თამთა ჩაჩანიძე
(17.09.2024)

სანქციების მორიგი ტალღა აშშ-სგან - სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოში 4 ადამიანი ცნობილ „მაგნიტსკის სიაში" შეიყვანა, ფინანსური სანქციები დაუწესა. 60-ზე მეტ ადამიანსა და მათი ოჯახის წევრებისთვის კი სავიზო შეზღუდვები შემოიღო. ანალიტიკოსთა შეფასებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მიღებული ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ქართველი ამომრჩევლების განწყობაზე, ისე ზოგადად ქართველ ჩინოვნიკებზე.

ფინანსური სანქციები დაუწესდათ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად („ხარება") ხარაზიშვილს და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე „ალტ-ინფოს" დამფუძნებელ კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.

გარდა ამისა, სავიზო შეზღუდვა დაუწესდათ „საქარველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტ ქართველისა და მათი ოჯახის წევრებს".

აღსანიშნავია, რომ ეს სანქციების მეორე ეტაპია. სკანდალური „გამჭვირვალობის კანონის" მიღების შემდეგ, აშშ-მა ასევე დაასანქცირა ამ კანონის მიღების ხელშემწყობი 30-მდე პირი, თუმცა მათი ვინაობა საჯაროდ არ დაუსახელებიათ.

სახელმწიფო დეპარტამენტი არც ახლა ასახელებს, თუ სავიზო შეზღუდვების მორიგ ტალღაში კონკრეტულად ვინ მოიაზრებიან, თუმცა წინა პერიოდისგან განსხვავებით, ამჯერად გარკვეული მინიშნებაა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, ბიზნესმენები, სამართალდამცავები, პარლამენტის წევრები და ისინი, ვინც „ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს".

ანალიტიკოსები ამ სანქციების ეფექტზე „რეზონანსთან" საუბრისას არ გამორიცხავენ, რომ, მაგალითად, ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნებზე დაწესებული სანქცია გაფრთხილება იყოს სხვებისთვისაც, რომ „მათ ნაკლებად იაქტიურინ, ან ხელისუფლებასთან დამოკიდებულება შეცვალონ", თუმცაღა არ გამორიცხავენ, რომ ამან საზოგადოების ნაწილში საპირისპირო განწყობა გააღვივოს - „რომ დასავლეთი საქართველოს უსამართლოთ სჯის".

ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დასანქცირებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. მათი შეფასებით, გარდა ქართველი ხალხისა, მმართველმა პარტიამ ქართული ბანკებიც ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ექნება. მისი თქმით, დასანქცირებულები „ის პოლიციელები არიან, რომლებმაც ქვეყანას რევოლუცია ორჯერ აარიდეს".

ოფიციალური განცხადებები

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა.სახაზინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს" დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დასანქცირდნენ.

„დღევანდელი ქმედება საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების შედეგებისა და და მთავარი ოფიციალური პირების მცდელობების შესახებ, თავიანთი მიზნების მისაღწევად ძალადობა და დაშინება გამოიყენენონ, ჩვენს შეშფოთებას ხაზს უსვამს. აშშ კვლავ ერთგული რჩება იმის მიმართ, რომ მათ, ვინც ქართველი ხალხის უფლებების შელახვას ცდილობს, პასუხისმგებლობა დააკისროს", - განაცხადა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ხაზინის მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრედლი სმიტმა.

ოთხივე პირის წინააღმდეგ სანქციები „აღმასრულებელი ბრძანების - 13818"-ის შესაბამისად დაწესდა, რომელიც „გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტს" ეფუძნება და მიზანში იმ პირებს იღებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე არიან პასუხისმგებლები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი „საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე" 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს აწესებს.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლების ორ ოფიციალურ პირს - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად „ხარება" ხარაზიშვილს და მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს სანქციები დაუწესა - „უცხოური გავლენის შესახებ კანონის" წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობრივი რეაგირებისას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში მონაწილეობისთვის. ასევე, ჩვენ სანქციებს ვუწესებთ ექსტრემისტული დაჯგუფის ორ ქართველ ლიდერს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, მათ შორის ქართველებზე, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებას იყენებდნენ, ძალადობრივი თავდასხმებისთვის.

„მათ შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, კორუფციაში ჩართული ბიზნესმენები, პირები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს, სამართალდამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.

„აშშ მხარს უჭერს ქართველების შეკრების, გამოხატვისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას ძალადობის, დაშინებისა დ ჩახშობის შიშის გარეშე", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

რა ეფექტი ექნება სანქციებს

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, სანქციები იქითკენაა მიმართული, რომ „ქართული ოცნების" მხარდამჭერებში შიში და ნიჰილიზმი დათესოს და პროტესტის შეგრძნება გააღვივოს. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნებზე დაწესებული სანქცია ერთგვარი გაფრთხილება იყოს სხვებისთვის, რომ „მათ ნაკლებად იაქტიურინ, ან ხელისუფლებასთან დამოკიდებულება შეცვალონ", თუმცაღა დასძენს, რომ ამ ზომებს გრძელვადიანი უკუეფექტი ექნება აშშ-სთვის.

„ჩემი ღრმა რწმენით, ეს სანქციები ერთადერთ მიზანს ემსახურება. ის, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან იყო გამოცხადებული, რომ თითქოს დემოკრატიის დარღვევების და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის გამო დავუწესეთ ეს სანქცებიო, ეს მემგონი ფორმალური მხარეა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ სტრატეგიული თანამშრომლობის გადახედვას და კიდევ იქნება დამატებითო - ეს იქითკენაა მიმართული, რომ „ქართულ ოცნებას" ამომრჩეველი ჩამოაშორონ.

„ეს მიმართულია იქითკენ, რომ „ოცნების" ამომრჩეველში დათესოს შიშის, ნიჰილიზმის და პროტესტის განწყობა და მეორე, თავად სახელისუფლებო, ძალოვან სტრუქტურებსა და სადეპუტატო კორპუსში გააჩინოს ნაგატიური განწყობები, რომ ისინი „ქართული ოცნებისგან" დისტანცირდნენ. ეს ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ არჩევნების წინ „ქართული ოცნების" პოზიციები შეასუსტონ და შესაბამისად, გააძლიერონ ოპოზიციის შანსები. მე სხვა მიზანს ვერ ვხედავ.

„თუმცაღა, ეს არის ამ წუთიერი მიზნის მიღწევის ინსტრუმენტი. უნდათ, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება" დაამარცხონ, მაგრამ ამ ზომების გრძელვადიან ეფექტზე არ ფიქრობენ. ეტყობა ქართველ საზოგადოებას მაინცდამაინც კარგად არ იცნობენ - რომ მათ საკმაოდ ანგარიშგასაწევ და მნიშვნელოვან ნაწილში, პირიქით, ეს იწვევს ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განწყობებს. რა გამოდის, სტრატეგიული პარტნიორი სჯის მომცრო სტრატეგიულ პარტნიორს?! ეს სტრატეგიული პარტნიორობა აღარ არის, როცა ერთი უწესებს მეორეს სანქციებს, თუნდაც შერჩევით და კიდევ იმუქრება, რომ მე სხვა დამსჯელ ღონისძიებებს მივიღებო.

„სავარაუდოდ ამაზეც არის გათვლილი, რომ ძალოვანი სტრუქტურის რამდენიმე მაღალჩინოსანზე დაწესებული სანქცია ერთგვარი გაფრთხილება, ან სიგნალი იყოს სხვებისთის, რომ მათ ნაკლებად იაქტიურინ, ან პირიქით, ხელისუფლებასთან დამოკიდებულება შეცვალონ და ა.შ. ზუსტად ისე, რაც „ვარდების რევოლუციის" დროს ხდებოდა, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა შევარდნაძის ხელისუფლებას ზურგი შეაქციეს. მაშინ მათთვის სანქციები არავის დაუწესებია, მაგრამ სათანადოდ იმუშავეს და მიიღეს ის, რაც მიიღეს. ესეც დაახლოებით ამას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, მათთან მუშაობა მიდის, რომ რაღაცნაირად გადმოიბირონ და ხელისუფლებას ჩამოაშორონ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სანქციებს დიდი ეფექტი ექნება.

„დასანქცირებულ პირებს დიდი პრობლემები ექმნებათ. აქ მხოლოდ იმაზე არაა საუბარი, რომ აშშ-ში ჩასვლას ვერ შეძლებენ. მათ შეეზღუდებათ ფინანსებზე წვდომა, რაც დიდ პრობლემას შეუქმნის და ეს უკვე სხვებისთვის მაგალითია. თან სახდეპისგან გაკეთდა განცხადება, რომ სხვა საქმეებსაც შეისწავლიან.

„მგონია, რომ ეს გაფრთხილებაა და შემაფერხებელი უნდა გახდეს სხვა ძალოვნებისთვის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისთვის. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ თუ ივანიშვილი უბრძანებს, გარკვეული პირები მაინც ყველაფერს გააკეთებენ. არა მგონია „ხარებასნაირი" გაჩერდეს. მათთვის თანხების გადარიხვა გართულდება, მაგრამ შესაძლოა თანხა ნაღდი ფულით გადაუხადონ. ასე თუ ისე, პროცესი გართულდება - ბევრი დაფიქრდება და ბევრი თავს შეიკავებს იმის შესრულებისგან, რასაც უბრძანებენ.

„ბევრმა ღირსეულმა პოლიციელმა თავი შეიკავა და საქართველოდან „რუსული კანონის" მიღებამდე წავიდა. მათ არ სურდათ ამ საქმეებში თავის გაყოფა და მუნდირს გაუფრთხილდნენ. ვიღაცეებმა არჩიეს ის, რაც არჩიეს - რომ ხალხი დაერბიათ. მაგრამ, ჩემი აზრით, ახლა უფრო ნაკლები მსურველი იქნება ხალხის წინააღმდეგ რომ წავიდეს, ბევრს უკვე ეცოდინება, რომ აშშ ყველაფერს აფიქსირებს", - განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სანქციები და არჩევნები

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, წინასაარჩევნოდ დაწესებული სანქციები გარკვეულწილად გავლენას მოახდენს ამომრჩეველზე. შესაძლოა ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი ოპოზიციისკენ წაიყვანოს, ნაწილში კი პირიქით, ის განწყობა გააღვივოს, რომ დასავეთი საქართველოს უსამართლოდ სჯის.

„ამაზე მსჯელობა მაშინ შეიძლება, როცა ხელში ფაქტოლოგია გაქვს, ეს ფაქტოლოგია კი სოციოლოგიური კვლევებიდან მოდის. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, ესაა დაინტერესებული მხარეების მიერ ჩატარებული გამოკითხვები, რასაც საზოგადოების დიდი ნდობა არ აქვს. მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა - რომ ყველა ის ზომა, რასაც აშშ და ევროკავშირი იღებს, მიმართულია იმისკენ, რომ ამომრჩევლის განწყობაზე ზეგავლენა მოახდინონ იმ კუთხით, რომ უფრო მეტი ამომრჩეველი ოპოზიციისკენ წავიდეს, რომლის წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ ჩვენ თუ ხელისუფლებაში მოვალთ, ეს ყველაფერი მოიხსნება, სანქციები აღარ იქნება და თქვენ ძველებურ რეჟიმში მიიღებთ დახმარებასო და ა.შ. შესაძლოა ამაზე რაღაც ნაწილი წამოეგოს.

„რაღაც ნაწილში კი პირიქით, ამან შესაძლოა საპირისპირო განწყობა გააღვივოს - რომ აი, დასავლეთი საქართველოს უსამართლოთ სჯისო. ამაზე საუბარი რთულია, თუ მიუკერძოებელი გამოკითხვა არ ჩატარდა. იგივე სოცქსელები გარკვეულწილად წარმოდგენებს იძლევა, სადაც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ამ სანქციებს ძალიან კრიტიკულად და ნეგატიურად უყურებს",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დაწესებული სანქციები ამომრჩეველს დააფიქრებს, რომ „ოცნებას" საქმე მძიმედ აქვს და არა ისე, როგორადაც აქამდე საუბრობდა.

„წინასაარჩევნო პერიოდში დაწესებული სანქციები ამომრჩეველზე რა თქმა უნდა იმოქმედებს. ამომრჩეველი მიხვდა და თანდათან უფრო მეტიც მიხვდება, რომ საქმე მძიმედაა და არა ისე, როგორც „ოცნებას" სურდა წარმოეჩინა. ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ ამომრჩეველი წავა და ხმას „ნაცმოძრაობას" მისცემს, მაგრამ „ოცნებას" ხმას აღარ მისცემს.

„ძალიან ბევრია, ვინც „ოცნებას" თუნდაც ფულის გამო აძლევს ხმას და სარგებელი რომ აღარ ექნება, ის ნელ-ნელა გამოეცლება. ეს დასაწყისია და გაგრძელება იქნება. აშშ-ის სახელმწიფო უწყებები არდადეგებზე იყო გასული და ახლა ნელ-ნელა გააქტიურდებიან. ამას საქართველოს მოსახლეობაც ხვდება და უფრო ნაკლებ ადამიანს ექნება მოტივაცია, რომ უკანონობაში ჩაერთოს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე