს, რომ ამაში საქართველოში აშშ-ის ელჩი დადებით წვლილს შეიტანს.

„მომავალი წლიდან თვისობრივად უნდა გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ეს არჩევნები დასრულდება, ომიც დასრულდება უკრაინაში და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მთლიანად ურთიერთობების გადატვირთვაზე. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, როგორი კონტრპროდუქტიული ნაბიჯებიც არ უნდა გადაიდგას მეორე მხრიდან.

„მინდა, ხაზი გავუსვა მოქმედი ელჩის დადებით როლს, განსხვავებით წინა ელჩისგან. იმედი გვაქვს, რომ გარკვეულ წვლილს შეიტანს, პერსონალურად, მოქმედი ელჩის როლი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში. მის პერსონალურ როლზე მაქვს საუბარი", - განაცხადა პრემიერმა.

მოგვიანებით, იმავე დღეს, პრემიერი კობახიძე პირადად შეხვდა საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანს. პრემიერის ადმინისტრაციამ კი შეხვედრის შემდეგ მრავლის მეტყველი განცხადება გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით - სანქციების დაწესებით - ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს.

„როგორც პრემიერმა განაცხადა, პირიქით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად", - აღნიშნულია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დღის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კობახიძე ამერიკაში მიემგზავრება. იგი 21 -27 სექტმბერს ნიუ-იორკში დაგეგმილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თანაც, 17 სექტემბრის ბრიფინგზე პრემიერმა კობახიძემ დააანონსა, რომ დაწესებული სანქციების თემაზე პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციასთან ექნება კომუნიკაცია.

რას ჩამოიტანს პრემიერი აშშ-დან

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, გამორიცხული არაა საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-დან ელჩი გამოიწვიოს და მათთან სტრატეგიული ურთიერთობა გაწყვიტოს. მისივე აზრით, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან არჩევნების წინ ურთიერთობის უკიდურესი გამწვავებით ხელისუფლება, შესაძლოა, თავად ცდილობს საზოგადოებაში ვნებათაღელვისა და საპროტესტო ტალღის აგორებას, რაც მას საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საბაბს მისცემს.

„ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, - ვინ მართალია, ვინ მტყუანი და ა.შ. - დავუშვათ, ამერიკა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, მერე რა ხდება? რას იზამს ქართული ხელისუფლება? ჩვენ რა რესურსები გვაქვს იმისთვის, რომ ამერიკას პირობები წავუყენოთ? პრემიერი ასეთ განცხადებას რომ აკეთებ, ხომ უნდა იცოდე რა საფუძველი და რა რესურსი აქვს ასეთ განცხადებას?

„თუ ჩათვლიან, რომ ამერიკა კრიტიკულ ზღარზეა და საჭიროა საქართველომ საბოლოოდ დასუვას წერტილი ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობას და დასავლურ ორიენტაციას, მაშინ რჩება ის გზა, რომ გამოიწვიოს ამერიკიდან ელჩი და დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტონ. დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ამერიკასთან და დასავლელ პარტნიორებთან პირდაპირ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციის ნაწილი ვხდებით. ქართული საზოგადოებიდან ამას რომ ოვაციით არ შეხვდება, ეს ფაქტია, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ეს ყველაფერი გავატაროთ, ამას ვერ გეტყვით, ალბათ გამორიცხულია.

„ამასთანავე, შესაძლოა ხელისუფლების მიზანი გახდეს ისიც, რომ რაღაცნაირად გამოიწვიოს ვადაზე ადრე საპროტესტო ტალღის აგორება, რაც შეიძლება გადაიზარდოს საგანგებო სიტუაციის გამოცხადებაში და სხვა. სავარაუდოდ, პოლიტიკური პროცესები ამ მიმართულებით განვითარდება, ოღონდ ეს ხელისუფლებას ან ამ ქვეყანას რომ კარგს არაფერს მოუტანს, ეს გასაგებია.

„მე არ ველოდები, რომ პრემიერის ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში აშშ და დასავლეთი პოზიციას შეიცვლიან და რაღაც ახალი რეალობის აღიარებას დაიწყებენ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ კობახიძის ვიზიტი გარკვეულწილად მიმართული იყოს უმაღლესი დონის თანამდებობის პირებთან გარანტიების მიცემის აუცილებლობაზე საუბარისკენ. ანუ, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება" არჩევნებს წააგებს, კოალიციურმა მთავრობამ არ დაიწყოს მმართველი პარტიის ლიდერების რეპრესიები. რასაკვირველია, პირველ რიგში საუბარია „ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემაზე. შესაძლოა ეს მნიშვნელოვანი თემაც განიხილონ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამ ვიზიტის შედეგად აშშ-მა საქართველოს ხელისუფლების მიმართ პოზიცია შეცვალოს. მეორეს მხრივ კი, მისივე აზრით, აშშ იმდენად ერევა საქართველოს საქმეებში, რომ მართლაც საჭიროა „რაღაც-რაღაცების გადახედვა".

„პრემიერის განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში მართლაც დადგა ის მომენტი, როდესაც, როგორც კობახიძემ განაცხადა, საქართველომაც შეიძლება დაიწყოს რაღაც-რაღაცების გადახედვა ამერიკასთან ურთიერთობაში, რადგან ჩემი, როგორც ანალიტიკოსის დაკვირვებით, აშშ-ის მხრიდან საქართველოს საქმეებში ჩარევა, განსაკუთრებით არჩევნებში, სულ უფრო ხილული, ძლიერი და მძლავრი ხდება. ამას მოწმობს მათი განცხადებები და სანქციების შემოღება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას" მხარდამჭერები გამოაცალონ. ასევე სახელისუფლებო სტრუქტურებში, განსაკუთრებულ ძალოვან უწყებებში, გამოიწვიონ მღელვარება და ამით ხელი შეუწყონ მათი მხრიდან მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმასა და ოპოზიციის მხარეს გადასვლას.

„მე ვერ გეტყვით რაზე არის მთავრობის ადმინისტრაცია შეთანხმებული და ამერიკაში ვიტიზის ფარგლებში რა საკითხებზე შეიძლება ისაუბრონ. შესაძლოა წინასწარ დახურული კომუნიკაცია ჰქონდეთ ამერიკის ადმინისტრაციასთან გარკვეული დონის შეხვედრებზე. არ გამოვრიცხავ, რომ სანქციებზეც იყოს საუბარი, რადგან ორმხრივ ურთიერთობებში სიტუაცია მართლაც სერიოზულად გართულდა და რა თქმა უნდა, ეს საჭიროებს, რომ ორივე მხარე დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და რა საკითხებზეც ვერ თანხმდებიან, განიხილონ. მაგრამ, რამდენად შეთანხმდებიან, ეს ცალკე საკითხია. მე პირადად არ ველი, რომ ამერიკა თავის პოზიციას შეიცვლის", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე