
ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პარტია „საქართველოსთვის" „არცერთ შემთხვევაში, არანაირ კოალიციას და თანამშრომლობას არ დაუშვებს" არც „ოცნებასთან" და არც ენმ-სთან და თუკი პარტიის ხმები იქნება გადამწყვეტი, მაშინ მთავრობის ფორმირების პროცესში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გახარიას გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მიზიდვა სურს.
„დავუშვათ „ოცნებას" 30%-მდე მხარდამჭერი ჰყავს და 20%-მდე „ნაცმოძრაობას" და მისნაირ პარტიებს, ასეთ შემთხვევაში, 50%, ანუ ერთი იმდენი ადამიანი სახლში რჩება, რომელსაც აქედან არცერთი პარტია არ მოსწონს. გახარიას სწორედ ამ 50%-ზე აქვს გათვლა, რაც სწორია. უზარმაზარი რესურსია და გახარია ამ რესურსის მიზიდვას რამდენადაც მოახერხებს, იმდენად წარმატებული იქნება. ეს რესურსი კი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიზიდოს, თუ ნეიტრალური და იგივე პოზიცია დაიკავა, რაც ამ ხალხს აქვს. საკმარისია გახარიამ რომელიმეზე თქვას, რომ მომწონსო, ამ რესურსს დაკარგავს.
„რა თქმა უნდა ჩნდება კითხვა, რატომ აირჩია გახარიამ ეს სტრატეგია, რომ არც „ოცნება" და არც ენმ და არა ისეთი, როგორიც სხვებს აქვს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ალიანსში შევლენ ენმ-სთან თუ სხვებთან. თუ დავაკვირდებით, პარტიები, რომლებიც ასე ადვილად უერთდებიან იგივე „ნაციონალურ მოძრაობას", ნადირობენ იმ ხმებზე, რომლებისთვისაც „ოცნება" თავიდანვე მიუღებელი იყო. ამ ელექტორატისთის მისაღები პარტია სწორედაც „ნაცმოძრაობაა", რომელიც მმართველ პარტიას თავიდანვე უპირისპირდებოდა.
„განსხვავებული ბიოგრაფია აქვს გახარიას, ის „ქართულ ოცნებაში" იყო, თან იმ პერიოდშიც „ნაცმოძრაობას" ბრძოლას უცხადებდა, იყო პარტიის არა რიგითი წევრი, არამედ პრემიერი. გვახსოვს ფრაზაც აქვს ნათქვამი - „მე თქვენ დაგასრულებთ"-ო, შესაბამისად საკუთარ ნათქვამს მეხსიერებიდან ხომ ვერ წაშლის? და იმ სტრატეგიას ააგებს, რომელიც თავის წინანდელ ნათქვამთან წინააღმდეგობაში არ მოვა. ასეთი სტრატეგიაა კი არის ის, რომ „ნაციონალებს" ვერ იტანს ისევე, როგორც ადრე ვერ იტანდა და ახლა „ქართული ოცნება" დაამატა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
„საქართველოსთის" ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ არცერთ შემთხვევაში თანამშრომლობას არ აპირებენ არც „ოცნებასთან" არც ენმ-სთან.
„ჩვენი პრინციპული პოზიციაა შემდეგი და ამას კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ - ჩვენ არცერთ შემთხვევაში არანაირ კოალიციას და თანამშრომლობას არ დავუშვებთ არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიშა სააკაშვილთან, სხვა ყველაფერი განხილვადია", - განაცხადა გახარიამ.
გახარიას თქმით, ის, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას 30 ან 45% აქვს, არ ნიშნავს, ამ აქტორებმა შექმნან კოალიცია.
„ის, რომ ამას აქვს 30% და იმას 45%, არ ნიშნავს, რომ მათ უნდა შექმნან კოალიცია, ეს არ არის ასე, არსად არ წერია, ეს არის გრძელი და საკმაოდ რთული პროცესი და ამ პროცესში შესაძლებლობები არის უამრავი. მე კიდევ ერთხელ გიმეორებთ - კრიტიკულად მიუღებელია ერთი კერპი ერთ მხარეს და მეორე კერპი მეორე მხარეს, სხვა ყველაფერი განხილვადია", - განაცხადა გიორგი გახარიამ „ტვ პირველთან".
ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას დამაზუსტებელ კითხვაზე, რას გადაწყვეტს, იმ შემთხვევაში თუ არჩევნების შედეგის მიხედვით, მისი ხმები გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს, ექსპრემიერი ამბობს:
„ჩემი ხმები თუ იქნება გადამწყვეტი, მთავრობაშიც მე ვიქნები გადამწყვეტი, წერტილი. მე ამის რესურსიც მაქვს და დარწმუნებული ვარ. გადამწყვეტი ხმა იმიტომ ჰქვია მას, რომ ამ ხმებმა გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს მთავრობის ფორმირებაში, ასევე სხვა შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში, მე თუ გადამწყვეტი ხმა მექნება, მიშა სააკაშვილს ან ბიძინა ივანიშვილს ვაჩუქებ? როგორ ფიქრობთ? ნახავთ, სად წავა", -განაცხადა გახარიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



