
საქართველო ყველაზე დიდი ოპოზიციური კოალიციის შექმნის ზღვარზეა - პრეზიდენტის შუამავლობით ხაზარაძე-გახარიას შეხვედრა შედგა, თუმცა ხაზარაძემ საბოლოო გადწყვეტილების მისაღებად და გუნდთან მოლაპარაკებისთვის კიდევ ერთი დღე ითხოვა. შეთანხმდნენ მთავარზე - იმოქმედებენ ერთად, რომ ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებიდან გაუშვან. ახლა კი უნდა გაირკვეს, გადიან თუ არა არჩევნებზე ერთიანი სიით.
ანალიტიკოსთა პროგნოზები ამ შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით გასნხვავებულია. ნაწილი ფიქრობს, რომ „ლელოს“ კოალიცია და „საქართველოსთვის“ ცალ-ცალკე უფრო მეტ ხმას აიღებენ არჩევნებზე, ვიდრე გაერთიანების შემთხვევაში და შესაბამისად, ეს გაერთიანებაც შესაძლოა ოპოზიციისათვის კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს.
მეორე ნაწილის აზრით კი, ახალი მძლავრი ოპოზიციიური კოალიციის შექმნა მხოლოდ დადებით შედეგებს მოიტანს და პრაქტიკულად დაასრულებს ქვეყანაში 12-წლიან ორპოლუსიანობას, როდესაც პოლიტიკურ ველზე მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დომინირებდა.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა და კიდევ არის ტექნიკური ტიპის საკითხებია დარჩენილი.
„შევხვდით პირისპირ, ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ წარსულზე, მაგრამ ვისაუბრეთ მომავალზეც. ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენს ქვეყანას ემუქრება ძალიან სერიოზული პრობლემა და საშიშროება - რუსული თუ ევროპული არჩევანი. ამ თემაზე ვისაუბრეთ და შევთანხმდით სრული მობილიზაცია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილი, სრული შემადგენლობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან და ძალიან სწრაფად ქვეყანა დავაყენოთ ევროპული განვითარების გზაზე“, - განაცხადა ხაზარაძემ პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.
ექს-პრემიერი და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია კი ამბობს, რომ მისი პოზიცია ცხადია და ის ერთიანობაზე თანახმაა:
„რა თქმა უნდა, მადლობა მამუკა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა ეს საუბარი შედგა. არ მინდა ბევრ დეტალზე ვისაუბრო. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არასფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო: როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები თავის გუნდთან“.
მოვლენების ქრონოლოგია
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 16 სექტემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“-ის ლიდერები თავისთან მოიწვია. შეხვედრა უნდა შემდგარიტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღის 3 საათზე
მამუკა ხაზარაძემ 17 სექტემბერს დილით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯერ პირადად სურდა გიორგი გახარიას შეხვედროდა და ამის შემდეგ გაიმართებოდა საერთო მოლაპარაკებები პრეზიდენტთან.
გიორგი გახარია მას მალევე გამოეხმაურა ასევე სოციალურ ქსელში და დაწერა, რომ ის პრეზიდენტს ესუბრა და ორბელიანების სასახელში 17 სექტემბერს „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრა 6 საათისთვის გადაიდო.
„ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე ქალბატონ პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება. პრეზიდენტი დამეთანხა, შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე. თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება“, - წერდა გიორგი გახარია.
მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა სასტუმრო „ოლდ თაუნში“ გაიმართა და მისი დასრულების შემდეგ ლიდერებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრაზე წავიდნენ და მედიასთან კომენტარებს ამის შემდეგ გააკეთებდნენ.
გაურკვევლობა „ლელოში“
ამის პარალელურად ორივე პოლიტიკური გაერთიაენების წარმომადგენლები აკეთებდნენ მედიასთან განცხადებებს, საიდანაც გამოჩნდა, რომ გახარიასთან გაერთიანებასთან დაკავშირებით „ლელოს“ გარშემო შეკრებილ კოალიციაში ერთსულოვნება არ არის და სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო ითხოვა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ხაზარაძემ კიდევ ერთი დღე.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ პრეზიდენტის ინიციატივა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ „გახარია საქართველოსთვის“ გუნდთან ასეთი სახის მოლაპარაკებების დასაწყებად ან გასაერთიანებლად დაბრკოლება არ არსებობს. თუმცა, ამავე დროს მიანიშნა, რომ შესასწავლია საერთო მიზნის მისაღწევად და ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ გასაშვებად რომელი ფორმულა იქნება უფრო წარმატებული - გაერთიანება, თუ არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლა.
„კვლევებს თუ შევხედავთ, განსაკუთრებით ბოლოს, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ჩამოყალიბდა 4 ცენტრი. ჩანს, რომ ჩვენ ვლახავთ ბარიერს და ვაკომპლექტებთ შემდეგ მთავრობას. ამ ცენტრებში ცალ-ცალკე მოიაზრება „ძლიერი საქართველო“ ჩვენი მონაწილეობით და ასევე, ცალკე მოიაზრება გახარიას პარტია. თუმცა, როგორც მამუკა ხაზარაძემ ერთხელ განაცხადა, პირადი რაიმე დაბრკოლება ამ მოლაპარაკებებისთვის არ არსებობს, გაერთიანებისთვისაც არ არსებობს. მთავარი კითხვა არის - მოიტანს თუ არა ეს გაერთიანება უფრო დიდ ეფექტს, ვიდრე დღეს გვაქვს.
„მახასიათებლები ჩვენს ორ შემადგენლობას აბსოლუტურად განსხვავებული აქვს. დღეს გვაქვს ჩვენ მოცემულობა - გვყავს 4 ცენტრი, ეს 4 ცენტრი ვიგებთ არჩევნებს და ვაკომპლექტებთ მთავრობას. თუ არსებობს რაიმე მონაცემები, რომელიც გვაჩვენებს, რომ კიდევ უფრო დიდი ეფექტის მიღწევა შეიძლება ამით, მაშინ ეს განსახილველია“, - განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, ყველა ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება კოალიციის შემადგენლობაში იქნება მიღებული
ერთად უფრო მეტ ხმას აიღებენ, თუ ცალ-ცალკე?
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამ პოლიტიკური ერთიანობის მიზანს ის ვერ ხედავს, რადგან არსებობს იმის რისკი, რომ ამ გაერთიანების შემდეგ, გახარიას და ხაზარაძის მხარდაჭერა შემცირდეს და ჯამურად იმაზე ნაკლები გახდეს მათი პარტიების რეიტინგი, ვიდრე გაერთიანებამდე იყო.
„არ ვიცი რა კვლევებზე დაყრდნობით და რა გამოკითხვის საფუძველზე იღებენ ამ გადაწყვეტილებას. თუმცა ფაქტი ერთია, რომ ამ ორ პარტიას სრულიად სხვადასხვა ამომრჩეველი ჰყავს. გახარიას ამომრჩეველი „ოცნებაზე“ განაწყენებული ხალხია. ხაზარაძის კი - „ნაციონალებზე“. როგორც იტყვიან, „ლელომ“ ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ ის „ნაციონალებთან“ აფილირებული პოლიტიკური ძალა არაა. ამიტომ გახარიას ამომრჩევლისთვის ხაზარაძეა მიუღებელი, ხოლო „ლელოს“ ამომრჩევლისთვის - გახარიაა.
„ჩვენ ასევე გვახსოვს ამ ორი ლიდერი პოლიტიკური მტრობა და ის დაპირისპირება, რაც მათ გარშემო ხდებოდა. ახლა ამბობენ, რომ ყველაფერი დავივიწყოთო და ა.შ. ეს ამომრჩევლის თვალში ჩანს ასე, რომ ამ ხალხის ნდობა არ შეიძლება. საზოგდოებას თუ არ აუხსნეს რა მოხდა მათ შორის, ვინ იყო მტყუან-მართალი, ახლა ასე - პარლამენტში შესვლა გვინდა და ვერთიანდებით - არ გამოვა.
„ამიტომ მე ეჭვი მაქვს კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ მათი გაერთიანების შემდეგ იმაზე ნაკლები ხმები ექნებათ, ვიდრე ახლა აქვთ. თუ ორივეს, როგორც თავად ამბობენ, ბარიერის გადალახვის პრობლემ არა აქვთ, მაშინ ეს ერთიანობა რაში სჭირდებათ?“, - ამბობს სავარელიძე.
მისივე თქმით, დიდი ალბათობით ეს დაკვეთა დასაველთიდან მოდის. ვიღაცის გეგმაში ეს ე.წ. მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის იდეაა მომწიფებული. ამიტომაც აქტიურობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელსაც, საყვარელიძის მოსაზრებით, როგორც ჩანს, ამ ორი ლიდერის შერიგება დაავალეს.
ახალი გაერთიანების გაველნა პოლიტიკურ ველზე
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ეს ის გაერთიანებაა, რომელიც „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ მოჯადოვებულ ორპოლუსიან პოლიტიკურ წრეს გაარღვევს.
„მე დიდი ხანია ამ გაერთიანების მომხრე ვარ და ძალიან გამიხარდება, თუკი საბოლოოდ ასეც დაგვირგვინდება. ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია ამ ერთიანობას და პირველ რიგში შესაძლებელი გახდება „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ოპოზიციური პარტია გახდეს. ჩნდება იმის დიდი ალბათობა, რომ მათ სერიოზული კონკურენცია გაუწიოს და საბოლოოდ გამოვიდეთ ამ მოჯადოვებული წრიდან, რასაც „ქოცი“ და „ნაცი“ ჰქვია.
„მეორეს მხრივ ხელისუფლება ომის თემით და „ნაციონალებით“ (ამომრჩევლების) დაშინებას ვეღარ შეძლებს. გახარია ომს დაიწყებსო და ა.შ. საუბარი და ეს პროპაგანდა გაუჭირდებათ. არსებობს იმის შანსიც, რომ ამ გაერთიანებამ „ნაციონალების“ და „ოცნების“ მერყევი ამომჩევლის გადაბირება შეძლოს. განსაკუთრებით კი ადმინისტრაციული რესურსის, რომელთაც ნდობა გახარიას მიმართ ნამდვილად აქვთ. გახარია სწორედ ასეთ მომრჩეველს მიიმხრობს.
„მეორეს მხრივ, ამ გაერთიანებას შეუძლია ე.წ. ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის გადაბირება. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც, მართალია, ახლა უმრავლესობას ვერ აიღებს, მაგრამ შეუძლია ამ 4 წლის მანძილზე „ოცნებას“ სერიოზული კონკურენცია გაუწიოს და ისე მოძლიერდეს, რომ მის ჩანაცვლებაზეც კი იფიქროს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მათი გაერთიანება, რომ ამდენი წლის პოლიტიკური პოლარიზაცია დასრულდეს“, -ამბობს ძაბირაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



