
„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მწვავედ კრიტიკული შეფასება აქვს ოპოზიციას, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილის ნათქვამი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, ანტისახელწიფოებრივია და რომ საქართველოს ბოდიშის მოსახდელი არაფერი აქვს. იგივე პოზიცია აქვს საზოგადოების მნიშნელოვან ნაწილს. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" იმაზე საუბრობენ, თუ რა გაგრძელება ექნება ამას საქართველოს კიდევ ერთი ოკუპირებული ტერიტორიი მოსაზღვრედ, ზუგდიდში გამართულ „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შეხვედრაზე.
„ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები", - ამ სიტყვებით მიმართა გორის მოსახლეობას 14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა.
ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ ეს განცხადება თავისი არსით საქართველოში არაპოპულარული და კონტრპროდუქტიულია, თუმცა, „ოცნებას" ელექტორალური მხარდაჭერის გაზრდის რესურსი ისედაც არ აქვს და რა განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს პარტიის ლიდერების მხრიდან, ეს მათ რეიტინგზე არ აისახება.
ნაწილი კი ფიქრობს, რომ არაერთგვაროვანი შფასებების მიუხედავად, შესაძლოა მოსახლეობის ნაწილი „ქართული ოცნების" მიმართ „პოზიტიურად განეწყოს და ჩათვალოს, რომ შერიგებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი სწორედ ასეთი უნდა იყოს".
უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონალური წინასაარჩევნო ტურნეს ფარგლებში, ქართული ოცნების" ღინისძიება დაგეგმილია ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე ზუგდიდშიც, სადაც ასევე სიტვით გამოვა ბიძინა ივანიშვილი. ანალიტიკოსების ნაწილს მოლოდინი აქვთ, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირევლი ნომერი იქაც მსგავს განცხადებას გააჟღერებს, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ „ოცნების" შტაბში ალბათ გორის განცხადებაზე რეაქციებს გააანალიზებენ და შესაბამისად დაიგეგმება განცხადებები.
რა თქვა ივანიშვილმა
წინასაარჩევნო რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, 14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილი გორის მოსახლეობის წინაშე გამოვიდა სიტყვით.
„დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი,
„პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიურნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა. ქართველების ერთ-ერთი ღირსება ყოველთვის იყო რეალობისთვის თვალის გასწორების უნარი, როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო ის. საქართველოში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის ფონზე კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს.
„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.
„და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავს მოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
გამოხმაურება
გორში გაკეთებულ განცხადებას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და „ეროვნული სირცხვილი" უწოდა. პოლიტიკური პლატფორმის შფასებით, ამ განცხადებით „ქართული ოცნება" „მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება", ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესს.
„ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება გორში ეროვნული სირცხვილია. ამ განცხადებით „ქართული ოცნება" ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს, ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესს.
„მან და „ქართულმა ოცნებამ" ბოდიში უნდა მოიხადოს ქართველი ხალხის წინაშე ამ მოღალატეობრივი განცხადებისთვის. ასევე იმისთვის, რომ 12 წლის მანძილზე ხალხი გაღარიბდა, ქვეყანა დაიცალა, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა.
„ქართველი ხალხის სიმართლე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით ჰააგასა და სტრასბურგში, ასევე ეუთოსა და ევროპის საბჭოს რეზოლუციებით.
„26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს „ქართულ ოცნებაზე" და ერთიანობითა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზით განახორციელებს მშვიდობიან პოლიტიკას ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი და მშვიდობიანი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში.
პლატფორმა „ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ საქართველოში ყველა ომი რუსეთმა დაიწყო და ბოდიში საქართველოსთვის მებრძოლ გმირებთანაა მოსახდელი.
„საქართველოში ყველა ომი რუსეთის ხელით დაიწყო! ბოდიში ჩვენს გმირ ბიჭებთან გვაქვს მოსახდელი, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს! ასევე ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენს შვილებს ბიძინას რუსული ხელისუფლების აქამდე ატანისთვის!
„26 ოქტომბერს "რუსულ ოცნებას" გავუშვებთ, რის შემდეგაც აფხაზებთან და ოსებთან ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს!"- წერს ხაზარაძე.
„გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია კი აცხადებს, რომ ივანიშვილმა ამ განცხადებით რუსეთის კვალი გააქრო, როგორც ოკუპანტის. მისი თქმით, განცხადებას რუსეთში პუტინის პროპაგანდისტები დიდი სიხარულით შეხვდნენ.
„ყველაზე დიდი სიმძიმე ამ განცხადებაში არის რუსეთის კვალის გაქრობა, როგორც ოკუპანტის, ბუნებრივი იყო ის სიხარულიც, რომელიც უკვე კრემლში ვნახეთ ამ განცხადებიდან გამომდინარე და ბუნებრივია, რომ როდესაც ოკუპანტი სახელწიფოს და ივანიშვილის განცხადებები სრულ თანხვედრაშია, ეს დიდი საფრთხის შექმქმნელია საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტის და ნამდვილი მშვიდობისთვის", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
როგორ იმოქმედებს ივანიშვილის განცხადება „ოცნების" რეიტინგზე
როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაციები მართლაც მოჰყვა, თუმცა ივანიშვილის გამოსვლაში ჩანდა, რომ ოსებს პასუხისმგებლობის თავიანთი წილი აქვთ, მაგრამ „რაღაც წილი ქართველებსაც აქვთ".
„არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. შესაძლოა ვიღაც „ქართული ოცნების" მიმართ პოზიტიურად განეწყოს და ჩათვალოს, რომ შერიგებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი სწორედ ასეთი უნდა იყოს, რადგან სხვანაირად ეს არ მოხდება. მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ბოდიშის მოსახდელი არაფერი გავქვს და უნდა შენარჩუნდეს ის სტსტუს-კვო, რომელიც არის ქართველებსა და ოსებს შორის - ურთიერთგაუცხოება და ა.შ. მერამდენე ათეული წელია ასეთ მდგომარეობაში ვცხოვრობთ და როგორც ჩანს, ძვრა არაა
„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თუ საქართველოსგან ბოდიში იქნება, ეს რაღაცნაირად რადიკალურად შემოაბრუნებს ქართველებისა და ოსების ურთიერთდამოკდიებულებას და კონფლიქტის მოგვარებას. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ქართველების მხრიდან გადადგმული ერთი პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა, რამაც საღად მოაზროვნე ოსებში სათანადო შეფასება და დაფასება უნდა გამოიწვიოს. მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და თუნდაც ოსების რეინტეგრაციაზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ეს არის იდეის დონეზე გაკეთებული შეთავაზება. შემდეგ პროცესები როგორ განვითარდება, ვნახავთ.
„შეგახსენებთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ადამიანის უფლებათა ცენტრის" წამოწყებულ კამპანიას „ბოდიში", რომელიც აფხაზებისთვის ბოდიშის მოხდას ითვალისწინებდა, ეს წლების წინ იყო, მაგრმ ამას ასეთი რეაქციები რატომღაც არ მოჰყოლია. ორგანიზაციას მიაჩნდა, რომ თუ აფხაზები დამნაშავეები არიან, ამ ომში თავისი წილი პასუხისმგებლობა ქართველებსაც აწევთ. ყოველ შემთხვავაში, მათი ნარატივი ასეთი იყო და რაც ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში ამოვიკითხე, ისაა, რომ კი ბატონო, ოსებს პასუხისმგებლობის თავიანთი წილი აქვთ, მაგრამ რაღაც წილი ქართველებსაც აქვთ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, როგორ იმოქმედებს ეს განცხადება „ოცნების" რეიტინგზე, ანჯაფარიძემ გვითხრა:
„ეს სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა უნდა აჩვენოს, მოქალაქეებს უნდა დაუსვან ეს კითხვა და მათი პასუხებიდან გამომდინარე გავიგებთ რეიტინგზე როგორ იმოქმედებს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" დიდი ხანია რეიტინგზე არ მუშაობს.
„ოცნება" დიდი ხანია რეიტინგზე არ მუშაობს, მას თავისი ამომრჩეველი ჰყავს, რომელიც ძირითადად მასზეა დამოკიდებული - ან სამსახურებრივად, an ბიზნესით, ან „ოცნებისგან" სხვადასხვა დახმარებას იღებს და ა.შ. მთელი იმ ამომრჩევლისგან, ვინც „ოცნებას" მხარს უჭერს, გულწრფელად რომ „ოცნების" სჯეროდეს, მათი მხარდამჭერების 10%-იც კი არ იქნება.
„ოცნებას" არც იმის რესურსი აქვს, რომ ამ ამომრჩეველს კიდევ ახალი დაამატოს. ამიტომ რა და როგორც არ უნდა თქვან, ამომრჩეველზე ეს არც მუშაობს და არც იმუშავებს. „ოცნება" ელექტორალურად ვეღარ გაიზრდება, სულ ესაა რაც არის და ასე იქნება სახელისუფლებო ბერკეტებზე დამყარებული. ამიტომ ივანიშვილის ეს განცხადება, რომ ვიღაცეებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, უფრო პიარია და მიმართული არა ოსებისკენ, არამედ რუსებისკენ", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".
რას იტყვის ივანიშვილი ზუგდიდში
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ივანიშვილმა ეს გზავნილი ოსური საზოგადოებისთვის გააჟღერა.
