
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა კოალიცია „ძლიერი საქართველოს" და პარტია „გახარია-საქართველოსთის" გაერთიანებაზე. მან ინიციატივას სრული მხადარაჭერა გამოუცხადა და მოლაპარაკების ბოლო ეტაპის გასავლელად მხარეები ხვალ, ორბელიანების სასახლეში მიიპატიჟა. პრეზიდენტმა მოახლოებულ არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ განსაკუთრებული დღე იქნება, რადგან ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს ევროპასა და რუსეთს შორის.
„საქართველოს ისტორიის გარდამტეხი არჩევნების დღე გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს და ამას ყოველდღიურად უფრო და უფრო ნათლად ვხედავთ.
„ეს არჩევნები განსაზღვრავს იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა, თუ რუსეთის გავლენის ქვეშ ვიქნებით, რისკენაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი გვიბიძგებს. ამიტომ 26 ოქტომბერი არა მხოლოდ ჩვეულებრივი არჩევნების დღეა, არამედ ეს არის მთავარი არჩევნების, რეფერენდუმის დღე: ვარჩიოთ სუვერენიტეტი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული ფასეულობები, თუ ჩვენი მომავალი რუსეთს დავუთმოთ. დღეს არჩევანი ერთია - ან ევროპა, ან რუსეთი.
„ჩვენ ეს ქვეყანა არავისთვის არასდროს დაგვითმია და არც არასდროს დავუთმობთ. ეს არჩევანი ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა და ამას ვერ გავექცევით. მე ჩემ წილ პასუხისმგებლობას ბოლომდე ავიღებ და შევასრულებ. მე ყველა პროევროპულ ძალას ხელს შევუწყობ, სწორედ ამისთვის შეიქმნა „ქართული ქარტია". ქარტიისთვის დადებულია ერთობლივი პირობა და ჩვენ ამით ევროპის გზაზე სწრაფი და ეფექტური დაბრუნების ეფექტური გეგმა ერთად დავხაზეთ და ამას ერთად შევძლებთ.
„ახლა საჭიროა კიდევ ერთი რამ, რომ ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანი კიდევ უფრო გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ელოდება და რომელსაც უნარი აქვს გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციითვის საჭირო მუხტი. მე ამის მჯერა, ამიტომ ყველასთან კონსულტაციები გავიარე და როგორც ნეიტრალური მხარე მზად ვარ, ამ პროცესს ხელი შევუწყო.
„გადაწყვეტილება კი, ორი პროევროპული ძალის „ძლიერი საქართველო" და პარტია „გახარია-საქართველოსთვის" ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, გაურკვევლობას და მეტი ძალის განცდას მისცემს. ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს, ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამე დათმონ და უმნიშნელოვანესი როლი ითამაშონ ქვეყნის ევროპული მომავლის საქმეში...
„ხვალ, ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე პოლიტიკურ ძალას, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყონებლივ გაიმართოს. ჩემი სრული მხარდაჭერა და მზადყოფნაა, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და გამარჯვებამდე მიგვიყვანოს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



