
ოპოზიცია ძალიან ფრთხილად უნდა იყოს საარჩევნო სიების შედგენისას და არ უნდა შეიყვანოს მასში „მერყევი ელემენტები". ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს და ოპოზიციას ახალ საფრთხეზე მიუთითებს - „ქართული ოცნება" არჩევნებზე ვერ შეძლებს პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას და ამ მიზნის მისაღწევად ოპოზიციური პარტიებიდან პარლამენტში გასული დეპუტატების გადაბირებას შეეცდება. რას ნიშნავს სააკაშვილის ეს განცხადება და რომელ ოპოზიციური პარტიების სიებში შეიძლება იყვნენ ასეთი „მერყევი ელემენტები"?
ოპოზიციურ პარტიებს 2 კვირაზე ნაკლები დრო დარჩათ ცესკო-ში თავისი საარჩევნო სიების წარსადგენად და როგორ ჩანს, სიების შედგენის პროცესი უკვე საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს.
„სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ვერ გაიმარჯვებს. ახლა რომ გამოაცხადეს - ხელი მოვაწეროთ, რომ „ოცნებასთან" არ ვითანამშრომლებთო - ესეც ამის აღიარება იყო. ახლა სააკაშვილის მხრიდანაც არის. ეს თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან თავდაჯერებულები არ არიან", - ასე აფასებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, პარლამენტში მოწინააღმდეგე ბანაკის დეპუტატების გადაბირებას, სავარაუდოდ, „ოცნებაც" ეცდება და ოპოზიციაც:
„რა თქმა უნდა, თუკი ამის საჭიროება წარმოექმნა, „ქართულ ოცნება" შეეცდება ამ მეთოდსაც მიმართოს, ისევე როგორც ოპოზიციურმა პარტიებმა შეეცადონ „ოცნებიდან" ვინმე გადაიბირონ. ამიტომ, ჩვენი წინა პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე, ამაში მე რამე განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ".
როგორც მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში" წერს, მმართველი პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებზე მარცხისთვისაა განწირული და ერთადერთი გზა, რომლითაც მან შეიძლება რეალურად გაზარდოს პარლამენტში თავისი ადგილების რაოდენობა, ოპოზიციონერი დეპუტატების გადაბირებაა.
„როგორც მოსალოდნელი იყო, „ნაციონალური მოძრაობის" კოალიციის პოპულარობა ყოველ ჯერზე იმატებს, თან იმ პირობებში, რომ ჩვენი მომხრეების დიდი ნაწილი ერიდება არჩევნებამდე თავის სიმპატიის ღიად გაცხადებას, რაც პირიქითაა „ოცნების" შემთხვევაში - უფრო მეტი ამბობს, რომ აძლევს ხმას, ვიდრე რეალურად მისცემს.
„რაც შეეხება რუსულ ოცნებას და მის სამარცხვინო ბაობაბთა საპარლამენტო სიას, ჩემი პროგნოზი მთლიანობაში ემთხვევა სალომე ზურაბიშვილისას, ის იმოძრავებს 25-30%-ის ფარგლებში (მთელი ადმინისტრაციული რესურსების და გაყალბებების გათვალისწინებით).
„გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ახლა ივანიშვილის ერთადერთი იმედია ოპოზიციის მომავალი პარლამენტარების ყიდვაა და ამიტომ ჩვენს კოალიციაში ძალიან გულისყურით მოვეკიდებით, რომ მერყევი ელემენტები არ აღმოჩნდნენ სიაში, და ამ მხრივ, ჩვენი აქტივისტების აქტიური ჩართულობა გადამწყვეტია!" - წერს სააკაშვილი.
რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ხშირად იქმნება სიტუაციები, როდესაც პოლიტიკოსები მიდიან დასკვნამდე, რომ მიზანშეწონილი იქნება განსხვავებული ნაბიჯების გადადგმა.
„პოლიტიკოსები არიან და ნებისმიერ დროს შეიძლება ისეთი სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომ დაასკვიან - თურმე სხვაინარად მოქმედება აწყობთ. ამიტომ ამ შემთხვევაში მე ტერმინ „მოსყიდვას" ვერ შევუსაბამებდი. თუნდაც სააკაშვილი ომის შემდეგ რუს ტურისტებს საზღვარზე რომ ხვდებოდა და აქეთ აცილებდა, შეიძლება ვთქვათ მოისყიდესო? უბრალოდ იმ სიტუაციაში მიაჩნდა, რომ ასეთი მოქმედება უფრო მიზანშეწონილი იყო. შეიქმნება თუ არა სიტუაცია, სადაც მიზანშეწონილი გახდება ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმა ოპოზიციის მხრიდან, გადადგამს კიდეც.
„დავუშვათ, პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ ნაბიჯების გადადგმას და ვთქვათ ინიციატორი „ქართული ოცნებაა". ოპოზიციურმა პარტიამ ასეთ წინადადებას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს იმიტომ, რომ ინიციატორი „ოცნებაა"? თუ უნდა მიიღოს? თუკი საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, რა თქმა უნდა, მიიღებს.
„ასე რომ, სიტუაცია როგორც შეიქმნება, იმის მიხედვით ოპოზიციიდანაც ბევრი შეიძლება აღმოჩნდეს იმ წინადადების მხარდამჭერი, რასაც მმართველი პარტია წამოაყენებს. რაღაც საკითხში შეიძლება შეთანხმდნენ, რაღაცაში - არა, ამიტომ გადაბირების ტერმინი არასწორად მიმაჩნია", - განაცხადა საყვარელიძემ.
ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, პარლამენტარების სხვადაასხვა გზებით გადაბირება ქართული პოლიტიკისათვის უცხო მოვლენა არაა. ამიტომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
„არა მარტო ოპოზიცია, არამედ „ოცნებემაც" უნდა შეეცედოს, რომ სიაში არ შეიყვანოს ისეთი დეპუტატები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით ერთი პარტიიდან მეორე პარტიაში ხტებიან. ამ კუთხით მართლაც არის საფრთხე. ასე რომ, სააკაშვილის შიშები არცთუ ისე უსაფუძვლოა.
„ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, რომელ პარტიაშია უფრო მეტად ასეთი მერყევი ელემენტები. ჩვენ ხომ არ ვიცით კონკრეტულად რა კატეგორიის ხალხი გვხვდება სიაში. ამიტომაც ამაზე ლაპარაკი შეიძლება მას შემდეგ, რაც გავიგებთ ვინ არის სიაში. თან ჯერ არც ვიცით გადალახავს თუ არა ბარიერს ოპოზიციური პარტიების გაერთიანებები. მე პირადად, მათი საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, ამაში კი ეჭვი მეპარება.
„პარლამენტარების გადაბირების და სხვადასხვა გზებით მათი მიმხრობის პრაქტიკა ჩვენს საპარლამენტო ცხოვრებაში სიახლეს არ წარმოადგენს. ასე რომ, ყველაფერი შეიძლება დავუშვათ ჩვენი პოლიტიკური კულტურის იმ გარემოში, რაც გვაქვს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



