ელზა პაპოშვილი
(14.09.2024)

მმართველი გუნდი არჩევნების მოახლოვებასთან ერთად სულ უფრო აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ  ოპოზიცია არა 26, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადება. რამდენად საფუძვლიანია „ქართული ოცნების“ ეს ბრალდებები და რა პროცესები გველოდება ოქტომბრის ბოლოს? ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის რევოლუციურ გეგმებზე საუბარი მმართველი პარტიის პიარის ნაწილი. სხვების აზრით კი, ოპოზიციას ნებისმიერ ფასად სურს ხელისუფლებაში მოსვლა და თუ ეს 26 ოქტომბერს არჩევნების გზით ვერ მოხერხდა, 27-დან ამას უკვე სხვა გზებით შეეცდებიან.

„ოცნება“ და მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი გმოვიდეს, რათა მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო  უმრავლესობა აიღოს. მათი აზრით, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვერ დააყენებს ოპოზიცია, დასავლელ ლობისტებთან ერთად, არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი 25%-ზე მეტი არ არის და შესაბამისად, პროპორციული არჩევნების პირობებში, ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობას კი არა, უბრალო უმრავლესობასაც ვერ აიღებენ. რევოლუციური სცენარისთვის მზადებაზე „ოცნების“ განცხადებები კი მხოლოდ მოსახლეობის დაშინების ტაქტიკაა.

როგორ შეიძლება 27 ქოტომბერს მოვლენები განვითარდეს? 

პოლიტიკური შეფასებები 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია არა 26, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადება, რადგან საქართველოს საწინააღმდეგო მათი მტრული მიზნები არსად გამქრალა.

„ისინი ყოველთვის საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდიოდნენ. შესაბამისად, რაიმე პოზიტივი, საქმიანი დღის წესრიგი არავისთვის მათ არ შეუთავაზებიათ. უფრო მეტიც, ისინი მუდამ იმაზე ოცნებობენ, არადემოკრატიულ გზით როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში. სხვა ინტერესი ამ ადამიანებს არასდროს, რაც ოპოზიციაში არიან, არ ჰქონიათ, რადგან საზოგადოების მხრიდან მათ ნდობა ნულის ტოლია. 

„შესაბამისად, ისინი არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადებიან, რადგან საქართველოს საწინააღმდეგო მათი მტრული მიზნები არსად გამქრალა. მათ ისევ ეს მიზნები და ამოცანები გააჩნიათ. ყველას ცდება, თუ ჰგონია, რომ არადემოკრატიული გზით ვინმეს რაიმეს მიღწევა შეუძლია. საქართველო არის ძლიერი სახელმწიფო და ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.  

მისივე თქმით, არავის მისცემენ შესაძლებლობას, რომ მართლაც სიმწრით მოპოვებულ მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხე დაემუქროს.   

კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით კი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება, „რადგან მათი რეიტინგი დაახლოებით 20%-ია“. მისივე შეფასებით, ხელისუფლების სასარგებლოდ დეზინფორმაციული მანქანები მუშაობას, რომელიც მათ „ვერ უშველით“.

„ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ მარცხდება, მათი რეიტინგი დაახლოებით 20%-ია. რა თქმა უნდა, დიდი დეზინფორმაციული მანქანები მოქმედებს იმისთვის, რომ მათ როგორმე მიეხმაროს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ უშველით. საქართველოში ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ, ვისაც გვინდა კეთილდღეობა ევროკავშირში და უარს ვამბობთ იზოლაციის, მონობის გზაზე, რომელსაც ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ირჩევს. ამიტომ ჩვენ წინ ევროპისკენ, ევროკავშირისკენ და კეთილდღეობისკენ უნდა წავიდეთ. ამ დეზინფორმაციულ დიდ, მასშტაბურ მანქანას სიმართლე და სიკეთე უნდა დავუპირისპიროთ“, - განაცხადა ვაშაძემ.   

მზადება გადატრიალებისთვის?

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიცია არა უშუალოდ არცევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესებისათვის ემზადება. მისი აზრით, სწორედ ამისთვის უშალოდ არჩევნების დღეს ისინი სხვადასხვა საშუალებით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას შეეცდებიან. ამ ტყუილს კი ზემოდან დაამატებენ ხელოვნურად, მათ მიერვე შექმნილ ატმოსფეროს, ვითომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ძალას იყენებს. 

„რასაკვირველი, იქნება საარჩევნო უბნებზე ცალკეული ფაქტები და იმის პორვოცირება, რომ ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყოს და უბანზე არეულობის შეტანა მოხდეს. მცდელობა იქნება ამ ე.წ. დამკვირვებლებისგან, რომ ისეთი ვითარება შექმნან, თითქოს წინასაარჩევნო გარემო იყო არათანაბარი, ძალადობრივი, გაუმჭვირვალე. იქნება სხვა არასტანდარტული ბრალდებებიც, რომლებიც აქამდე ისედაც გვესმოდა. 

„რაც შეეხება უცხოელ დამკვირვებლებს, აქაც მოსალოდნელია, რომ ცალკეული უსინდისო პოლიტიკური აქტორები, რომლებიც ცნობილი არიან საქართველოს ხელისუფლების დამუნათებითა და სიცრუის გავრცელებით, რომლებსაც სააკაშვილი რატომღაც წამებულად და პოლიტპატიმრად მიაჩნიათ, დეზინფორმაციის ტირაჟირებას დაიწყებენ. 

„ასევე არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ გამჭვირვალობის კანონს ძალიან უნამუსოდ და არასწორად საარჩევნო პროცესს დაუკავშირებენ. ასეთი ბრალდებებიც გაგვიგია. უკვე ვიცით ის სტანდარტული ბრალდებები, რაც ამ ვითომ ე.წ. დამკვირვებლებისგან წამოვა. ეს ყველაფერი კი საზოგადოების უმრავლესობის განწყობაზე ვერანაირად ვერ აისახება. 

„ამის შემდეგ კი, 27 ოქტომბერსს, როცა ცნობილი გახდება, რომ „ოცნებამ“ არჩევნები მოიგო, დაიწყებენ რევოლუციური სცენარის განხორციელების მცდელობას, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ხალხმა მაისში უკვე კარგად დაინახა ისინი რას წარმოადგენენ და რა უნდათ. ყველა კვლევების მიხედვით „ოცნება“ იგებს, ეს იციან, ამიტომაც არჩევნების ნაცვლად ქვეყნის გადატრიალებისთვის ემზადებიან“, - ამბობს აბაშიძე. 

მისივე თქმით, „ოცნების“ ამომრჩევლის სეგმენტი ვრცელია და ისინი თავიაანთ გადამწყვეტ სიტყვას იტყვიან. თუმცა, აბაშიძის აზრით, ერთ-ერთი მთავარი მომენტი ისაა, რომ მმართველი პარტიის იმ მხარდამჭერებმა, ვინც ფიქრობს, რომ „ოცნება“ ისედაც გაიმარჯვებს, არჩევნებზე მისვლა არ დაიზარონ. 

„ამ ხალხს მინდა მოვუწოდო, რომ პირიქით, ახლაა ის დრო, რომ „ოცნების“ ყველა ამომრჩეველი დაირაზმოს  და უპრეცედენტო მობილიზება მოხდეს. რათა ამ ხალხის პარპაში  ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს“, - ამბობს აბაშიძე.      

„ოცნება“ თავს იზღვევს“

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციის დადანაშაულება არეულობის ორგანიზებაში წინასაარჩევნო პიარის ნაწილია.

„ოცნებას“ ახლა ყველაფერზე თავს იზღვევს. ვხედავთ, რომ რაღაც რევოლუციურ სცენარებზე, გადატრიალებებზე საუბრობენ. ამის პარალელურად საზოგადოებაში ნერგავენ აზრს, რომ ისინი არჩევნებს საკონსტიტუციო უმრავლესობით იგებენ. 

„ეს არის ჩველებრივი პიარ სვლა და წინასწარ თავის დაზღვევა. ჩვენ გვახსოვს, რომ 2016 წელს „ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმარვლესობა მხოლოდ მაჟორიტარების ხარჯზე მოიპოვეს, ხოლო ისე რეალურად მოსახლეობის დაახლოებით 25%-მა მისცა მათ ხმა. მითუმეტეს ახლა, როდესაც მათი რეიტინგი დაცემულია და ვნახეთ ამხელა აქციები, რომელიც მეორე წელია უკვე თბილისში გამჭვირვალობოს კანონის წინააღმდეგ მიდიოდა, რა საკონსტიტუციო უმრავლესობაზე უნდა იყოს საუბარი, ეს ხომ წარმოუდგენელია... 

„ყველა ბოლო კვლევით, მათი რეიტინგი 34-35%-ია. თუმცა აქ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და არ არის გამორიცხული მათ გარკვეულ ქმედებებს მიმართონ - ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენონ, დაიწყონ მოსახლეობის დაშინება ან მოსყიდვა და ცრუ დაპირებების მიცემა.

„მმართვლი გუნდი, რა თქმა უნდა, ყველა ხერხს გამოიყენებს გამარჯვების მოსაპოვებლად. ამით ცდილობენ ოპოზიციური ამომრჩევლისთვის მოტივაციის დაგდებას, რომ ისინი იგებენ არჩევნებს. თუ ოპოზიციამ ეს ყველაფერი გააპროტესტა, მერე იტყვიან - აი, ხომ ვამბობდით, რომ ოპოზიცა რევოლუციური სცენარისთვის ემზადებოდა და ა.შ. 

„ძალიან რთული პროცესები გველის, რადგან 27 ოქტომბერს სიტუაცია ნამდვილად არ იქნება სახარბიელო. ამიტომ მმართველი გუნდი ვფიქრობ ყველა სცენარისთვის ემზადება. იქნება, რა თქმა უნდა, მასობრივი გამოსვლები და არც ის არის გამორიცხული, რომ მმართველმა გუნდმა ძალა გამოიყენოს“, - ამბობს ჩიტაძე.

თუ დასავლეთი არჩევნებს არალეგიტიმურად აღიარებს

რაც შეეხება კითხვას, თუკი დასავლეთმა არ აღიარა 26 ოქტომბრის არჩევნები, ქვეყანა მიდის თუ არა ქვეყანა ბელორუსიის სცენარისკენ და რამდენად არსებობს ალბათობა, რომ „ოცნება“ საერთაშორისო იზოლაციაში მოხვდეს, ჩიტაძე ამბობს, რომ ამის რისკი არსებობს და დასავლეთი მმართველ გუნდს სწორედ ამაზე აფრთხილებს. 

„რა თქმა უნდა, ქვეყანა აღმოჩნდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში. თუკი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არ აღიარებენ არჩევნებს, დადებენ ძალიან ბევრ დარღვევებს და გაყალბების ფაქტებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ქვეყანა იზოლაციაში ხვდება. ამის პარალელურად კი საქართველო ჩინეთთან ვასალურ მდგომარეობაში დარჩება. იგივე იქნება რუსეთის მიმართაც და ზუსტად ის სცენარია მოსალოდნელი, რომელიც ბელარუსშია. 

„თუკი საპროტესტო აქციებს მმართველი გუნდი ჩაახშობს და სიტუაციას ამ ფორმით განუმხტავს და არ ექნება დასავლეთიდან აღიარება არჩვენებს, რა თქმა უნდა, სრულ იზოლაციაში მოვხვდებით. დავრჩებით მხოლოდ ჩინეთ -რუსეთის იმედად და საერთოდ, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივობას და არსებობას საფრთხე დაემუქრება“, - ამბობს ჩიტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე