
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბევრ რამეში ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიასა და მისი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა მათი ალიანსი შესაძლოა მხარეების ელექტორატისთვის მისაღები არ იყოს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი მათ გაერთიანებას მხარდაჭერას უცხადებს და 17 სექტემბერს ორივე ძალას ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება, „რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს".
ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება ამომრჩევლების გაერთიანებას არ ნიშნავს და პირიქით, შეიძლება ერთად ალიანსში უფრო ნაკლები პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდეთ არჩევნებზე, ვიდრე ცალკ-ცალკე. ნაწილი კი ამბობს, რომ ეს ალიანსი იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი და ოპოზიციაში გაჩნდებოდა რეალური ძლიერი პოლიტიკური ძალა.
„გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი არ მაქვს, ჩვენი უთანხმოება მოხდა ძირეულ საკითხებზე, არაფერს ვერჩი მის თანაგუნდელებს, ისევე როგორც თავად გახარიას - მე ამ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ჩვენ რომ ხვალ დავილაპარაკოთ, იქნება ეს მისაღები ჩვენი ამომრჩევლისთვის? ეს სინერგიას მოგვცემს? „- აცხადებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ფორმულას" ეთერში.
„ხვალ, ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე პოლიტიკურ ძალას, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს. ჩემი სრული მხარდაჭერა და მზადყოფნაა, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და მიგვიყვანოს გამარჯვებამდე",- განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე 16 სექტემბერს.
რას აცხადებს „ძლიერი საქართველოს" ლიდერი
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, თუკი გიორგი გახარიას გუნდთან თუნდაც საუბარი სინერგიის მომტანი არ იქნება და ეს ვიღაცის მოლოდინს დაანგრევს, მაშინ „ამის გაკეთება არ ღირს". ხაზარაძემ განმარტა ისიც, რომ გიორგი გახარიას პარტიის და მათი ხედვები „თითქმის უმეტეს ნაწილში, ერთმანეთს ემთხვევა".
„გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი კი არ მაქვს, ჩვენი უთანხმოება მოხდა ძირეულ საკითხებზე. ეს არ არის რაღაც ვიჩხუბეთ და ასე შემდეგ, შესაბამისად, არაფერს ვერჩი მის თანაგუნდელებს, ისევე როგორც გიორგი გახარიას. ნორმალური ადამიანები არიან და ძალიან ბევრ რამეში, თითქმის უმეტეს ნაწილში, ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. მე ამ ყველაფერს ვუყურებ სხვანაირად. ჩვენ რომ ხვალ დავილაპარაკოთ, იქნება ეს მისაღები ჩვენი ამომრჩევლისთვის? ეს სინერგიას მოგვცემს? თუ ეს სინერგიას იძლევა და სწორედ სინერგიისთვის გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი, როცა ოთხი სხვადასხვა პარტია ამ ბლოკში გავერთიანდით...
„ამიტომ, მე მინდა მაყურებელს ძალიან მკაფიოდ, გულახდილად და გულწრფელად ვუთხრა, არანაირი პიროვნული ამბები არ არსებობს, არსებობს გვაძლევს თუ არა ეს სინერგიას და არსებობს პრინციპული საკითხების გარშემო შეთანხმება, ეს არც თანამდებობას ეხება, არც კვოტების განაწილებას, ეს ეხება მიიღებს თუ არა, ასე ვთქვათ, პირველ ეტაპზე საუბარს ჩვენი ამომრჩეველი (დრო საკმარისია) და იქნება თუ არა ეს სინერგიის მომტანი.
„თუ ეს სინერგიის მომტანი არ იქნება და თუნდაც ეს საუბარი დაანგრევს ვიღაცის მოლოდინს, რომელიც ჩვენს მიმართ აქვს, ან შეიძლება, მათ მიმართ აქვს, მაშინ ამის გაკეთება არ ღირს. თქვენ კვლევების შედეგად ხედავთ, რომ დღეს ოთხივე ოპოზიციურ პარტიას არ აქვს ბარიერის გადალახვის პრობლემა. თუ ეს სინერგიას მოიტანს და დავრწმუნდებით, რომ სინერგიის მომტანია, კიდევ ვიმეორებ, მე პიროვნული თემა არ მაქვს, მე ერთადერთი ამოცანა მაქვს, რომ რუსული კლანჭებისგან დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გავიყვანოთ პოლიტიკური მმართველი პოზიციის ავანსცენიდან.
„ეს არის ჩემი ნომერ პირველი ამოცანა იმიტომ, რომ თუ ეს ვერ მოახერხა "თეორიაში" ოპოზიციამ და მინდა ვთქვა, რომ ამას ახერხებს ამ მონაცემებით, მაგრამ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო ეს რომ გავაკეთოთ, მაშინ ქვეყანა ჩავარდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იზოლირებული [ვიქნებით] და ვიქნებით რაღაცა მოდელი, აღარ მინდა რომელიმე ქვეყანა ვახსენო, მაგრამ ყველა მიხვდება რანაირი ტიპის ჰიბრიდული მმართველობა ჩამოყალიბდება აქ.
„შესაბამისად, კიდევ ვიმეორებ, ეს არის კვლევის, კონსულტაციების და იმ სინერგიის აღმოჩენის შედეგი. ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაცა, რომ მომიტრიალდეთ და მითხრათ, რომ „უპრინციპო ადამიანი ხარ, გუშინ ჩხუბობდი და დღეს გაერთიანდი და ა.შ" კიდევ ვიმეორებ, პიროვნული თემა ჩემთვის არის, ამ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანი, როცა ქვეყნის მართლა ეგზისტენციალური საკითხი დგება.
„ვერავინ იტყვის დედამიწის ზურგზე, რომ მე ოდესმე დამიყენებია პიროვნული საკითხი წინ, როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება. ასეთი რაღაც არ არსებობს და არც იარსებებს არასდროს! უამრავი ჰობი მაქვს, უამრავი პროექტი მაქვს, მე არც თანამდებობას ვეძებ, არც დეპუტატობას ვეძებ. იცით, რომ ვიყავი დეპუტატი და დავტოვე მანდატი, სწორედ იმის გამო, რომ მეჩვენებინა - არ ვეფარები არანაირ პოლიტიკურ სარჩულს. თქვენ გახსოვთ, რომ მანდატი სასამართლომდე დავტოვე. ახლა სტრასბურგშია ჩვენი საქმე და იქაც მოვიგებთ. დრო სჭირდება ამას და მე ბრძოლას არასდროს შევწყვეტ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რა პერსპექტივა აქვს გახარია-ხაზარაძის ალიანსს
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პოლიტიკურ „ქორწინებებს" დიდი მხარდაჭერა არ მოაქვს ხოლმე, მითუმეტეს თუ მხარეებს სხვადასხვა ტიპის ამომრჩეველი ჰყავს.
„ატეხილი კამპანია, რომ არიქა, ხაზარაძე და გახარია უნდა შეერთდნენ, ეს ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. საერთოდ, ეს „დაქორწინების" ტენდენცია, რაც ქართულ პოლიტიკაში შეინიშნება, ღიმილის მომგვრელია. „ქართული ოცნება" ერთი პარტიაა და იგებს, გაუგებარია, რატომ დაასკვნეს, რომ სხვა პარტიები თუ ერთმანეთს შეერწყმებიან, მოუგებენ.
„თუ ძლიერი ხარ, ერთი პარტიაც მოიგებ. მაგდენ ფიქრს თუ ვინ ვისთან დასაწყვილებლადაა უკეთესი, არ სჯობს იმაზე ფიქრი, თუ თითოეული მათგანი როგორ გაძლიერდეს? მივესალმები იმას, რომ გაითვალისწინეს - მათი გაერთიანება ამომრჩევლის გაერთიანება არაა. სხვადასხვა ტიპის ამომრჩეველი ჰყავთ.
„ხაზარაძესთან მაინც თავს იყრის ამომრჩეველი, რომელიც უფრო „ნამოძრაობაზეა" ორიენტირებული, გვახსოვს, რომ ხაზარაძეს ენმ-სა და სააკაშვილის დამცველი განცხადებები აქვს გაკეთებული. ამ დროს, გახარიაზე ორიენტირებულია უფრო „ქართული ოცნების" ყოფილი ამომრჩეველი, ვისაც „ოცნებაში" იმედი გაუცრუვდა და ეს ამომრჩეველი ცალკე გახარიას პარტიაზე უფრო იქნებიან ორიენტირებულები, ვიდრე „ნაცებთან" ერთად", -განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, რამდენად შეიძლება გახარია-ხაზარაძის ალიანსმა ენმ ჩააჩოჩოს, როგორც პირველი ოპოზციური პარტია, საყვარელიძე გვეუბნება, რომ ერთად უფრო ნაკლებ ხმებს აიღებენ გახარია-ხაზარაძე, ვიდრე ცალკ-ცალკე.
„ნაცმოძრაობაც" ერთ პარტიად იგულისხმება, მეორე ადგილს იკავებდა, სანამ „სტრატეგია აღმაშნებელი" და სხვები შეერთებოდნენ. უფრო სწორი იქნებოდა ასე რომ დავსვათ საკითხი - შეიძლება თუ არა, ცალკე გახარიას, ან ცალკე ხაზარაძის პარტიამ დაიკავოს მეორე პარტიის ადგილი? მაგრამ, თუ მაინცდამაინც გაერთიანდებიან, ისინი „ნაცმოძრაობას" კი არ ჩაანაცვლებენ, უფრო ნაკლებ ხმებს მიიღებენ, ვიდრე ცალკ-ცალკე. ზუსტად ეს თქვა ხაზარაძემ და სწორია",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მათი ალიანსი სავსებით შესაძლებელია, თუმცა უშედეგო იქნება.
„გახარია-ხაზარაძის ალიანსი სავსებით შესაძლებლად მიმაჩნია, რადგან არცერთი არ არის სახელწიფოებრივად მოაზროვნე. ეს თავიანთი მოქმედებებით არაერთხელ დაადასტურეს. ხაზარაძე იძახდა საქართველოს სანქციები დაუწესეთო და ამ კაცს საქართველოს ბიუჯეტიდან არაკანონიერი გზით, მილიარდნახევრის მიღება უნდოდა, ჩვენი სახელმწიფოს გაღატაკების ხარჯზე.
„რაც შეეხება გახარიას, ანტისახელმწიფოებრივად იმოქმედა, როცა პრემიერობის პოსტიდან გადადგა, ამან ქვეყანა რყევების წინაშე დააყენა, ანუ, შესაძლო იყო ქვეყანაში „ნაცების" მობრუნების გამო, სამოქალაქო ომი დამდგარიყო. ამდენად, ეს არასახელწიფოებრივად ორი მოაზროვნე პიროვნების გაერთიანება, სავსებით შესაძლებლდა მიმაჩნია, არჩევანი კი ჩვენს ამომრჩეველზე იქნება.
„არცერთ მათგანს რეიტინგი არ აქვს, მინუსებში არიან. როგორც მამაჩემი და ბაბუაჩემი მოვლენ ხელისუფლებაში, ისე მოვლენ გახარია და ხაზარაძე",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი აცხადებს, რომ ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება საუკეთესო ვარიანტი იქნება - ეს იქნება ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობის" და ზოგადად, არჩევნებში „ქართული ოცნების" ალტერნატივა.
„თუ ეს ორი ჯგუფი გაერთიანდება, მიუხედავად მათ შორის არსებული პრობლემებისა და ა.შ., ეს იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი. ოპოზიციაში გაჩნდებოდა რეალური პოლიტიკური ძალა, რომელიც დაუპირისპირდებოდა „ქართულ ოცნებას", მაგრამ ეს უნდა მოხდეს დროზე, რომ ამომრჩეველმა შეძლოს ამის აღქმა. თუ ეს გაერთიანება მოხდება ოპოზიციურ ფლანგზე, ეს იქნება არამარტო ლიდერი პარტია, არამედ იქნება პარტია, რომელიც დაუპირისპირდება და სერიოზულ კონკურენციას გაუწევს [„ქართულ ოცნებას"], პირველი ადგილისთვის იბრძოლებს არჩევნებში.
„ჩემი შეფასებით, ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება. ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი. ეს იქნება ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატივა და ზოგადად, არჩევნებში „ქართული ოცნების". ორივე ამ გაერთიანების, როგორც „ნაცების", ისე „ქოცების" ალტერნატიული პარტია შეიქმნება.
„მათ შეუძლიათ ისიც კი გააკეთონ, როგორც ხაზარაძე, ისე გახარია პრემიერობაზე თუ უარს იტყვიან და თავიანთი გაერთიანებული ჯგუფიდან, ორივესთვის მისაღებ სხვა კანდიდატს წამოწევენ. ჩემთვის ასეთი გაერთიანების ყველაზე საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა ანა დოლიძე, რომელსაც ვერც „ქოცობას" დააბრალებს ვერავინ, ვერც „ნაცობას", ვერც გაუნათლებლობას. მოკლედ დღევანდელი სიტუაციისთვის მორგებული კანდიდატია. ჩემი შეფასებით, ეს იქნებოდა საუცხოო ვარიანტი," - განაცხადა ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



