თამთა ჩაჩანიძე
(16.09.2024)

ცესკოს ინფორმაციით, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს, რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი ექვსმა მოაწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით კი მმართველ პარტიას ეჭვი აქვს, რომ ოპოზიცია არ აპირებს, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს და „აქედანვე ამზადებს საბაბს". თავად ოპოზიციას ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია და საარჩევნო კამპანიას ეწევა რეგიონებში.

„არაა გამორიცხული, რომ უშუალოდ „ქართულ ოცნებაში" მიდიოდეს საუბარი თუ როგორ გააყალბონ არჩევნები და თავისთავად გაყალბებულ არჩევნებზე პროტესტი იქნება. ხელისუფლების მიზანია ოპოზიცია წარმოჩინდეს, როგორც დესტრუქციული ძალა, თუმცა ოპოზიცია რეალურად კანონიერი გზით იბრძვის",- აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე.

„ესაა აბსოლუტურად უღიმღამო რაღაც პოლიტიკური შეხვედრები, ერთეული პარტიული აქტივისტების მონაწილოებით... მათი მიზანია, რომ საარჩევნო პროცესს რაც შეიძლება დიდი დარტყმა მიაყენონ, ისეთი სურათი შექმნან, რომ თითქოს მიდის დაძაბულობა, ძალმომრეობა, დევნა და ა.შ."- განაცხადა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „რეზონანსთან"

რეალურად რისთვის ემზადება ოპოზიცია

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს კონკრეტული ინფორმაციაც ჰქონდეთ. მისი თქმით, ოპოზიციას სტანდარტული საარჩევნო კამპანია არ აქვს და „უღიმღამო" შეხვედრებს მართავს.

„განცხადებისა და სხვა ინფორმაციის გარდა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ თავადვე რადიკალური ნაცოპოზიციის შიდა წყაროებიდან, ისედაც ნათელია, თუ რევანშსტების ე.წ. საარჩევნო კამპანიას დავაკვირდებით. ესაა აბსოლუტურად უღიმღამო რაღაც პოლიტიკური შეხვედრები, ერთეული პარტიული აქტივისტების მონაწილოებით.

„თაღლითმა მამუკა ხაზარაძემ „მზიურში" ვითომ მხარდამჭერი კონცერტი გამართა, ვითომ მრავალი ხალხიო და ამ დროს, უფასო კონცერტზე ოცი ადამიანიც არ იყო. ამ ყველაფერთან ერთად, ერთი შავბნელი მომენტია - ე.წ. მიუკერძოებელი დამკვირვებლები, რომლებიც რეალურად ნაცპარტიული განყოფილებები არიან, მათში მონაწილეობენ პარტიულად ანგაჟირებული გიგაურები, ლომჯარიები, ნაცრეჟიმის საარჩევნო კომისიების ყოფილი ხელმძღვანელები, და სხვა არაკეთილსინდუსიერი წარმომადგენლები.

„მათი მიზანია, რომ საარჩევნო პროცესს რაც შეიძლება დიდი დარტყმა მიაყენონ, ისეთი სურათი შექმნან, რომ თითქოს მიდის დაძაბულობა, ძალმომრეობა, დევნა და ა.შ. ამ სტანდარტული მესიჯბოქსით სურთ, რომ საზოგადოება და რაც მთავარია, უცხოელი დამკვირვებლები გამოკვებონ. რასაკვირველია, საერთაშორისო დამკვირვებელთა რიგებში, ცალკეული უსინდისო აქტორები იქნებიან, რომელთა მავნებლური გზავნილები ე.წ. გაყალბებაზე გასაკვირი არ იქნება.

„უცხოეთიდან ასეთმა პოლიტიკურმა აქტორებმა, თავის დროზე, სააკაშვილი პოლიტიკურ წამებულად გამოგვიცხადეს, ავაზაკი კეზერაშვილი კი, მედიამენეჯერად. სტანდარტული საარჩევნო კამპანიის ჩატარების მაგივრად, ნაცპროპაგანდა მასობრივი დეზინფორმაციის კამპანიაშია ჩართული, რომ თითქოს ყველაფერი შავბნელია. ნაცფლანგზე უსინდისო ე.წ. დამკვირვებლები არც კი მალავენ, რომ პარტიული დაკვეთებით არიან.

„თავიანთ სლოგანებში პირდაპირ აქვთ მინიშნებები არჩევანის გაკეთებაზე და მემგონი ეუთო/ოდირმა და სხვა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა ჯეროვანი ყურადღება უნდა მიაპყრონ. ინფორმირებულობის თვალსაზრისით, ამას დიდი ხანია ახორციელებს თავისუფალი და პროფესიონალი მოხელეებით დაკომპლექტებული ცესკო.

„რასაკვირველია, ხელისუფლების წარმომადგენლებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ საერთაშორისო პარტნიორებთან. მათ შორის, პირფერ და ფარისეველ ე.წ. მეგობრებთან, რომლებსაც მუდმივ რეჟიმში და ძალიან ინტენსიურად აწვდის არსებულ დარღვევებს რადიკალების ფლანგზე. ისინი გაითვალისწინებენ თუ არა, ოქტომბერში ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებს. არჩევანი მიღებული იქნება თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პაპუაშვილის განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ „ოცნება" თავად ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის და ოპოზიციის დესტრუქციულ ძალად წარმოჩენა სურს.

„პაპუაშვილის აღნიშნული განცხადება რამდენიმე ფაქტორს ეფუძნება - არაა გამორიცხული, რომ უშუალოდ „ქართულ ოცნებაში" მიდიოდეს საუბარი თუ როგორ გააყალბონ არჩევნები და თავისთავად გაყალბებულ არჩევნებზე პროტესტი იქნება, მაგრამ ვითომ მერე თქვან, რომ აი გაფრთხილებდით, რომ შედეგებს არ აღიარებენო. იციან, რომ არჩევნებს გაყალბების გარეშე ვერ მოიგებენ და წინასწარ თადარიგს იჭერენ.

„ასევე, ხელისუფლების მეორე მიზანი ისაა, რომ ოპოზიცია წარმოჩინდეს, როგორც დესტრუქციული ძალა, რომელიც თითქოს ხალხის არჩევანს პატივს არ სცემს და მათ მხოლოდ თანამდებობა და ფული აინტერესებთ. არადა, ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საკმაოდ აქტიურობს. მაგალითად, „კოალიცია ცვლილებებისთვის" ოფისებს ხსნის. ოპოზიცია რეალურად კანონიერი გზით იბრძვის.

„ოცნებამ" თუ დღევანდელი რეიტინგის მიხედვით, არჩევნებზე 35% მიიღო, არაა გამორიცხული ივანიშვილმა თქვას, რომ გლობალური ომის პარტიამ გააყალბა და ხალხი ოპოზიციამ დააშინა, ყველაფრის მკადრებელია",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

რა თქვა პაპუაშვილმა

15 სექტემბერს ცესკომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი ექვსმა მოაწერა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ხელმომწერი პარტიები არიან: „შეცვალე საქართველო", „ევროპელი დემოკრატები", „სამართლიანობისთვის", „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", „მესამე გზა", და „ჩვენი გაერთიანებული საქართველო".

ცესკოს ცნობით, არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმება საარჩევნო ადმინისტრაციამ შესთავაზა.ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 9 სექტემბრიდან შეეძლოთ. ხელმოწერილი დოკუმენტი საჯაროა და განთავსებულია ვებგვერდზე.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი მხოლოდ ექვსმა მოაწერა, პარლამენტის თავმჯდომარემ სალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ეს არის ის ტრადიცია, რომელიც ოპოზიციას 2012 წლიდან აქვს და ისინი ახლაც აპირებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ აღიარონ".

„ეს აჩვენებს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რადიკალური ოპოზიცია სინამდვილეში ემზადება არჩევნების მეორე დღისთვის და მისი არ აღიარებისთვის. ეს არის ის ტრადიცია, რომელიც მათ 2012 წლიდან აქვთ. არც 2012 წლის არჩევნები აღიარეს, არც 2016-ის, არც 2020-ის. სამივე არჩევნებზე დრო და წნეხი დასჭირდათ იმისთვის, რომ ეღიარებინათ შედეგები. რა თქმა უნდა, აქაც იმავე ლოგიკას მიჰყვებიან და აპირებენ, რომ ეს არჩევნები [2024 წლის საპარლამენტო] არ აღიარონ - აქედანვე ამზადებენ საბაბს. მათ შორის ის, რომ არ უნდათ ელემენტარულ სტანდარტზე აიღონ პასუხისმგებლობა.

„იმედი მაქვს, რომ ამას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ყურადღებას მიაქცევენ. ეს არის პირდაპირ იმისი აღიარება, რომ ოპოზიცია რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისთვის და არჩევნების შემდეგ რადიკალური დღის წესრიგისთვის ემზადება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციას, პოლიტიკური ძალები აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ეწევიან, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ახმეტაში ოფისის გახსნაზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ცვლილებები გარდაუვალი იქნება.

„ორჯერ მეტი ადამიანია ამ ქვეყანაში, ვისაც ცვლილებები უნდა. სამეგრელოდან კახეთში ჩამოვედით. მინდა გითხრათ, რომ ორი თვის განმავლობაში ყველგან ვიყავით, ასე მასიურად ადამიანებს სხვა წლებში ცვლილებები არ სურდათ. ჩვენ შორის არიან ადამიანი, ვისაც სჭირდება დარწმუნება, რომ აუცილებელია არჩევნებზე მისვლა.

„ცვლილებები გარდაუვალი იქნება. არჩევნებს ვერ მოგვპარავენ, როდესაც ყველა მივდივართ. 26 ოქტომბერი ის თარიღია, რომლითაც ყველა ჩვენგანი იამაყებს, სადაც სახელმწიფოებრიობა გაიმარჯვებს. ბევრს გაუმარჯვია, მაგრამ ისტორიული ცვლილებები ვერ მოუტანია. ის, რაც ხალხის დაკვეთა იყო, "კოალიცია ცვლილებისთვის" საარჩევნო ნომრით-4, გადამწყვეტ და მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ევროპული და კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბებაში",- განაცხადა მელიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე