
უკრაინამ მსოფლიო მასშტაბით ისეთ რუსულ სამხედრო ბაზებზე დაიწყო ნადირობა, რომელსაც მოსკოვი უკრაინასთან ომში აქტიურად იყენებს. მედიის ცნობით, უკრაინელი სპეცრაზმელები თავს დაესხნენ სირიაში მდებარე ბაზას, სადაც რუსები აწარმოებდნენ და ცდიდნენ უპილოტო საფრენ აპარატებს. რამდენად შესაძლებელია, რომ იგივე რამ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზებზე მოხდეს?
„არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე გახდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე რუსული ბაზებიც, პირველ რიგში ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო საზღვაო ბაზა", - განაცხადა „რეზონანსთან" სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ.
გამოცემა „კიევ პოსტი" უკრაინის სამხედრო დაზვერვაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 15 სექტემბერს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ჯგუფ „ქიმიკოსის" სპეცრაზმელებმა სირიის ქალაქ ალეპოს სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში მდებარე რუსულ ბაზას შეუტიეს. რუსეთი ამ ბაზას, დრონების გამოცდის გარდა, იყენებს კამუფლირებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად, რომლის საბრძოლო ნაწილები ინახებოდა ბაზის სწორედ იმ ადგილებში, რომლებსაც უკრაინელმა სპეცრაზმელებმა შეუტიეს.
გამოცემა ამ ინფორმაციას ვიდეოსაც ურთავს. იქვე აღნიშნულია, რომ კადრები უკრაინელი მზვერავის მიერაა გადაღებული და სირიაში მდებარე რუსულ ბაზაზე მომხდარ აფეთქებებს ასახავს.
ამ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არც რუსულ და არც უკრაინულ მხარეს არ გაუკეთებია.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში დღეისათვის ორი რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული. მეშვიდე ბაზა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის რაიონში მდებარეობს, მეოთხე ბაზა კი ცხინვალშია დისლოცირებული. 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო ფლოტის შეყვანას და მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნას გეგმავს.
ამ წლის იანვარში უკრაინის საზღვაო ძალების მეთაურმა, ვიცეადმირალმა ალექსი ნეეჟპაპამ განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო გემების ბაზა უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე გახდება.
„ჩვენთვის ლეგიტიმური სამიზნეა ნებისმიერი გემი, რომელიც ატარებს რუსეთის საზღვაო ძალების წმინდა ანდრიას დროშას. სადაც არ უნდა იყოს ის, მსოფლიოს ოკეანეების ნებისმიერ ნაწილში", - თქვა ნეეჟპაპამ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე გახდეს საქარტველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული რუსული სამხედრო ბაზებიც, რომლებსაც უკრაინასთან ომში რუსული მხარე აქტურად იყენებს.
„ჯერ ერთი, სირიის ბაზაზე ხდებოდა ირანული დრონებისა და შეიარაღების ტესტირება და ამიტომაც უკრაინელებისთვის ეს მთავარი დარტყმის ობიექტი იყო ბუნებრივი მიზეზების გამო. არ გამოვრიცხავ და თავისთავად ცხადია, რომ უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე შეიძლება გახდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე რუსული ბაზებიც, პირველ რიგში ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო საზღვაო ბაზა.
„ბოლო ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძირითადმა ხომალდებმა ნოვოროსისკის პორტი დატოვეს და სხვადასხვა ადგილებში გადაინაცვლეს. სავარაუდოდ, ბალტიის ზღვაში, ან წყნარ ოკეანეში. არაა გამორიცხული, რომ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის საზღვაო აკვატორიაშიც განთავსდნენ შედარებით მსუბუქი და საშუალო ტიპის სამხედრო გემები, რომლებიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე არიან მიმაგრებული.
„ბუნებრივია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია უკრაინის სამხედრო დაზვერვის დარტყმის ობიექტი იქნება. გარდა ოჩამჩირის ბაზისა, არაა გამორიცხული სხვა რუსულ ბაზებსაც დაარტყან. უკრაინას აქვს ამის საშუალება, აქვთ საზღვაო და საჰაერო დრონები და ბალისტიკური რაკეტების მოქმედების არეალიც ოკუპირებულ ტერიტორიებს თავისუფლად მისწვდება.
„რუსები ოჩამჩირეს ჩვენს ტერიტორიედ არ თვლიან. მას იყენებენ, როგორც ზურგის ლოჯისტიკური მომარაგებისა და საბრძოლო ქვედანაყოფების განლაგების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს. აფხაზეთის ტერიტორიიდან დაქირავებული მებრძოლები კი ავდეევკის მიმართილებით იბრძოდნენ და ახლა კურსკში გადაისროლეს.
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ ბაზებს რუსეთი იყენებს წვრთნებისთვის, მებრძოლთა დაქირავებისთვის, ლოგისტიკური მიზნით და დაჭრილების რეაბილიტაციისთვის", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