„ეს განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ ოსურ საზოგადოებას გაეგო, რომ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, „ქართული ოცნება" გარკვეული ნაბიჯების გადადგმას აპირებს იმისათვის, რომ ნდობა აღდგეს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე გავიგე. აბა, ბიძინა ივანიშვილს სხვა რა მოტივაცია უნდა ჰქონოდა?
„თუ ჩვენ რაღაცნაირად გვინდა, რომ ნდობა და ხიდები აღვადგინოთ იმ მოსახლეობასთან, რომელიც სადემარკაციო ხაზის იქით მხარეს აღმოჩნდა, რაღაც კონკრეტული ნაბიჯი ჩვენც უნდა გადავდგათ. სხვა შემთხვევაში ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის და შერიგების და ნდობის აღდგენის პერსპექტივა არ იქნება. მესმის იმ ხალხისაც, ვინც ამ ყველაფერს ემოციურ ჭრილში უყურებს, განსაკუთრებით მათი, ვინც ომი გამოაიარა და დაზარალდა. ისინი მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ქართველებს ბოდიში არ აქვთ მოსახდელი.
„საპასუხო რეაცქია დიდი ალბათობით ტრადიციული იქნება - ყოველ შემთხვევაში „ოფიციალური" ცხინვალისგან არ მგონია დადებითი რეაქცია მოჰყვეს, ისინი მოსკოვის გარეშე დამოუკიდებლად არ მოქმედებენ. იტყვიან, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჯერ საქართველომ გვაღიაროს, მოახდინოს ჩვენთან საზღვრების დელიმიტაცია დემარკაცია და შერიგებაზე მერე ვილაპარაკოთო და ა.შ. მე მათგან დაახლოებით ასეთ პასუხს ველოდები", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ მსგავსი განცხადება ზუგდიდშიც გააკეთოს ივანიშვილმა, ანალიტიკოსმა გვითხრა:
„ალბათ „ქართული ოცნების" შტაბში გააანალიზებენ იმ რეაცქიებს, რაც ამ განცხადებას მოჰყვა და იმისდა მიხედვით ააგებენ თავიანთ საჯარო გამოსვლების ტექსტს ზუგდიდში. საარჩვენო კამპანია ისაა, რომ ყოველი მორიგი სარჩევნო შეხვედრა ანალიზდება, თუ მოსახლეობას რა რეაქციები ჰქონდა - დადებითი სჭარბობდა თუ უარყოფითი და მერე იმის მიხედვით იგეგმება მომდევნო გამოსვლა. ალბათ კორექტივები იქნება", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ივანიშვილმა ეს განცხადება რუსების გასაგონად გააკეთა და არაა გამორიცხული ზუგდიდშიც გაიმეოროს.
„ივანიშვილი ამას რუსების გასაგონად ამბობს და არა ოსების. ამ განცხადებას, როგორი მცდარიც არ უნდა იყოს, არაფრად არ ჩავთვლიდი, რომ მჯეროდეს, რომ ივანიშვილი სწორედ ოსებზე დარდობს. ეს განცხადება ოსების გულის მოსაგებად კი არაა, მათ ყველაფერი მშვენივრად იციან და რეაქცია მათგან კი არა, უფრო რუსების პროტექტორატით იმ კლანისგან იქნება, ვისაც რუსებმა ცხინვალის რეგიონი ჩააბარეს.
„სხვათა შორის, ერთ-ერთი ვერსიად, თუ რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში ივანიშვილი, იმასაც განვიხილავ, რომ ივანიშვილი რეალურად იმას ცდილობს, რომ არჩევნები წააგოს და ეს შემოსვლა ვიღაცასთან თავის გასამართლებლად სჭირდება - რომ აი, მე ყველაფერი გავაკეთეო და არა იმისთვის, რომ ივანიშვილს უცებ სიის სათავეში ყოფნა მოუნდა და ა.შ.
„ვიღაცას უნდა უთხრას, რომ მან ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო, მაგრამ მაინც წააგო - არც ამას გამოვრიცხავ, რომ ამ თამაშს თამაშობდეს ივანიშვილი. დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ გამორიცხული არაა.
„ივანიშვილმა უკეთესად იცის რა და სად უნდა თქვას, მაგრამ ზუგდიდიში იმ განცხადებას რომ არ გააკეთებს, რომ ჩვენ შევცვალეთ კურსი და ისევ ევროპას ვუბრუნდებითო, ეს შემიძლია გარანტირებულად გითხრათ. დანარჩენი, ალბათ აფხაზებსაც ბოდიშს მოუხდის - არაა გამორიცხული იქაც რაღაც ამდაგვარი იყოს", - განაცხადა ძაბირაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



