ელზა პაპოშვილი
(13.09.2024)

“ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, თაღლითები მოაშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი“ - ეს არის გზავნილი „ოცნებისთვის“, რომელიც მან მორიგ ჯერზე ამერიკისგან მიიღო.  სენატორმა ჯიმ რიშმა, რომელიც 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებას კურირებდა და ბიძინა ივანიშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა,  სენატში გამართულ მოსმენაზე  განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ მსჯელობა გაიმართა.

სენატორმა აღნიშნა, რომ საქართველოში მომავალ არჩევნებს დააკვირდებიან.

„ჩვენ ამერიკაში გვჯერა, რომ ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის გაიაზრებენ, რომ დემოკრატია ბევრად უკეთესია, ვიდრე ავტორიტარიზმი. მაგრამ რაც გვითხარით მაიმედებს, რომ ასეთი ბევრია. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს შემდეგ თვეში, მე და ჩემი კოლეგა შაჰინი დიდი ხანია ვაკვირდებით არჩევნებს და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ძალიან ბევრი ადამიანი მსოფლიოდან. თუ თქვენ მეუბნებით, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც იციან რა უნდათ, მაშინ მათ ეს შესაძლებლობა ექნებათ არჩევნებში, რომ მათ გადაწყვიტონ საკუთარი და საკუთარი ქვეყნის მომავალი და გააცნობიერებენ, რომ ეს მათ ხელშია.

თუ სიმართლეა ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე რასაც ამბობთ, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი”, - განაცხადა რიშმა.   

სენატის საგანგებო სხდომას, რომელიც საქართველოს ეძღვნებოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორი ეკა გიგაური ესწრებოდა. გიგაური სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე ისაუბრა.

"თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება და ქვეყანა კვლავ რუსულ ორბიტაზე მოექცევა, ეს დემოკრატიული განვითარების შანსებს  საქართველოს აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოსაც გაუქრობს. გეოპოლიტიკურად ეს ასე ითარგმნება, რუსეთი კვლავაც  უკანა ეზოდ მოგვნიშნავს და თავის გავლენის სფეროში მოგვაქცევს" - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა  აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც რუსულ კანონს თან ახლავს.

სენატში გამოსვლისას გიგაურმა ყურადღება არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მასიურ კოორდინირებულ დისკრედიტაციის კამპანიაზე გაამახვვილა და თქვა, რომ ის და მისი ოჯახის წევრებიც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმებისა და დაშინების სამიზნე არაერთხელ გახდნენ.   

TI-ის ხელმძღვანელმა სენატში პირდაპირ თქვა, რომ სახალხო მღელვარების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ წითელი ხაზების გადაკვეთა გააგრძელა და რუსული კანონი დაამტკიცა.

ეკა გიგაურის თქმითვე, ქართველებისთვის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ფაქტიურად რეფერენდუმია.

სენატში გუშინ გამართული მოსმენა საქართველოში განხილვის მთავარი თამაა - მმართველი გუნდი სენატორების განცხადებას უკვე გამოეხმაურა.  თვითონ არინ თაღლითები - ასეთი პასუხი აქვს კახი კალაძეს ამერიკელი სენატორებისთვის.

„ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია „- აცხადებს კალაძე.

„ვინც საუბრობს მაგას, მე არაფერი მიკვირს ამ ადამიანებისგან, იმიტომ, რომ ისინი არიან მართლა თაღლითები ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს. რა მნიშვნელობა აქვს, სენატორი იყოს, ვინც არ უნდა იყოს. ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია. ვინც ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს უდიერად მოეპყრობა და ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, ყველა არის მტერი. გიგაურს რომ მიიწვევ იქ. აი წარმოუდგენელია, კოლექტიური გიგაური გამოდის სენატში სასაუბროდ", - განაცხადა კალაძემ.    

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი კი  ფიქრობს, რომ თუ ოქტომბრის არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარდება ან "ოცნების" ხელისუფლებაა დასავლურ გზას არ დაუბრუნდება, მაშინ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა იძულებით ხასიათს მიიღებს.

აშშ-ს თანამშრომლობა საქართველოსთან არ იქნება იმ ფორმის, რომ ჩვენი ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოზე - ამბობს თინა ხიდაშელი.

„თანამშრომლობით, ყველანაირ ძალასთან თანამშრომლობს აშშ. აშშ არ არის ერთი რომელიღაცა სახელმწიფო 200-დან, რომ თავის თავს იმის უფლება მისცეს, რომ ვინმესთან არ ითანამშრომლოს. ეს თანამშრომლობაც საქართველოსთანაც იქნება იმ მასშტაბით, იმ ფორმით, სადაც საქართველო იქნება აუცილებელი, მაგრამ ეს არ იქნება პარტნიორობა და ეს არ იქნება თანამშრომლობა იმისთვის, რომ შენ გაგიყვანოს, საქართველო გავიდეს სამშვიდობოზე. ეს იქნება იძულებითი თანამშრომლობა, მხოლოდ იმ შეზღუდულ ფორმატებში, რომლის აუცილებლობაც დადგება რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო. თანამშრომლობა იქნება მხოლოდ იმ აუცილებელი მინიმუმის ფარგლებში, რომელსაც გეოპოლიტიკური რეალობა გამოიწვევს. თუმცა, ეს არ იქნება თანამშრომლობა სტრატეგიული, არ იქნება პარტნიორული და არ იქნება იმისთვის, რომ დაეხმარონ საქართველოს ნატოს ან ევროკავშირის წევრობაში", - აცხადებს თინა ხიდაშელი.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სენატორი რიშის და შაჰინის განცხადებები 2003 წლის სცენარის გამეორებას ჰგავს. საყვარელიძე ამბობს, რომ როგორც მაშინ, ედვარდ შევარდნაძის ხელისუფლების ჩანაცვლება გადაწყვიტეს ამერიკაში, ასევე გადაწყვიტეს ახლაც „ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა. ამას კი ძალიან ბევრი მიზეზი და წინაპირობა აქვს.

„კი ბატონო, გვახსოვს ყველას სწორედ ეს სენატორები მონაწილეობდნენ სააკაშვილის ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პროცესში. ისინი იყვნენ უშალოდ ის პირები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობდნენ. თუმცა ახლა ვხედავთ რა სახის განცხადებებსაც აკეთებენ. სიტუაცია კი ძალიან კომპლექსური და მრავალი სახის არის. თავდაპირველად გვახსოვს ეს პრობლემა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაჩნდა.

როცა ივანიშვილთან ამერიკის ახლა უკვე ყოფილი ელჩი მივიდა და 2 საათი რაღაცაში დარწმუნებას ცდილობდა. მაშინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. სწორედ ამის გამო დაიწყო ის დაძაბულობა, რაც ახლა უკვე პიკშია და ძალიან მძიმე სურათი მივიღეთ. მაშინ ივანიშვილმა და „ოცნებამ“ ამაზე კატეგორიული უარი თქვეს. სწორედ აქედან იწყება უკვე  დიდი  წყენა, რომელმაც გავრცობა ჰპოვა. ახლა კი პორბლემა ჩინეთის და საქართველოს ურთიერთობაა. ეს დაძაბულობა კიდევ უფრო დიდი დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამიტომ მე პირდაპირ ვაბობ, რომ სწორედ იგივე სცენარი მზადდება, რაც 2003 წელს მოხდ. ოპოზიცია და დასავლეთი ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ 27 ოქტომბრისთვის. მათი ყველა განცხადება სწორედ ამისკენ მიგვანიშნებს. არა და ყველა კვლევების მიხედვით, „ოცნება“ უმრავლესობას ყველა მიზეზ გარეშე იღებს. მიუხედავად ამისა, აქ რევოლუციური სცენარის მზადება მიდის“,-ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, მართალია ახლანდელი ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი არც  შევარდნაძეა და არც მისი კორუმპირებული ხელისუფლება, მაგრამ აქ მხოლოდ ხელსიუფლების სიძლიერეზე არ იქნება დამოკიდებული. საყვარელიძის აზრით, ახალგაზრდების მობილიზებას, მაისის მსგავსად კვლავ მოახერხებენ და გადატრიალების მცდელობები იქნება. აქ კი ხელისუფლებას ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან ერთი რაიმე მძიმე ფატის დაფიქსირება და  „ოცნების“ წინააღმდეგ კიდევ უფრო დიდი წნეხი დაიწყება.

„გამოსავალია იმაში რომ „ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს. სწორდ ამიტომ ამბობს, ბიძინა ივანიშვილი და „ოცნება“ რომ აუცილებელია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. როცა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ამხელა განსხვავება იქნება, აქ უკვე გაყალბებაზე სპეკულაციები ძალიან მცირე იქნება. გამოსავალი  ამაშია, სხვა მხრივ სიტუაცია საკმაოდ რთულია და არავინ იცის მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს“,-ამბობს საყვარელიძე.     

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე